ამბოხის თეორია
თუკი გზის პოვნა გსურს, ნურასდროს დაჰყვები სხვათა აზრებს. როდესაც შენს გზაზე დგახარ, ვინც არ უნდა გადაგეყაროს – მოკალი ის! თუკი გადაეყრები ბუდას – მოკალი ბუდა. თუკი გადაეყრები პატრიარქს – მოკალი პატრიარქი. თუკი გადაეყრები მოძღვარს – მოკალი მოძღვარი. თუკი გადაეყრები მშობელს – მოკალი მშობელი. თუკი გადაეყრები ნათესავს – მოკალი ნათესავი. მხოლოდ ასე დაიხსნი თავს და მშვიდად ივლი იქეთკენ, საითკენაც გსურს.
ლინ ძი
ჩემი ბავშვობის ფრიად პოპულარული წიგნი იყო პოლონელი მწერლის, ბოლესლავ პრუსის “ფარაონი”, რომელიც რამზეს მეცამეტის ამბოხზე მოგვითხრობს ღმერთ ამონ-რას კულტისა და ქურუმების წინააღმდეგ. ფარაონი ამ “ნომრით” არასდროს არსებობდა. რომანში მოთხრობილი ამბები, დიდწილად, გამოგონილია, მაგრამ ქრისტეს დაბადებამდე მე-14 საუკუნეში ეგვიპტის ტახტზე ავიდა ფარაონი ამენჰოტეპ IV – ერთ-ერთი უდიდესი მეამბოხე კაცობრიობის ისტორიაში.
იმდროინდელ ეგვიპტეში… ეგვიპტეში კიარადა მთელს დანარჩენ სამყაროშიც პოლითეიზმი იყო გაბატონებული. ადამიანებს ვინმოსთვლისრომ იმდენი ღმერთი ჰყავდათ. უთვალავი. მარტო ეგვიპტელებს ჰყავდათ 300 ღმერთი მაინც. ყველა წარჩინებული ეგვიპტელი საკუთარ მფარველ ღმერთს იგონებდა. ნილოსის გაღმელები რომ გაიგებდნენ, ნილოსის გამოღმელებს ახალი ღმერთი შეემატათო, დაფაცურდებოდნენ და ორს თავისას იგონებდნენ, არიქა არც ჩვენ ჩამოვრჩეთო… მოკლედ, ვისაც არ ეზარებოდა და დროს გამონახავდა, დადგებოდა და მოიგონებდა რამე ღმერთს. ღმერთების უფროსად ამონი (ამონ-რა) იდგა, ქარისა და მზის ღმერთი, ქალაქ თებეს მფარველი. ეგვიპტის ფარაონები სწორედ მის შვილებად მიიჩნევდნენ თავს. მაგრამ ამენჰოტეპმა ამონ-რას ძეობა არ ისურვა. თავი მან უფლის მსახურად გამოაცხადა, ერთდერთ და განუყოფელ ღმერთად კი – ატონი. აკრძალა სიტყვა “ღმერთების” ხსენებაც კი, სატახტო ქალაქი თებედან აჰეტატონში გადაიტანა, სახელიც გამოიცვალა, ამიერიდან ის ეხნატონად (“ატონისთვის მარგად”) იწოდებოდა. ასე დაიწყო ყველაზე გასაოცარი პერიოდი ეგვიპტის ისტორიაში – ერთი კაცის ამბოხი წარსულის ღმერთებისა და წინაპართა აჩრდილების წინააღმდეგ.
ეხნატონის ამბავს ვინც კითხულობს, ყველა, ალბათ, თავისაზე ფიქრობს. მე მეფე მირიანისა და დავით აღმაშენებლის რელიგიურ-ადმინისტრაციული რეფორმები მახსენდება – ეხნატონმა ერთდროულად სცადა, როგორც ერთი ღმერთის კულტის შემოღება, ასევე ქურუმთა ძალაუფლების შეზღუდვა… კიდევ მეტად გასაოცარი ისაა, რომ მანამდე არვის, არსად და არასდროს მოსვლია თავში აზრად, რომ ღმერთი, შეიძლება, ერთი ყოფილიყო, ძმების, დების, ცოლების, შვილების, სიდედრ-სიმამრის, მთელი ჯალაბობისა და მეზობელ-მეგობრების გარეშე. საუკუნის შემდეგ იგივე თქვა მოსემ, მაგრამ მოსეს, როგორც ბიბლიიდანაა ცნობილი, ეს საიდუმლო თავად უფალმა გაუმხილა, ეხნატონმა კი ყველაფერი თავად მოიფიქრა, კარნახის გარეშე. 😉
ამას გარდა, ყველა ერი ეხნატონამდე საკუთარ თავს “უფლის ხალხად” აცხადებდა, ყველა სხვა ხალხებს კი – “ეშმაკეულად”. ამგვარი დაყოფა, ნაწილობრივ, ახასიათებს იუდაიზმსაც, ეხნატონმა კი ყველანი ღვთის შვილებად გამოაცხადა. ეთნოსის, სქესის, წარმომავლობისა და გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად… თუმცა, მიუხედავად ამგვარი შეხედულებებისა, ჰუმანურობის ხატად ის ნამდვილად არ გამოდგება – გამეფების მე-12 წელს ძველისა და ახლის ჭიდილმა განსაკუთრებით დაუნდობელი ხასიათი მიიღო. ამონის კულტისა და მამა-პაპათა წესის მიმდევრებმა ფარაონს ბრძოლა გამოუცხადეს, პასუხად ეხნატონმა “წმენდა” ჩაატარა და ათასობით ადამიანი დასაჯა სიკვდილით. 5 წლის შემდეგ ფარაონი შეთქმულებმა მოწამლეს. მისმა ვაჟმა, ტუტანხამონმა მამის რეფორმების ჩარხი უკან დაატრიალა – ამონის კულტი აღადგინა, ქურუმებს ძველი პატივი და დიდება დაუბრუნა, დედაქალაქი კვლავ თებეში გადაიტანა. დროთა განმავლობაში აჰეტატონი დაინგრა, ეხნატონის სახელი კი ფარაონთა წიგნიდან ამოშალეს და ამიერიდან მხოლოდ როგორც მტერს, ისე მოიხსენიებდნენ.
