უელსელი სპეციალისტი

Norman Lewisნორმან ლიუისი (Norman Lewis) სამ ვნებას ჰყავდა შეპყრობილი – მოგზაურობას, ქალებსა და დაკვირვებას. სწორედ ამიტომ აირჩია, ალბათ, მზვერავის პროფესია (სადაც მისი ერთ-ერთი კურატორი “ჯეიმს ბონდის” მამა იენ ფლემინგიც იყო). არაბული და სხვა რამდენიმე ენის ცოდნა და სპეციფიკური, არაევროპული გარეგნობა მას თითქმის შეუმჩნეველს ხდიდა იემენში, ინდო-ჩინეთში, ბირმაში. მისი უდიდებულესობის სამსახურში მყოფი, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საგარეო დაზვერვის თანამშრომელი, მოგვიანებით კი მწერალი და ჟურნალისტი ნორმან ლიუისი მთელი თავისი ცხოვრება მოგზაურობდა. აფრიკა, ლათინური ამერიკა, ინდოეთი, ინდონეზია, ლაოსი, ტაილანდი, ესპანეთი, იტალია. თითოეული ასეთი მოგზაურობის დროს, თავად უჩინარი ლიუისი ყველაფერს აკვირდებოდა, ინიშნავდა, წიგნებად კრავდა და გამოსცემდა. მათგან მცირე ნაწილი მხატვრული პროზაა, დიდი ნაწილი კი – დოკუმენტალურ-პუბლიცისტური და სამოგზაურო. ცოტაც არაა – სულ 40-მდე იქნება, მაგრამ ამათგან ერთი სრულიად გამორჩეულია – “სიცილიელი სპეციალისტი” (The Sicialian Specialist).

მე ერთი უმნიშვნელო პერსონაჟი ვარ ელ გრეკოს ტილოზე.
ნორმან ლიუისი (Telegraph)

ეს რომანი 1974 წელს გამოიცა. სათაურიდანაც მიხვდებით, რომ წიგნი მაფიაზეა. მაფიის თემა ლიუისისთვის კარგად ნაცნობი და, შეიძლება ითქვას, მშობლიურიც იყო. სიცილიაში ის მეორე მსოფლიო ომის დროს მოხვდა პირველად – გაგონილი გექნებათ, რომ სიცილიური Sicilian-Specialistმაფია, რომელსაც დუჩესთან თავისი ანგარიშები ჰქონდა, მოკავშირეებს უჭერდა მხარს და იტალიაში მათი უმსხვერპლოდ გადასხმის მომზადებაში დიდი წვლილიც შეიტანა. ნორმან ლიუისის პირველი მეუღლეც სიცილიელი იყო – თან უბრალოდ სიცილიელი კი არა, მაფიის ადვოკატის ქალიშვილი, მართალია ეს ადვოკატი სიცილიას გარიდებოდა და შვეიცარიაში დასახლებულიყო, მაგრამ – მაფიიდან ასე იოლად არ მიდიან. 🙂 ამიტომ ვთქვი ზემოთ, რომ ნორმან ლიუისისთვის მაფია ახლობელი თემა გახდა. ჩანს, თავის სიმამრს ბევრი საიდუმლოებებიც დასცინცლა და რამდენიმე წიგნი დაწერა მაფიაზე – დოკუმენტური და მხატვრული.  მაფიას “ჩასიძებული” ლიუისი შიდა სამზარეულოს დეტალების კარგი ცოდნით გამოირჩევა – ამ მხრივ, ვფიქრობ, ის პიუზოს (რომლის “ნათლია” 1969 წელსაა გამოცემული) არაფრით ჩამორჩება, იუმორის გრძნობითა და სამწერლო სტილით კი, იმჰო, სჯობს.

ნორმან ლიუისი რომელიმე დეკადისა კი არა, მთელი ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო მწერალია.
გრემ გრინი

მას დახვეწილი წერის სტილი გამოარჩევს. პერსონაჟთა ოსტატური გამოკვეთა. დინამიური თხრობის მანერა. კითხულობ და კითხვისგან სიამოვნებას იღებ. კითხულობ და არ გწყინდება. სიცილიური მაფია, მუსოლინი და მოკავშირეები, მაფიის მოძლიერება იტალიაში, მაფია აშშ-ში, ნიუ იორქის “ხუთი ოჯახი”, გავლენის სფეროთა გადანაწილება, ნაყიდი პოლიტიკოსები და პოლიტიკური მკვლელობები… მაუსი გამირბის, კიდევ რაღაცეები დავწერო, მაგრამ სიუჟეტს გვერდს ავუქცევ – ეგებ, ვინმეს წაკითხული არ აქვს და წაკითხვა გადაწყვიტოს – ბევრი მისახვევ-მოსახვევია წიგნში და არ გავთქვამ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ პიუზოს რომანისგან განსხვავებით, აქ მაფია ქვემოდანაა დანახული – სიცილიელი სპეციალისტი მარკო რიჩონე მაფიის ნათლია კი არა, რიგითი “ჯარისკაცია”, დაქირავებული მკვლელი, რომელიც სიცილიური მაფიის შეკვეთებს ასრულებს, ჯერ – იტალიაში, შემდეგ კი – ამერიკაში… Norman-Lewis

ერთადერთი ადამიანი ვარ, ვისაც შეუძლია, ისე შევიდეს ხალხით გადაჭედილ ოთახში და გავიდეს იქედან, რომ შეუმჩნეველი დარჩეს.
ნორმან ლიუისი

ასე შეუმჩნეველი რჩებოდა ის მთელი ცხოვრება. უფროსი კოლეგისგან, იენ ფლემინგისგან განსხვავებით, ლიუისს სამწერლო მსოფლიო დიდება არ ღირსებია. მარიო პიუზოსაგან განსხვავებით, მან ვერც ჰოლივუდის ყურადღება დაიმსახურა. Independent-ის ლიტერატურული მიმომხილველი სარა ანდერსონი ჩივის, რომ ძალიან ცოტაა მწერალი, რომელიც ასე ელეგანტურად, მახვილგონივრულად და შესანიშნავად წერს და მაინც სრულიად უცნობი რჩება მის ერთგულ თაყვანისმცემელთა მცირე წრეს თუ არ ჩავთვლითო.

მეც ამ წრის წევრი ვარ.
Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

14 thoughts on “უელსელი სპეციალისტი”

    1. მე კიდევ რამდენიმე წავიკითხე.
      ინასტრანკაში იყო “ხელისაგან კაცისა ძმისა მისისა”, რომელიც კარგია. კიდევ “მელიის დღე” და “ვულკანები ჩვენს თავზე”, რომელიც ძალიან მემარცხენე იყო და თავი დავანებე. 🙂 მარა ეგეთი “ანტიამერიკული” წიგნები რომ ქონდა, მაგით დაიმსახურა საბჭოთა კრიტიკის ინტერესი – თორემ ალბათ არც “სიცილიელ სპეციალისტს” თარგმნიდნენ თავის დროზე. 🙂
      ისე, მაფიაზე გამოძიებითი წიგნი აქვს – “პატივსაცემი საზოგადოება”. ვერ მივაგენი ციფრულ ფორმატში თორემ კი მაინტერესებს.

      Like

  1. არ წამიკითხავს კი არა არც გამიგია 😦 არა და გრემ გრინის შეფასება გასათვალისწინებელია და შენს გემოვნებასაც ვენდობი. 🙂

    არც პიუზო წამიკითხავს ისე. ფილმი ძალიან კარგია – განგსტერული ფილმები მოგწონს თუ არა მსახიობებია ისეთი, რომ არ ნახო – ცოდვაა. და კოპოლაც რა თქმა უნდა.

    Like

  2. რა როგორც გავიგე პიუზო, ამ დროს, საერთოდ არ იცნობდა მაფიას და არავითარი შეხება ჰქონია.
    საინტერესო მწერალი ჩანს.
    მომწონს უჩინმაჩინი მწერლები.

    Like

    1. თვალითაც არ მინახავს ცოცხალი განგსტერიო – ასე ამბობდა. 🙂 მაგრამ რამდენად სანდო განცხადებაა, არ ვიცი.
      იტალიელი ემიგრანტების შვილი იყო და ნიუ იორქელი იტალიელები მაფიის კონტროლის ქვეშ იყო იმ დროს. ამ ფორმით თუ იმ ფორმით.
      მაგაზე ერთი საკაიფო ფილმია “ბრონქსის ისტორია”.
      და თვითონ “ნათლიიდანაც” ჩანს – დონ ვიტოს ისტორიიდან.

      Like

      1. აი ეგ არ ვიცი 🙂
        ისე რეალური პროტოტიპი ვინ იყო ამაზე ვერ თანხმდებიან. ყველაზე ხშირად ფრენკ კასტელოს ასახელებენ – ჯენოვეზეს ოჯახის ნათლიას. თუმცა საერთო აქვს კარლო გამბინოსთან და ჯო ბონანოსთანაც.
        ჯენოვეზე ყველაზე გავლენიანი ოჯახი იყო ხუთიდან და ამ მხრივ კორლეონე უფრო კასტელოა.
        წაიკითხე “ნათლია” – არაეთიკურია, არეკლამო პროდუქტი, რომელიც თავად არ გაგისინჯავს. 😉

        Like

  3. წიგნი ღრმა ბავშვობაში მაქვს წაკითხული და კარგად არც მახსოვს, რა იმპრესია დამიტოვა. ნორმან ლუისზე კი ეს საინტერესო ამბები მხოლოდ ახლა შევიტყვე.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: