გამარჯობა, მე ვარ სნობი!

ამიტომ, სნობური ლოგოების კიდევ ერთ ნაკრებს გთავაზობ. 🙂
F-Logos-2_thumb

როგორც წინა ლოგოობანას დროს:

ყველა ეს ბრენდი მოდის ინდუსტრიაშია და თავის სეგმენტში ერთ-ერთი კანონმდებელიცაა.

ყველა ამ ბრენდმა დროს გაუძლო.

ყველა ეს ბრენდი იყიდება (კვლავ) ლილოს ბაზრობაზე. 🙂
***

***

პასუხები:

1. Coco Chanel – არ მგონია, ვინმემ ვერ იცნოს ეს ლოგო ან არაფერი იცოდეს ამ ფრანგი დიზაინერის შესახებ. თუ რამეა, მასზე პოსტიც მაქვს დაწერილი.

2. Gentleman Farmer – ეს პირველზე რთულია. ახალგაზრდა (სულ რაღაც 20 წლის) ფრანგული ბრენდია, რომელიც მამაკაცის პრეტაპორტეს კერავს. ძალიან ხარისხიან და არცთუ ძალიან იაფ ტანსაცმელს აწარმოებს. მისი მიზნობრივი კლიენტურა ზედა და ზედა-საშუალო შემოსავლიანი სეგმენტია. კომპანია დააფუძნა ფრანგმა ბიზნესმენმა ფრანკ ზეიტუნმა, მანვე დახატა ეს ლოგოც. თბილისშიც იყიდებოდა, მაგრამ მაღაზიები დაკეტეს.

3. Pierre Cardin – ფრანგი მეტრის მოდის სახლი 3×20 წელია, რაც არსებობს. წარმოშობით იტალიელი და განათლებით არქიტექტორი პიერ კარდენი 1950 წლიდან დგას ფრანგული მოდის სამსახურში. ჯარისკაცად დაიწყო და გენერლობას მიაღწია. დღეს კარდენი არამხოლოდ ტანსაცმელი, აქსესუარები და პარფიუმია, არამედ – ავეჯი, ავტომობილის ინტერიერი, რესტორნებისა და სასტუმროების ქსელი. დიზაინერი უკვე პენსიაშია. ცხოვრობს ციხე-სიმაგრეში, რომელსაც თავის დროზე მარკიზი დე სადი ფლობდა, მისი ბრენდის ქვეშ კი ლიცენზიით უამრავი რამ იკერება და იწარმოება, თუმცა, თავისი “სახლის” 60 წლის იუბილის აღსანიშნავად, 2011 წლის ნიუ იორქის ჩვენებაზე მეტრმა კვლავ წარადგინა საკუთარი კოლექცია. თბილისში “პიერ კარდენის” მაღაზია საბურთალოზეა, ვაჟა-ფშაველაზე.

4. Brooks Brothers – ამერიკის უძველესი და ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია. მასზეც მაქვს პოსტი (ძმები ბრუქსები: როგორ გამოვიყურებოდეთ, როგორც პრეზიდენტი) დაწერილი.

5. Versace – იტალიელი ჯანი ვერსაჩეს მოდის სახლი 1978 წლიდან არსებობს. ჯანი ვერსაჩე ახერხებდა შეეხამებინა ავანგარდი და ტრადიციები, პროვოკაციული სითამამე და ელეგანტურობა. მისი ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ “სახლს” ჯანის და-ძმა სანტო და დონატელა მართავენ. დონატელა ვერსაჩეა “ვერსაჩეს სახლის” მთავარი დიზაინერიც.

6. Agent Provocateur – ჯოზეფ ქორესა და სირინა რისის მიერ 1994 წელს დაფუძნებული ქალის თეთრეულის მწარმოებელი ინგლისური კომპანიაა. თავის სახელწოდებას კარგად ამართლებს – ყოველ შემთხვევაში, გამორჩეულად პროვოკაციური და ხმაურიანი სარეკლამო კამპანიებით გამოირჩევა. ბევრი ცნობილი კლიენტი ყავს – ფერის ჰილთონიდან ქაილი მინოგამდე და ქარმენ ელექთრადან ქეით მოსამდე. ბოლო წლებია პარფიუმერულ ხაზსაც ფლობს.

7. Diesel – იტალიური ბრენდი, რომელიც, პირველ ყოვლისა, ჯინსებითაა ცნობილი. მის შესახებაც მაქვს პოსტი (სექსი, ვნება და პროვოკაცია – უკვე თბილისში!) დაწერილი.

8. Balenciaga – გენიოსი ბასკის, კრისტობალ ბალენსიაგას მოდის სახლი. კრისტიან დიორმა მას “ყველას მასწავლებელი” უწოდა. ბალენსიაგა პერფექციონისტი იყო, მისი სამოსი – იდეალურთან მიახლოებული. ის სამეფო კარის წევრთა და სხვა ძლიერთა ამა ქვეყნისათა საყვარელი მოდელიორი გახლდათ. ამჟამად “სახლის” მთავარი დიზაინერი ფრანგი ნიკოლა გესკიეა. კრისტობალ ბალენსიაგას აღზრდილნი არიან ემანუელ უნგარო, იუბერ დე ჟივანში, ოსკარ დე ლა რენტა და ის ადამიანი, რომლის ლოგოც მე-9-ა. 🙂

9. Andre Courreges  –  ფრანგი ავანგარდისტი და ნოვატორი, კრისტობალ ბალენსიაგას ერთ-ერთი მოწაფე. მასზეც მაქვს პოსტი (დიზაინერი, ვინც ქალებს კაბები გახადა) დაწერილი.

10. Columbia Sportswear Company ან, უბრალოდ – Columbia 1938 წელს დააფუძნა გერმანიიდან ნაცისტებს გამოქცეულმა მეწარმემ, პაულ ლამფრომმა. შესანიშნავი ხარისხის ზამთრის სპორტულ და არამხოლოდ სპორტულ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს აწარმოებს. შეგცივდათ? მიაკითხეთ თბილისურ “საპორტის სამყაროს”, სადაც ამ ფირმის ქურთუკები იყიდება. კომპანიას დღეს დამფუძნებლის ქალიშვილი გერთ ბოილი და შვილიშვილი თიმ ბოილი ხელმძღვანელობენ. გერთი სწორედ ის ბებიაა, Columbia-ს ძალიან სახალისო სარეკლამო კლიპებში რომ ჩნდება ხოლმე.

11. Gucci – ერთ-ერთი უძველესი და უცნობილესი იტალიური მოდის სახლი, რომელიც 1906 წელს დაარსა გუჩო გუჩიმ. იმ დროს ის მხოლოდ უნაგირებს ამზადებდა. 1920 წლიდან ტყავის სამოგზაურო ჩანთების დამზადება დაიწყო. თანდათანობით კომპანია გაიზარდა და გიგანტურ მასშტაბებს მიაღწია. დღეს ამ ლოგოს უკვე სად აღარ ნახავთ… თუ თქვენს გარდერობშიც მოიძებნება ერთი-ორი, ისღა დამრჩენია მოგილოცოთ და… შემშურდეს. 🙂 დღეს “გუჩი” ფრანგი მაგნატის, ფრანსუა პინოს იმპერიის ნაწილია, “სახლის” შემოქმედებითი დირექტორი კი ფრიდა ჯანინია.

12. Cerruti – კომპანიის ლოგოზე გამოსახული 1881 – ბაბუა ცერუტის მანუფაქტურის დაარსების წელია, თუმცა ის მხოლოდ ბამბის ქსოვილის წარმოება იყო, მოდის სახლი კი 1967 წელს დააფუძნა შვილიშვილმა ცერუტიმ – ნინომ. ნინო ცერუტი ელეგანტურობისა და დახვეწილი სტილის სინონიმად იქცა. ამ მხრივ მას ბალენსიაგასა და დიორს ადარებენ. ყველაფერი ტანსაცმლიდან “ფერარიმდე”, რასაც კი დიზაინერის ფანტაზია და ხელი შეეხო, სრულიად გამორჩეულია. ტყუილად როდი იყო ნინო ცერუტი არაერთი მსახიობის – რედფორდის, ბელმონდოს, უილისის, ფორდის… საყვარელი დიზაინერი და მრავალი ჰოლივუდური ფილმის კოსტიუმების შემქმნელი – “ბონი და ქლაიდიდან” “ძირითად ინსტიქტამდე” (და თუ ფილმში ქალბატონ სთოუნს ტრუსი არ აცვია, იმიტომ არა, რომ დიზაინი დაიწუნა – ისიც ნინო ცერუტის კლიენტი და ნიჭის დამფასებელი გახლავთ). ამჟამად “ცერუტის სახლის” მთავარი დიზაინერი ბელგიელი ჟან პოლ კნოტია, თავად ნინო ცერუტი კოლექციების შექმნაში მხოლოდ ნომინალურად მონაწილეობს, თუმცა ჩვენებებს მუდამ პირადად ესწრება.

13. Castelbajac – ჟან-შარლ დე კასტელბაჟაკი ფრანგული მოდის ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელია. მისი სახელი შემთხვევით გავიგე – ჯიმი ფეიჯის ერთი ინტერვიუდან – თურმე 70-იანებში კასტელბაჟაკს შეუქმნია “ზეპელინების” სასცენო კოსტიუმები. მართალია, მაღალ მოდას იშვიათად ქმნის, სამაგიეროდ მუშაობს ფილმებზე (მათ შორისაა “Sex an The City”), სხვადასხვა საკონცერტო და თეატრალურ კოსტიუმებზე, პარიზის დიზნილენდის აღლუმებსა და პერსონაჟთა ჩაცმულობაზე… რა თქმა უნდა, აწარმოებს პრეტაპორტესაც. აგერ მაღაზიის ლინკსაც დავდებ (მალე იხსნება). და გახსოვდეთ – ის თვით ჯიმი ფეიჯისთვის ქმნიდა! 🙂

14. Fruit of the Loom – თეთრეულის ამერიკული მწარმოებელია, თუმცა, ტრადიციულის და არაპროვოკაციულის. ბოქსერები, ბრიფები და მაისურები. ვითომ, დიდი არაფერიო, მაგრამ კომპანია ჯერ კიდევ შორეული 1851 წლიდან არსებობს – ჩაიცვით ტრუსი, რომლის მსგავსიც ამერიკის დამფუძნებელ მამებს ეცვათ… ან მათ შთამომავლებს მაინც. 🙂 სხვათა შორის, მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი სარეგისტრაციო საპატენტო მოწმობა სწორედ ამ ლოგოზეა გაცემული – ის კომპანიის დამაარსებელმა, რობერთ ნაითმა შექმნა.

15. Mary Quant – უელსელი დიზაინერი. ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერი. პოპ-კულტურის დედოფალი. “შანელი. დიორი. მერი ქუონთი”- ასე ამბობდნენ 60-იანებში. მან მოიგონა მინიკაბა (რომელიც ლა-მანშის გაღმა ანდრე კურეჟმა შექმნა), შემდეგ კი მინი-მინიკაბა და ბოლოს მიკროკაბა. მან გადარია ქალები, რის შემდეგაც მის მიერ გადარეულმა ქალებმა გადარიეს კაცები და დაიწყო 60-იანები. სექსის, ჯაზის, მარიხუანისა და თავისუფლების ეპოქა. 2000 წელს მერი ქუონთი ნაადრევ პენსიაში გავიდა ბიზნესი კი იაპონელ ინვესტორებს მიჰყიდა.

16. Timberland – მეხამლე ნათან შვარცის მიერ 1952 წელს დაფუძნებული კომპანიაა. დღეს ქურთუკებსაც კერავს, თუმცა მაინც არაჩვეულებრივად მოხერხებული და ხარისხიანი სპორტული, სამუშაო და ყოველდღიური ფეხსაცმლითაა ცნობილი. კომპანია დღემდე შვარცების ოჯახის მფლობელობაშია. ის მუდამ სახელდება იმ “100 დამსაქმებელს შორის, სადაც მუშაობა ყველაზე სასურველია”. თუ კარგ “ბათინკს” ეძებთ – “თიმბერლენდი” თქვენი გონიერი არჩევანია. თბილისშიც ბევრგან იყიდება, თუნდაც – სავაჭრო ცენტრ “მეგალაინში”

17. ერთხელ ერთ ჩემს სურნელოვან მეგობარს ვკითხე, რა გასხია, რა კარგი არომატები გდის-მეთქი და პატარა, რომაული სვეტის ფორმის ბრინჯაოსფერი ფლაკონი მაჩვენა – Laura Biagiotti–ს სუნამო Roma. ასე გავიცანი ეს იტალიელი დიზაინერი. ლაურას მშობლებს ტანსაცმლის სამკერვალო ჰქონდათ, დედამისმა “ალიტალიას” სტიუარდესების უნიფორმაც შექმნა, მაგრამ ქალიშვილს ლიტერატურა უყვარდა და ფილოლოგიურზე სწავლობდა. მოგვიანებით რომის იმპერიის ისტორიამ და არქეოლოგიამ გაიტაცა… ბევრი იარა თუ ცოტა – ოჯახურ ბიზნესს დაუბრუნდა, 1972 წელს თავისი პირველი დამოუკიდებელი კოლექციაც წარუდგინა პუბლიკას და დღეს იტალიის ერთ-ერთ უდიდეს მოდის სახლს ხელმძღვანელობს. ლაურას “ქაშმირის დედოფალს” უწოდებენ ამ მასალისადმი განსაკუთრებული სიყვარულის გამო. მისი პულოვერები, სვიტერები, კარდიგანები ძალიან პოპულარულია. ლაურა ბიაჯოტის ექსპერიმენტებმა განაპირობა ე.წ. “ელასტიკების” გაჩენა და მოდაში დამკვიდრებაც. ლაურა ბიაჯოტის საფირმო ნიშანია ღია ფერების სიყვარული და სექსისა და რომანტიკის შერწყმა. 2002 წელს იტალიის საფოსტო ოფისმა მისი სახელობის საფოსტო მარკაც გამოუშვა.
Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements

13 thoughts on “გამარჯობა, მე ვარ სნობი!

  1. კაი ხო. არ მინდა შენი ბლოგი. შენ წერე. კარგად გამოგდის თან მეზარება მე.
    ყველას -5.
    Gentleman Farmer, Agent Provocateur, Castelbajac, Mary Quant, Timberland ვიცოდი, მაგრამ ვერ გავიხსენე რა იყო.
    ბიაჯოტის რომა მეც მქონდა 🙂

    Like

      • რომელი და ამ ლოგოებზე დავწერე. სულ პირველი კომენტარი ჩემი იყო თან.
        ნუ კაი. ის დავწერე, რომ ეს უფრო რთულია. წინა ლოგოები უფრო ბევრი იყო ცნობილი და აქ ბევრი იყო უცნობი. მაგრამ ამის შემდეგ მეცოდინება. 😉

        Like

    • GTC – მაღაზია “პარიზი”. პეკინზეც იყო კიდევ მეორე მაღაზია – ეგენი ყიდდენ ჯენტლმენ ფარმერს.

      კურეჟთან და ქუონთთან მამაკაცები მაგარ ვალში ვართ – ქალებს მინი რომ გამოუგონეს. 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s