სტამბოლი და სტამბოლს მიღმა

მოგზაურის რვეული: ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

გაფრთხილება ეს ძალიან ვრცელი (და ძალიან სუბიექტური) სითიგაიდი იქნება (რმდენიმე ნაწილად) და მათთვის დავწერე, ვინც სტამბოლში გამგზავრებას აპირებს, სხვები ამსიგრძე პოსტის კითხვით თავს ნუ შეიწუხებთ. შევეცადე, პოსტი უფრო ინფორმატიული და პრაქტიკულად გამოყენებადი ყოფილიყო, ამიტომ, თუკი ცუდად შეკმაზული გეჩვენა, შენთვის არ დამიწერია. 😉

***ნაწილი 1***

ყველა გზა კონსტანტინოპოლში მიდის…

100_3225…წლის ნებისმიერ დროს, თუმცა, საუკეთესო პერიოდი, იმჰო, სექტემბერ-ოქტომბერი და აპრილ-ივნისია. არც აუტანელი სიცხეებია და ამინდიც კარგია. გაზაფხულზე ყვავილები ყვავის და ქალაქში ტიტების ფესტივალი იმართება. ყველაზე იაფი (40-50 დოლარი) თბილისიდან სტამბოლში მიმავალი ავტობუსის ბილეთია, რომელსაც ისე უნდა ერიდოთ, როგორც ერთაოზი – ფაეტონს, თუ რატომ, აგერ ლიტერატორის მონათხრობიდან გაიგებთ. უფრო ძვირი დაგიჯდებათ, თუ მატარებლით ჩახვალთ ბათუმში, იქედან ეწვევით სარფს, ფეხით გადახვალთ საზღვარზე და გაყვებით ტაქსს ჰოფამდე (4 ადამიანი თუ მოგროვდებით ძვირი არ დაჯდება – 10 დოლარზე ნაკლები კაცზე), იქედან კი – სტამბოლის ავტობუსს (ეგეც კიდევ 50 დოლარი). ასე აცდებით “გურჯულ” სიტუაციებს ავტობუსში და რიგს საზღვარზე. შეგიძლიათ ბათუმიდან გადახვიდეთ ტრაბზონში, საიდანაც იაფი რეისების ცვენაა სტამბოლამდე (60 დოლარადაც კი შეიძლება ორი გზის შეკვეთა, ოღონდ, თუ თადარიგს დაიჭერთ და ადრიანად აიღებთ ბილეთს). მაგრამ რატომ უნდა იწვალოთ, როცა არსებობს პეგასუსის ავიახაზები? არც პეგასუსის თანამშრომელი ვარ, არც რეკლამაში მიხდიან ფულს, მაგრამ ამ ავიაკომპანიას მშვენიერი მომსახურება აქვს (ახლა უკვე ბათუმიდანაც დაფრინავს, თუმცა ეს “ბათუმიდან” პირობითია – ტრანსფერია ჰოფამდე ავტობუსით და იქედან უკვე – თვითმფრინავით) და მხოლოდ ერთი მინუსი – ჯანდაბაში ჯდება: თუ თურქიშის ათათურქის აეროპორტი ლამის ქალაქშია, პეგასუსის საბიჰა გიოქჩენის (Sabiha Gökçen) აეროპორტი ოფიციალურ უკანალშია, საიდანაც სტამბოლამდე საათზე მეტია საჭირო (საცობების გათვალისწინებით) და ტაქსი ძალიან ძვირი ჯდება (50 დოლარი), მაგრამ ეს ავიაკომპანია ნამდვილად კარგი სერვისითა და დაბალი (სხვებთან შედარებით) ფასებით გამოირჩევა, რაც ამ მცირე უსიამოვნებას სრულად ფარავს. ამასთან, აეროპორტიდან ქალაქში მიდის ე.წ. შატლი ჰავათაშ ბას (Havataş Bus), რომელიც სულ რაღაც 12 ლირა ღირს და თვითმფრინავის დაჯდომიდან 30 წუთში გადის. ერთს თუ ვერ მიასწარით, ნუ აღელდებით, სულ მალე მეორე გავა და ასე მთელი დღე-ღამის განმავლობაში. ის პირდაპირ თაქსიმამდე მიგიყვანთ – სტამბოლის რუსთაველამდე. IAS შატლი უფრო ძვირი დაგიჯდებათ (15 ევრო), სამაგიეროდ გაცილებით სწრაფია, სულთანაჰმეთამდეც მიდის, და, თუ სურვილი გაქვთ – სასტუმრომდეც. თან მძღოლი დაგხვდებათ აეროპორტის გამოსასვლელთან.