ისტორიკოსები დღემდე დაობენ, თუ რამ უბიძგა ამენჰოტეპს ეხნატონად ქცეულიყო. ეგვიპტოლოგ ჯეიმს ბრისთედისთვის ის “პირველი ინდივიდია, კაცობრიობის ისტორიაში”, პიროვნება, ვინც თემის ტრადიციასთან შებმა გაბედა, სხვებისთვის – ტირანი, ვინც, სრული ძალაუფლების ხელში მოგდების მიზნით, ძველ არისტოკრატიას დაუპირისპირდა. რთულია მისი რეფორმების შედეგის ერთმნიშვნელოვნად შეფასებაც – საბოლოო ჯამში, ბუნტარი ფარაონის მოღვაწეობამ, უფრო კი – მარცხმა, მონარქის ხელისუფლება შეარყია, ეგვიპტე დაასუსტა, რაც იმპერიის დაშლის დასაწყისად იქცა, მეორეს მხრივ, ფროიდის აზრით, სწორედ ეხნატონის მხრებზე დადგა მოსე და, რა თქმა უნდა, ქრისტიანობაც. გამოითქვა რამდენიმე ვარაუდი ფარაონის სხვადასხვა ფსიქიკური დაავადების თაობაზე, თუმცა, გენიალური ფსიქოლოგი ეხნატონის ამბოხს ფროიდისეულად 😉 ხსნიდა – შვილების ჯანყი მამის წინააღმდეგ და დღეს ამ შეხედულების საბუთად სხვა არგუმენტებიც გაჩნდა – ფარაონის გამოსახულებების შესწავლისას გენეტიკოსებმა ივარაუდეს, რომ ეხნატონი მარფანის სინდრომით იყო დაავადებული – ეს გენეტიკური ანომალიაა, რომელიც ძვლების დეფორმაციას იწვევს, მათ შორის უჩვეულოდ წაგრძელებულ კიდურებს, თითებსა და სახეს. როგორც ბევრი სხვა ფიზიკური ნაკლი, მარფანის სინდრომიც ბავშვის მეგობართა წრიდან გარიყვას უწყობს ხელს, ხშირად, თანატოლთა დაცინვის ობიექტადაც აქცევს და თუ ამგვარი რამ ჯერ ისევ ხდება დღეს, 21-ე საუკუნეში, იოლი წარმოსადგენია, თუ რა დღეში იქნებოდა პატარა ამენჰოტეპი მრავალი და მრავალი საუკუნის წინ. ამ მხრივ, ფარაონის სურვილი, გადაქცეულიყო სხვა ადამიანად – ეხნატონად და დაპირისპირებოდა ყველაფერს, რამაც მას ამდენი ტკივილი მიაყენა – იოლად გასაგებია. მამის რელიგია და ტრადიციები უძლური იყო, დაეცვა ამენჰოტეპი და მისი ამბოხი სრულიადაც არაა უცნაური და გაუგებარი.
დაბოლოს, არის ვერსია, რომ ფარაონს ტვინი მეუღლემ, დედოფალმა ნეფერტიტიმ “აურია” – სწორედ ის იყო ამ თავგანწირული ბუნტის მთავარი სულისჩამდგმელი. ცნობილია, რომ ნეფერტიტი ამონის კულტის აღდგენის შემდეგაც კი მეუღლის რეფორმების ერთგული დარჩა. ამბობენ, რომ ის კვლავ ატონს სწირავდა. მალულად, რაკი დედაქალაქის თებეში დაბრუნების შემდეგ, აკრძალულ აჰეტატონში შესვლის ნება არც მას ჰქონდა.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
1966 წელს რეჟისორმა ეჟი კავალეროვიჩმა ბოლესლავ პრუსის რომანი ეკრანზე გადაიტანა. ფილმში ბარბარა ბრილსკაც თამაშობს. როდესაც ფილმი საბჭოთა კავშირში შემოვიდა, ბრილსკას ეპიზოდები ყველაზე უმოწყალოდ დაჭრეს – მსახიობი ფრიად ფრივოლურადაა ჩაცმული და ძუძუებიც კი უჩანს. მაგიერ, ფილმი “ოსკარის” გამარჯვებული გახდა, როგორც საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმი.
არ წამიკითხავს. ფილმიც არ მაქვს ნანახი.
დამაინტერესა და ერთი უნდა მოვძებნო. თუნდაც ბარბარა ბრილსკას ხათრით. 🙂
LikeLike
“ფარაონის” პოპულარობას მეც კი მოვესწარი. ფილმი მერე, დიდობაში ვნახე.
ფრიად სერიოზული პოსტია, მილორდ. გემრიელი იუმორით დაწერილი სერიოზული პოსტი. რესპექტ!
LikeLike
ფილმი მე უკვე გორბაჩოვის დროს ვნახე. ცენზურის გარეშე 🙂
LikeLike
ბრილსკას “ძუძუები” რომ არ დაგემატებინა ბოლოს, რა იქნებოდა? 🙂
პოსტი სერიოზულ თემატიკაზეა და არ უხდება. 🙂
LikeLike
ეგეთი სერიოზული პოსტები ამ ბლოგის ტრადიციებში არ ჯდება და გავაზავე 🙂
LikeLike
ისა და ბრილსკას ძუძუები წინწკლებში რატომ ჩასვი? 🙂
წინწკლებში ძუძუები მაშინ უნდა ჩასვა, როცა ვითომ არის და სინამდვილეში არ არის 🙂 ბრილსკას ამ მხრივ საქმე მშვენივრად აქვს.
LikeLike
რა ცუდი ენა გაქვს რა.
ვერ გიტან 🙂
LikeLike
შენ ხომ სულ ბადაგი ამოგდის პირიდან 🙂
ცუდი ენა რა შვაშია? 🙂 უბრალოდ სასვენი ნიშნის არასწორად გამოყენებაზე მიგითითე. 🙂
LikeLike
მისი პოპულარობის დროს ალბათ პატარა ვიყავი და არ წამიკითხვას, ძალიან დამაინტერესა აუცილებლად წავიკითხავ 🙂
LikeLike
მე ძაან დიდი ხნის წინ წავიკითხე…. მაშინ არ მომეჩვენა, რომ ცუდი წიგნია. ახლა არ ვიცი. 🙂
LikeLike
დიდი ხნის წინ მაქვს მეც წაკითხული. რეალური პროტოტიპი თუ ყავდა ჩემდა სამარცხვინოდ არც ვიცოდი.
ფილმიც უნდა ვნახო. 🙂
LikeLike
პირდაპირი პროტოტიპი ალბათ არაა.
მაგრამ აშკარად ბევრი აქვთ საერთო.
ისე, ნამდვილი ეხნატონი უფრო საინტერესო ტიპია. 🙂
LikeLike
ეხ, როცა “ფარაონს” ვკითხულობდი, ჯიუტად მჯეროდა რომ არსებობდა ეგეთი ფარაონი, რომ ქურუმებმა ჩაფარცხეს და სცადეს წაეშალათ მისი სახელი..
ეხ, უდარდელო ახალგაზრდობავ
LikeLike
და რამდენი ვიტირე მაგ წიგნის დასასრულზე.. იმდენი რამზესი არ შემცოდებია, რამდენადაც ებრაელი ქალი 😦
კაი გადაღებაა, მაგ ფილმს ვეძებდი
LikeLike
უი, მაქვს ეგ წიგნი სახლში, რასაც კაი ხანი არ წავიკითხავ ალბათ და წავალ ისევ ფილმს ვუყურებ! 🙂
LikeLike
ჩემი საყვარელი თავი ეგვიპტის ისტორიიდან 🙂 ოღონდ ეგ წიგნი არ მაქვს წაკითხული
სათაურზე მეტყველების უნდა დავკარგე : ))))))
LikeLike
ჰა?
LikeLike
მეტყველების უნარი დავკარგე მეთქი უნდა დამეწერა :დ აი მართლა დამიკარგავს :დ
LikeLike
amboxebis teoria iyo suleluri
LikeLike
mara shinaarsshi kai iyo miyvars eg wigni
LikeLike
ეს პოსტი გამომრჩენია.
კარგი პოსტია და ფარაონის ამბოხის ისტორიაც ძალიან საინტერესო ყოფილა.
LikeLike