დიზაინერი, ვინც ქალებს კაბები გახადა

ეძღვნება ფრეიას
და ყველას მათ, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ ჩემმა ბლოგმა ფერი იცვალა.
ვერ მოგართვით!

Andre_Courregesამასწინათ სალომეას ბლოგზე კოკო შანელზე ვკითხულობდი პოსტს. საინტერესო პოსტი იყო, მაგრამ კომენტარებში ერთ პოპულარულ ურბანულ ლეგენდას გადავაწყდი – რომ კოკომ ქალების გარდერობი შარვლებით გაამრავალფეროვნა.

კოკო შანელს თავისი დიდება ეყოფა, სხვისა რომ არ მივაწეროთ – გადატრიალება მოდაში, რომელიც, კაცმა რომ თქვას, მოდის საზღვრებს გასცდა და ცხოვრების სტილი და ფილოსოფიაც შეცვალა, ფრანგი დიზაინერის, ონდრე კურეჟის (André Courrèges) სახელს უკავშირდება. კურეჟი ინჟინრობას აპირებდა, როცა 25 წლისას უცებ ტვინი გადაუტრიალდა, ყველაფერი მიაგდო და პარიზის მოდის ინდუსტრიში კრა თავი. ძალიან გაუმართლა, ვინაიდან სწორედ იმ დროს კრისტობალ ბალენსიაგა ასისტენტს ეძებდა და მცირედხნიანი აქეთ-იქეთ ხეტიალისა და თავისუფალ, დროებით დაქირავებულ დიზაინერად მუშაობის შემდეგ, ონდრე კურეჟი გენიოსი ბასკის გუნდში მოხვდა, ვის გვერდითაც 10 წელი გაატარა, ხეზე ცოცვაც კარგად ისწავლა და 1961 წელს თავისი პირველი კოლექცია წარადგინა ქალებისთვის – სადაც ერთდროულად ორი ეპოქალური ნაბიჯი იყო – შარვალი და მოკლე კაბა – ბევრად უფრო მოკლე, ვიდრე შანელისეული ცნობილი შავი კაბა და, თან – თეთრი ფერის. რა თქმა უნდა, ეს ფერიც შეგნებული არჩევანი იყო, როგორც მკვეთრი დისტანცირება დიდი კოკოსგან, თორემ სულ მალე კურეჟმა ყვითელი, წითელი, ვარდისფერი… მინიკაბები გამოიტანა პარიზელთა სამსჯავროზე. კოკო შანელმა კურეჟის იდეებს – “ქალის სხეულის დანგრევა” უწოდა. მამაკაცები ლამობენ, ქალს სხეული დაუნგრიონ და ბავშვად აქციონ-ო, ამბობდა კოკო, თუმცა ონდრე  კურეჟი სულ სხვაგვარად ფიქრობდა – ამტკიცებდა, რომ ქალისთვის სხეულის თავისუფლება მოჰქონდა.

მე ქალებს 20 წლით ვაახალგაზრდავებ, რასაც სკალპელის გარეშე ვახერხებ.
ონდრე კურეჟი, Sketch of Andre Courreges, 1965

Andre-Courreges-collectionმოკლე კაბა ისაა, რაც მამაკაცებს ყველაზე მეტად გვიყვარს ქალების გარდერობში და კიდევ მეტად – სხეულზე, დიდი მადლობა ონდრე კურეჟს, მაგრამ ეს იქეთ იყოს. ახლა, შარვალზეც გეტყვით.

სამართლიანობა მოითხოვს – ქალის შარვალი კურეჟს არ მოუგონია. შარვლები ეცვათ სპარს და ოსმალ ქალებს. პირველი მსოფლიო ომის დროს, როდესაც ევროპელი მამაკაცები ომში წავიდნენ და დაზგებთან ქალებმა ჩაანაცვლეს, მათ მამაკაცების უნიფორმაც მოირგეს. შარვლებით დადიოდნენ პირველი ფემინისტი ქალები. შარვალი ეცვა ჟორჟ სანდს. მეოცე საუკუნეში ყველაზე ცნობილი შარვლიანი… შარვლიანი კი არა შარვალ-პიჯაკიანი ქალი მარლენ დიტრიხი იყო. კოკო შანელი ცდილობდა, მამაკაცის სამოსის ატრიბუტებით ქალის გარდერობის გამდიდრებას – პიჯაკები, ჰალსტუხები და, ცხადია, შარვლებიც… მაგრამ ეს ეპატაჟის საზღვრებს არ გასცდენია და პოდიუმიდან ქუჩებში ვერ ჩამოაბიჯა. სწორედ ონდრე კურეჟმა მოახერხა ის, რაც მისმა წინამორბედებმა ვერ შესძლეს.

არაფერი დარჩა უცვლელად იმ აფეთქების შემდეგ, ონდრე კურეჟმა რომ გამოიწვია.
ივ სენ ლორანი, 1966

  • სხვათა შორის, ივ სენ ლორანი, მსოფლიო დიზაინის გურუ და მეტრი, გენიალური “ეპიგონიც” იყო. 🙂 მას გასაოცარი უნარი ჰქონდა, შეემჩნია რაღაც საინტერესო დეტალი და ის ტენდენციად ექცია. ასე აუბა მან მხარი ტედ ლაპიდუსს და სამხედრო (მილითარი) სტილის დამკვიდრება დაიწყო ქალთა მოდაში. ასე აუბა მან მხარი ონდრე კურეჟს და საკუთარ ჩვენებებში წარადგინა შარვლები ქალებისთვის.

როდესაც საუბრობენ ავანგარდისტ დიზაინერებზე, იქ კურეჟს პირველთა შორის ახსენებენ ხოლმე. ონდრე კურეჟი ულტრა-ავანგარდისტად მიიჩნევა. არქიტექტურით გატაცება და Andre_Courreges-dressფანტასტიკური ლიტერატურის სიყვარული მის გემოვნებაზეც აისახა – პლასტიკი, თერმოპლასტი, ლატექსი, პოლიმერი მან “ქსოვილად” აქცია. ქალებს გეომეტრიული ფიგურები – სამკითხედები, მართკუთხედები, რომბები და ცილინდრები ჩააცვა. როდესაც ავანგარდული მოდის ჩვენებებს შეჰყურებს – ონდრე კურეჟს, უთუოდ, ეღიმება ხოლმე – მან ხომ ეს ყველა ნახევარი საუკუნის წინ მოიგონა.

კურეჟის სახელს უკავშირდება ქალის მოტკეცილი ტყავის შარვლების და, ზოგადად, ტყავეულის დამკვიდრება მოდაში. მისი შექმნილია, ასევე, დაბალქუსლიანი (და სრულიადაც უქუსლო) სინთეტიკური ჩექმები მბზინავი ზედაპირით, რომელიც მან თავისსავე მოკლე კაბებს შეუხამა. “ვიწრო, მოკლე და აშოლტილი!” – ასე ხედავდა 80-იანებში კურეჟი მოდის მომავალ ტენდენციებს. დრომ აჩვენა, რომ ის მართალი იყო.

მჯერა, რომ ერთ დღეს პარიზის ქუჩები ფერებით აივსება აფრიკისა და აზიის ქუჩების მსგავსად. ჩემს ტანსაცმლში თქვენი სულიერი მდგომარეობა გამოიხატება.
ონდრე კურეჟი, The Lord of the Space Ladies, 2010

  • ლა მანშის მეორე მხარეს პრაქტიკულად მსგავს ტენდენციებს ამკვიდრებდა მოდაში უელსელი დიზაინერი მერი ქუონთი, ამიტომ არ გაგიკვირდეთ, თუკი ზოგან მინის ავტორად სწორედ მას ასახელებენ. ფოტოფინიშია საჭირო. 🙂 მე მაინც ონდრე კურეჟის მხარეს ვარ.

ადრე ვწერდი ბრიტანელ ავანგარდისტ დიზაინერზე, ოსი ქლარქზე, რომელიც 60-70-იანებში ძალიან პოპულარული იყო, მაგრამ დროს ვერ აუწყო ფეხი და დღეს თითქმის მივიწყებულია. მისგან გასხვავებით, კურეჟი არსად წასულა. მცირე ხნით მისი პოპულარობა მინავლებული იყო, მაგრამ 90-იანებში კურეჟი დაბრუნდა… დაბრუნდა და კარგა ხნით დარჩა კიდეც. 🙂

მე კი არ გავუსწარი დროს – ეს დრო ჩამომრჩა!
ონდრე კურეჟი, ინტერვიუ “ჩიქაგო თრიბიუნს”, 1991

ისეთი კონგლომერატების ეპოქაში, როგორიცაა ბერნარ არნოს LVMH და ფრანსუა პინოს PPR, რომელთაც მსოფლიო მოდის სახლები ლამის უკლებლივ გადაინაწილეს, კურეჟი ფინანსურ დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა. მხოლოდ 2011 წელს, ასპარეზზე გამოსვლიდან 50 წლის თავზე, 88 წლის დიზაინერმა პენსიაში გასვლა გადაწყვიტა და თავისი მოდის სახლი გასაყიდად გამოიტანა. მყიდველიც უმალ გამოუჩნდა – ორი ახალგაზრდა ამბიციური ფრანგი ბიზნესმენი ფრედერიკ ტორლოტინი (Frédéric Torloting) და ჟაკ ბუნჟე (Jacques Bungert). გარიგება შედგა და “კურეჟის სახლი” სულ მალე აპირებს ახალი კოლექციის წარდგენას. გიხსნება ონლაინ-მაღაზიაც. სავარაუდოდ, ტორლოტინ-ბუნჟეს ხელში “კურეჟის სახლი” მხოლოდ ტანსაცმლითა და აქსესუარებით არ შემოიფარგლება და ავეჯის, ინტერიერის დიზაინსაც მიჰყოფს ხელს. ახლახანს მათ “ევიანის” ახალი ბოთლის დიზაინიც შექმნეს.

  • თუ ტორლოტინს დაგუგლავთ, ბუნჟეს ამოგიგდებთ. თუკი ბუნჟეს მოძებნით – ტორლოტინიც იქვეა – ტორლოტინ-ბუნჟე ისეთივე განუყრელი წყვილია, როგორც დოლჩე და გაბანა და დავითაშვილ-ძიძიგური. 🙂 მათი ბიზნესია გართობის ინდუსტრია, საგამომცემლო სახლი, სარეკლამო და მარკეტინგ-კონსულტაცია და ციფრული კომუნიკაციები. მოდა მათთვის ახალი სფეროა, აქამდე ტორლოტინი და ბუნჟე ხელმძღვანელობდნენ Y & R Paris-ს, ამერიკული საკონსულტაციო-სარეკლამო  ჯგუფის Y & R-ის ფრანგულ შვილობილს.

Andre-Courreges-lunettesკურეჟი ძალიან ჰგავს მის ნამუშევრებს – არაჩვეულებრივად ენერგიული, გამბედავი, უშიშარი ადამიანი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე სამხედრო მფრინავი, მთასვლელი, დაივერი, დელტოპლანისტი, რაგბისტი.

კურეჟისგან დიდად არიან დავალებულნი პაკო რაბანი და ტიერი მიუგლერი. თავად ონდრე კურეჟი კი თავის ერთადერთ მასწავლებლად კრისტობალ ბალენსიაგას ასახელებს. “მე ყველაფერი ვისწავლე მისგან და ცოლიც კი მისგან წამოვიყვანეო,” – ხუმრობს (კურეჟის მეუღლე, დიზაინერი ჟაკლინ ბარიერიც (Jacqueline (Coqueline) Barriére) ბალენსიაგას მოწაფეა). ისინი 60-იანებიდან მოყოლებულნი ერთად არიან. ერთი ქალიშვილი ყავთ, რომელიც არქიტექტორია და კარგად ხატავს, მაგრამ მოდელიორობა არ ისურვა. ბიზნესმენია და რამდენიმე კაფეს მართავს პარიზში.

Courreges-vintageAndre_Courreges-Ensemble

Andre_Courreges-hatsAndre_Courreges-red-and-white

andre-Courreges-bag

Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

http://www.courreges.com

ასევე:

ოსი ქლარქი – ბითლზების დიზაინერი

მერი ქუონთი – მოკლეკაბიანი მერი

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

23 thoughts on “დიზაინერი, ვინც ქალებს კაბები გახადა”

  1. მე ქალებს 20 წლით ვაახალგაზრდავებ, რასაც სკალპელის გარეშე ვახერხებ.
    ანდრე კურეჟი, Sketch of Andre Courreges, 1965

    სქელ ბარძაყიანებსაც? :დ :დ

    Like

    1. kevana
      ლაპიდუსსაც მსგავსი რამ აქვს ნათქვამი. ოღონდ უფრო მოკრძალებულია – 10 წლით ვაახალგაზრდავებო, ასე თქვა. 🙂
      litterator
      ველქამ. 🙂
      lukanus v
      ნახევრად გავს. 🙂 ოღონდ ამასთან C და კარდენთან P ასოა. 🙂

      Like

      1. ეჰა, ჩემი კომენტარი პირველია? :დ

        რაც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა იყოს, ეს დიზაინერი მომწონს ^^ :* მადლობა რომ გვითხარი, მეც არ ვიცოდი (განა რა ბევრი ვიცი დიზაინის ისტორიაზე, მაგრამ მაინც)

        Like

  2. ინჟინრობაო?მე მითხრა არქიტექტორობა მსურდაო.კურეჟს ჩემი ლოცვა წაადგება სადმე მოკლე კაბა თანაც არა მინი არამედ ფრიალა კაბები რომ დაამკვიდრა,რა მეშველებოდა)) და პოსტიც ისევ ფრანგზე,ოხ ლორდ.

    Like

  3. მერი ქუანთთან ინტერვიუ მაქვს წაკითხული, სადაც ასე ამბობს – მინიკაბა არც მე მომიგონია და არც კურეჟს, ის ჩვეულებრივმა გოგოებმა მოიგონეს ქუჩებშიო.

    Like

    1. კურეჟმა თქვა – შთაგონების წყარო ყველგანაა და იდეები ჰაერში ფრენს, მთავარია ხელი წაავლოო – დიზაინერსი საქმეც ეგაა, შეამჩნიოს და დახვეწოს.

      Like

  4. მოკლე კაბა და შარვალი მესმის. და ჩექმებიც.
    მაგრამ პლასტმასა და პენოპლასტი და ჟესტები და უკანალზე რომ გამოჭრი რგოლებს – მაგის იდეა რა არის? 🙂
    კომპეტენტურ პასუხს ველი.

    Like

    1. ჰაჰა ის გამახსენდა აკოფა რომ ეუბნება – აი მთელი მაგ ჟესტეულობით ორტაჭალის ბაღში რომ გვჟეჟესო 🙂

      მე კომპეტენტურ აზრს ვერ გეტყვი.
      და ეგეთი უცნაურობების დიდი მოყვარული არ ვარ. მაგრამ რამე ისეთს რომ გააკეთებ, რისთვისაც მერე დასაჟეჟად გამოგეკიდებიან, ჩემგან პატივისცემას მაინც იმსახურებ. 😉 თან ეგეთი უცნაური იდეები შემდეგ იწრიტება და რაღაცა ფორმით მეინსტრიმი ხდება ხოლმე.

      მალევიჩის შავი კვადრატის ფენომენია – პირველმა მოიფიქრა ასეთი რამე. ვინც დასცინა – მოეფიქრებინა თვითონ, ვინ უშლიდა?

      Like

  5. რატომ გაქვს პარიზზე– კომენტარები დახურული?
    ძალიან მომეწონა ეგ ფილმი, განსაკუთრებით კი ქალების კაბებმა მომხიბლა 🙂

    Like

    1. ფეისბუქზე ისედაც ბევრჯერ ვიდისკუსიე ამ ფილმის შესახებ და დავიღალე 🙂
      თან – კომენტარებში შეიძლება ვიღაცას სიუეტი გაერჩია და პოსტში მაქსიმალურად მოვერიდე სიუჟეტის გათქმას – ვიღაცას შეიძლება არ აქვს ჯერ ნანახი.

      Like

  6. მე ქალებს 20 წლით ვაახალგაზრდავებ, რასაც სკალპელის გარეშე ვახერხებ.
    ანდრე კურეჟი, Sketch of Andre Courreges, 1965

    :)))))))))))))))

    გემრიელზე უგემრიელესი პოსტი იყო

    Like

  7. მჯერა, რომ ერთ დღეს პარიზის ქუჩები ფერებით აივსება აფრიკისა და აზიის ქუჩების მსგავსად. ჩემს ტანსაცმლში თქვენი სულიერი მდგომარეობა გამოიხატება.
    ანდრე კურეჟი, The Lord of the Space Ladies, 2010

    ძალიან მრცხვენია რომ ამ ადამიანს არ ვიცნობდი, ჯერ კიდევ რამდენი რამე მაქვს წასაკითხი და სასწავლი 🙂

    Like

  8. მოკლე შავი კაბა – შანელმა მოიგონაო ასე ამბობენ. მაგრამ ის ალბათ მინიზე გრძელი იყო.
    წინა პოსტზეც დავწერე – მინი ძალიან მიყვარს ამიტომ კურეჟსაც და ქუონთსაც დიდი მადლობა. 🙂

    კიდევ ეგ სტაფილოსფერი ჩანთა მომწონს ❤

    Like

  9. გამოხმაურება: The Courrèges André… « madame hatter

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: