მსოფლიოს ნომერ პირველი საიდუმლო აგენტი 007… თუმცა, რაღა საიდუმლოა, თუკი ქუჩაში მათხოვარი ბავშვებიც ცნობენ და როგორც კი თვალს მოკრავენ, აედევნებიან ხოლმე “ფული მაიტა, შენი ლამაზი თვალების ჭირიმე ბონდო ბიძიაო… თორემ კაგებეში ჩაგიშვებთო…”
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი აგენტი წარმოუდგენელია მისი ქალების გარეშე. ბონდიანის პროდიუსერები მორიგი “ბონდის გოგოს” შერჩევის საქმეს ნაკლები მოკრძალებითა და შიშით როდი უდგებიან, ვიდრე თავად აგენტის როლის შემსრულებლისას, კარგად შერჩეული “ბონდის გოგო” ხომ ბონდიანის სერიის წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელია… თუკი ფიქრობთ, რომ ვაჭარბებ, გაიხსენეთ:
1. შვეიცარელი ურსულა ანდრესი (Ursula Andress), ჰანი რაიდერი ბონდიანის პირველი (და ერთ-ერთი საუკეთესო) ფილმიდან “დოქტორი ნო” (Dr. No, 1962). როდესაც ურსულა ოკეანის ტალღებიდან ამოდის აფროდიტესავით, თეთრი ფერის ბიკინიში, ნიჟარებით ხელში და წელზე ჩამოკონწიალებული დანით, მამაკაცებს კინოდარბაზში გულები უჩერდებათ… ეს ერთ-ერთი ყველაზე საკულტო კადრია, არამხოლოდ ბონდიანის, არამედ მთლიანად სინემატოგრაფის ისტორიაში. ურსულა ანდრესს ამ როლისთვის ოქროს გლობუსი მიანიჭეს.
სხვათა შორის, მოგვიანებით მსახიობი ხელმეორედ გამჩნდა ბონდიანაში – “კაზინო როიალში” ვესფერ ლინდი ითამაშა.
2. თუ ურსულა ბონდ-ქონერის პირველი ქალია, ბოლო – ქიმ ბეისინჯერია (Kim Basinger) – და რა უნდა ინატროს კაცმა ამაზე მეტი? ანდრესიდან-ბეისინჯერამდე. 🙂 ფილმში “არასოდეს თქვა არასოდეს” (Never Say Never Again, 1983) ბეისინჯერი დომინო პეტაჩის ასახიერებს, ბონდის მოწინააღმდეგის, მაქსიმილიან ლარგოს სატრფოს, რომელსაც ბონდი ისეთი ჯადოსნური მასაჟით ასიამოვნებს, რომ უმალ გადაიბირებს.
3. “მხოლოდ შენი თვალებისთვის” (For Your Eyes Only, 1981) ფრანგი კაროლ ბუკეს (Carole Bouquet) მეორე და წარმატებული მცდელობა იყო, ბონდის ქალი გამხდარიყო (მანამდე ის “მთვარის მრბოლელისთვის” დაიწუნეს). მელინა ჰაველოქს მშობლებს მოუკლავენ და ის ბონდთან ერთად ბოროტმოქმედ არისტოტელე კრისტატოსთან ბრძოლაში ჩაებმევა. ბუკე წლების განმავლობაში იყო შანელის სახე – ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი, მსახიობი და ულამაზესი, დახვეწილი და ნატიფი გარეგნობის ქალია.
სხვათა შორის, ბონდიანის ამ ფილმს ერთ-ერთი ყველაზე კარგად ცნობილი და პოპულარული პოსტერიც აქვს. კანადაში პროდიუსერებს მისი გამოცვლაც კი დასჭირდათ, რომ ფილმს PG (დასაშვებია ნებისმიერი აუდიტორიისთვის) კატეგორია არ დაეკარგა. 100-ზე მეტ გაზეთში კი ფოტო ან მოჭრეს, ან გოგონას შორტები მიახატეს, რომ დუნდულები დაემალათ. კაროლ ბუკესაც ლამაზი ფეხები აქვს, მაგრამ პოსტერზე ამერიკელი მოდელი ჯოი ბართლია, მისი ფეხებისა და ტაკუნების მითვისებას სხვა ორი – ნენსი სთეფორდი და ჯეინ სამნერი ცდილობდნენ, მაგრამ IMDb ამბობს – ბართლიაო. ჰოდა – ვენდობი.
4. “მოწყალების კვანტი” (Quantum of Solace, 2008) ქრონოლოგიით ბოლო, მაგრამ ბონდის გოგოს მხრივ გამორჩეული ფილმია. ოლგა კურილენკო (Ольга Куриленко) კამილ მონტესის (Camille Montes) როლშია, ვინც, მელინა ჰაველოქის მსგავსად, მშობლებისთვის შურისძიებას ლამობს და გენერალ მედრანოსა და დომინიქ გრინის წინააღმდეგ ბონდს შეუამხანაგდება (ქალი ნამდვილად არაა, მაგრამ მატიო ამალრიქი უბრალოდ გენიალური მსახიობია. ;))
როგორც ოლგას სამშობლოში იტყოდნენ, მისი ჰოლივუდური კარიერა დღეს “გორაში” მიდის, რაც სულაც არაა გასაკვირი.
