ოდინდელ თბილისს ერთი ტრადიცია ჰქონდა – ადამიანები გასართობი წარმოდგენის სანახავად მიდიოდნენ ცირკში და არა იაფფასიანი მეძავებისთვის. მახსოვს ეგ დრო. ვინც ჩემზე უმცროსია, შეიძლება, არც ახსოვდეს. 🙂 ცირკში ბავშვებს, როგორც წესი, განსაკუთრებით კლოუნები მოსწონდათ ხოლმე, თუმცა მე “ფოკუსნიკების” გამოსვლა მიტაცებდა… კლოუნების რეპრიზებიც, რა თქმა უნდა, მითუფრო რომ მოსკოვის ცირკის ორი უდიდესი კლოუნის შოუ მაქვს ნანახი ლაივში, მაგრამ ილუზიონისტები მაინც განსაკუთრებული ხალხი იყო. მათ ჩემი განცვიფრება შეეძლოთ.
ასეთია მელერიქი – უდიდესი მაგი. ილუზიონისტი. მანიპულატორი. ვინც გასაოცარ წარმოდგენას გვთავაზობს. ვინც რეალობას ცვლის. არ ენდოთ საკუთარ თვალებს. არ ენდოთ საკუთარ ყურებს. არ ენდოთ საკუთარ ხელებს. ყველაფერი, რასაც ხედავთ, გესმით ან ეხებით – მელერიქის მიერ შექმნილი მისტიფიკაციაა. მაგრამ ნუ იჩქარებთ, შემოჰკრათ ტაში და შესძახოთ “ბრავო!” – მელერიქი სადისტი და მკვლელია. მისი ყოველი წარმოდგენა მსხვერპლით სრულდება, რის შემდეგაც ილუზიონისტი სცენიდან ქრება. ქრება, რომ სულ ცოტა ხანში სხვაგან გამოჩნდეს და ახლა იქ გამართოს თავისი განსაცვიფრებელი, მაგრამ სისხლიანი შოუ.
მელერიქი, რომლისთვისაც არ არსებობს გაუხსნელი კლიტე და კარი, რომელიც იმორჩილებს ცხოველებს, რომელიც მართავს ცეცხლის სტიქიას, რომელსაც ათასი სახე აქვს და არსად ტოვებს კვალს, ექსპერტ-კრიმინალისტმა ლინქოლნ რაიამმა უნდა შეაჩეროს. ლინქოლნ რაიამი ინვალიდია, ან, როგორც დღეს ვამბობთ ხოლმე, შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანი. საწოლსაა მიჯაჭვული და ვერ მოძრაობს, მაგრამ კრიმინალისტიკის ღმერთია და გონებაც არაჩვეულებრივად უჭრის.
ეს ისტორია ამერიკელმა მწერალმა ჯეფრი დივერმა (Jeffery Deaver) მოიგონა. “გაუჩინარებული კაცი” (The Vanished Man) ჰქვია. დივერზე ცოტა გული კი მომივიდა – ერთ-ერთ პერსონაჟზე ასე ამბობს – ის ჯორჯიიდანაა, შტატ ჯორჯიიდან კი არა, რუსეთში როა იმ ჯორჯიიდანო, 😦 მაგრამ ნაწარმოები იმდენად მომეწონა, რომ მაინც გადავწყვიტე, გამეპოსტა. ლინქოლნ რაიამზე დივერს სულ 9 წიგნი აქვს დაწერილი. აქედან 8 მაქვს “ქინდლში” და ჯერ 6 წავიკითხე – “გაუჩინარებული კაცი” რიგით მეხუთეა და, ჯერ-ჯერობით, ყველაზე მეტად მომეწონა. დივერი იმითაა ცნობილი, რომ მისი ისტორიები ჩინურ ზარდახშას ჰგავს (ან – რუსულ მატრიოშკას) – ხსნი ერთ ყუთს და შიგნით მეორეა. იმასაც ხსნი და კიდევ მესამე გხვდება. სანამ ბოლო ყუთს არ აღმოაჩენ – ვერც იმას გაიგებ, შიგ რა იმალება. სანამ ჯეფრი დივერის მიერ დაწერილი წიგნის ბოლო აბზაცამდე არ მიხვალ და სიტყვა “დასასრულს” არ დაინახავ – ვერ იტყვი, თუ ვინაა დამნაშავე, ვინ – მსხვერპლი და რა ხდებოდა საერთოდ. დივერი თავადაა მეფოკუსე და ილუზიონისტი. მკითხველის გონებით მანიპულაცია მისი საყვარელი თამაშია (ტყუილად როდი უწოდეს Master of Mind Game, რაც “გონებით მოთამაშეს”, აზრთამპყრობელს ნიშნავს) და “გაუჩინარებულ კაცში” ის მართლაც განსაცვიფრებელ შოუს გვთავაზობს. ნაწარმოების იდეა მწერალს საცირკო წარმოდგენაზე ყოფნის დროს დაებადა, ავტორისვე შეფასებით, მევერიქი – ეს არის დეივიდ ქოფერფილდი და ჰანიბალ ლექთერი ერთ ჭურჭელში.
თავად დივერი ჟურნალისტი იყო. მოგვიანებით იურიდიული განათლება მიიღო და ლიცენზიაც მოიპოვა. რამდენიმე წელი ვექილად მუშაობდა. ფოლკ-მუსიკითაა გატაცებული და, როგორც ქანთრის მუსიკოსს, კონცერტებშიც მიუღია მონაწილეობა. წერის დროს კი, მეტწილად, ჯაზს უსმენს ხოლმე.
სხვადასხვა ჟანრში მუშაობს, თუმცა დეტექტივისტად უფროა ცნობილი, ლინქოლნ რაიამი კი მის მიერ შექმნილ პერსონაჟთაგან ყველაზე პოპულარულია. რაიამი ერთ-ერთი გამოძიების დროს დაშავდა და მას შემდეგ ვერ მოძრაობს, ყველა საიდუმლოს კომპიუტერის, ტელეფონისა და პოლიციელ ამილია საქსის დახმარებით ხსნის. ეს ერთობ უცნაური წყვილია – ენამწარე, ბუზღუნა და ცინიკოსი რაიამი და მგრძნობიარე, გულისხმიერი საქსი. რატომღაც ვფიქრობ, რომ რაიამის პროტოტიპი თუ ანტიპოდი ნირო ვულფია – ორთავე სახლიდან გაუსვლელად პოულობს დამნაშავეს, თუმცა ვულფის ციკლი, ჩემი გემოვნებით, ძალიან დუნეა (ანუ – ბორინგული :)), რაიამის ციკლი კი არაჩვეულებრივად დინამიურია და არ მოგაწყენს.
ამილია საქსის პროტოტიპი არ ვიცი ვინ არის. ნაწარმოების მიხედვით ის ყოფილი მოდელია, რომელმაც პოლიციის აკადემიაში პირდაპირ პოდიუმიდან ჩამოაბიჯა. 180 მეტრი სიმაღლისაა. ლამაზი ფეხები აქვს. კარგად ისვრის. კაპუჩინო და დონათები უყვარს. მოკლედ, იდეალური ქალია… ფილმში “ძვლების შემგროვებელი” (ციკლის პირველი რომანის ეკრანიზაცია) ამ როლს ანჯელინა ჯოლი ასრულებს – ერთი ეგაა, დივერს ჟღალთმიანი ქალები უყვარს და მისი ამილიაც ჟღალთმიანია, ფილმში კი – წაბლისფერთმიანი. ისე, რაიამიც “გადაღებეს” ფილმში – წიგნის მიხედვით კრიმინალისტი თეთრკანიანია.
რაიამ-საქსის წყვილის გაცნობა სწორედ “ძვლების შემგროვებლით” (The Bone Collector) სჯობს, მაგრამ არც იმით დაშავდება რამე, თუ პირდაპირ “გაუჩინარებულ კაცს” მიადგებით. იმედია, მოგეწონებათ.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
___
Jenial… 😮
LikeLike
შენ ბლოგს პროფილი შეუცვალე?
LikeLike
არა. ყოველთვის ფართო პროფილის ბლოგი მქონდა.
უბრალოდ ზოგი მცენარე ადრე ხარობს და ზოგი – გვიან ამოვიდა. 🙂
LikeLike
ჰაჰ ვერასოდეს ვიტანდი კლოუნებს,ცირკში ყოველთვის აკრობატები და ილუზიონისტები მხიბლავდნენ.არ გინდა ოფიციალურ გვერდზე მისწერო რაის რუსეთში,ნეარ რაშა-თქო?))))
სად ვიშოვო ეხლა მე ეს წიგნი?
LikeLike
მაგას ვამბობდი ამ წამს 🙂
სპეციალურად ვწერ ისეთ ნაწარმოებებზე, რაც ჯერ-ჯერობით არაა ჩვენთან – ასე რომ ელექტრონულ ფორმატში 🙂
ქინდლი+დივერი.