  • საბიჰა გიოქჩენი ქემალ ათათურქის ქალიშვილი იყო, პირველი თურქი ქალი, ვინც შტურვალს მიუჯდა და პირველი სამხედრო პილოტი-ქალი კაცობრიობის ისტორიაში.

პირველად რომ ვიფრინე პეგასუსით (2 წლის წინ) სტიუარდმა ძალიან თავაზიანად და დეტალურად განმიმარტა, თუ როგორ უნდა მოვხვედრილიყავი ქალაქში იაფად.

  • UPDATE: ამასობაში კიდევ ერთმა თურქულმა საბიუჯეტო ავიახაზმა გაშალა ფრთები თბილისსა და სტამბოლს შორის – Atlasjet, “პეგასუსისგან” განსხვავებით, ათათურქის აეროპორტში ჯდება.

სჯობს, ერთი 50-100 დოლარი მაინც თბილისშივე გადაცვალოთ თურქულ ლირებზე წვრილ კუპიურებად, თუ ეს ამბავი დაგავიწყდათ, სანამ შატლს მიაშურებდეთ, ჯერ АТМ მოძებნეთ აეროპორტში და ლირები გააქეშეთ. რა თქმა უნდა, იქვე ჩეინჯიც არის, მაგრამ, ტრადიციულად, აეროპორტებში ტურისტისთვის წამგებიანი გაცვლითი კურსია. ბარემ აქვე დავწერ, რომ АmEx-ს თურქეთში ისე არა სწყალობენ, როგორც საქართველოში. Мastercard და/ან VISA უფრო მოსახერხებელია, თუმცა, ისეთი ადგილებიც ბევრია, სადაც თქვენი ამექსით გადახდასა და ბონუსების დაგროვებასაც შეძლებთ. აეროპორტში არ დაგავიწყდეთ და აიღეთ სტამბოლის რუკა – რა თქმა უნდა, გუგლ და ყველა სხვა ონლაინ-მეფი არვის გაუუქმებია და მშვენივრადაც მუშაობს, მაგრამ ნამდვილად არ გეზედმეტებათ… ისე, მე რომ ჩავედი უფასო რუკების სტენდი “საბიჰა გიოქჩენში” ცარიელი დამხვდა. 🙂

ინტერნეტში ყველა სასტუმრო ერთმანეთს (არ) ჰგავს

სად გავჩერდეთ და დავჯავშნოთ თუ არა სასტუმრო წინასწარ? ორი დილემაა. თუ პირველად ჩადიხართ სტამბოლში, მე პირადად სულთანაჰმეთზე დაბანაკებას გირჩევთ – ეს ქალაქის ისტორიული და ძალიან ლამაზი ნაწილია. სწორედ აქაა აია სოფიაც (სტამბოლის სხვადასხვა უბანზე მოგვიანებით (მეორე ნაწილში) დავწერ). ერთის მხრივ, სასტუმროს თუ დაჯავშნით, მშვიდად იქნებით, მეორეს მხრივ, ადგილზე თუ მოძებნით და კარგად შეევაჭრებით – შესაძლოა, მაგ სასტუმროს ნომერი ინტერნეტით გამოცხადებულ ფასზე იაფადაც იშოვნოთ. გარდა მაგისა, სტამბოლში უამრავი სასტუმროა, რომელსაც არც საიტი აქვს, არც ინტერნეტ-ბუქინგის სისტემაშია ჩართული, მაგრამ არსებობს და სტუმრებიც სტუმრობენ.