5. დენის რიჩარდსი (Denise Richards) ფილმში “მთელი სამყაროც კი საკმარისი არაა” (The World Is Not Enough, 1999) თამაშობს დოქტორ ქრისმას ჯონსს, განიარაღების (რუსული ბირთვული ქობინების დემონტაჟის) ინსპექტირებისთვისაა ყაზახეთში მივლენილი და ბონდს ეხმარება ტერორისტ ვიკტორ ზოკასის წინააღმდეგ, რომელიც ატომური ბომბის აფეთქებას ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ კინოკრიტიკოსები რიჩარდსს ერთ-ერთ ყველაზე ცუდად შერჩეულ ბონდის გოგოდ მიიჩნევენ (არადამაჯერებელია მეცნიერის როლშიო), მე სწორედ ასეთი ფიზიკის მასწავლებელი მყავდა და, აბა, როგორ არ დავუჯერო? შორტებსა და ტოპში დენისი არაჩვეულებრივად მომხიბლველია… “მეკი მეგონა, შობა (Christmas) წელიწადში ერთხელ მოდისო,” – ეუბნება მას ბონდი.
6. ულამაზესი ფერის თვალების პატრონი შვედი მოდ ადამსი (Maud Adams/Maud Solveig Christina Wikström) კონტრაბანდისტ და ძვირფასი ქვებით მოვაჭრეს, მეტსახელად “რვაფეხას” ასახიერებს ამავე სახელწოდების ფილმში (Octopussy, 1983). ვინაიდან ბონდი მებაჟე არაა, “რვაფეხას” შავი ბიზნესი მას არ აღელვებს და ეს ორი რუსი გენერლის, ორლოვის წინააღმდეგ ერთიანდება, რომელსაც ომის გაჩაღება განუზრახავს და საბჭოთა ექსპანსიას ამზადებს ევროპაში. მოდ ადამსისთვის ეს ბონდიანაში მეორე როლია. 1974 წელს მან “ოქრისდამბაჩიან კაცში” ითამაშა.
7. კატერინა მურინომ (Caterina Murino) “კაზინო როიალში” (Casino Royale, 2006) სოლანჟ დიმიტრიოსის როლი შეასრულა, ბონდი აცდუნა და მაგიერ СМЕРШ-ის ბანკირ ლე შიფრის მთელი შიფრები გაუშიფრა. ეს იტალიელი მსახიობი დიდი კინოკარიერით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ამ ფილმში არაჩვეულებრივად მომხიბლველია (დიზაინერ ჯენი ფაქჰამის კაბაში).
კონკურსგარეშე
მარიამ დ’აბო (Maryam d’Abo) თამაშობს ფილმში, “ნაპერწკლები თვალებიდან” (The Living Daylights, 1987) (ზოგან – “სასიკვდილო შიში” ჰქვია) მაგრამ, ასეა თუ ისე, მოძიება არ გაგიჭირდებათ, მოძიებად კი თუნდაც იმიტომ ღირს, რომ მარიამ დ’აბოს ქართველი ბაბუა ყავს და მერე რა ბაბუა – გენერალი გიორგი კვინიტაძე. დ’აბო ამ ფილმში მევიოლინე და სნაიპერია ჩეხოსლოვაკიიდან, კარა მილოვი (Kara Milovy). ის და ბონდი რუს გენერალ კოსკოვს უპირისპირდებიან. მარიამ დ’აბო ერთ-ერთი ავტორია წიგნის “ბონდის გოგონები სამუდამოდ” (Bond Girls Are Forever), რომლის მიხედვით დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
ეს პოსტი მხოლოდ იმ ქალებზეა, ჯეიმს ბონდის არამხოლოდ საწოლს, არამედ იდეალებსაც რომ იზიარებენ. აგენტ 007-ის მოწინააღმდეგე ქალებზე სხვა დროს დავწერ და სოფი მარსო და სხვა ლამაზმანები იქ იქნებიან.
http://www.bondmovies.com
დილაზე ასეთ პოსტს რომ წაიკითხავ, მერე მუშაობის ხასიათი გეკარგება 🙂
LikeLike
ოლგა კურილენკო ჯობია აქედან ყველას.
მარიამ დ’აბო თუ კვინიტაძის შვილიშვილი იყო არ ვიცოდი. არ უნდა საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს? 🙂
LikeLike
შენ არ გაგიტყდეს და მაგრად კიდია მაგას ბაბუამისის სამშობლო :):)
ყოველ შემთხვევაში ჩამოსვლით მგონი არ ჩამოსულა არასდროს.
LikeLike
მიყვარს ბონდიანა და ბონდის ქალები 🙂
ჩემი გემოვნებით, ოლგა კურილენკო სჯობს ყველას.
LikeLike
კიდევ კარგი მეც დილით არ წავიკითხე 🙂 გადავყევი ამ ქალების თვალიერებას ინტერნეტში 🙂
LikeLike
ურსულა და ბუკე!!!
LikeLike
პირველი 5 განსაკუთრებით მომწონს 🙂
LikeLike