თამაშთა თეორია
“ალმასი – მარადიულია”, – ეს სიტყვები “დე ბირსის” სლოგანად იქცა, მაგრამ ალმასზე უფრო მარადიული – სათამაშოა. სათამაშოები ისეთივე ძველი გამოგონებაა, როგორიც კაცობრიობა და კიდევ უფრო ძველიც, რამდენადაც თამაში ყველა ძუძუმწოვარს უყვარს და პრე-ისტორიულ თუ რაც ქვიათ არსებებს, რომლებიც ჩვენზე მრავალი საუკუნით ადრე გაჩნდნენ – მათაც ჰქონდათ პრე-ისტორიული სათამაშოები.
რევოლუციამდელი ბავშვი რატომ იყო გონებაჩლუნგი – ესეც კარგად გვახსოვს.
მაგრამ პრე-ისტორიულ თუ რევოლუციამდელ სათამაშოებზე სხვა დროს იყოს, ეს პოსტ(ებ)ი კი მე-20 საუკუნის ყველაზე გაყიდვად და პოპულარულ სათამაშოებზე იქნება.
ჩამონათვალი, რა თქმა უნდა, Monopoly-თ უნდა დავიწყო – აშშ-ში გამოშვებული ყველა დროის ყველაზე პოპულარული სათამაშოთი. 1999 წელს ის “გინესის რეკორდების წიგნში” მოხვდა, როდესაც Monopoly-ს მოყვარულთა რაოდენობამ 500 მილიონ ადამიანს მიაღწია. ჟურნალმა Games magazine Monopoly “სათამაშოთა დიდების დარბაზში” (Games Hall of Fame) შეიყვანა. ის, აგრეთვე, “სათამაშოების ეროვნული დიდების დარბაზის” (National Toy Hall of Fame) წევრიცაა (კი, ამერიკაში ასეთი დარბაზებიც არსებობს).
Monopoly ნამდვილად იმსახურებს, რომ მისი ისტორია ცოტა დაწვრილებით მოვყვე, (ვისაც არ გაინტერესებთ ან კითხვა გეზარებათ, დახურეთ ეს ფანჯარა 😉 სხვა სათამაშოებზე უფრო მოკლედ მოვჭრი).
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა და მერილენდის შტატში ცხოვრობდა ერთი ეგეთი ქალი ლიზი მეჯი (Elizabeth “Lizzie” Magie), თავი უამრავი ზოგადსაკაცობრიო იდეით ჰქონდა გამოტენილი, ხალხთა კეთილდღეობაზე წუხდა, საზოგადოებრივ სიკეთეთა განაწილებაზე ფიქრობდა, მოსოციალისტო ეკონომიკით იყო გატაცებული და ამ ფიქრი-ფიქრში მაგიდის სათამაშო The Landlord’s Game (“მიწის მფლობელთა თამაში”) გამოიგონა. ეს 1903 წელს მოხდა. როგორც სურათზე ჩანს, ის ძალიან ჰგავდა თამაშს, რომელსაც დღეს Monopoly-ს სახელით ვიცნობთ… ჰგავდა, მაგრამ დახვეწილობა და შარმი აკლდა.
მაგრამ, რაც The Landlord’s Game-ს აკლდა, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, 1933 წელს ფილადელფიელმა ჩარლზ დეროუმ (Charles B. Darrow) მიამატა. დეროუს, მეჯისგან განსხვავებით, მემარცხენეობის საყმაწვილოსენი არ აწუხებდა, შრომაც არ ეზარებოდა, ყიდდა გამათბობლებს, პატარა ფულსაც შოულობდა, საღამოობით ლუდს სვამდა, ბეისბოლს უყურებდა, შაბათ-კვირას ათლანთიქ სითიში დადიოდა გასართობად და იყო ცხოვრებით კმაყოფილი. მერე დაიწყო გლობალური დათბობა და დიდი დეპრესია. გამათბობლების საქმე ჭაკად შეიქნა და საწყალმა დეროუმაც სამუშაო დაკარგა. გაუჭირდა კაცს. მიდგა-მოდგა, შემთხვევითი სამუშაოთი თავს ძლივს ირჩენდა და კაზინოში სასიარულოდ ფული არ ჰყოფნიდა. ჰოდა, გადაწყვიტა, თავად შეექმნა რამე აზარტული გასართობი, რომ ცოტა გული გადაეყოლებინა. დაიხმარა შვილი, ცოლი (ხაზვა კი ეხერხებოდა) და შექმნა Monopoly.
თამაში სწრაფად გახდა პოპულარული. დეროუს სახლი სტუმრებს ვერ აუდიოდა – მთელი მისი სამეზობლო მასთან იკრიბებოდა Monopoly-ს სათამაშოდ. აქედან პატარა ფულის შოვნაც შეიძლებაო, იფიქრა გამათბობლების ყოფილმა გამყიდველმა და “მონოპოლიების” გაყიდვა დაიწყო. დღეში 2 ცალის დამზადებას ახერხებდა და თითოს 4 დოლარად ყიდდა. 100 ცალი რომ გაყიდა, დაიხურა შლაპა და სათამაშოების მწარმოებელ ფირმებს Milton Bradley-ს და Parker Brothers-ს მიაკითხა. პირველში დიდი ენთუზიაზმი არ გამოუხატავთ, მეორეში – დაინტერესდნენ, მაგრამ დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის “ექსპერტიზის” შემდეგ, ავტორს დაუბრუნეს როგორც “უპერსპექტივო” და “შეცდომებით სავსე”.
საბედნიეროდ, დეროუ “ექსპერტებს” მაინცადამაინც არ ენდობოდა. ადგა და Monopoly სათამაშოებით მოვაჭრეებს შესთავაზა და 5’000 ცალზე შეკვეთაც მიიღო. მოხდა ისე, რომ Parker Brothers-ის ერთ-ერთმა ფარქერმა მათ მიერ დაწუნებული Monopoly მაღაზიაში შეიძინა (სხვა ვერსიით, საჩუქრად მიართვეს წვეულებაზე) ჩაუჯდა და ამ “შეცდომებით სავსე თამაშით” ისე გაერთო, რომ ვისკი გაუთბა, ჩაი გაუცივდა, სიგარები კი პირდაპირ საფერფლეში ჩაეწვა. მერე თავში წაიშინა ხელი – ეგ პატიოსანი ადამიანი ჩვენ გვთავაზობდა “მონოპოლიას”, ჩვენ კი კარი მივუჯახუნეთო. არიქა, ჩქარა, არვინ აგვახიოსო… მოძებნეს ჩარლზ დეროუ და Monopoly-ს წარმოების უფლება შეიძინეს (იმავე 1935 წელს Parker Brothers-მა ლიზი მეჯისგან Landlord’s Game-ზე ყველა უფლებაც შეისყიდა). ასე დაიწყო ფარქერული “მონოპოლიის” ისტორია. პირველივე წლის განმავლობაში Parker Brothers-მა 20’000 ცალი Monopoly გაყიდა. ამჟამად ამ რიცხვმა 750 მილიონს გადააჭარბა. დიდი დეპრესიისგან დაჩაგრული ჩარლზ დეროუ კი ისტორიაში პირველი მილიონერი გახდა, რომელმაც ამხელა ქონება თამაშ-თამაშით დააგროვა.
Monopoly-ს ულვაშა სიმბოლო, მდიდარი ძია ფენიბეგზი (Rich Uncle Pennybags), იგივე ბტონი მონოპოლი კი ყველაზე მდიდარ გამოგონილ პერსონაჟთა 10-ეულშია.
1973 წლიდან ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი Monopoly-ში (საქართველოს ნაკრები არ ყავს, არადა, მონოპოლიებში როგორ უნდა გვაჯობონ? ხომ ვხედავთ, ფეხბურთიდან არაფერი გამოდის, და, იქნებ, ამას მივაწვეთ?).
სხვადასხვა დროს დაამზადეს შოკოლადის Monopoly, ოქრო-ვერცხლის Monopoly.
Monopoly უთამაშიათ წყლის ქვეშ, ლიფტში, თვითმფრინავის ბორტზე, ხეებზე და ბაგირზე თავდაყიდა დაკიდულებსაც კი. მოკლედ, ეს თამაში ისეთივე ნაწილი გახდა ამერიკის ისტორიისა და კულტურის, როგორიც… რა ვიცი. რაც გინდათ, ის ჩაწერეთ. 😉
კომპანია Parker Brothers (შესაბამისად, უფლებებიც Monopoly-ზე) 1991 წლიდან მოყოლებული კომპანია Hasbro-ს მფლობელობაშია.
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
როგორ მიყვარს, როგორ მიყვარს!
მაღაზიებში ნაირნაირ ვერსიებს რომ ვუყურებ, გული მწყდება, მარტო ვერ ვითამაშებ და სახლში მაგას არავინ მეთამაშება, თორემ მონოპოლიების კოლექცია მექნებოდა უკვე.
პროგრამა კი მაქვს და კი ვთამაშობ, მაგრამ ნამდვილს სხვა ეშხი აქვს.
LikeLike
მე გეთამაშებოდი მარა შენ კატაკომბიდან არ გამოდიხარ და რა ვქნა. 🙂
KF მაქვს. მარა პროგრამასთან თამაში ტეხავს მაინც.
LikeLike
საბჭოთა ვარიანტიც იყო ამ თამაშის და მენეჯერი ერქვა. და ქუჩების სახელებში რუსთაველი, ჭავჭავაძე და კიდევ იყო რომელიღაც თბილისის ქუჩა.
ყველაზე ძვირი რა თქმა უნდა მოსკოვი იყო. ბოლოში რომ არის ორი ქუჩა ყველაზე პრესტიჟულები იქ იყო არბატი და რომელიღაც კიდევ. 🙂
კაი თამაშია. ცოდნა უნდა თან აზარტულია და თან მარტო გამართლებაზე არ არის.
LikeLike
კი მე მქონდა ეგ მენეჯერი. 🙂
ისე ქართულიც გამოვიდა მერე.
მაგარი თამაშია.
LikeLike
მენეჯერიც მქონდა და კონცერნიც (არ ვიცი, თუ გახსოვთ. ქართული წარმოების, ოღონდ, ქუჩები და კომპანიები საერთაშორისო ჰქონდა. სავარაუდოდ, მონოპოლიის კუსტარული ასლი იყო).
ახლა, რასაც ვხედავ, ჰასბროს მონოპოლიებია თბილისის მაღაზიებში და მართლა გული მეწურება, ჩემს დროს რომ არ იყო 😦
ერთხელ დავცხოთ მე და შენ. ორი ბლოგერიც შევიამხანაგოთ და მშვენიერი ტური გამოვა
LikeLike
მართლა საუკეთესო თამაშია – ეკონომიკური თამაშების უბერებელი კლასიკა! სტუდენტობისას გულისწასვლამდე ვთამაშობდით ხოლმე. მაგას მარტო Cash Flow თუ მირჩევნია. ჩვენს ორგანიზაციაში (“ეკონომიკური თამაშების კლუბი”) ხშირად ვაწყობთ ხოლმე სამაგიდო შერკინებებს ორივე სახეობაში. არა მარტო კარგი გასართობი, კარგი სატრეინინგო საშუალებაცაა – სულ სხვანაირ აზროვნებას გიყალიბებს.
მშვენიერი პოსტია, ლორდ! იმდენად მომეწონა, რომ გესტპოსტზე თქვენი უარით (კი არა და, ლორდის მანერებისთვის შეუფერებელი, დუმილით) გამოწვეული წყენა დამავიწყა :))
LikeLike
პოსტი თუ მოგეწონა მიხარია…
მაგრამ გესთპოსტზე რაღაც ვერ ვიხსენებ.
რამდენიმე თხოვნა იყო კი, შეიძლება უარსაც ვამბობ (- დროებით გადავდებ :)) მაგრამ იგნორი ჩემი სტილი არაა.
ალბათ, მე არ ვიყავი ეგ.
ერთადერთი თეგთამაშებს ვაიგნორებ, მაგრამ ეგ სხვა ამბავია. 🙂
LikeLike
“ალბათ, მე არ ვიყავი” მომეწონა 🙂 ალბათ.
LikeLike
კითხვა მაქვს..შეგიძიათ წესები ამიხსნათ.. და კიდევ ერთი მაინტერესებს მონოპოლიისა და ქართული მენეჯერის წესები ერთია?
LikeLike
წესების ჩამოწერა რომ დავიწყო კიდევ ორი ამხელა პოსტი გამოვა 🙂
მე რაც მაქვს ნანახი, დაფა ძირითად სტანდარტზეა აგებული და კლასიკური წესებით თამაში შეიძლება, მიუხედავად იმისა, რა წერია წესებში, რაც მოყვება. ისე, მენეჯერი არ მითამაშია.
თავისთავად კლასიკურ დაფას ბევრი მოდიფიკაცია აქვს, მათ შორის ამერიკაშიც. თემატური და გეოგრაფიული. მაგრამ ყველა ერთ პრინციპზეა, ასე რომ წესები, შეიძლება ითქვას, არ იცვლება. ნიუანსებს არ აქვს დიდი მნიშვნელობა.
LikeLike
მეც მაქვს სახლში, მაგარია ძალიან. მეც მიყვარს მაგრად. რამდენი ხანია აღარ მითამაშია. 🙂 🙂 🙂
LikeLike
ჩემი ყველაზე საყვარელი თამაში!!!
LikeLike
აჰა…
2 კაციც და გავდივართ?
LikeLike
ვაა… მე არ ვიცი ^^ არასდროს მითამაშია
LikeLike
მე ვერ გამოვირჩევი მონოლოლიის დიდი სიყვარულით. ბავშვობაშიც არ მიწევდა მისით ხშირად გართობა და ალბათ ამიტომ 🙂
LikeLike
dzalian magari tamashia… bavshvobidan miyvars da axal internet versias vtamashob … 🙂 siamovnebit mivigebdi monawileobas msoflio chempionatshic 🙂
ise onlineshi tu sheidzleba tamashi siamovnebit vitamashebdi 🙂
LikeLike
aq rogor vitamasho?
LikeLike