  • ზოგადად, თურქული სასტუმროს ვარსკვლავები ჩემთვის დიდი გამოცანაა – ზოგჯერ 3-ვარსკვლავი ძალიან კარგია, ზოგჯერ კი – ოთხიც არაფრად ვარგა. ისტორიულ შენობებში განთავსებულ სასტუმროებს კი ვარსკვლავები საერთოდ არ აქვთ – მათ თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო ანიჭებს განსაკუთრებულ S (Special) ნიშანს.

მე მაინც პირველ გზას ვარჩევ ხოლმე, რისთვისაც Каyak-ის მოხერხებულ სერვისს ვიყენებ. კაიაკით იოლია მგზავრობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მოძიება და ავიაბილეთისა და სასტუმროს დაჯავშნა ან ავტომობილის დაქირავება (თუმცა, Kayak ერთადერთი არაა – Еxpedia და Priceline ბაზრის ორი ლიდერი მოთამაშეა, მაგრამ კაიაკის მობილური აპლიკაცია უფრო მოსახერხებელია, იმჰო). სანამ სასტუმროს დაჯავშნით, ყურადღება მიაქციეთ, რა სახის მომსახურება შედის ფასში – ალაგებენ თუ არა ოთახს, ცვლიან თუ არა თეთრეულს, არის თუ არა ოთახში კონდიციონერი და/ან გათბობა, როგორია ხედი, არის თუ არა აივანი, ტერასა, აქვს თუ არა ოთახს ფანჯარა (შესაძლოა არ ჰქონდეს :)) და თუ აქვს, იღება თუ არა. 🙂 ვაიფაი თუ არის და ოთახამდე თუ აღწევს, თუ ფოიეში მთავრდება, საუზმე თუ შედის ფასში… თუ რამ არაა გათვალისწინებული და გჭირდებათ – ცალკე საფასურის გადახდა მოგიწევთ, ასე რომ, ყურადღებით წაიკითხეთ ის ინფორმაცია სასტუმროს შესახებ, კაიაკი რომ გაწვდით. თუ სასტუმროს საიტი აქვს – მასაც გადახედეთ.

  • ეგებ, იფიქროთ, რომ კონდიციონერი მნიშვნელოვანი არაა – ბოლო-ბოლო ფანჯარას გამოაღებთ? ვაი რომ, არც ეგრე მარტივადაა საქმე. სტამბოლს, ნიუ იორქისა არ იყოს, არასდროს სძინავს – შუაღამემდე ტურისტების ფუსფუსია, მანქანები დაქრიან, უამრავი ხალხია ქუჩებში. შემდეგ მაღაზიის/კაფეების მეპატრონეების ჯერი დგება – დილისთვის ემზადებიან, ახალი საქონელი შექვთ, ალაგებენ და ერთი ბრახა-ბრუხია, ხუთ საათზე კი მუეძინი გადმოდგება მინარეთზე და მუსლიმებს ლოცვაზე უხმობს, მაგამ ისე გაჰკივის, რომ არამუსლიმებსაც ესმით. 🙂 მოკლედ – ფანჯრის გაღება ღამით ცუდი იდეაა. არ დაგაძინებენ. არადა, თუ ტურისტი ხარ და სტამბოლის (საფუძვლიანად) დათვალიერება გსურს, დილის 8 საათზე მაინც უნდა გახვიდე სასტუმროდან – მუზეუმები 9 საათზე იღება და უგრძელესი რიგები დგას, როგორც ბილეთის სალაროებთან, ისე შესასვლელთან. ქუჩები კი გადატვირთულია და ჯერარნახული საცობებია ხოლმე.

სასტუმროებისგან საგანგებო შემოთავაზებები ჩვეულებრივი ამბავია (თუკი ასეთი არსებობს, კაიაკს არ გამორჩება, მთავარია, თქვენ არ გამოგრჩეთ) – ეს შეიძლება იყოს ფასდაკლება, დამატებითი უფასო სერვისი (ვთქვათ – ვახშამი), ტაქსი აეროპორტში უფასოდ და სხვ. ბევრი სასტუმრო ბარგის უფასოდ შენახვის სერვისს გთავაზობთ 1 (ან მეტი) დღით – ესეც სასარგებლო რამაა: ბოლო დღეს დილით სასტუმროდან დაჩექაუთდებით – ნომრის ფულიც დაგეზოგებათ და ქალაქშიც არ მოგიწევთ ჩემოდნებით ძუნძული. ურიგო არ იქნება, რომ ოთახში სეიფი იყოს – უფრო გულარხეინად ისეირნებთ ქალაქში, თუკი გეცოდინებათ, რომ თქვენი პასპორტი, ფული, ავიაბილეთი და რაც გნებავთ რა სეიფში დევს და გასაღები კი ჯიბეში გაქვთ/კოდი – თავში. დაბოლოს, ყურადღება მიაქციეთ, რას წერენ სხვა სტუმრები სასტუმროსა და მომსახურე პერსონალზე Rude თუ Polite – არაა სასიამოვნო, შინ რომ მიხვალ და მისაღებში უზრდელი და უგვანი ადამიანი დაგხვდება. განსაკუთრებული გულისყურით ყველაზე ახალ შეფასებებს გადახედეთ – კაიაკი ყველაფერს საგულდაგულოდ ახარისხებს თქვენთვის და არ დაიზაროთ, გაჰყევით მოცემულ ლინკებს და წაიკითხეთ. ეს რამდენი საჩალიჩო ყოფილაო – გაიფიქრეთ? დასაწერად იყო ბევრი, თორემ სინამდვილეში – არც იმდენი. რაც მთავარია, მერე არ ინანებთ. ორიოდ დამატებითი ინფორმაცია/რჩევა:

  • სულთანაჰმეთის (და სრულიად სტამბოლის) იაფიანი სასტუმროები გათვლილია მათზე, ვისაც ნომერი მარტო დასაძინებლად სჭირდება და დღის დიდ ნაწილს ქალაქში ატარებს. დილის 8 საათზე სასტუმროდან გახვედი – ღამის 2 საათზე შემოხვედი. სპარტანული გარემო, ძალიან, ძალიან, ძალიან პატარა ოთახები და ვიწრო სააბაზანო. მაგრამ თუ ნომრები სუფთაა, კონდიცირებულია, ცხელი წყალი მოდის… სივიწროვე ტურისტისთვის, იმჰო, ასატანია.
  • თუ 25-წლამდე ხართ, შესაძლოა, ჰოსტელშიც კომფორტულად იგრძნოთ თავი – მართალია, გარემო აქ კიდევ უფრო სპარტანულია (6-8 საწოლი ერთ ოთახში, საერთო სააბაზანო…), სამაგიეროდ – სუპერ-იაფია, თქვენი ჭკუის ხალხს გაიცნობთ სხვადასხვა ქვეყნიდან (ამ გაცნობას რომ მოჰყვეს, არც რამე ეგეთი ბონუსებია გამორიცხული :)), მხიარულ აურზაურში იცხოვრებთ და რიგიან ჰოსტელში სისუფთავეცაა და საუზმეც.
  • თუ 4 და მეტი ადამიანი მიდიხართ, სტამბოლში აპარტამენტის (ბინის) დაქირავებაც შეიძლება. სასტუმროზე გვარიანად იაფი გამოვა. 1-2 ტურისტისთვისაც მოიძებნება მსგავსი შეთავაზებები, გირჩევთ, Airbnb-ს გადახედოთ.

სანამ სტამბოლისკენ აიღებთ გეზს, მობილურში/ტაბლეტში ჩამოქაჩეთ ქალაქის GPS-თან ინტეგრირებული ოფლაინ რუკა – ძალიან სასარგებლო რამაა და ნამდვილად გამოგადგებათ (მე Nokia Maps-ს ვიყენებდი და მეტირომარშეიძლება ისე გამომადგა) და – ინგლისურ-თურქული თარჯიმანიც.

Enter video caption here

სტამბოლი ტურიზმოფისიდან იწყება

თუკი თეატრი გარდერობიდან იწყება, სტამბოლი ტურისტების საინფორმაციო ცენტრით იწყება – ეს თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს დეპარტამენტია, რომელიც ტურისტების საინფორმაციო მომსახურებისთვის შეიქმნა. სამწუხაროდ, “საბიჰა გიოქჩენში” მისი ოფისი არაა, მაგრამ არის თაქსიმის მოედანზე, სულთანაჰმეთის მოედანზე და ბევრ სხვა ადგილას. იქ მოგართმევენ ქალაქის რუკას (ეგებ, აეროპორტშიც აიღეთ, მაგრამ გამოართვით ამათაც :)), მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების სქემებს და სიამოვნებით უპასუხებენ თქვენს ყველა შეკითხვას. პერსონალი საუბრობს ინგლისურად. ვინც სტამბოლში პირველად ჩადის – ქალაქში მოგზაურობა სწორედ ტურიზმოფისიდან უნდა დაიწყოს. თუ ჩაი და ტკბილეული შემოგთავაზეს – უარი არ უთხრათ. 🙂 სტამბოლში ყოველთვის უსაფრთხო არაა ასეთი შემოთავაზებების მიღება (ამაზე – შემდგომ), მაგრამ ეს ის შემთხვევა ნამდვილად არაა. 🙂 ტურიზმის განყოფილების ცხელი ხაზია – 170. ბარემ აქვე დავწერ, რომ თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო პოლიციის სამსახურიც აქვს, რომელიც ტურისტების უსაფრთხოების სადარაჯოზეა – Tourism Police-ის ოფისი სულთანაჰემეთის რაიონშია.  911-ის მსგავსი თურქული ტელეფონი კი 155-ია. ასევე შეგიძლიათ, (212) 527-45-03 აკრიფოთ – ტურიზმის პოლიციის ნომერი. სიფრთხილეს თავი არ სტკივაო და ეს ნომრები მობილურში ჩაიწერეთ.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ტრამვაის ფანჯრიდან დანახული სტამბოლი. ნაწილი 2

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

46 thoughts on “სტამბოლი და სტამბოლს მიღმა”

  1. ველქამ ბექ. კარგად დაისვენებდი.

    აქედან არ დაფრინავს პეგასუსი. 😦 რამე რეგულარული საკრუიზო გემიც რომ დადიოდეს შავ ზღვაზე არ იქნებოდა ცუდი. არ მგონია, ბილეთების გაყიდვის პრობლემა ქონდეთ.

    Like

    1. არ იქნებოდა ურიგო…
      კაი ხნის წინ კი იყო ეგეთი კრუიზი.

      სტამბოლი კაია. 🙂 შემდეგ პოსტებში უკვე ქალაქის შთაბეჭდილებებს დავწერ.

      Like

  2. არ გექყინოს ერთი შენიშნვა მაქვს – საბიჰა გოქჩენიც ქალაქის აეროპორტია, მაგრამ აზიურ ნაწილშია. მაგრამ აზიური სტამბულიც სტამბულია თან ძალიან საინტერესო 😉

    Like

    1. ჰო… ნაწილობრივ მართალი ხარ 🙂 მაგრამ მე ტურისტს სულთანჰამეთზე გაჩერებას ვურჩევ და იქედან გადათვლით ეგ აეროპორტი სწორედაც რომ უკანალშია 🙂
      და საერთოდ აზიური სტამბოლი არ მომწონს. ეკზოტიკური შეიძლება არის, მაგრამ ევროპულ ნაწილთან შედარებით უინტერესოა და კიდევ იმაზე უარესი 🙂

      Like

  3. ზუსტადაც რომ საჩემოდ დაგიწერია. სითიგაიდი ასეთი ვიცი მე. საკმაზი და ჩახუჭუჭებული აბაროტები ფამუქის “სტამბოლისთვის” შემოინახე.

    Like

    1. პოსტის მნახველების რაოდენობით თუ ვიმსჯელებ, ბევრს მიუწევს გული სტამბოლისკენ. 🙂
      შევეცდები სწრაფად მოვამთავრო. 🙂

      Like

  4. “მიუწევს” რომელია!,.. სასწაული დამთხვევაა პირდაპირ და გუშინ შემომთავაზა ჩემმა მეორე ნახევარმა ისე სტამბულში ხომ არ დავგაზოთ საშოპინგოთო. მაგარი გაიდ არტიკლია, ყოჩაღ შენ, აი თურმე რატომ იყავი საეჭვოდ მიყუჩებული ეს დღეები,.. 🙂 მშურს შენი. ისტამბული ხომ, გარდა იმისა, რომ ყველაზე ეგზოტიკური და სანახაობრივად ძალიან მიმზიდველია, მსოფლიოში ყველაზე-ყველაზე მაგარი საშოპინგო ადგილია, ხოდა ჩამოთვალე ახლა რა, სად, და როგორ პირობებში იყიდე, იმედია მომდევნო პოსტი მოიცავს მაგ თემას, თუ არადა პროტესტის ნიშნად არ წავიკითხავ ! (ნუ ეგეც შენი ახალი დარდი)… მოკლედ, ველი შემდეგს.
    ჰო, და ველქამ ბექ მამულში, რომელიც მინდა გაცნობო, რომ მალე გაბრწყინდება 😉

    Like

    1. შოფინგზეც დავწერ, მაგრამ მომდევნოში ვერა. 🙂 ჯერ ტრანსპორტის სქემებზე და უბნებზე ვწერ.

      ისე კი… შოფინგი კაია, მაგრამ თუ თბილისს შეადრი – ცოტათი იაფია. თუ პარიზს და ამსტერდამს – კი იაფია. თუ ამერიკას – ძვირია.
      ჰოდა ისევ ონლაინ შოფინგი მირჩევნია. 🙂

      თუმცა, არის კარგი თურქული ბრენდებიც.

      რა თქმა უნდა აქ არ ვამბობ “გრანდ ბაზარზე” და არმანიზე, რომელიც სულაც არ არის არმანი და ლაკოსტზე, რომელიც სულაც არ არის ლაკოსტი. 🙂 ეგენი იაფია კი. 🙂

      აი, რაც მართლა იაფია – ტყავეული არაგაყალბებული და არა ძალადგაბრენდებული, არამედ ადგილობრივი წარმოების. ეგ კი იაფია.

      Like

  5. მე შარშან ვიყავი და booking.com დავჯავშნე. მომავალ ჯერზე კაიაკსაც გავსინჯავ როგორია.

    ტყავეულზე გეთანხმები, მაგრამ გრანდ ბაზარშიც შეიძლება ნორმალური საქონლის შეძენა. გაყალბებული ბრენდები ბევრია, მაგრამ არის ადგილობრივი ნაწარმიც ნორმალურ ფასში თან თუ შეევაჭრე 🙂
    სავაჭრო ცენტრებიც კარგები აქვთ. იქაც არის შედარებით იაფიანი თურქული საქონელი. მე ახალ წელს ვიყავი და ინდირიმი იყო ყველგან – სეილი. უხარისხო ფირმებიც ბევრია, მაგრამ ხარისხიანი თურქული საქონელიც არის ხელმისაწვდომ ფასად. ბამბის რაცაა კარგია. შალის საქონელი ისეთი ხარისხიანი არაა. იწელება ხმარებაში.

    Like

    1. ბუქინგი დაჯავშნის სისტემაა. კაიაკი – აგრეგატორია – ანუ ერთდროულად ეძებს სხვადასხვა ბაზაში, მათ შორის ბუქინგის ბაზაშიც, ჰოთელზ.ქომის და ა.შ.
      შემდეგ გააჩნია რომელ სასტუმროს შეარჩევ – დასაჯავშნად გადაყავხარ უშუალოდ დაჯავშნის იმ საიტზე, სადაც იპოვნა ოფერი.

      Like

  6. ვაიმე, როგორ გამიხარდა ამ პოსტის და მეორე ნაწილის ნახვა!
    ჯერ არ წამიკითხავს, თვალი გადავავლე და ეს ზუსტად ისაა, რაც ახლა მჭირდებოდა!საფუძვლიანად უნდა ჩავუჯდე და ეჭვი მაქვს ბევრ საინტერესო ინფოს ამოვკრებ.

    awwwww thx ❤ 🙂

    Like

    1. სასტუმროში გექნება ვაი-ფაი 🙂

      პირველად მიდიხარ? ახლა ცოტა ცუდი დროა – ამინდები წაიბილწა 🙂 გაზაფხულია საუკეთესო დრო. მე მაისში ვიყავი ერთხელ და ისე თბილოდა, რომ საბანაო სეზონი იყო კუნძულებზე.

      Like

      1. სტამბულში კი, პირველად მივდივარ. თებერვალში. ვიცი, არასეზონია, მაგრამ ჩემი დაბ.დღეა და ამიტომაც. საჩუქარს ვუკეთებ საკუთარ თავს.

        ბილეთები შევიძნე.
        ახლა სასტუმროს ვარჩევ.

        Like

      2. მოკითხვა გადაეცი ჩემგან სტამბოლელ ძაღლებს და კატებს 🙂 და თუ გინდა, თოლიებსაც.
        და მიუხედავად არასეზონისა ნაყინუჭმელი არ დაბრუნდე უკან!

        Like

  7. ავტორო, ნუ ბრაზდები 🙂 გეთანხმები, რომ ევროპულ სტამბულში სანახავი მეტია.

    ტრანსპორტს მეტრობასსაც დავამატებდი – ეგეც თავის ხაზზე მოძრაობს ტრამვაისავით და არ ხვდება საცობში. თან სწრაფია ძალიან.

    Like

    1. არ ვბრაზდები 🙂

      მეტრობასში არ ვმჯდარვარ… რაღაც ვერ გამოვიყენე – თითქმის არ აქვს გადაკვეთა ტურისტულ ადგილებთან და სადაც აქვს – იქ ტრამვაიცაა ან მეტროც მიდის.
      თუმცა, თუ სადმე მოშორებით ცხოვრობ, ალბათ, ძალიან მოსახერხებელია.
      მე ისეთ ადგილას ვცხოვრობდი – ბეაზითზე, რომ ტრამბვაის გაჩერება იყო 2 წუთში და ავტობუსისაც იქვე. თან სულთანაჰმეთამდე სულ 20-25 წუთი იყო ფეხით.

      Like

  8. სტამბულზე მეც ვაპირებ(დი) პოსტის დაწერას. თანაც ჩემიც სითიგაიდივით უნდა ყოფილიყო. ოღონდ – არა ასეთი ვრცელი და არა(ვერა) ასე საინტერესოდ, რასაკვირველია 🙂
    როგორ ახერხებ “დოკუმენტალიტური” პოსტებიც რომ ასეთი სახალისო გამოგდის, არ ვიცი 🙂 გემრიელად წავიკითხე და ვისიამოვნე. გადავდივარ შემდეგ ნაწილებზე.
    პ.ს. თუ წინააღმდეგი არ იქნები, პატარა დამატებებს გავაკეთებ პოსტებზე.

    Like

    1. როგორ ახერხებ “დოკუმენტალიტური” პოსტებიც რომ ასეთი სახალისო გამოგდის, არ ვიცი

      ნიჭიერი ვარ ნამეტნავად.

      Like

  9. საინტერესო და საჭირო იყო ნამდვილად! მე ამ ქალაქს მარტო წიგნებიდან ვიცნობ ჯერ-ჯერობით, მაგრამ მართლაც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ!

    Like

    1. აპრილის ბოლო-მაისია ძაან კაი. არც ძალიან ცხელა და ტიტების ფესტივალი აქვთ. და ტურისტებიც არაა ხოლმე იმდენი… თუმცა ეს უკვე აღარ ვიცი 🙂 ოქტომბერშიც არ ველოდი ბევრს მაგრამ უზარმაზარი რიგები დამხვდა ყველგან.

      Like

      1. თუ გაზაფხულში გადავწყვიტე, მაშინ მხოლოდ ორი დღით თუ შევძლებ. ორ დღეში მოვასწრებ რამეს? : )

        Like

      2. აია სოფიას ნახავ, დორდუმას შეჭამ და კატებს მოეფერები 🙂
        მეტი არცაა საჭირო 🙂

        Like

      3. დორდუმა რა არის? 😦 არც ისე საოცრად ჟღერს… 🙂 კატები აქაც მყავს მილიონი თუ არა, სამი მინიმუმ. და აი, სოფიას ნახვა მაინც თუ მოვასწარი, ჩავთვალოთ, რომ ღირს იმ ორი დღით წასვლა… დასაგეგმი მაქვს ჯერ კიდევ კარგად.

        Like

      4. დონდურმა უნდა დამეწერა.
        თუ გასტრონომიული სტამბოლის პოსტამდე მიხვალ, გეცოდინება 🙂 როგორ მიაგნო ისიც წერია.

        Like

  10. მოდი დავიწყოთ სულ თავიდან_
    9 მაისიდან 12 მაისამდე დასვენება რომ დაემთხვა გადავწყვიტე სტამბოლში წავსულიყავი და ორი წლის ნატვრა ამეხდინა. დავიწყე ფამუქის ,,სტამბოლის” კითხვა, მაგრამ ძალიან ნელა მიდიოდა და აღარ გავაგრძელე. მერე გამახსენდა, რომ შენ ადრე გესაუბრე სტამბოლზე, შემოვედი შენს ბლოგზე და 7 სტამბოლი დამხვდა. დეტალურად ხო წავიკითხე, არა მარტო წავიკითხე ჩემთვის საინტერესო ადგილები დავაკოპირე, აიფონში ჩავიწერე და ამოვბეჭდე.
    ძალიან სასაცილო იყო, უნდა გენახა- ვიდექით მე და ჩემი მეგობრები ტაქსიმზე და აბა შენ რომ ამობეჭდე იქ როგორ ეწერაო და შენს პოსტებს ვკითხულობდით. ასე მთელი 3 დღე დავდიოდით ამ შენი პოსტების მიხედვით.

    მადლობა შენი სტამბოლისთვის. რამდენიმე დღეში მე დავწერ ჩემს სტამბოლზე:)))))

    Like

  11. გამარჯობა, ძმაკაცები ვაპირებთ ერთი კვირით სტამბოლში დასვენებას და რამე სასტუმროს ხომ ვერ გვირჩევ? იაფად გვინდა, ვიფიქრეთ მაინც გარეთ ვიქნებით და იქ მარტო ღამის გათენება მოგვიწევსთქო, ვერაფერი ვიპოვე, ძაან მიყრუებულშიც არ მინდა

    Like

    1. ტაქსიმზე გირჩევნიათ, მაშინ. ცენტრია და თან ცოცხალი უბანია არც დღე ძინავს არც ღამე და გაერთობით კარგად.
      სასტუმროს რჩევა ძნელია. ჩემზე უკეთ Kayak გირჩევს. ტურისტების შეფასებებიც წერია იქ და ფოტოებიც და ფასითაც შეგიძლია გაფილტრო.

      მე პირადად ამ სასტუმროში http://www.hotelresidence.com.tr/cgi-bin/index.pl?id=anasayfa&lang=eng გავჩერებულვარ და კარგი სასტუმროა. მაგრამ კაიაკით ჯობია მიძებნოთ.

      Like

  12. მადლობა, ერთსაც გკითხავ, იქნებ იცოდე, არასრუწლოვნებს ID-თ ატარებენ? თუ არა რისი გაკეთება შეილება? მშობელი გაიყოლეო არ მითხრა :დ

    Like

    1. აი ეგ ნაღდად არ ვიცი. საკონსულოში მოგიწევს კითხვა. გარისკვა არ ღირს ოფიციალურად თუ არ გადაამოწმე 🙂

      ისე, სასტუმრო დაიკიდე. ყველაზე კაი პონტი იქნება ჰოსტელი. იმჰო.
      თან ახლა ტურისტული სეზონია და სხვადასხვა ქვეყნიდან ბევრი ერთი ასაკის ხალხი მოხვდებით ერთად.
      კაიაკიც ეძებს ჰოსტელებს და სხვა რესურსებიცაა ბევრი მოსაძებნად. აი ეს, მაგალითად https://www.hihostels.com/
      უფრო იაფიცაა ჰოსტელი ზოგადად.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: