პოსტი ეძღვნება თაას. თავად იცის, რატომაც. 🙂
ლას ვეგასი ესაა ადგილი, სადაც ქალები კაცებივით იქცევიან, კაცები კი – იდიოტებივით.
ბაგსი სიგელი
ფილმ “ნათლიის” ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ეპიზოდი ლასვეგასელი განგსტერის, მო გრინის მკვლელობაა – ქილერი მას მცირე კალიბრის ტყვიას პირდაპირ თვალში ესვრის. მო სათვალის გაკეთებასაც ასწრებს და ალბათ უკანასკნელი, რასაც ხედავს – ტყვიაა.
მო გრინს, ისევე როგორც “ნათლიის” ბევრ პერსონაჟს, პროტოტიპი ჰყავდა – ბენჯამენ სიგელბაუმი, იგივე ბაგსი სიგელი (Benjamin “Bugsy” Siegel) მაიერ ლანსქის ებრაელთა განგსტერული დაჯგუფების წევრი და კაცი, რომელმაც ლას ვეგასი მოიგონა.
სიტყვა “ბაგსი” (Go Bugs) ჭკუიდან გადასვლას, გადარეულს ნიშნავს. სიგელბაუმს მეტსახელი არ მოსწონდა და თუ საკუთარ თავს უფრთხილდებოდი, ასე არც უნდა დაგეძახა. “მეგობრებისთვის ბენი ვარ, უცხოებისთვის – ბატონი სიგელი, ვინც გულზე არ მეხატება, ისინი ბაგსის მიძახიან, თუმცა, პირში თქმას ვერ მიბედავენ”, – ამბობდა ხოლმე. ეს ჰოლივუდური გარეგნობის კაცი, მუდამ საუკეთესო თერძებთან რომ იკერავდა კოსტიუმებს და ყველაზე ლამაზ ქალებთან აბამდა რომანებს, ლუჩანო-ლანსქის “სინდიკატში” საქმეების “გარჩევით” იყო დაკავებული, ასეთი გარჩევები კი, როგორც წესი, ჩამტვრეული ნეკნებითა და მონგრეული ყბებით სრულდებოდა მათთვის, ვისაც სიგელი საქმეს ურჩევდა – და ეს ყველაზე კარგ შემთხვევაში. ვინც გაკვეთილს ვერ შეისმენდა, მათ ყელგამოჭრილს პოულობდნენ ხოლმე. ბაგსი სიგელი არამხოლოდ “სინდიკატის” მოწინააღმდეგეებს კლავდა, არამედ ნებისმიერს, ვის მოსაშორებლადაც ფულს გადაუხდიდნენ. მან დაქირავებული მკვლელები შემოიკრიბა და თავისი პატარა “ბიზნესიც” ააწყო. სულ ბაგსი სიგელის “კომპანიამ” 10 წლის მანძილზე 500-მდე ადამიანი გაისტუმრა საიქიოს. როცა ქალაქის პროკურატურამა და პოლიციამ მასზე ნადირობა გამოაცხადა, ლანსქიმ აურზაურს განარიდა და ლოს ანჯელესში გაუშვა “მივლინებაში”.
ანგელოზთა ქალაქში ბაგსიმ საკუთარ თავში ქილერის გარდა ბევრი სხვა ტალანტიც აღმოაჩინა და ფრთები გაშალა – ჯერ იყო და კინოწარმოებით დაინტერესდა, მსახიობთა პროფკავშირებზე დაამყარა კონტროლი და ვარსკვლავებს დაუმეგობრდა. შემდეგ აზარტულ თამაშებს მიაპყრო ყურადღება და ტელეგრაფის ბიზნესიდან კონკურენტების გაძევება შეძლო (ტელეგრაფი დიდი ფულის წყარო და მაფიის ინტერესის საგანი იყო – სწორედ მისი მეშვეობით გადასცემდნენ ბუკმეკერები დოღის შედეგებს). ბოლოს სათამაშო ბიზნესის დედაქალაქის აგების იდეამ გაიტაცა. ნევადა იმ დროს ერთადერთი შტატი იყო, სადაც აზარტული თამაშები იყო ნებადართული, მაგრამ დიდად ვერ ყვაოდა. პატარა სამორინეები, დღევანდელთან შედარებით ქოხმახებს რომ გვანდნენ, ცუდი მომსახურება, უხეირო საჭმელი და იაფფასიანი მეძავები – ასე გამოიყურებოდა ნევადური ლეგალური სათამაშო სახლების უმრავლესობა. ბაგსი სიგელმა ქალაქგარეთ უდაბნოში შეიძინა მიწის ნაკვეთი დაწყებული და შეჩერებული მშენებლობითურთ და იქ სასტუმრო-კაზინოს აგება გადაწყვიტა. “სულ რამდენიმე წელი და აქ მრავალი ფეშენებელური სასტუმრო წამოიმართება და მდიდარ ტურისტებს ვერ აუვალთ!” – ცდილობდა ბაგსი “უფროსობის” – მაიერ ლანსქისა და ლაქი ლუჩანოს დარწმუნებას. როგორც ჩანს, რევოლვერთან ერთად სიტყვასაც კარგად ფლობდა, ყოველ შემთხვევაში “სინდიკატის” მეთაურთა დაყოლიება მოახერხა და ჩანაფიქრის განსახორციელებლად მათგან მილიონი დოლარიც მიიღო.
თავის პირმშოს სიგელმა სახელად მისი საყვარლის, მსახიობ ვირჯინია ჰილის მეტსახელი, “ფლამენგო” (The Flamingo Hotel & Casino) შეურჩია და საქმეს შეეჭიდა. გეგმა სულ უფრო და უფრო გრანდიოზული ხდებოდა და სამშენებლო ბიუჯეტიც თვიდან თვემდე იზრდებოდა. საბოლოო ჯამში, როცა ორი წლის თავზე მშენებლობა დასრულდა, ის მაფიას 6 მილიონი დოლარი დაუჯდა. 1946 წლის 26 დეკემბერს, შობის მეორე დღეს სასტუმრო-კაზინოს პრეზენტაცია გაიმართა. ბაგსიმ ორი თვითმფრინავი ვარსკვლავები “გამოიწერა” – მუსიკოსი ზავიე ქუგათი, მომღერალი და კომედიანტი ჯიმი დურანთე, მსახიობები ქლარქ გეიბლი, ლანა თარნერი, ჯოან ქროუფორდი… აქ იყვნენ მაფიის ბოსები, პრესის წარმომადგენლები და მრავალი სხვა მოწვეული სტუმარი… ზეიმი დილამდე გრძელდებოდა. გათენდა. ყველანი დაიშალნენ. ბაგსიმ სინათლე ჩააქრო და… კაზინოც დახურა. ის დაუმთავრებელი იყო და მისი სრულფასოვანი მუშაობა – შეუძლებელი. 1947 წლის აპრილის თვეში სიგელმა “ფლამენგო” ხელმეორედ გახსნა – მართალია, სასტუმრო ბოლომდე მზად კვლავ არ იყო, მაგრამ კაზინო ამუშავდა და მრიცხველიც ჩაირთო – სულ რაღაც ერთ თვეში მან 250’000 დოლარი მოგება ჩამოყარა. ბაგსი სიგელმა თავისას მიაღწია, თუმცა არ იცოდა, რომ მრიცხველი თავად მასაც ჩაურთეს – 1 მილიონის ნაცვლად გახარჯული 6 მილიონი და მშენებლობის ვადების დარღვევა “სინდიკატის” ბოსების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. მათ მიაგნეს შავ ბუღალტერიას, ორჯერ და სამჯერ “შესყიდული” ერთი და იგივე სამშენებლო მასალების ნუსხას და ვირჯინია ჰილის ანგარიშებს შვეიცარიის ბანკებში, სადაც ბაგსი მაფიისგან მოტეხილ თანხებს ათავსებდა. ახალგაზრდობაში ბაგსი სიგელმა ლანსქი სიკვდილისგან იხსნა, როცა მოქიშპე დაჯგუფების მიერ ოთახში შეგდებულ დინამიტს სტაცა ხელი და ფანჯრიდან მოისროლა. ლანსქის ეს ახსოვდა და თავის გადარეულ და თავნება მეგობარს მფარველობდა, მაგრამ ახლა სხვა დრო იყო. სიგელმა ძალიან ღრმად შეტოპა. ლუჩანომ გადაწყვეტილება მიიღო და ვერვინ შეაცვლევინებდა.
1947 წლის 20 ივნისს, როცა ბაგსი სიგელი მშვიდად იჯდა და გაზეთს კითხულობდა, ფანჯრიდან ესროლეს. ერთ-ერთი ტყვია სწორედ თვალში მოხვდა, თითქმის ისე, როგორც მო გრინს (ფოტო: Moe Greene Special).
სასაფლაოს, სადაც ბაგსი სიგელი განისვენებს, “ჰოლივუდი სამუდამოდ” (Hollywood Forever) ჰქვია. მისი “ფლამენგო” დღეს Caesars Entertainment Corporation-ის მფლობელობაშია. ბაგსის კაბინეტი ხელუხლებლადაა შენახული და იქ მუზეუმია მოწყობილი, შენობის წინ კი მემორიალური დაფაა – ერთადერთი საჯაროდ განთავსებული მემორიალური დაფა აშშ-ში, რომელიცკი მაფიის წევრის დამსახურებას აღიარებს.
“ფლამენგო” რამდენიმე ფილმშია გადაღებული (ან – “ფლამენგოშია” რამდენიმე ფილმი გადაღებული) მათ შორის “ოუშენის 11 მეგობარი”. თავად განგსტერის ცხოვრებაზე კი ბარი ლევინსონმა ფილმი “ბაგსი” გადაიღო, სადაც სიგელს უორენ ბეითი განასახიერებს.
ლას ვეგასში სულ 1700-ზე მეტი კაზინოა. ამ ქალაქს წელიწადში 37 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს. დღის განმავლობაში თითოეული საშუალოდ 4 საათს ატარებს კაზინოში და 550 დოლარს ხარჯავს. სათამაშო ბიზნესის საერთო წლიური მოგება კი 9 მილიარდ დოლარს აღწევს. სხვათა შორის, ლას ვეგასი პოპულარული ადგილია ოჯახის შესაქმნელადაც – აქ ქორწინების მოწმობას ადგილზევე ელვის სისწრაფით გასცემენ და სულ რაღაც 35 დოლარი ღირს. აი, განქორწინება კი ბევრად ძვირი დაგიჯდებათ – 450.
ბაგსი სიგელმა ისევე დაიწყო, როგორც ყველა განგსტერმა – ქუჩის რეკეტით, ნარკოტიკებისა და სპირტიანი სასმელების გაყიდვით და ისევე დაამთავრა, როგორც ბევრი მათგანი ამთავრებს ხოლმე, თუმცა, მის შესახებ მართლა შეიძლება ითქვას: ის მოკვდა, მაგრამ მისი საქმე ცოცხალია. ცხადია, ამ საქმეში აზარტული თამაშების მსოფლიო დედაქალაქს ვგულისხმობ (ნუ მიწყენენ მონტეკარლოელები).
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
კაცები ბევრგან იქცევიან იდიოტებივით არა მარტო კაზინოში 🙂
LikeLike
მო გრინის პროტოტიპი ბაგსი სიგელია თუ მო სიდვეი? მე ასე მაქვს წაკითხული.
ბაგსი თავად არ მოსწრებია ლას-ვეგასს და წიგნში და ფილმშიც უფრო გვიანი წლებია ასახული, როცა ლას-ვეგასი უკვე ლას-ვეგასობს. 🙂
ლანსკი კიდე ხაიმონ როტია ფილმში.
კარგი პოსტი იყო.
+1
LikeLike
ასე მიიჩნევენ. სახელი აქვს მო სედვეისა და გას გრინბაუმისგან, ისე კი ბაგსი სიგელია პროტოტიპი.
იგივე ჰაიმან როთს კლავენ, მაშინ როცა ლანსქი ცხოვრობდა მშიდად და მოკვდა თავისი სიკვდილით.
LikeLike
ehhhhhhhhhhhhhh 😦
LikeLike
მე მმიყვარს კაზინოები, თუმცა ვიცი რომ უაზრობაა
მაგრამ მაინც მიყვარს
LikeLike
გისურვებ ლას ვეგასშიც ითამაშო.
ფლამენგოში თუნდაც. 🙂
LikeLike
განგსტერული ციკლის პირველი პოსტია ეს? 🙂
მო გრინი ბაგსია – იქ მაიკლ კორლეონეს ეუბნება კიდეც – მე მო გრინი ვარ, მე ამ ქალაქს ვაშენებდი, როცა შენ კოლეჯში დადიოდიო.
მკვლელობის მაგ სტილს კი Moe Greene Specialty. მაფია ხშირად იყენებდა ხოლმე. აი აქ 0:50-დან არის “ნათლიის” ვერსია.
LikeLike
I’m Moe Greene! I made my bones when you were going out with cheerleaders!
🙂
LikeLike
ეს პოსტი გუშინ ფოსტით მომივიდა, გავხსენი და არაო. არ არსებობსო. ჰოდა, ტოპებში ვნახე ახლა.
კონის ბავშვის ნათლობის ფონზე ოჯახის მტრებისთვის ანგარიშის გასწორება ტრილოგიის მართლაც ყველაზე შთამბეჭდავი ეპიზოდია. ლევინსონის “ბაგსი” კარგად არ მახსოვს. ამ შაბათ-კვირას ვნახავ.
LikeLike
დაწერილი კი იყო, მაგრამ დაპრივატებული იყო დღეს დილისთვის.
მაგრამ მოსდის ხოლმე ეგეთი რამეები. ერთხელ ასევე გამოუქვეყნებელი პოსტი იყო და უცებ ფსიქეს კომენტარი გაჩნდა ზედ. 🙂
ნეთვორქბლოგებიც ხედავს ხოლმე ზოგჯერ დროზე ადრე 🙂
ლევინსონის “ბაგსი” არ მევასა. გაწელილია, მოსაწყენი და თან ვერ გაიგებ მაფიოზზეა ფილმი თუ ჰოლივუდის ვარსკვლავზე. 🙂
თუმცა მაგ ფილმის შემდეგ ერთი კარგი ჰოლივუდური ოჯახი შეიქმნა – უორენ ბეითი და ანეთ ბენინგი. 🙂
LikeLike
“ბაგსის კაბინეტი ხელუხლებლადაა შენახული და იქ მუზეუმია მოწყობილი, შენობის წინ კი მემორიალური დაფაა – ერთადერთი საჯაროდ განთავსებული მემორიალური დაფა აშშ-ში, რომელიცკი მაფიის წევრის დამსახურებას აღიარებს”. –
აქ ამას ვინ იზამს აბა. საბჭოეთის დროინდელი შენობების ფასადებსაც კი ჩიჩქნიან 🙂
LikeLike
რატო, სტალინის ვაგონი ხომ დგას 🙂
LikeLike
ჰო, ეგ კი 🙂
LikeLike
50 წიგნი, რომელიც უნდა წავიკითხოთ – ეს პოსტიც პიუზოს რეკლამაა? თუ დამთხვევა?:)
LikeLike
ახლა ჩემი პოსტების განრიგს 50 წიგნის გრაფიკს ვერ შევუთანხმებ 🙂
დამთხვევაა. 🙂
ისე, პიუზოს თუ ვინმე შეიძენს და წაიკითხავს – არაფერი დააკლდება. კარგად დაწერილი წიგნია. საკაიფოდ იკითხება.
ფილმი რომ სჯობს – ეგ პიუზოს ბრალი არაა. 😉
თუმცა, სჯობს ბუკად წაიკითხოთ. 🙂
LikeLike
ლოლ სათაური რომ დავინახე, ვიფიქრე, საქართველოს გულისხმობდი :დ
LikeLike
რა საშინელებაა, შეცდომის დაშვება 35 დოლარი ღირს, შეცდომის გამოსწორება – 450.. სადაა აქ სამართალი? 0_ო
LikeLike
ოხ როგორ სიამოვნებით მოვიქცეოდი კაცივით, ოღონდ იქ დამსვა 0_o
LikeLike
მეც მოვიქცეოდი იდიოტივით…
არც გამიჭირდება თან.
LikeLike
სულ დამავიწყდა
მადლობა პოსტის მოძღვნისათვის
წამო კიევში!!!
LikeLike
არაფრის. ველქამ.
ეჰ… კიევში კი არა ჩინეთში ვერ წავსულვარ 😦
LikeLike
საინტერესო ამბებზე წერ საინტერესოდ. მომეწონა.
LikeLike
იუველქამ 🙂
LikeLike