მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ
***ნაწილი 2***
რომელუბნელი ხარ, ეფენდი?
ძველი ქალაქი სულთანაჰმეთი (Sultanahmet) – ჩვენებური რიყეა, აქაა აია სოფია (Hagia Sophia), სულთან აჰმედის ე.წ. ლურჯი მეჩეთი (Sultanahmet Camii – ჯამიი) და სულთან მეჰმედის თოფქაფეს სასახლე (Topkapı Sarayı). აქვეა კონსტანტინოპოლის მტკნარი წყლის საცავი – ბაზილიკა ცისტერნა (Yerebatan Sarnici/Basilica Cistern) და არქეოლოგიური მუზეუმი. სულ პირველად რომ ჩავედი სტამბოლში ძველი ქალაქი ადმინისტრაციულად ემინონიუს (Eminönü) რაიონს ეკუთვნოდა, მეორედ ჩასვლისას კი აღმოვაჩინე, რომ ემინონიუ ფაათის (Fatih) რაიონს “გადაუსანსლავს”. ახლა ფაათი სტამბოლის ისტორიული გულია – სწორედ აქაა განლაგებული რომისა და ოთომანის იმპერიის დროინდელ შენობათა დიდი ნაწილი. “ძველი ქალაქი” უბნებით: სულთანაჰმეთი, ემინონიუ, ბეიაზითი (Beyazit)… – ტურისტული მექაა. მე-18 საუკუნეში ეს კვარტალი მიწისძვრამ დააზარალა და მის ხელახლა ასაშენებლად ფრანგი არქიტექტორები მიიწვიეს. საერთოდ, პარიზის გავლენა სტამბოლზე დიდია, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის მიმგვანებაც კი სცადეს.
ბეიოღლუ (Beyoğlu), იგივე – პერა ძველი ქალაქის შემდეგ, ალბათ, ყველაზე ცნობილი უბანია. აქაა ბოსფორის ყურე “ოქროს რქა” (Altın Boynuz/Golden Horn) სრუტეზე გადებული გალათას ხიდით (Galata Köprüsü/Galata Bridge). ქრისტეს (იგივე გალათას) კოშკიდან (Galata Kulesi) არაჩვეულებრივი ხედები იშლება ქალაქსა და ბოსფორის სრუტეზე. გალათას ხიდის სიახლოვეს მდებარეობს სირქეჯის (Sirkeci) სადგური, სადაც აღმოსავლეთის ექსპრესი ჩამოდგებოდა ხოლმე (კი, ზუსტად “ის” აღმოსავლეთის ექსპრესი). აქაა პერა პალასი – სასტუმრო, სადაც აღმოსავლეთის ექსპრესის მგზავრები ჩერდებოდნენ, სადაც აგათა ქრისთიმ თავისი ცნობილი რომანი დაწერა და სადაც, სხვათა გვერდით, ალფრედ ჰიჩქოქსაც უცხოვრია. პერას მუზეუმი, რომელიც ქოჩების ოჯახის მფლობელობაშია (შენობა ძალიან ლამაზია, მაგრამ თავად მუზეუმში არ ვყოფილვარ). ბეიოღლუს ნაწილია მოდური თაქსიმი მაღაზიებით, კაფეებით, ღამის კლუბებით. თუ გალათასარაის სკოლამდე მიხვალთ და პატარა ქუჩა ჯეზაირზე (Cezayir Sokak) თავქვე დაეშვებით, ფრანგულ უბანში აღმოჩნდებით. სხვათა შორის, შარდენ-ერეკლეს ქუჩის ალი-კვალია. მაგრამ – უფრო პაწია. 🙂 აქვეა ორჰან ფამუქის მუზეუმიც. ვისაც მისი “უმანკოების მუზეუმი” გაქვთ, “უმანკოების მუზეუმის” ბილეთიც გქონიათ და ისღა დაგრჩენიათ – ეწვიოთ. თუ წიგნი არ გაქვთ და ბილეთის აღება გიწევთ – მთელი 25 ლირა უნდა გაიღოთ. თაქსიმში მდებარეობს ისთიქლალი (İstiklâl Caddesi) – სტამბოლის რუსთაველის პროსპექტი, ევროპული არქიტექტურით, კაფეებითა და ბუტიკებით.
ფრანგული არომატი სდევს რაიონ ეიუფს (Eyup), რომელიც “ოქროს რქის” მეზობლად მდებარეობს და სადაც გორაკზე სტამბოლის ყველაზე გაპიარებული პიერ ლოტის კაფეა (Pierre Loti Café/Piyer Loti Kahvesi). პიერ ლოტი ფრანგი ყურბან საიდია, ფრანგი ოფიცრისა და სტამბოლელი (ეროვნებით ჩერქეზი) გოგოს სიყვარულის ამბის ავტორი. ლოტი პერას სასტუმროში წერდა ლექსებს და იმ კაფეში ვახშმობდა, რომელსაც დღეს მისი სახელი ჰქია. ვახშმობისა რა გითხრათ, მაგრამ კაფის ტერასაზე ყავის/ჩაის დალევა და ბოსფორის ხედებით ტკბობა – ყოველი ტურისტის სასიამოვნო ვალდებულებაა. 🙂 უცნაურია, მაგრამ კაფეში, სადაც ერთ ჩაის ჭიქაზე 5 უცხოელი ტურისტი მოდის, საბანკო ბარათებს არ იღებენ!
