ოუენ უილსონი – ვუდი ალენის როლში.
პარიზი – ნიუ იორქის როლში.
ვან გოგი – მონეს როლში.
ვუდი ალენს გადღებული აქვს “მანჰეთენი” – გენიალური ფილმი ნიუ იორქზე. “ვიქი, ქრისთინა, ბარსელონა” – გაუდის ქალაქზე. “შუაღამე პარიზში” კი იმ ქვეყნის დედაქალაქზეა, სადაც ალენი განსაკუთრებთ უყვართ. სადაც მას ბევრი პრიზი აქვს მიღებული. სადაც მისი ფილმებს განსაკუთრებით ელიან. სადაც ის ცხოვრობდა და რომელიც მუდამ მასთანაა.
მოხდა ისე, რომ ფილმის მთავარი გმირი, ამერიკელი კინოსცენარისტი და მწერალი გილ ფენდერი თავის საცოლესა და სასიმამრო-სასიდედროსთან ერთად პარიზში აღმოჩნდება. მართალია, ამ ოთხეულიდან პარიზში გამგზავრების იდეა მხოლოდ მას ხიბლავს, მაგრამ… გიოცნებიათ თუ არა, გალაკტიონთან ერთად “ლეჩკომბინატის” მე-4 სართულიდან გადმოხტომაზე? ლადო ასათიანთან ერთად აბასთუმნის ტუბ-დისპანსერის პალატაში მოხვედრაზე? მაშინ, თქვენ იოლად გაუგებთ გილს, რომელიც ასევე ოცნებობს მის კერპებთან შეხვედრაზე – ფრენსის სქოთ ფიცჯერალდთან, ერნესთ ჰემინგუეისთან, გერთრუდ სთაინთან… თუმცა, გერთრუდ სთაინი რა საოცნებოა – სიიდან ამოვშალეთ. ვინც სიაში დარჩა – იმათზე ოცნებობს და ამიტომ თავისი გააქვს და პარიზში ჩადის. ჰო, უილსონი 21-ე საუკუნის პარიზში ჩადის, ფიცჯერალდი და ჰემინგუეი კი მე-20 საუკუნის 20 წლებში ცხოვრობდნენ იქ და ქალბატონ სთაინის სულელურ ნოტაციებს უსმენდნენ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ეს ხომ ალენია. და ეს პარიზია. აქ ყველაფერია შესაძლებელი.
არ მინდა, სიუჟეტი მოვყვე, მაგრამ დიდ საიდუმლოს არ გავთქვამ, თუ ვიტყვი, რომ პარიზი ყველას შეაყვარებს თავს. რეი ბრედბერის მოთხრობა აქვს ასეთი – “ლურჯი ბოთლი” ჰქვია. ამ ბოთლში ყველა პოულობს იმას, რაც ყველაზე ძალიან სჭირდება. რაღაცას, რაც ძალიან სურს. რაზეც ოცნებობს. პარიზიც “ლურჯი ბოთლია” – უილსონი ჰემინგუეის გადაეყრება, მისი საცოლე, ინეზი – მოდურ ბუტიკებს, მისი სასიდედრო – ანტიკვარულ მაღაზიებს, სასიმამრო კი – ინფარქტს. კერძო დეტექტივი მეფის კარზე მოხვდება. მუზეუმის გიდს სალვადორ დალის დღიური ჩაუვარდება ხელთ. პარიზელი გოგო, ადრიანა მის კერპებს – ტულუზ-ლოტრეკს, დეგას, მატისს ნახავს. გერთრუდ სთაინი მორიგ ახალბედა მწერალს მოიხელთებს, ტვინის ასარევად… ერთადერთი, ვის წილადაც პარიზი არაფერს გამოიმეტებს – ფოლ ბეითსია, ინეზის ბავშვობის მეგობარი – ის პი-ინტელექტუალია. მან ყველაფერი იცის და ყველაფერი აქვს. ამიტომ პარიზისგან არც არაფერს ელის და ვერც ვერაფერს მიიღებს.
რაზეა ალენის პარიზული ფილმი? ეგებ, იმაზე, რომ პარიზში ოცნებები აგიხდება? ეგებ იმაზე, რომ პარიზში იპოვნი ნამდვილ სიყვარულს? ეგებ იმაზე, რომ წარსულ დროებზე ოცნებებს თავი უნდა ანებო და საქმეს მიხედო? ეგებ იმაზე, რომ პარიზში არაფერი ქრება და სულაც არაა საჭირო დროში მოგზაურობა – ამ ქალაქში ხომ ყველა დრო ერთადაა? იქნებ, სულაც იმაზე, რომ ყველას თავისი პარიზი აქვს? გილ უილსონის პარიზში წვიმს, იმიტომ რომ პარიზი წვიმაში ძალიან ლამაზია, მას კი არსად ეჩქარება და ქუჩებში მისეირნობს. ინეზის პარიზში ბევრი კარგი მაღაზიაა. ბეითსის პარიზში როდენის მეუღლე კამილია და არა როზა. პარიზი ისეთია, როგორზედაც ოცნებობ და სულაც არ არის საჭირო, შენი პარიზი სხვისას ჰგავდეს. და არც ისაა ლამაზი, მიხვიდე და შენი პარიზით სხვის პარიზში ჩაეჩხირო.
ჯონ ფაულსს ეგეთი რომანი აქვს “ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი”. იქაცაა პარიზი, მაგრამ ახლა სხვა რამის გამო გამახსენდა – ესაა რომანი-გამოცანა. რომანი რამდენიმე ფინალით. მწერლის მიერ შემოთავაზებული პირველი ფინალი თუ მოგეწონა, ამბავიც ასე დამთავრდება. თუ კითხვას განაგრძობ – მწერალი სხვა დასასრულს შემოგთავაზებს. თუ კიდევ გადაფურცლავ – იქ უკვე სულ სხვა დასასრულია. ეს ფილმიც ამის მსგავსია. წერტილის ნაცვლად აქ სამწერტილია და დაასრულე, როგორც გსურს. სჯობს კი, სულაც ნუ დაასრულებ. პარიზი არ სრულდება. როგორც ერთმა კაცმა თქვა – ესაა დღესასწაული, რომელიც მუდამ შენთანაა.
P.S.
ვუდი ალენმა კი ჩაალაგა ჩემოდნები და მის საყვარელ ნიუ იორქში დაბრუნდა.
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
ასევე:
ჰოლივუდელი ველური კაცი