ამოსახსნელი საიდუმლოებები
1963 წლის 22 ნოემბრის ნაშუადღევს, 11 საათსა და 40 წუთზე დალასის აეროპორტში ბორტი ნომერი ერთი დაეშვა. 10 წუთის შემდეგ პრეზიდენტ ჯონ ფიცჯერალდ ქენედის (John Fitzgerald “Jack” Kennedy) ლიმუზინმა ქალაქისკენ აიღო გეზი. 12 საათსა და 30 წუთზე, როდესაც კორტეჟმა ჰიუსთონისა და ელმ სთრითის გზაჯვარედინზე სკოლის წიგნთსაცავს ჩაუარა, გაისმა სროლის ხმა. პირველი ტყვია პრეზიდენტს ზურგში მოხვდა, მეორე კი – კეფაში. ამის შემდეგ სნაიპერი ფანჯარას მოსცილდა, იტალიური შაშხანა ოპტიკური სამიზნით იქვე ოთახში მიაგდო და კიბეზე თავქვე დაეშვა. 5 წუთის შემდეგ, როდესაც დაჭრილი პრეზიდენტი ფარქლენდის ჰოსპიტალში მიიყვანეს, თავდამსხმელი დალასის გარეუბან ოაქ ქლიფისკენ მიემართებოდა, სადაც ბინა ჰქონდა ნაქირავები. პირველ საათზე ექიმებმა ჯონ ფიცჯერალდ ქენედის სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურეს. სნაიპერი ამ დროს ჯერ ისევ შინ იყო, მაგრამ 15 წუთში უკვე პოლიციის ოფიცერმა ჯეი დი თიფეთმა (J. D. Tippit) შენიშნა ქუჩაში და შეჩერება უბრძანა. პრეზიდენტის მკვლელს დიდხანს არ უფიქრია, პისტოლეტი ამოიღო და პოლიციელი ადგილზევე მოკლა, შემდეგ გზა განაგრძო და პირველ საათსა და 20 წუთზე თეატრის შენობაში შევიდა. აქ მას პოლიციელებმა ალყა შემოარტყეს. იყო სროლა, მაგრამ არვინ დაღუპულა. სულ მალე დალასის პოლიციამ გაავრცელა ცნობა, რომ ლი ჰარვი ოსვალდი, ადამიანი, რომელმაც ერთი საათის წინ პრეზიდენტი ქენედი მოკლა, დააპატიმრეს.
1963 წლის 22 ნოემბერს ლი ჰარვი ოსვალდი (Lee Harvey Oswald), რომელმაც სკოლის წიგნთსაცავის მეექვსე სართულიდან 5,6 წამის განმავლობაში სამი გასროლა მოახდინა სნაიპერული შაშხანიდან და პრეზიდენტი ჯონ ფიცჯერალდ ქენედი მოკლა, 24 წლის იყო. ნიუ ორლეანში დაიბადა, მაგრამ 20 წლისა საბჭოთა კავშირში გადაბარგდა და მოქალაქეობა მოითხოვა. მინსკში დასახლდა და რადიოქარხანა “გორიზონტში” დაიწყო სამსახური. დაქორწინდა ფარმაკოლოგ მარინა პრუსაკოვაზე. შეეძინა ქალიშვილი. 4 წლის შემდეგ კი უცაბედად ცოლ-შვილს ხელი მოჰკიდა და უკან, აშშ-ში დაბრუნდა. მიუხედავად საბჭოთა კავშირზე გულაცრუებისა, კვლავ რჩებოდა მარქსისტად და ფიდელ კასტროს მხარდამჭერი მოძრაობის წევრიც იყო. მუშაობდა სწორედ იმ წიგნთსაცავში, საიდანაც ის სამი ტყვია გაისროლა.