LikeLike
ეჰ,აბა მე ქინდლი არ მაქვს და(
LikeLike
ნანახი მაქვს ეს ფილმი მაგრამ წიგნის მიხედვით თუ იყო გადაღებული არ მიმიქცევია ყურადღება.
მოვძებნი აბა. დამაინტერესა მართლა.
LikeLike
საინტერესო სიუჟეტი ჩანს.
“ძვლების შემგროვებელი” ნანახი კი მაქვს, მაგრამ კარგად არ მახსოვს.
დეტექტივების გარდა სხვა წიგნებზეც უნდა ველოდოთ პოსტებს თუ არ იქნება? 😉
LikeLike
როგორც ერთ ქართულ ფილმშია დალოდების საათები დილიდან ღამემდეა 🙂
უფრო ისეთ წიგნებს ვარჩევ, ბევრ და განსხვავებული გემოვნების მკითხველს რომ დააინტერესებს. ასე მგონია, რომ დეტექტივები უყვარს თითქმის ყველას.
და ისეთ ავტორებს, რომლებიც შეიძლება არ იყოს ძალიან გაპიარებული ჩვენთან. რომ თან სიახლესავით იყოს და თან მაქსიმალურად ბევრს დააინტერესოს, ვინც ჩემს ბლოგს კითხულობს ხოლმე.
LikeLike
ვიპოვე და გადმოვქაჩე მთლიანად. ეს ქინდლი რა მაგარი გამოგონებაა ტო! 🙂
ბოლო წიგნი არაა ჯერ თარგმნილი ალბათ. ვერ მივაგენი.
LikeLike
პოსტში ერთადერთ ფრაზას გავაპროტესტებდი, მაგრამ ამაზე ახლა არ ღირს. თუ მოვიცალე, ფილმსაც ვნახავ ამ შაბათ-კვირას და წიგნსაც გადმოვწერ. სანამ ქინდლი ჩამიგდია ხელთ, მონიტორიდან წავიკითხავ.
LikeLike
დამცხე, არ დამინდო რაა აქ მოსარიდებელი 🙂
თუმცა, კი ვიცი რაზეც ამბობ – რექს სთაუთზე. 🙂
LikeLike
ჰო, აბა რა. სხვა ყველაფერი მომეწონა. დღეს ფილმს ვიწერ და გაუჩინარებული კაციც უნდა მოვძებნო.
შენი გემოვნების პატრონს სტაუტი როგორ არ მოგწონს, ვერ ვხვდები და ვერც მივხვდები.
ორი უდიდესი კლოუნიდან ერთი მივხვდი, მგონი, ნიკულინია. მეორე პოპოვი?
LikeLike
ჰო.
ნიკულინი მისსავე ცირკში მყავს ნანახი.
პოპოვი თბილისში იყო გასტროლებზე. ეგ ძალიან ბუნდობვად მახსოვს, ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ ვიცი, რომ ნამყოფი ვარ. 😉
რავი, მე სხვა ტიპის დეტექტივები მომწონს – ცოტა სროლაც როა, ცოტა დევნაც და მეტი ექშენი.
ეს კი სულ ყვავილებს უვლის… ორქიდეებს თუ არ ვცდები.
დივერის წაკითხვაც ზუსტად ამიტომ არ მინდოდა, მაგრამ ეს განსხვავებული აღმოჩნდა. კლასიკური პოლიციური დეტექტივია კრიმინალისტებით და რამე. თან ამილია საქსიც უფრო მომეწონა, ვიდრე არჩი გუდვინი. 🙂
LikeLike
აუჰ, ეს მინდოდა ახლა მე? დავიწყებ ძებნას, ვერ ვიპოვი, მომეშლება ნერვები, მერე უცებ აღმოვაჩენ და ისიც ინგლისურად. საბოლოოდ ალბათ გულისმომკვლელი ტირადით დავასრულებ – “რატომ ვარ ასეთი პატარა?”
LikeLike
დეტექტივებზე არ ვგიჟდები, მაგრამ დამაინტერესე.
ჩემთანაც შემოიხედე, შენი აზრი მაინტერესებს.
LikeLike
მოვალ 🙂
LikeLike
პირველ ნაწილს ვუყურე “ძვლების შემგროვებლის” ქართულად “შიშის ძალა” ჰქვია. მოკლედ, პირველი ნაწილიც საკმარისი იყო ჩემთვის, საჩემო არაა…
LikeLike