ოდესმე ამ ბლოგზე მე-100 პოსტი დაიწერა. ის ერთ ძალიან ლამაზ ქალზე იყო.
მე-200 პოსტი რომელი იყო არც ვიცი, გამომეპარა. 🙂
ახლა მე-300 პოსტს ვწერ და ვიზე თუარა ერთ ძალიან ჭკვიან კაცზე, ჯეფ ბეზოსზე, რომელმაც ორი არაჩვეულებრივი დივაისი მოიგონა – Кindle Reader და Kindle Fire… თან სულ ახლახანს ჩემმა ონლაინ ნაშოფინგარმა 100 ამანათს მიაღწია (ყველა “ამაზონიდან” არ შემიძენია, მაგრამ – მაინც).
“თუკი ჯეფი მოწყენილია, აცადეთ ხუთი წუთი და გაიცინებსო”, – ამბობს ქალბატონი ბეზოსი. კაცმა რომ თქვას, ასეთი ოპტიმიზმის საფუძველიც აქვს – ავტოფარეხში დაფუძნებული კომპანია მან 100-მილიარდიან მსოფლიო გიგანტად აქცია. “ფორბსი” საუკეთესო აღმასრულებელ დირექტორად ასახელებს. ამბობენ, იულიუს კეისარმა ყველა მისი ჯარისკაცის სახელი იცოდაო, ზოგჯერ მგონია, რომ ჯეფ ბეზოსმა მისი 164 მილიონი კლიენტის მხოლოდ სახელი კი არა, გემოვნება, ფეხის ზომა, თვალის ფერი… სულ ზეპირად იცის. 🙂 რამდენჯერ ყოფილა, ჯერ თავად არ გადამიწყვეტია, რისი შეძენა მსურს – ბეზოსი კი უკვე ფასდაკლებას აცხადებს და ი-მეილს მიგზავნის. 🙂 და 10-დან 9 შემთხვევაში ზუსტია. ჰო, კაი – 8-ში მაინც. 🙂
ბეზოსის კაბინეტში ერთი სავარძელი დგას, რომელიც, თითქოს ასე ჩანს, ცარიელია, მაგრამ სინამდვილეში იქ “ამაზონის” კლიენტი ზის. ხან მე ვზივარ. ხან შენ ზიხარ. ხან კიდევ სხვა ზის. ჯეფი კი გვესაუბრება. ამბავს გამოგვკითხავს. ყავას შემოგვთავაზებს. რამე ხომ არ გჭირდებათ, რით შემიძლია გემსახუროთო – გვეკითხება… არა, ფულს ნუ სთხოვ… ნუ სთხოვ თევზს – სთხოვე ანკესი. 🙂 შეიძლება, სათევზაოდაც კი გამოგყვეს… შეიძლება კიარადა – გამოგყვება უცილობლად. “ამაზონის” საქმიანობის შეფასების ალგორითმში, რომელიც უშუალოდ ბეზოსის მონაწილეობით დაიწერა, 500 პარამეტრიდან 400 ხომ სწორედ კომპანიისა და კლიენტის ურთიერთობას აკვირდება.
ბეზოსი ამბობს, რომ თავად კითხულობს წერილებს, კლიენტებისგან რომ მისდის… ნება ჩვენია, დავუჯერებთ, თუ – არა, ის კი ვიცი, რომ არც ერთი პრეტენზია, რაც “ამაზონის” მიმართ გამოითქმის, უყურადღებოდ არ რჩება. კრიტიკა გაბრაზების მიზეზი კიარა, განახლების მიზეზია, – ასეთია ჯეფ ბეზოსის ფილოსოფია.
მარტივია? კი… სცადეთ და გაიმეორეთ. 🙂
საშობაო ციებ-ცხელების დროსაც კი “ამაზონზე” შეძენილი საქონლის 99,99% დაგვიანების გარეშე მოდის… მაგრამ ჯეფ ბეზოსი იმ 0.01-ზე დარდობს, ვისაც ამანათი დაუგვიანდა.
როდესაც “ამაზონის” ინჟინრებმა მსოფლიოში პირველ რიდერზე დაიწყეს მუშაობა, ფინანსურ მენეჯერს შეფისთვის უკითხავს, რა თანხის გამოყოფა იყო შესაძლებელი ამ პროექტისთვის. “რა თანხაც დასჭირდება,”- უთქვამს ბეზოსს. იმიტომ არა, რომ მას ზედმეტი ფული აქვს, ან მისი ყადრი არ იცის – მაგრამ არაფერია იმაზე ძვირფასი, ვიდრე მადლიერი კლიენტი. კომპანიის სტრატეგია სწრაფ მოგებაზე არ არის აგებული. მისი წარმატება ერთგულ კლიენტებზე დგას. Кindle Fire საუკეთესო მაგალითია – “ამაზონი” მის პლანშეტს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ყიდის და იმწამიერ ფულად მოგებაზე უფრო მნიშვნელოვანს – ახალ, მადლიერ კლიენტებს იძენს, რომელნიც “ქინდლის” მეშვეობით ბრუნდებიან “ამაზონზე” და ყიდულობენ წიგნებს, ჟურნალებს, პროგრამებს, ტანსაცმელსა და ვინ მოსთვლის კიდევ რას…
ოთხი საუკუნის წინ ნიკოლაი კოპერნიკმა ადამიანებს გაუმხილა, რომ ისინი ჰელიოცენტრულ სისტემაში ცხოვრობდნენ. ოთხი საუკუნის შემდეგ ჯეფ ბეზოსმა ყველაზე წარმატებული კლიენტოცენტრული სისტემა შექმნა.
დღემდე ბრუნავს. 🙂
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
ამაზე უკეთეს თემას, მესამასე პოსტისთვის, ნამდვილად ვერ შეარჩევდი, მილორდ.
უგემრიელესად რომ არის დაწერილი, აღარ გავიმეორებ.
ბეზონის მადლიერი კლიენტი და შენი მადლიერი მკითხველი.
LikeLike
ძალიან კარგი იყო 🙂 ყოველთვის მაინტერესებდა პოსტები წარმატებულ ადამიანებზე!
ისე, საინტერესოა, ჯეფ ბეზოსს ჰიპერმნეზია ხომ არ სჭირს?
P.S. მე–300 საიუბილეო პოსტს გილოცავთ, ლორდ!
LikeLike
ჰიპერამნეზია რაა სკლეროზის მეორე? 🙂
რამდენიმე კანდიდატურა იყო… მაგრამ ბეზოსმა გადაწონა.
LikeLike
ჰიპერმნეზია სკლეროზის საპირისპირო ფორმაა 🙂 როდესაც ადამიანი მიღებულ ინფორმაციას ვერ ივიწყებს. ჩვენ ენაზე რომ ვთქვათ, ძველ ფაილებს ვერ შლის 🙂 🙂 🙂
LikeLike
ისე, იმ რამდენიმე კანდიდატურის ვინაობაც ძალიან მაინტერესებს 🙂
LikeLike
ააა… გაგონლი მაქვს ერთი ეგეთი სპორტული ჟურნალისტი იყოო ადრე. მთელი სტატისტიკა თავში ქონდაო.
დღეს ეგ ადვილია – სმართფონებისა და პლანშეტების ეპოქაში 🙂
მე ჰიპერამნეზია წავიკითხე 🙂
LikeLike
სხვათა შორის, ბორხესს აქვს ერთი მოთხრობა– ,,ფუნესი–მეხსიერების სასწაული” და ძალიან საინტერესოდ აქვს აღწერილი ჰიპერმნეზიის შემთხვევა 🙂
LikeLike
სპილოებს ჭირთ ეგ.
დავიწყების უნარი ყველაზე ფასეულია, რაც ადამიანს აქვს… სანამ სკლეროზში გადავა 🙂
LikeLike
100%-ით გეთანხმებით, ლორდ! თქვენმა სიტყვებმა მართლაც დამაფიქრა. ალბათ, რომ არა ადამიანისთვის ბოძებული ეს უნარი, სამყარო გაცილებით ბოროტი და დაუნდობელი იქნებოდა
LikeLike
+1
ძაან დიდ პატივს ვცემ ამ კაცს. გენიალური კომპანია შექმნა ნამდვილად.
LikeLike
საიუბილეო პოსტს გილოცავ და ბეზოსის კაბინეტში რომ მოხვდები, ცემი გულწრფელი მადლობა გადაეცი.
LikeLike
დასტურ.. ეკუთვნის ამ კაცს პოსტი
LikeLike
მართლაც რა გემრიელად დაწერილი პოსტია, მოლის თქმის არ იყოს
LikeLike