ბოსფორის სრუტესთან მდებარეობს ბეშიქთაში (Beşiktaş), რომელიც ბევრმა ამავე სახელწოდების საფეხბურთო კლუბით იცის. ბეშიქთაში კულტურული და კომერციული რაიონია. ბევრი მაღაზიითა და გალერეით. აქ მდებარეობს ორი სულთნის სასახლე – აბდულმეჯიდის დოლმაბაჩე (Dolmabahçe Sarayı) და აბდულჰამიდის იილდიზი (Yıldız Sarayı). მეორეში არ ვყოფილვარ და პირველი კი ძალიან ლამაზია. ამ სასახლეში დრო გაჩერდა და საათი სულ 9 საათსა და 5 წუთს უჩვენებს, იმიტომ კი არა, რომ დაზიანებულია, იმის გამო, რომ სწორედ ამ დროს გარდაიცვალა ქემალ ათათურქი, რომელსაც, სულთნების დარად, დოლმაბაჩეში ჰქოდა რეზიდენცია.
- აბდულმეჯიდ პირველი ევროპელი სულთანი იყო, მის დროს თურქეთი ოფიციალურად აღიარეს ევროპელ ერთა ნაწილად. სულთნის ევროპული გემოვნება მისი სასახლის არქიტექტურასა და მორთულობა-მოკაზმულობაშიც აირეკლა. აბდულმეჯიდმა შემოიტანა თურქეთში ნაპოლეონის კოდექსი და ფრანგული სისხლის სამართალი, აკრძალა მონობა და მონათა სყიდვა, გააუქმა საგანგებო გადასახადი, რომლითაც მხოლოდ არამუსულმანები იბეგრებოდნენ. მის დროს გაჩნდა თურქეთში მეჯლისი – რაც პარლამენტარიზმის ჩანასახი იყო. გაგიკვირდებათ და, მორზემ ტელეგრაფი პირველად სწორედ კონსტანტინოპოლში დააპატენტა, როცა დანადგარი აბდულმეჯიდს წარუდგინა. სულთანმა ხომ ევროპასთან კავშირის ფასი კარგად იცოდა – საფრანგეთთან და ბრიტანეთთან ერთად მან წამოიწყო და გამარჯვებით დაასრულა ყირიმის ომი რუსეთთან. სულთნის დედა ქართველი ებრაელი იყო, მისი პირველი ცოლი კი – ქართველი, ზუგდიდელი ნორა ტუსკია. აბდულმეჯიდს ფოთელი ცოლიც ჰყავდა, სახელად ვილმა. მათი ვაჟი მურადი მოგვიანებით ტახტზეც ავიდა. სხვათა შორის, მურადმაც ქართველ ქალზე იქორწინა. დედით ქართველი მურად მეხუთეც, მამის მსგავსად, ფრანგოფილი და რეფორმატორი სულთანი იყო, თურქეთის დემოკრატიზაციასა და კონსტიტუციური მონარქიის შემოღებას ლამობდა, მაგრამ არ აცალეს – შეთქმულება მოუწყეს და აიძულეს, გადამდგარიყო.
ბეშიქთაშის ნაწილია ე.წ. ახალი სტამბოლი – ლავანი (Levent), რომელიც პარიზულ ლა დეფენსს ჰგავს (და ლავანსაც ისევე უწოდებენ “ახალ სტამბოლს”, როგორც ლა დეფენსს – “ახალ პარიზს”). აქ დაიდო ბინა სტამბოლურმა “მონპარნასმა” – ქალაქის ყველაზე მაღალმა შენობამ, “საფირმა” (Sapphire), საიდანაც მთელს სტამბოლს მიმოავლებთ თვალს.
ბეშიქთაშს ემეზობლება ბებექი (Bebek), სადაც გორაკზე ევროპის ციხე-სიმაგრე (Rumeli Hisari) მდებარეობს. მის კედლებზე აბობღება ცოტაკი დამღლელია, მაგრამ ნამდვილად ღირს. ციხის კოშკებიდან მშვენიერი ხედი იშლება ბოსფორზე.
ბეშიქთაშის მეზობლად განლაგდა სტამბოლის ფინანსური და ბიზნს-ცენტრი შიშლი (Şişli), მაგრამ განსაკუთრებით პოპულარული ის ნიშანთაშით (Nişantaşı) გახდა. აქაა ისთიქლალის “კონკურენტი” სტამბოლის ჭავჭავაძე – აბდი იფექჩის პროსპექტი (Abdi Ipekçi Caddesi) ფეშენებელური ბუტიკებით და ძვირიანი კაფეებით. სიგრძით ნახევარ კილომეტრზე მეტია და მშვენიერი სასეირნო ადგილია, თან შეიძლება სადმე ორჰან ფამუქსაც გადაეყაროთ, რომელიც სწორედ აქ, ამ “პეროგაყრილ” უბანში ცხოვრობს. 🙂 აქვეა შორიახლოს ევროპის უდიდესი მოლი “ჯევაჰირი” (Istanbul Cevahir Shopping and Entertainment Centre), (მოლებზე – სავაჭრო ცენტრებზე ქვემოთ უფრო დეტალურად დავწერ).
- აბდი იფექჩი თურქი ჟურნალისტი იყო, უმცირესობათა უფლებებისთვის მებრძოლი. ის 1979 წელს ალი აღჯამ მოკლა (იმ აღჯამ, ვინც მოგვიანებით პაპ იოანე პავლე მეორეს დაესხა თავს)… ცოტა ირონია კია, რომ აბდი იფექჩის სახელი სწორედ იმ პროსპექტს ჰქვია, სადაც საკმაოდ მოკრძალებული ფინანსური შესაძლებლობების მქონე ჟურნალისტს, ალბათ, ბევრი არაფერი ესაქმებოდა. 🙂
ბაირამფაშაში (Bayrampaşa) დაიდო ბინა თურქუაზუმ (Turkuazoo) – სტამბოლის გიგანტურმა აკვარიუმმა, რომელიც, თუ დრო გექნათ, ნამდვილად ღირს ნახვად. აქვეა ახალი სავაჭრო ცენტრი – “ფორუმიც”. ბაირამფაშაზე გადის მნიშვნელოვანი სახმელეთო სატრანსპორტო არტერია – აქ ქალაქის ცენტრალური ავტოსადგურია. აქვეა ციხეც. 🙂 მიუხედავად იმისა, რომ ღარიბული რაიონია, საკმაოდ მშვიდია და უსაფრთხო. 🙂
ევროპულ და აზიურ სტამბოლს შორის, ბოსფორის სრუტეშია წამომართული ე.წ. ქალწულის კოშკი (Kız Kalesi). ლეგენდის თანახმად, ამ კოშკში იყო გამოკეტილი აფროდიტეს ქურუმი ჰერო, მისი სატრფო ლეანდროსი კი ღამ-ღამობით ებრძოდა ბოსფორის ტალღებს, გოგონამდე რომ მიეღწია. ჰერო ჭრაქს ანთებდა, სატრფო გზას რომ არ აცდენოდა, მაგრამ ერთ ღამეს ჩაეძინა, ქარმა კი ალი ჩაააქრო. ყმაწვილმა გზა დაკარგა, კოშკს ვერ მიაგნო. დილით მისი უსულო სხეული ტალღებმა გამორიყა, გულმოკლული ჰერო კი კოშკიდან გადმოხტა.
ტაქსი ხომ არ გნებავთ? ეფათ?
შატლიდან ჩამოხვალთ თუ არა, ამ კითხვას გაიგონებთ, რაზეც თქვენი პასუხი უნდა იყოს – არა! სტამბოლში უნდა ერიდოთ უეცრად აღმოცენებულ “შუამავლებს”, არამკითხე მოამბე-დამხმარეთ და მსგავს სუბიექტებს – ბოლოს ყველა იმით ამთავრებს, რომ ფეხის ქირას (“ჩაევოის”) გთხოვთ. თქვენგან თუ ვერაფერს გამორჩა, იმ მძღოლს/სასტუმროს პორტიეს/კაფის მეპატრონეს… წაგლეჯს, ვისაც კლიენტი (ანუ – თქვენ) მიუყვანა, ის კი როგორმე მოახერხებს, ეს თანხა კვლავ თქვენი ჯიბიდან ამოიღოს.
ზოგადად ნუ ენდობით რაცგინდარა შემოთავაზებას, რომ რაღაცას გაშოვნინებენ “ეფათ”. დიდი შანსია, სამმაგი ფასი დაგიჯდეთ. 🙂 (ტურიზმის პოლიციის რჩევებს, თუ როგორ უნდა გავუფრთხილდეთ თავსა და ჯიბეს სტამბოლში, პოსტის ბოლოს უფრო დეტალურად ჩამოვწერ).
სტამბოლის ოფიციალური ტაქსი ყვითელი ფერისაა. სხვა მოტაქსავე მძღოლებს ერთი პლიუსი აქვთ მხოლოდ – ხშირად ინგლისური “ყვითელ” ტაქსისტებზე უკეთ იციან, მაგრამ სულ რომ ოქსფორდული პრონანსი ჰქონდეთ – ეს ამად არ ღირს. 🙂 ჩაჯექით მუნიციპალიტეტის მიერ ლიცენზირებულ ყვითელ ტაქსიში, რომელსაც ნომერი აქვს კარზე და ტაქსის ნიშანი ძარაზე. თაქსიმზე (და, ცხადია, ბევრ სხვაგან) Istanbul Taxi-ს ოფიციალური გაჩერება მოძებნეთ, სადაც სტამბოლის ყვითელი ტაქსები ჩამწკრივებულნი ელიან კლიენტს და თავისუფალ ავტომობილში ჩაჯექით ან გამვლელ ტაქსის დაუქნიეთ ხელი და გააჩერეთ. კარგი იქნება, თუკი იმ ადგილის დასახელებას/მისამართს, საითაც გაგიწევიათ, წინდაწინ ქაღალდზე ამოწერთ და ტაქსისტს აჩვენებთ – სხვაგან არ ამოყოფთ თავს. 🙂
სტამბოლში ტაქსისტებს “ჩაევოის” არ უხდიან – იხდით იმდენს, რაც ტაქსიმეტრმა დაწერა (ელექტრონული მრიცხველი პირდაპირ სარკეზეა და იოლად ჩანს) თუმცა – დამრგვალებით, მაგრამ აქაც დემოკრატიული წესი მუშაობს – 4.60-ის ნაცვლად ტაქსისტი 5 ლირას აიღებს, მაგრამ 4.20-ის ნაცვლად 4 ლირას დასჯერდება (თუ წესიერი და ნამუსიანია :)).
ჩემი დურაკი სადაა?
დურაქი (Durak) თურქულად გაჩერებას ნიშნავს და, ზოგჯერ, მის დანახვას არაფერი სჯობს – ეს ფულის ეკონომიისა და სტამბოლელ ტაქსისტებისგან თავდახსნის საუკეთესო საშუალებაა. 🙂 თუ თაქსიმზე ხართ დაბანაკებული, მაშინ უახლოეს Тram Durak-ზე გალათასკენ მიმავალი ისტორიული, მე-19 საუკუნის (აღდგენილ-სტილიზებული, ცხადია) ტრამვაის ვაგონი ჩამოდგება, რომლით მგზავრობა ცალკე ტურისტული ატრაქციონია და ერთ რამედა ღირს. მას ნოსტალგიურს (Nostaljic Tramvay) უწოდებენ. დანარჩენ ქალაქში კი თანამედროვე ტრამვაი მოძრაობს. ვინაიდან სტამბოლის ქუჩები გადატვირთულია და იქაური მძღოლები ქართველების მსგავსნი – საცობები ხშირია. ამ დროს რა სჯობს, ტრამვაი რომ დაუბრკოლებლად მიგრიხინობს მის გზაზე, შენ ვაგონში ზიხარ და მშვიდად გასცქერი საცობში გაჩხერილ მძღოლებს. ტრამვაით მიხვალთ თაქსიმზე, ბეშიქთაშზე, იმგზავრებთ მარმარილოს ზღვის პორტებამდე და ბოსფორის ყურეზე გადებულ გალათას ხიდსაც გადაკვეთთ… მიგრიხინობსო კი ვთქვი, მაგრამ, სინამდვილეში, სულ უხმაუროდ მისრიალებს.
მხოლოდ ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ – ძველი ტრამვაი 20 საათამდე მუშაობს, ახალი – შუაღამემდე.
მეტრო (Metrosu) სტამბოლისთვის ახალი ხილია, თუმცა ერთბაშად განვითარდა. სადაც მეტროს სადგური (სააკაძისა არ იყოს, იმ ძველი ანეკდოტიდან) უდგება, ძალიან მოსახერხებელი და სწრაფი გადაადგილების საშუალებაა. გვიანობამდე მუშაობს – ბოლო შამდგენლობა შუაღამისას გადის ხაზზე.
გალათასა და ბეიოღლუს შორის მეტროს ხაზია, რომელსაც თურქები არა მეტროს, არამედ გვირაბს (Tünel – თიუნელ) უძახიან, ისე კი – ორივე ერთია. 🙂 თაქსიმსა და ბოსფორის სრუტეს შორის კი ფუნიკულიორია (Füniküler).
სტამბოლის მუნიციპალური ავტობუსით (Otobüs) მგზავრობა თეორიაში ძალიან მოსახერხებელია, გაჩერებები ბევრია და ყოველ ფეხის ნაბიჯზე, თუმცა, შეიძლება, საცობში მოყვეთ და როლები შეიცვლება – თქვენ ქუჩაში იქნებით გაჩხერილი და ვიღაც ტრამვაით ჩაგიქროლებთ და ირონიულდ ან თანაგრძნობით გადმოგხედავთ. ავტობუსს 23:30-ის შემდეგ ტყუილად ნუ დაელოდებით.
ტრამვაისა და მეტროს სადგურებს ლათინური ასო M-ით გამოარჩევთ, მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებებს კი წარწერა I.E.T.T. ამშვენებს.
მუნიციპალურ ტრანსპორტში გაჩერებებს აცხადებენ თურქულად და ინგლისურად, დამონტაჟებულია მონიტორები, სადაც გაჩერების სახელი ინთება… თუმცა, ავტობუსებში მონიტორი ყველგან ჯერ არ მუშაობს – როგორც ჩანს, ამჟამად ხდება ტექნიკური გადაიარაღება.
სანაპიროს გასწვრივ და სტამბოლის ევროპულ და აზიურ ნაწილს შორის გადასაადგილებლად საზღვაო ტრანსპორტი ურიგო საშუალება არაა. სწრაფია და ეკზოტიკური, თოლიებს დაუმეგობრდებით და ქალაქის ხედებსაც დაათვალიერებთ ზღვიდან. 23:30-ის შემდეგ ისიც წყვეტს მუშაობას.
ქალაქში ბევრი დოლმუში (Dolmuş) – სამარშრუტო ტაქსი დარბის. დოლმუშები გვიანობამდე მუშაობენ (შუაღამის შემდეგაც მინახავს ქალაქში), მაგრამ არ მისარგებლია, მხოლოდ თვალს გავაყოლებდი ხოლმე. 🙂 და ისევ ფეხით ვაგრძელებდი გზას ან ჩვეულებრივ ტაქსის ვაჩერებდი.
სამარშრუტო და ჩვეულებრივი ტაქსის გარდა, ტრანსპორტის ყველა საშუალებაში, კომპანია IDO-ს (İstanbul Deniz Otobüsleri – სტამბოლის საზღვაო ავტომუსი) გემების ჩათვლით, მგზავრობის საფასურს სპეციალური ჟეტონებით გადაიხდით – ერთი ჟეტონის ფასი 2 ლირაა. ჟეტონებს გაჩერებაზე შეიძენთ ავტომატებიდან (Jetonomatik-ებიდან), მაგრამ გაცილებით უფრო მოსახერხებელია სტამბოლური მეტრომანი – Istanbulkart. მისი შეძენაც გაჩერებებზეა შესაძლებელი (ავტომატებიდან ან კიოსკებში) – 6 ლირა ხელუხლებელი დეპოზიტია (რომელიც უკან გიბრუნდებათ, თუკი ბარათს ჩააბარებთ, მხოლოდ ჩეკი უნდა შეინახოთ) და ამის ზემოთ რასაც ჩარიცხავთ – გამოყენებადი თანხა. ბარათით მგზავრობა 2 ლირაზე იაფია – ასე რომ, მისი გამოყენება ჟეტონზე მომგებიანია. მოქმედებს ფასდაკლების სისტემაც – დღეში რამდენჯერმე და გარკვეულ შუალედში თუ იმგზავრებთ ტრანსპორტის იმ საშუალებით, სადაც კი Istanbulkart გადის, მომდევნო მგზავრობისას ტარიფი მცირდება. თუკი დეპოზიტი გამოცალეთ, შევსება ავტომატის მეშვეობითაა შესაძლებელი ან იმავე კიოსკებში – მიაწოდეთ გამყიდველს 10 ლირიანი და უთხარით: “ისთანბულქარდ დოლუმუ, ლიუთფენ” (ისტანბულბარათი შემივსეთ, თუ შეიძლება) – ესაა და ეს. საგაზეთო ჯიხურები ფეხის ქირას იღებენ და ბარათს 7 ლირად ყიდიან. ავტომატები და სატრანსპორტო ადმინისტრაციის ოფიციალური I.E.T.T.-წარწერიანი კიოსკები – 6-ად.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
სტამბოლი და სტამბოლს მიღმა. ნაწილი 1
ფოტოობიექტივში დანახული სტამბოლი. ნაწილი 3
ეს ნაწილი უფრო საინტერესო გამოგივიდა. 🙂
LikeLike
შემდეგი კიდევ უკეთესი იქნება 😉
LikeLike
ლალელი და აქსარაი გამოგრჩა 🙂
LikeLike
ეგენი ყველა ქართველმა იცის 🙂
ისე, მე ბეიაზითზე ვცხოვრობდი და ლალილის სიახლოვეს ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობდი 🙂
LikeLike
სტამბოლში მომინდა ჩასვლა 🙂
მუზეუმის ბილეთები ძვირია ძალიან. 😦 უმანკოების მუზეუმი არ მინახავს. მგონი არც იყო ჯერ შარშან.
LikeLike
გამოდის რომ თურქეთის ევროპეიზაცია ათათურქამდე სულთნებს დაუწყიათ?
საინტერესო ამბავია.
ჰარემში ცოლები ალბათ 300 იყო 🙂 და ქართველი ქალებიც ბევრი იქნებოდნენ.
LikeLike
სწორედაც რომ 🙂
მეც ეგრე მეგონა, მაგრამ არ ყოფილა ეგრე. ხარჭები ყავდათ 300, მაგრამ ცოლი ყავდათ ცოტა. ბევრს სულ არ ჰყავდა. 🙂
მუსლიმს 4 ცოლი შეიძლება ჰყავდეს – მეტი არა.
მაგრამ ქართველ ქალებზე რაც დავწერე – ეგ ტახტის მემკვიდრის დედას ეხება. ამათ ვალიდე სულთანს უძახდნენ და განსაკუთრებული სტატუსით სარგებლობდნენ.
LikeLike
ისევ ქართველი და ფრანგი რა )) მაგრა აგითვისებია სტამბოლი. ბევრი საინტერესო რამ გავიგე და აწი რუკას კი აღარ ვიყიდი ამ პოსტს წავიღებ)
LikeLike
უკეთესს გეტყვი – მაგ პოსტის მაგიერ მე წამიყვანე.
LikeLike
მშვენიერი შემოთავაზებაა !
LikeLike
ნამდვილად 🙂
LikeLike
აზიურ სტამბულზე არ გეთანხმები. პორტთან ახლოს თუ ხარ კადიკოიზე მაგალითად ცუდი არაა. ფასები უფრო იაფია, სასტუმროებიც ნორმალურია. აქ ნაკლები ტურისტია ამიტომ ფასსაც უფრო დააკლებინებ. და გემი იქვე ჩაჯდები და ევროპულ ნაწილში ხარ. ))
LikeLike
წინა ნაწილის თავშივე მიწერია, რომ ძალიან სუბიექტური პოსტი იქნება-თქო. ვწერ იმაზე, რაც ვიცი და აზიურ სტამბოლს რომ არ ვიცნობ, ეგეც მიწერია. რა ვქნა მეტი. 🙂 რაა აქ არდასათანხმბელი.
ისეკი – წარმოიდგინე ახლა ტურისტი თბილისში პირველად რომ ჩამოვა და (ყველა უბანს ჩემი პატივისცემა) სადღაც გარეუბანში რომ იცხოვრებს.
სტამბოლის შემთხვევაში ეს კიდევ უფრო მძაფრია – ამ ქალაქის ხიბლის 80% ისაა, რომ აღმოსავლეთ რომის იმპერიის დედაქალაქი იყო და კონსტანტინოპოლი სწორედ ძველი ქალაქია.
მერე კიდე – ტურისტული პონტები ევროპულ ნაწილშია და ყოველდღე აქეთ-იქეთ მოგზაურობაში დაეხარჯება ადამიანს ის ფული, რასაც სასტუმროში დაზოგავს და დრო დაგეკარგება კიდევ უამრავი. ასე რომ მართლა ვერ ვხედავ აზრს, თუ რატომ უნდა გაჩერდეს ტურისტი აზიურ ნაწილში.
LikeLike
თოფქაფე რა არის? ტოპკაპი. ან ფაათი – fatih? ისტიკლალ, ლიუთfენ : ))))
ჩუკურჯუმაზე დაწერე რა თუ ხარ ნამყოფი
სულთნის ცოლებს რაც შეეხება, რაღაც პერიოდი ოსმანებს საერთოდაც აკრძალული ჰქონდათ ასეთი ტრადიცია – ოფიციალური ცოლის ყოლა. ფავორიტები ჰყავდათ – ჰასეკი სულთან..
LikeLike
ეგ ი ი-დ არ გამოითქმის 🙂 და ეგ ა კიდევ გრძელი ა-ა.
ზოგი ტ-ს ამბობს, ზოგი კი – თ-ს 🙂
და ფამუქია პამუკი ხომ არა? 🙂
მანდაა ფამუქის მუზეუმი. თავად ქუჩა კი ანტიკვარიატის გამყიდვლებითაა სავსე. მაგრამ მე არ ვარ ანტიკვარიატის დიდი მცოდნე თან, მანდ ყველა გექაჩება – არიქა, მოდი მაგარი რამე მოგყიდოო და მშვიდად ვერ სეირნობ.
შენ არ გირჩევ მანდ მიკარებას, თორემ შემოგასაღებენ რაღაცას და ისე გაიწეწები, რომ დარჩები დანარჩენი დღეები შემწვარი წაბლის იმედად.
ლიუთფენზე მართალი ხარ. ლაფსუს ლინგვა 🙂 10Q.
LikeLike
ტოპკაპია, ბილიორუმ დედიმ 🙂 ისტანბულ’და იაშამაკ ისტიორუმ 😀 ისთიორუმ – olmaz!
ასეთი დამყოლი გგონივარ? შემომასაღებენ არა ის.
მე პირიქით, მითხრეს ყველაფერი იაფია და ძალიან მაგარიო. აბა გრანდ ბაზარში ვერაფერს იყიდი, ნაგავია და არაფერი ორიგინალური არ იყიდება : /
LikeLike
გააჩნია შენ რისი ყიდვა გინდა 🙂
მე იქედან მარტო ჩაი და ტკბილეული ჩამოვიტანე. 🙂
მაგ უბანზე ვწერ შემდეგ ნაწილში, მაგრამ როგორც ეკზოტიკურ და სასეირო ადგილზე და არა საშოფინგოზე. მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებაა მხოლოდ.
ვაფასებ შენს ლინგვისტობას, მარა მაინც თოფქაფე. 🙂 დღეში 5ჯერ მაინც ვისმენდი მაგ დასახელებას როცა სადგურს ჩავუვლიდი 🙂
ეგეც რომ არ ონლაინ რესურსიც არის 🙂
ათათურქია თუ ატატურკი? 😉
LikeLike
ეგრე არ არის, მანდ არსად არავინ გექაჩება :))))) ერთი თვე ვცხოვრობდი სტამბულში გალათას კოშკთან და ჯიჰანგირის/ჩუქურჯუმას უბანში ბევრს დავდიოდი ძველმანების საყიდლად. საერთოდ არავინ მექაჩებოდა:) გექაჩებიან ქაფალიჩარშიში, ანუ დიდ ბაზარში:)))))
LikeLike
კაი თუ ეგრეა 🙂
მარა მე სადაც გავჩერდი ეგრევე მასლაათი გამიბეს 🙂 ნუ გრანდბაზრის კაჩაობა სხვაა. აქ უფრო დელიკატურია 🙂
ხელოვანი ხალხია მაინც 🙂
LikeLike
მასლაათის გაბმა უყვართ, მარა გრანდბაზარის კაჩაობა ძალიან მომეწონა, ზუსტი ფრაზააა იმის აღსაწერად რაც იქ ხდება ხოლმე :)))) მაგარია. ესეიგი ეს რა სერიებიიი დაგიწერია! ძალიან მაგარია, კარგი გზამკვლევია:)
LikeLike
ამიტომაც ჩემი რჩევაა – იშოფინგინგო სხვაგან და გრანდბაზარი უბრალოდ ნახო უნდა როგორც ფენომენი. თან მიმარ სინანის აგებულია ეგეც.
LikeLike
თავიდან დავიბენი მაგრამ მერე ალღო ავუღე გრანდ ბაზარსაც. თან მე მომწონს ეს ვაჭრობა და ამბები:) ცოტა თურქულსაც ვაშველებ და ძალიან სასიამოვნო პროცესიც შეიძლება იქცეს თავისი ჩაის სმით და ამბებით:)))) ჩემი ოცნებაა სტამბულში ცხოვრება თუნდაც 1 წლით. შარშან ერთი თვე მოვახერხე და ეხლა ვეძებ რამეს რაც 1 წლით მაინც გადამაგდეს მაქეთქენ. თან თბილისიც ახლოა.
LikeLike
სერიოზული გაქანების სოფისტი ხარ, ჩემსავით 😀 ისტანბულ თუ ისთანბულ : )))))))))))))))
მაგრამ ტოპკაპიზე ძალიან კომპეტენტური თურქებისგან მაქვს მოსმენილი :დ შეიძლება იცი რა არის, ლიტერატურული და სალაპარაკო ენა და შესაბამისად, გამოთქმაც, განსხვავდებოდეს, no idea
LikeLike
ამ ბლოგზე მე ვარ ყველაზე სერიზული ქართველიც, თურქიც და ურაკპარაკელიც.
თოფქაფე თან მახვილი პირველ მარცვალზეა.
აჰა – დატკბი http://www.forvo.com/word/topkap%C4%B1/ 🙂
და მერე ეგ იაჰუს მეილი რა ჯანდაბად გინდა, თუ არ კითხულობ? 🙂
LikeLike
არც ისტანბულ და არც ისთანბულ – ქართულად სტამბოლია
LikeLike
ჰო, ეგრე ვწერ მეც… თუმცა, უბრალოდ, ტრადიციას ვცემ პატივს, თორემ არ ვიქცევი სწორად. საკუთარი სახელის თარგმნა სისულელეა. ჯონი საქართველოშიც ჯონი იქნება და არა იოანე.
ასევე ცუდია საკუთარი სახელის დამახინჯებაც. ამ ქალაქს ადგილობრივები უწოდებენ ისთანბულ-ს ან თუგინდ – ისტანბულს, მაგრამ არა სტამბულს, სტამბოლს ან რამე ეგეთს.
არ ვიცი პირველმა ვინ დაუძახა ჩვენში სტამბოლი, მაგრამ უბრალოდ არცოდნით დაამახინჯა ეს იყო და ეს… მაგრამ ახლა ამის შეცვლა შეუძლებელია.
როგორც ლანდანია და არა ლონდონი. 🙂 და მრავალი სხვა.
მაგრამ ჩვენ საკუთარი დედაქალაქის სახელს ვამახინჯებთ და სხვას რას ვუზამთ 🙂 ამ ჩვენს ქალაქს ვახტანგ გორგასალმა ტფილისი დაარქვა და ბერიამ და სტალინმა გადანათლეს მერე თბილისად. 🙂
LikeLike
ტრადიცია რომ არა, ბევრი დასახელება იქნება შესაცვლელი ქართულში…
ტფილისისა კი ჭეშმარიტებაა – წყაროებშიც და 19-საუკუნის პრესაშიც ეგრეა
LikeLike
შუაღამის მერე მარტო ტაქსი რჩება სამოძრაოდ? მალე ამთავრებენ მუშაობას საზ. ტრანსპორტი აშკარად 😦
LikeLike
სეზონის პიკზე ცოტა უფრო დიდხანს მუშაობენ ავტობუსები. მე მინიმალური დრო დავწერე.
სამარშრუტოები დადის. ჩვეულებრივი ტაქსი კი მაგარი ძვირია. ახალი სტამბოლიდან ძველ სტამბოლამდე 70 ლირა დაწერა 🙂
ლირა და 60 თუ 70-ია კილომეტრზე.
და ფეხით 🙂 შენ ახალგაზრდა ხარ და ფეხითაც კარგად ივლი 🙂
LikeLike
ისე, რამდენად უსაფრთხოა სტამბოლში ღამე ფეხით ბოდიალი? არის უბნები, რომლებსაც უნდა მოვერიდოთ? : )
LikeLike
მაგაზეც დავწერ.
ჩემი გამოცდილებით – უსაფრთხოა. ახლა მაინცადამაინც სადღაც უკაცრიელ ჩიხში თუ არ შეძვერი. 🙂
LikeLike
საინტერესო თემაა ეგეც 🙂 იქნებ შეცდომით შეძვრე იმ ჩიხშ 🙂 ისე, პოლიციელები დიდად არ შემხვედრია მე.
LikeLike
LikeLike
აქ რაღაც ხდება თუ რატომ არიან მობილიზებულები 🙂
LikeLike
საპროტესტო დემონსტრაცია იყო “ახალგაზრდა თურქების” მოძრაობის 🙂 და ესენი უკან მიყვებოდნენ. 🙂
სხვა მიტინგსაც შევესწარი და იქაც ეგრე იყო მობილიზებული პოლიცია. იქეთ მომიტინგეები იდგნენ და აქეთ ერთი მაგდენი პოლიციელი. 🙂
LikeLike
თურქეთში ყოფნისას ერთმა ქალბატონმა პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან მასწავლა თუ როგორ უნდა მომეთხოვა “დოლმუშის” ჩვენებური მაეშეუტკის გაჩერება – დურაკ დაუყვირეო. მეც ჩემს სასტუმროს რომ მივუახლოვდი ვერ ვაკადრე მძღოლს ეს სიტყვა და ვეძახე სტოპ სტოპთქო, მაგრამ სასტუმროს რომ გავცდი იძულებული გავხდი მისთვის დურაქ დურაქი მეძახა 🙂
LikeLike
🙂
დურ! – ასეც შეიძლება. გაჩერებას ნიშნავს.
ისე ბევრია მანდ “უხერხული” სიტყვები. 🙂 ბოლოს პატარა ლექსიკონი უნდა დავურთო 🙂
ისე, სტამბოლში რომ დააფასებ კაცი ტრამვაის, ისე არსად დააფასებ :):)
LikeLike
უყურე შენ, რამდენი რამე არ მცოდნია 🙂
“ვისაც მისი “უმანკოების მუზეუმი” გაქვთ, “უმანკოების მუზეუმის” ბილეთიც გქონიათ და ისღა დაგრჩენიათ – ეწვიოთ” – ეს ვერ გავიგე…
ჩვენ აზიურ ნაწილში გავჩერდით ორივეჯერ და კმაყოფილები ვიყავით ამ არჩევანით: ძირითადად სულთანაჰმადის ღირშესანიშნაობებს ვათვალიერებდით. ევროპულ ნაწილში კი ტრამვაით ვმოძრაობდით, ან ექსკურსიით მოვიარეთ.
LikeLike
ჩაკრულია 🙂 წიგნი თუ გაქვს – ჩახედე 🙂
სადრაც შუაშია, რომ თუ არ წაიკითხე ისე ვერ მიაგნო. 🙂
აი გაუხარდებათ, ვინც ამასვე მეუბნებოდა კომენტარებში. 🙂 თორემ აზიური სტამბოლის მოყვარულები გამობრაზდნენ.
LikeLike
არ მაქვს “უამნკოების მუხეუმი”. ქართულ თარგმანშიც არის?
საინტერესოა…
LikeLike
კი. ყველაშია.
ელექტრონულ ვერსიაში არაა ალბათ 🙂 მე რუსულად მაქვს ქინდლში.
LikeLike
აჰა. ანუ, შემდეგი ვიზიტის წინ წიგნსაც შევიძენ 🙂
გულწრფელი მადლობა. ბევრი საჭირო რჩევა მივიღე. წინ კიდევ 5 ნაწილი მაქვს 😀
LikeLike
ჯანდაბას ჩემი თავი 🙂 აზიურ ნაწილში – კი, როგორ არა. გეოგრაფიის უცოდინარივით დამემართა 😀 რატომღაც აღვიქვი, რომ ევროპულ ნაწილში თანამედროვე სტამბული იგულისხმებოდა (ანუ ოქროს რქის ჩრდილოეთი), ხოლო აზიურში – სულთანაჰმადი, ძველი ქალაქი (ოქროს რქის სრუტის სამხრეთ-დასავლეთი). ჩვენც ევროპულ ნაწილში ვიყავით, ოღონდ სულთანაჰმადში.
პ.ს. არ შეიმჩნიოთ 🙂
LikeLike
აქვე 2 კითხვა: Istanbulkart-ით ტრამვაის საფასურის გადახდაც ხელსაყრელია, ხომ? ინდივიდუალური Istanbulkart უნდა ჰქონდეს ყველას, თუ შესაძლებელია 1 ბარათით ორმა ადამიანმა იმგზავროს?
LikeLike
ოდნავ ხელსაყრელიცაა კი. მარა მოსახერხებელი რომაა ეგ უფრო მთავარია მაინც.
შეიძლება, მარა მაშინ ფასდაკლება აღარ მუშაობს 🙂 სადგური А+სადგური B გადაჯდომაა, მაგრამ ერთი ბარათი მხოლოდ თითოჯერ აღიქვამს მაგ ბმას. მეორე სრული ფასით გავა.
LikeLike
გასაგებია ყველაფერი. დიდი მადლობა
LikeLike
gaixaret. didi madloba!
LikeLike