როდესაც ლი ჰარვი ოსვალდმა მეექვსე სართულის ფანჯარა გამოაღო და კორტეჟის მოლოდინში ქუჩა ამოიღო მიზანში, ბიზნესმენი ჯაქობ რუბინშთანი, იგივე ჯექ რუბი (Jack Leon Ruby) “დალას მორნინგ ნიუსის” შენობას უახლოვდებოდა. სწორედ აქ შეიტყო პრეზიდენტზე თავდასხმის ამბავი. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ცნობამ რუბი შოკში ჩააგდო. მას, თითქოს, საუბრის უნარი წაერთვა და მხოლოდ ერთსა და იმავეს იმეორებდა – რა ეშველება ქალბატონს, რომელიც დაქვრივდა და ბავშვებს, რომლებიც დაობლდნენ. მოგვიანებით, როდესაც პრეზიდენტ ქენედის სიკვდილი უკვე ოფიციალურად დადასტურდა, საკუთარ სტრიპ-კლუბში მისული რუბი ცრემლებს ვერ იკავებდა, რაც მის თანამშრომლებს არ გამოჰპარვიათ და ისევ იმ ბავშვებსა და ქალზე დარდობდა. ერთ-ერთი მოცეკვავის თქმით, ჯექ რუბიმ ოსვალდის მისამართით შესძახა: საშუალება რომ მომეცეს, საკუთარი ხელით მოვკლავდი-ო.
იმავე დღის 4 საათზე ლი ჰარვი ოსვალდი პოლიციის შენობის წინასწარი დაკავების კამერიდან გამოიყვანეს და დასაკითხად მე-4 სართულზე აიყვანეს. გზად ლიფტამდე მიმავალი კორიდორი უნდა გაევლოთ. კორიდორი პრესის წარმომადგენლებით იყო სავსე. მათთან ერთად იდგა ჯექ რუბიც, რომელიც ბევრ პოლიციელთან მეგობრობდა და შენობაში შესვლა არ გასჭირვებია. რეპორტიორებმა ოსვალდს კითხვები დააყარეს, მან კი მხოლოდ ის თქვა, რომ არც ქენედი მოუკლავს და არც თიფეთი და უდანაშაულოა. შუბლი ჰქონდა გახეთქილი და თვალში სისხლჩაქცევა ეტყობოდა, რაც ჟურნალისტებს ასევე არ გამოჰპარვიათ. მოგვიანებით, დაკითხვის დროს ოსვალდმა დეტექტივ ჯიმ ლაველის (Jim Leavelle) კითხვას ჭრილობების შესახებ უპასუხა, რომ ის პოლიციელებმა სცემეს.
23 საათს და 30 წუთზე ლი ჰარვი ოსვალდს პრეზიდენტ ჯონ ფიცჯერალდ ქენედისა და პოლიციელ ჯეი დი თიფეთის მკვლელობისა და რამდენიმე ადამიანის დაჭრის ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს. ბრალდებულმა ქალაქის ადვოკატზე უარი განაცხადა და აშშ-ის კომუნისტური პარტიის იურისტი მოითხოვა, თუმცა ვექილი უიქ-ენდზე დასასვენებლად აღმოჩნდა წასული. ამასობაში პოლიციამ ეჭვმიტანილის საოლქო ციხეში გადაყვანა გადაწყვიტა. დეტექტივ ლაველს ამ ყველაფრის უჩუმრად გაკეთება სურდა, ვინაიდან პოლიციაში უამრავი მუქარის ზარი შედიოდა – ადამიანები ოსვალდის გადაცემასა და ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვდნენ, მაგრამ პოლიციის შეფმა ჯესი ქარიმ (Jesse Edward Curry) ყველაფრის ღიად გაკეთება გადაწყვიტა. მისი აზრით, პრესით ისედაც უამრავი ჭორ-მართალი ვრცელდებოდა და საჭირო იყო თუნდაც იმ ხმების გაქარწყლება, რომ დაპატიმრებულს პოლიციის შენობაში ფიზიკურად უსწორდებოდნენ. გარკვეული უსაფრთხოების ზომები პოლიციამ მაინც მიიღო – გადაწყდა, რომ დაჯავშნული ავტომობილი, რომლითაც ჩვეულებრივ გადაჰყავდათ ხოლმე პატიმრები, ცარიელი დაიძვრებოდა, რათა პოლიციასთან შეკრებილი ადამიანების ყურადღება მიექცია, თავად ოსვალდს კი პოლიციის შეფის ფორდ “გელექსით” გაამგზავრებდნენ. ეს ყველაფერი 24 ნოემბრის დილით, 10 საათზე უნდა განხორციელებულიყო.
ჯექ რუბი კი 24 ნოემბერს არსად აპირებდა წასვლას – კვირა დღე იყო, მაგრამ 10 საათსა და 19 წუთზე მისი კლუბის მოცეკვავემ, ქერენ ქარლინმა (Karen Carlin) დაურეკა და ავანსი სთხოვა. რუბი ოუქ ქლიფში ცხოვრობდა. 10 საათსა და 30 წუთზე ის სახლიდან გამოვიდა, ადევნებულ ძაღლს, ტაქსა შების ავტომობილის კარი გამოუღო, თავად საჭეს მიუჯდა და დალასისკენ გაემართა. გზად პოლიციის შენობას ჩაუარა, სადაც ოსვალდის მომლოდინე ხალხი იყო შეკრებილი, თუმცა არ შეჩერებულა, გზა განაგრძო და მანქანა “უესთერნ იუნიონის” ავტოსადგომზე დააყენა. ამ დროს ოსვალდი ჯერ ისევ პოლიციის შენობაში იმყოფებოდა, ვინაიდან დალასის საფოსტო ოფისის ინსპექტორმა ჰარი ჰოლმსმა (Harry D. Holmes) ეჭვმიტანილის დაკითხვა მოისურვა. დაკითხვის შემდეგ კი ოსვალდმა შავი ფერის პულოვერი მოითხოვა და ლაველმა თანამშრომელი შესაბამისი ტანსაცმლის მოსაძებნად გააგზავნა.
11 საათზე ჯექ რუბი ბანკის შენობაში შევიდა და ქერენ ქარლინის სახელზე 25 დოლარი გადარიცხა – ქვითარზე, რომელიც “უესთერნ იუნიონის” მოლარემ გაუწოდა 11 საათი და 17 წუთი იყო აღნიშნული. რუბი შენობიდან გამოვიდა, ავტომობილში ჩაჯდა და კვლავ იმავე გზით გაემართა უკან, რომლითაც მოვიდა. 11 საათსა და 16 წუთზე ლი ჰარვი ოსვალდს პულოვერი მიუტანეს. ჩაიცვა და მის მაჯაზე ხელბორკილიც ჩაიკეტა. პოლიციელებმა ოსვალდი ლიფტით ავტოფარეხში ჩაიყვანეს და პანდუსისკენ წამოვიდნენ, სადაც ფორდი უნდა შემომდგარიყო. ჯექ რუბის მანქანაც ამ დროს მოუახლოვდა პოლიციის შენობას. რუბი მანქანიდან გადმოვიდა და ავტოფრეხისკენ გაემართა. ოსვალდს პანდუსამდე 6 მეტრი აშორებდა. 11 საათსა და 21 წუთზე ის და რუბი პირისპირ აღმოჩნდნენ. ტელეკომპანია NBC ამ ყველაფერს პირდაპირ ეთერში გადასცემდა. სულ კი 9 კამერა მუშაობდა. კადრებზე ჩანს, რომ ოსვალდიც, ლაველიცა და სხვა პოლიციელებიც იქითკენ იყურებიან, საიდანაც პოლიციის ფორდი უკუსვლით უახლოვდებათ, რუბი კი საპირისპირო მხრიდან მოდის. თუმცა, საითაც არ უნდა გაეხედათ, რუბის მაინც ვერ შეამჩნევდნენ – პროჟექტორები და მაშუქები პოლიციელებს თვალს ჭრიდა.
გასროლამდე 7 წამით ადრე ერთ-ერთმა რეპორტიორმა ოსვალდს რაღაც შეკითხვა დაუსვა და მიკროფონი მიუშვირა, ოსვალდმა პასუხის გაცემა არ ისურვა და თავი მიახლოებული მანქანისკენ მიატრიალა. სწორედ ამ დროს მოიმარჯვა პისტოლეტი ჯექ რუბიმ, ოსვალდს ლამის მუცელზე მიაბჯინა და ესროლა.
ფოტოგრაფ ბობ ჯექსონის (Robert H. Jackson) მიერ გადაღებულ ფოტოზე (მარჯვნივ) სრულიად მკაფიოდაა აღბეჭდილი ოფიცერ ლაველის ალეწილი, შეშლილი სახე, რაც ამ გასროლის მოულოდნელობის დასტურად გამოდგება (გასაკვირი არაა, რომ ეს გასულ საუკუნეში გადაღებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოა, რომელმაც ავტორს პრესტიჟული ფულიცერის პრემიაც მოუტანა).
რუბი ადგილზევე დააპატიმრეს. მას პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, მხოლოდ განაცხადა, რომ ჯექი ქენედისთვის იძია შური და ახლა პრეზიდენტის ქვრივს აღარ მოუწევდა მისი მეუღლის მკვლელის სასამართლო პროცესზე დასწრება და რომ ის შურისძიების ანგელოზი იყო და მარტო მოქმედებდა, თუმცა, როგორც ოსვალდის მიერ ქენედის მკველობა, ასევე რუბის მიერ ოსვალდის მკვლელობა უმალ მითების საბურველში გაეხვია. ვინ აღარ სახელდებოდა (და სახელდება) დამკვეთად – KГБ-დან CIA-მდე, ფიდელ კასტროდან ლინდონ ჯონსონამდე, მოსადიდან კოზა ნოსტრამდე… მაგრამ დღემდე ამ საქმეს დანამდვილებით ცნობილი მხოლოდ სამი ფიგურანტი ჰყავს – ჯონ ფიცჯერალდ ქენედი, ლი ჰარვი ოსვალდი და ჯექ ლიონ რუბი, რომლებიც ერთსა და იმავე ფარქლენდის საავადმყოფოში გარდაიცვალნენ – პირველი ორი – ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებისგან, რუბი კი – ფილტვის კიბოსგან.
თუმცა, არის რამდენიმე ფაქტი – რაც შეთქმულების თეორიების მოყვარულთა საწინააღმდეგოდაა.
1. ქერენ ქარლინის სატელეფონო ზარი ფულის თხოვნით, რამაც რუბი აიძულა იმ კვირა დილით დალასის ცენტრისკენ წასულიყო.
2. გადარიცხული თანხა და ქვითარი, რომელიც ადასტურებს, რომ რუბიმ პოლიციის შენობას ჩაუარა და “უესთერნ იუნიონისკენ” გაემართა, როცა, წესით, უნდა შეჩერებულიყო და ოსვალდს დალოდებოდა, თუკი მისი მკვლელობა ჰქონდა შეკვეთილი.
3. ოსვალდის ციხეში გადაყვანის დრო, რომელიც რუბის შინ ან, თუ მაინცადამაინც, “უესთერნ იუნიონში” ყოფნის დროს დაემთხვეოდა, რომ არა ჯერ ჰარი ჰოლმსი, რომელმაც დილით ეჭვმიტანილის კიდევ ერთხელ დაკითხვა განიზრახა და, შემდეგ – თავად ოსვალდი, რომელმაც პულოვერი მოითხოვა.
3. პოლიციის ფორდ “გელექსის” მძღოლი, რომელიც ცოტათი რომ აჩქარებულიყო, ავტომობილი მსხვერპლსა და თავდამსხმელს შორის აღმოჩნდებოდა და ჯექ რუბის მიჯრით სროლის საშუალება არ მიეცემოდა.
5. ფოტორეპორტიორები და ტელეოპერატორები, რომელთა მაშუქებმა და პროჟექტორებმა პოლიციელებს თვალი მოსჭრა და მათ ვერ შენიშნეს პისტოლეტიანი მამაკაცის მიახლოება.
6. დრო – ოსვალდმა პოლიციის შენობაში 45 საათი დაჰყო, თუკი მისი თავიდან მოცილება რაღაცის დასაფარად იყო საჭირო, დაკავებამდე უნდა მოეშორებინათ (რაც ძალზედ იოლი იყო), ვინაიდან ამ 45 საათის განმავლობაში ის უკვე არაერთხელ დაჰკითხეს და მას შეეძლო გაეთქვა საიდუმლო, თუკი ასეთი იცოდა.
7. თუ ყველა მოქმედ პირს ერთად შევკრებთ – მოცეკვავე ქერენ ქარლინს, რომელმაც რუბი დალასში “გამოიძახა”, პოლიციის უფროს ჯესი ქარის, რომელმაც ოსვალდის საოლქო ციხეში საიდუმლოდ გადაყვანაზე უარი თქვა, ინსპექტორ ჰარი ჰოლმსს, რომელმაც ოსვალდი იმ დილით ხელახლა დაჰკითხა, რითიც მისი ციხეში გადაყვანის დრო რუბის ქალაქში ჩამოსვლის დროს დაამთხვია, ფორდ “გელექსის” მძღოლს, რომელმაც მანქანა ზანტი უკუსვლით დაძრა, გზა არ გადაუკეტა რუბის და ყურადღება თავისკენ მიიპყრო მაშინ, როცა რუბი ოსვალდს მიუახლოვდა, ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელები “დააბრმავეს” იმ დროს, როცა რუბიმ პისტოლეტი ამოიღო და გასროლისთვის მოემზადა… თუკი ყველა ამ მოქმედ პირს ერთად შევკრებთ, უამრავი ადამიანი მოიყრის თავს, აშკარად ბევრად მეტი, ვიდრე კარგად დაგეგმილ სპეც-ოპერაციას სჭირდება და ბევრად მეტი, ვიდრე ამ ოპერაციის საიდუმლოდ შენახვის გარანტად გამოდგება.
ასე იყო თუ ისე, 1963 წლის 24 ნოემბერს ჯექ რუბიმ ლი ჰარვი ოსვალდი მოკლა და მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი კონსპირაციული თეორიის დაბადებას შეუწყო ხელი.
P.S.
ფრედერიქ ფორსაითი რომანში “ეშმაკისეული ალტერნატივა” წერს, რომ ქენედის მკვლელობაში კრემლის ხელი არ ურევია… მისი აზრით, ეს ნაბიჯი მეტისმეტად “არანორმალური” იქნებოდა თვით კრემლისთვისაც კი. მიუხედავად ფორსაითისადმი ჩემი დიდი პატივისცემისა, ეს სრულიადაც არაა ასე აშკარა – ქენედიმ “კარიბის კრიზისის” დროს სსრკ-ს არნახული ძალის სია გააწნა. ასეთ რამეს არ ივიწყებენ.
არის მეორე პოპულარული არგუმენტი, რომ რაკი აშშ-ის ხელისუფლებამ ქენედის მკვლელობის მასალები გაასაიდუმლოა – დამნაშავე ისაა თავად, რაც ასევე არადამაჯერებელია ჩემთვის – თუკი შემკვეთი იყო კრემლი, აშშ-ის ხელისუფლება ზუსტად ისევე დამალავდა ამ ამბავს. იძულებული იქნებოდა, დაემალა – თუარადა მესამე მსოფლიო ომი უნდა წამოეწყო.
როგორც ბინ ლადენის დასჯა იყო აშშ-სთვის პრესტიჟის საქმე, ზუსტად ასეთივე პრესტიჟის საქმედ იქცეოდა მათი პრეზიდენტის მკვლელის დასჯაც – მაგრამ თუკი ეს მკვლელი კრემლში ზის და სსრკ ცკ-ის გენერალური მდივანი ჰქვია? მიდი და დასაჯე.
P.P.S.
კომენტარებს მოყოლილი გვიანდელი მინაწერი.
გულწრფელად ვთქვა, ჩემთვის ყველაზე უცნაური ორი რამაა:
1. თუ ოსვალდი დაქირავებული მკვლელი იყო – ძალიან დილეტანტურად იქცეოდა. თუ ასეთი დილეტანტი (მაგრამ კარგი მსროლელი) შეგნებულად დაიქირავეს – მას მოიშორებდნენ მანამ, სანამ პოლიცია აიყვანდა.
2. თუ ოსვალდი მარტოხელა მგელი იყო და უბრალოდ თავისი ინიციატივით იძია შური, ვთქვათ, კუბის წინააღმდეგ პოლიტიკისთვის, მაშინ გამოძიების მასალების დაფარვა და ამით უამრავი თეორიების წარმოშობის ხელშეწყობა აშშ-ს ხელისუფლების მხრივ ცოტა ულოგიკოა…
ან მესამე ვერსია – აშშ-ს ხელისუფლება და მწერლები, ჟურნალისტები და ჰოლივუდი შეკრულები არიან. ერთი მასალებს ასაიდუმლოებს, მეორე კი ამით სარგებლობს ფილმებს იღებს, წიგნებს წერს და ფულს აკეთებს.
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
მე მოვკალი კენედი!
LikeLike
შეთქმულების თეორიების არც მე მჯერა.
მაგრამ ამერიკელების აბსოლუტური უმრავლესობა არ ენდობა კენედის მკვლელობის ოფიციალურ ვერსიას რომ ოსვალდი მარტოხელა მკვლელი იყო.
ბევრი საერთოდ იმასაც არ ენდობა რომ ოსვალდი იყო მკვლელი. მასალები უნდა გახსნილიყო 10 წლის წინ მგონი და ისიც არ გააკეთეს.
რარაც ძალიან უცნაური ისტორიაა მოკლედ რომ ვთქვათ. 😉
LikeLike
ჰოლივუდის დამსახურებაა. 😉
LikeLike
ასე დაწვრილებით არ ვიცოდი ეს ისტორია. მაგალითად ის, რომ მკვლელი რაღაც პერიოდი საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა. ფოტოები მაგარია! უცნაურია, რომ ჟურნალისტებს ასეთი თვალისმომჭრელი განათების დაყენების უფლება მისცეს. პირველ ფოტოზე აშკარად ვერავინ ამჩნევს იარაღმომარჯვებულ რუბის.
LikeLike
საერთოდაც ულტრამემარცხენე იყო, თუმცა უკან რომ მოითხოვა დაბრუნება – ამბობდა, რომ სსრკ-ში მოსაწყენია ცხოვრებაო და არაკომფორტულიო.
ისე, რა მაგის პასუხია და მოგვიანებით ჯექი ქენედიც ცხოვრობდა მოსკოვში თავის რუს ქმართან ერთად და მოწყინდა იმასაც. 🙂
LikeLike
ინფორმატიული პოსტი ეს არის, თუ არის…
ამას წინათ ვნახე რუსული ფილმი, ოსვალდის რუსეთში ცხოვრების პერიოდი იყო დეტალურად განხილული. ამტკიცებნენ, გადაუბირებელს არ დატოვებდნენო, მაგრამ მერე ისიც მოაყოლეს, ანდროპოვის გამოჩენა გლენ მილერის გაქრობას დაემთხვაო… მოკლედ, კონსპიროლოგიური თეორიები ისევ რულამს.
ერთი თვეც მოგეცადა ბარემ 🙂 მე ვაპირებ 24 ნოემბრისთვის პოსტის დაწერას. ოღონდ, სურათზე.
LikeLike
მზად რომელიც იყო, ის გამოვაქვეყნე 🙂
თორემ 16 პოსტი მაქვს დადრაფტებული 🙂
LikeLike
შენც იქ იყავი ასე მგონია 🙂
დეტალური სურათი დაგიხატია.
ამ ამბის მიმართ დღემდე არის დიდი ინტერესი და თუ გამოაქვეყნებენ ყველა მასალას კარგი იქნება.
არგუმენტები, რომელიც ჩამოთვალე მართლა საინტერესოა, მაგრამ ამდენი ხანი რომ ასაიდუმლოებენ მაინც უცნაურია და ეჭვებს ბადებს.
სსრკ დამთავრდა და კომპარტიაც რუსეთში. თუ კაგებემ გააკეთა, დღეს ამის თქმა შეიძლება. დარწმუნებული ვარ, რუსები ბოდიშსაც კი მოიხდიან. ბოლო-ბოლო კატინი ხომ აღიარეს მაინც.
აი, თუ CIA ან მართლა ედგარ ჰუვერის გაკეთებულია, მითუმტეს თუ ლინდონ ჯონსონიც საქმის კურსში იყო – ეს პრობლემაა და დიდი ამბებს გამოიწვევს.
თუმცა, მე პირადად მირჩევნია, რომ რუსების გაკეთებული იყოს 🙂
LikeLike
მისხალ-მისხალ ვაგროვებდი 🙂 რომ ქრონოლოგია აღმედგინა ზუსტად და ყველა სახელი და მოტივები… 🙂
მეც მირჩევნია 🙂
დაგენიძლავები რომ პუტინი ბოდიშს არ მოიხდის. დაიწყებს მტკიცებას რომ KГБ არქივები ამ ამბავს უარყოფს. შეიძლება ისეც თქვას ჩვენი არქივები ადასტურებენ, რომ CIA მოკლულიაო.
LikeLike
შენ ისიც გეცოდინება, მერლინ მონრო მოკლეს თუ თავი მოიკლა.
😉
LikeLike
ჩემი ხმა მესამე ვერსიას.
LikeLike
თუ ეს მართლა შეთქმულებაა, მეტისმეტად კარგად გამოსულა ყველაფერი ნუ თუ არ არის მითუმეტეს.
LikeLike