შორეული 60-იანები

60-იანებს ვერ მოვესწარი და არც ამ პოსტის დაწერას ვაპირებდი, მაგრამ წინა “კინოშნიკურ” პოსტებს რომ გადავხედე, ძალიან ბევრი ძალიან კარგი ფილმი ვერ აღმოვაჩინე – თურმე, ისინი 60-იანებში გადაუღიათ, ამიტომ 60-იანების კინოეპოქაზეც უნდა დავწერო. მითუფრო რომ (“მადლობა” საბჭოთა ცენზურას) ამ ფილმთაგან ბევრმა ჩვენს კინო(ტელე)ეკრანებამდე კარგა გვიან მოაღწია.

კარიბის კრიზისი და სამყარო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე, მერილინ მონროს, პრეზიდენტ ქენედისა და მართინ ლიუთერ ქინგის დაღუპვა, ფერადი ტელევიზორები, სექსუალური რევოლუცია – რაქელ უელჩი ბიკინიში და მინიკაბების გამოჩენა ქუჩებში, ტვისტი, ვუდსთოქის როკ-ფესტივალი, “ბიტლები” და “როლინგები”, გულის გადანერგვის ოპერაცია და ადამიანი მთვარეზე – ეს შორეული და მაინც ძალიან ახლობელი 60-იანებია. გენიალური 60-იანები გენიალური ფილმებით.

Spartakus1960 წელს ეკრანებზე გამოვიდა “სპარტაკი” (Spartacus). მას ენთონი მენი იღებდა, თუმცა მთავარი როლის შემსრულებელს, ქირქ დაგლასს წაეკიდა და ის სთენლი ქუბრიქით შეცვალეს. არ ვიცი, მენის ვერსია როგორი იქნებოდა, მაგრამ ქუბრიქს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიული ფილმი გამოუვიდა, შთამბეჭდავი ბატალური სცენებითა და  მსახიობთა დიდი თანავარსკვლავედით – უკვე ნახსენები ქირქ დაგლასი, ასევე ლოურენს ოლივიე, ფეთერ უსთინოვი, ჩარლზ ლოუთონი, თონი ქერთისი. მოგვიანებით ეს ფილმი საბჭოთა კინოგაქირავებაშიც გამოჩნდა და ნამდვილი ჰიტი გახდა – სსრკ-ში შემოღწეულ ყველა უცხოურ ფილმს შორის მე-5 ადგილზეა მყურებელთა დასწრებით. 80-იანებში ის საბჭოთა ეკრანებზე ხელახლა გამოვიდა (უიშვიათესი შემთხვევაა) და კვლავ – დიდი წარმატებით. მეც დიდ ეკრანზე მაქვს ნანახი და ბავშვობის აღფრთოვანება დღემდე გამომყვა, ამიტომ ჩემთვის სწორედ ეს ფილმია 1960 წლის სიმბოლო, არადა, ამ წელსაა გადაღებული “ფსიქო” (Psycho) – ალფრედ ჰიჩქოქის ყველაზე ცნობილი შედევრი, რომლის სიუჟეტს ამა თუ იმ ფორმით კიდევ არაერთგზის გადაამღერებენ, წარმატებით თუ წარუმატებლად, მაგრამ ოსტატის ნამუშევარი მაინც სულ სხვაა. მთავარ როლში ენთონი ფერქინსია. და “შესანიშნავი შვიდეული” (The Magnificent Seven) კუროსავას “შვიდი სამურაის” ჯონ სთარჯესისეული რიმეიქი, ყველა დროის ყველაზე ცნობილი ვესტერნი.

1961 წლის ფილმებიდან პირველ ყოვლისა გავიხსენებ მიქელანჯელო ანტონიონის ჩემთვის ყველაზე საყვარელ ფილმს “ღამე” (La Notte). ეს ტრილოგიის შუა და, იმჰო, საუკეთესო ნაწილია. მასში მთავარ როლებს მარჩელო მასტროიანი, ჟანა მორო და მონიკა ვიტი ასრულებენ.

მარჩელო მასტროიანი დანიელა როკასა და სტეფანია სანდრელისთან ერთად თამაშობს პიეტრო ჯერმის არაჩვეულებრივ კომედიაში “განქორწინება იტალიურად” (Divorzio all’italiana). სთენლი ქრემერის ისტორიულ-ფსიქოლოგიურ დრამაში “ნიურნბერგის პროცესი” (Judgment at Nuremberg) კი სფენსერ თრეისი, ბერთ ლანქასთერი, მარლენ დიტრიხი, ჯუდი გარლანდი და მაქსიმილიან შელი მონაწილეობენ.

1962 ბონდიანის დასაწყისია – ეკრანებზე გამოდის ბონდიანის პირველი და ერთ-ერთი საუკეთესო “დოქტორი ნო” (Dr. No), რომელიც იენ ფლემინგის ამავე სახელწოდების ჯაშუშური რომანის ეკრანიზაციაა. ის თერენს იანგმა გადაიღო და შონ ქონერის პარტნიორობას, მეგობრობას, დობას და საყვარლობას უწევს ყველა დროის ყველაზე მაგარი “ბონდის ქალი” ურსულა ანდრესი. მოგვიანებით ურსულა რომ ოკეანიდან ამოდის აფროდიტესავით, მაგ სცენის რიმეიქიც კი გადაიღეს ჰელი ბერის მონაწილეობით (ამაზე ვწერდი პოსტში “ყველაზე შეიარაღებული ნაშები” ურსულა ანდრესი No10).

ამავე წელს ჟიულიენ დიუვივიემ გადაიღო “ეშმაკი და ათი მცნება” (Le Diable et les Dix Commandements) – ერთად შეკრული რამდენიმე პატარა კომედიური ისტორია სადაც ლუი დე ფიუნესი, ფერნანდელი, შარლ აზნავური და ლინო ვენტურა თამაშობენ. ვიტორიო დე სიკამ, ლუკინო ვისკონტიმ, ფრედერიკო ფელინიმ და მარიო მონიჩელიმ კი ჯოვანი ბოკაჩოს “დეკამერონის” მე-20 საუკუნეში გადმოტანა სცადეს – ასე გაჩნდა “ბოკაჩო 70” (Boccaccio ’70) ლამაზმანების – სოფია ლორენის, რომი შნაიდერისა და ანიტა ეკბერგის მონაწილეობით (სინამდვილეში ამ მართლაც ულამაზესი შვედი მსახიობის გვარი მიახლოებით ჟღერს, როგორც იეკბაი, მაგრამ სწორედ გამოთქმა რომ შეძლო, შვედი უნდა იყო, ამიტომ ეკბერგად გადააკეთეს).

birds1963 წელს რამდენიმე კინოშედევრია და – ძალიან რთული არჩევანი. ვინაიდან ერთხელ უკვე “დამეჩაგრა”, ახლა ალფრედ ჰიჩქოქს პირველ ადგილზე დავაყენებ მისი “ფრინველებით” (The Birds) თიფი ჰედრენი, ჯესიქა თენდი და უამრავი გულმოსული ჩიტი.

ფედერიკო ფელინიმ გადაიღო “8 1/2” – მარჩელო მასტროიანი, კლაუდია კარდინალე და ანუკ ემე; სთენლი ქრემერმა კი – “შეშლილი, შეშლილი, შეშლილი სამყარო” (It’s a Mad, Mad, Mad, Mad World) – ძალიან მხიარული კომედია სფენსერ თრეისის, თერი-თომასის, ბასთერ ქითონის მონაწილეობით.

Fantomas1964 წელს დაიწყო ფრანგული კინოსერიალი – “ფანტომასი” (Fantômas), მართალია, ეს კომიქსი ჯერ კიდევ 30-იანებში გადაიტანეს ეკრანზე, მაგრამ ანდრე იუნებელის შედევრთან იმ ვერსიების შედარებაც კი მკრეხელობა იქნება. ლუი დე ფიუნესი, ჟან მარე და მილენ დემონჟო ყველაზე იდუმალებით მოცული დამნაშავის წინააღმდეგ, (რომელსაც, რა თქმა უნდა იცით, კვლავ ჟან მარე ასახიერებს).

ამავე წელს ბონდიანაც გაგრძელდა – შონ ქონერი, შეუდარებელი გეატ ფრუბე და უამრავი ერთიმეორეზე უკეთესი მფრინავი გოგო დღემდე საუკეთესო, იმჰო, სერიით – “გოლდფინგერი” (Goldfinger); სერჯო ლეონემ კი სპაგეტი-ვესტერნი მოიგონა ფილმით “ერთი ბღუჯა დოლარისთვის” (A Fistful of Dollars) – ფაქტობრივად, ესაა ამ რეჟისორისა და მთავარი როლის შემსრულებლის, ქლინთ ისთვუდის დებიუტი დიდი კინემატოგრაფში.

1965 წელს სერჯო ლეონემ თავისი ყველაზე წარმატებული ვესტერნი გადაიღო – “კარგი, ცუდი და ბოროტი” (The Good, the Bad and the Ugly). ქლინთ ისთვუდი, ლი ვან ქლიფი და ილაი უოლაქი, შეზავებული ენიო მორიკონეს გენიალური მუსიკით.

ამ წელს ეკრანებზე გამოვიდა ორი მართლაც რომ არაჩვეულებრივი კომედია ბლეიქ ედვარდსის “დიდი რბოლა” (The Great Race) ჯექ ლემონის, თონი ქერთისის, ნათალი ვუდისა და ფითერ ფალქის მონაწილეობით და ჟერარ ურის “დოყლაპია” (Le Corniaud) – ლუი დე ფიუნესი და ბურვილი ერთ ფილმში – წარმატებისა და საუკეთესო განწყობის რეცეპტია (ეს ორი დიდი მსახიობი კინოეკრანზე ერთმანეთს ჯერ კიდევ 1954 წელს შეხვდა, მაგრამ სწორედ ჟერარ ურიმ მოარგო მათ ურთიერთსაპირისპირო “ნიღბები” – მშვიდი, მიამიტი და დამყოლი ბურვილი და ფეთქებადი, ჯუჯღუნა და გაიძვერა დე ფიუნესი, რაზეც ააგო კიდეც მთელი ფილმი).

Grande Vadrouille1966 წელს ჟერარ ურიმ წარმატების ეს ფორმულა ხელახლა გამოიყენა და კიდევ უფრო უკეთესი, კიდევ უფრო მხიარული, კიდევ უფრო გენიალური კომედია – “დიდი გასეირნება” (La Grande Vadrouille) გადაიღო. ლუი დე ფიუნესსა და ბურვილს აქ პარტნიორობას უწევენ შესანიშნავი ინგლისელი კომიკოსი თერი-თომასი (დიდი ულვაშებით) და გერმანელი ბენო შტერცენბახი (გესტაპოელი მაიორის როლში), თუმცა სწორედ ბურვილ-დე ფიუნესის ყველა დროის, იმჰო, საუკეთესო კომედიური დუეტია, რაზეც დგას ფილმი.

მიქელანჯელო ანტონიონიმ გადაიღო თავისი პირველი ინგლისურენოვანი შედევრი “ფოტოგადიდება” (Blow-Up). ეს ხულიო კორტასარის “ეშმაკის დორბლების” თავისებური ინტერპრეტაციაა დეივიდ ჰემინგსის, ვანესა რედგრეივის, სარა მაილზის, ჯეინ ბირქინის მონაწილეობით.

ამავე წელს გამოვიდა იტალიური კომედია “მილიონი წელი ჩვენს ერამდე” (One Million Years B.C. ) (საბჭოთა კინოგაქირავების მიერ თარგმნილ და ჩვენთან დამკვიდრებულ სათაურს ვიყენებ, თორემ, “მილიონი წელი ქრისტეს დაბადებამდე” უნდა იყოს) სადაც რეჟისორმა დონ ჩაფიმ მთავარი როლის შემსრულებლად რაქელ უელჩიმიიწვია. ფილმის მთელი ღირსებაც სულ ეგაა. Smile და რა ღირსებაა ასეთი ამაზე “ყველაზე ფანტასტიკურ ნაშებზე” პოსტში ვწერდი (რაქელ უელჩი No17).

1967 წელს ართურ ფენმა ამერიკის ყველაზე ცნობილი განგსტერული წყვილის, ბონი ფარქერისა და ქლაიდ ბეროუს ამბავი გადაიტანა ეკრანზე. მთავარი როლის შემსრულებლები, ფეი დანაუეი და უორენ ბეითი “ჰოლივუდის ყველაზე ელეგანტურ ბოროტმოქმედთა წყვილად” დასახელდნენ, რეჟისორს კი ბევრმა ბევრმა ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაუდნობელი ბანდიტების იდეალიზაციაში დასდო ბრალი. ასეა თუ ისე, “ბონი და ქლაიდი” (Bonnie and Clyde) განგსტერული კინოს ნამდვილი კლასიკა. ფილმში ასევე ჯინ ჰექმანი და ესთელ ფარსონსი მონაწილეობენ.

“უოლთ დიზნის სტუდიის” ანიმატორმა, ვოლფგანგ რაითერმენმა რადიარდ კიპლინგის  “მაუგლი” გადაიღო. ანიმაციური ფილმი “ჯუნგლების წიგნი” (The Jungle Book) უდავო შედევრია. “დიზნის სტუდიის” საფირმო ნიშანი – პერსონაჟთა გამოკვეთილი ხასიათები, არაჩვეულებრივი იუმორი და გენიალური მუსიკა (განსაკუთრებული მადლობა – ლუი ფრიმას).

ამ წლის შედევრებიდან კიდევ ერთი უნდა გავიხსენო – ლუის ბუნუელის “დღის ლამაზმანი” (Belle de Jour) – კატრინ დენიოვის მოგზაურობა საკუთარ და სხვათა სექსუალურ ფანტაზიებში. ფილმში მიშელ პიკოლიც თამაშობს.

1968 წელს რომან პოლანსკიმ ეკრანებზე გადაიტანა აირა ლევინის ცნობილი მისტიკური საშინელებათა რომანი “როზმარის ბავშვი” (Rosemary’s Baby) მია ფეროუ, ჯონ ქასავეთესი, რალფ ბელამი. ალბათ, ისეთებიც არიან, ვისაც პოლანსკის კინოვერსია არ უნახავს და მხოლოდ “სახლი ძველ უბანში” (თუ რა ჯანდაბა ერქვა) იცის Smile – აუცილებლად ნახეთ ორიგინალი!

ამავე წლის კიდევ ერთი ცნობილი ეკრანიზაციაა “მაიმუნების პლანეტა” (Planet of the Apes). ის ფრანქლინ შაფნერმა გადაიღო და ფილმში ჩარლთონ ჰესთონი, როდი მაქდაუელი, ლინდა ჰარისონი მონაწილეობენ, ამავე დასახელების წიგნი კი შესანიშნავი ფრანგი ფანტასტის, პიერ ბულს დაწერილია. ნორმან ჯუისონმა კი “თომას ქრაუნის აფერა” (The Thomas Crown Affair) გადაიღო – ავანტურისტულ-კრიმინალური კომედია სთივ მაქუინითა და ფეი დანაუეით მთავარ როლებში (ამ ფილმის გვიანდელი რიმეიქი ჩვენში უფრო ცნობილია… მიუხედავად იმისა, რომ რენე რუსსო ძალიან მომწონს, ფეი დანაუეი მაინც სულ სხვაა :))

The Wild Bunch1969 წელი და, რაღა თქმა უნდა – სემ ფექინფას “ველური ბანდა” (The Wild Bunch) – უილიამ ჰოლდენი, ერნესტ ბორგნინი, ედმონდ ო’ბრაიანი ძალიან სისხლიან, ძალადობით აღსავსე, მაგრამ არაჩვეულებრივად გადაღებულ ვესტერნში.

ფექინფა რომ არა, ალბათ, წლის ფილმად კიდევ ერთი ვესტერნი “ბაჩ ქესიდი და სანდენს ქიდი” (Butch Cassidy and the Sundance Kid) უნდა დამესახელებინა, რომელიც ჯორჯ როი ჰილმა გადაიღო, მთავარ როლებში ფოლ ნიუმენი და რობერთ რედფორდი მონაწილეობენ. ამ ფილმში ბართ ბაქარაქის არაჩვეულებრივი “Raindrops Keep Fallin’ on My Head” ჟღერს. სერჯო ლეონემ კი “ერთხელ ველურ დასავლეთში” (C’era una volta il West) გადაიღო – ვესტერნი ქლინთ ისთვუდის გარეშე, მაგიერ ჰენრი ფონდას, კლაუდია კარდინალეს, ჩარლზ ბრონსონის და, ჯეისონ რობარდის მონაწილეობით და ენიო მორიკონეს მუსიკით.

***

ტრადიციულად, ქართულ და საბჭოთა ფილმებსაც გავიხსენებ – ელდარ შენგელაიას “არაჩვეულებრივი გამოფენა” (1968), ოთარ იოსელიანის “გიორგობისთვე” (1966), გიორგი დანელიას “მე ვსეირნობ მოსკოვის ქუჩებში” (Я шагаю по Москве, 1963), “ოცდაცამეტი” (Тридцать три, 1965), “არ დაიდარდო!” (Не горюй!, 1969), ელდარ რიაზანოვის “ერიდე ავტომობილს” (Берегись автомобиля, 1966), ლეონიდ გაიდაის “ოპერაცია ი და შურიკას სხვა თავგადასავლები”(Операция «Ы» и другие приключения Шурика, 1965), “კავკასიელი ტყვე ქალი და შურიკას ახალი თავგადასავლები” (Кавказская пленница, или Новые приключения Шурика, 1966), “ბრილიანტის ხელი” (Бриллиантовая рука, 1968).

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

გამორჩეული 70-იანები

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

12 thoughts on “შორეული 60-იანები”

      1. 80-იანებზე ხარ ხო გაჩერებული? 🙂 ბევრი აღარ დაგრჩა, ორი ათწლეული რა 🙂 60–იანებს ვერ მოესწარი… რაკი არაფერს მეუბნები ესე იგი არაფერი, მარა დავფიქრდი თქვენობით ხომ არ მოგმართო 🙂

        Like

      2. ინგლისურად მელაპარაკე.
        მე მეგონება რომ თქვენობით მომმართავ და შენ კი გეგონება რომ – შენობით.
        ან პირუკუ.

        Like

      3. ანა კარენინა გამახსენდა მაგაზე 🙂 ალეკსეი და ანა ინგლისურად არ ლაპარაკობდნენ ხოლმე მაგის გამოო.. 🙂

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: