როდესაც მან საფოსტო ყუთი გამოაღო და გამომცემლობა Viking Press-ის კონვერტი შენიშნა, არცკი გახარებია. “კიდევ ერთი უარი” – ასე გაიფიქრა. მიჩვეული იყო. რომ გეკითხათ, თუ რამდენმა რედაქტორმა დაუწუნა ხელნაწერი, ვერც გეტყოდათ. თხუთმეტმა? ოცმა? ოცდახუთმა? სინამდვილეში მათი რიცხვი 27 იყო… ამიტომ, თავაზიან უარსაც მიეჩვია, მაგრამ გულმა მაინც არ მოუთმინა, უჯრიდან ქაღალდის საჭრელი დანა ამოიღო და კონვერტი გახსნა. ნაწარმოები მოეწონათ და ავტორს გამომცემლობაში ელოდნენ.
ასე გაუმართლა უმუშევარ და BBC-დან სკანდალით გამოპანღურებულ ჟურნალისტს – ფრედერიქ ფორსაითს (Frederick Forsyth) და ასე გაუმართლა The Viking Press-ს, რომელმაც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პოლიტიკური თრილერის, “ტურის დღის” გამოცემის უფლება შეიძინა.
გასაცვიფრებელია იმ 27 გამომცემლობის რედაქტორთა გემოვნება, რომელთაც რომანი “უმად”, ”უინტერესოდ”, “ნაკლებდამაჯერებლურად” მიიჩნიეს. კი ბატონო – ფორსაითი სრულიად უცნობი მწერალი იყო და თუ დოკუმენტურ “ბიაფრას ისტორიას” და ჟურნალისტურ რეპორტაჟებს არ ჩავთვლით, არც არაფერი ჰქონდა გამოქვეყნებული. კი ბატონო – “ტურის დღე”, თითქოს, ინტრიგისგან დაცლილია, რაკიღა მკითხველმა თავიდანვე იცის, თუ როგორი ფინალი ელის, მაგრამ სწორედ აქაა ფრედერიქ ფორსაითის საიდუმლო, რომ ყველასათვის კარგად ცნობილ ამბებსაც ისე აღწერს, რომ ვერ მოწყდები და კეჟერაძის თქმისა არ იყოს, მაჯიდან იდაყვამდე გბურძგლავს. “ტურის დღე” მოუხელთებელი დაქირავებული მკვლელის საფრანგეთის პრეზიდენტ დე გოლზე ნადირობის ამბავს მოგვითხრობს. ვინ არ იცის, რომ დე გოლმა ორჯერ მოიგო არჩევნები, შემდეგ გადადგა და საკუთარ ბინაში გარდაიცვალა ტერორისტების დახმარების გარეშე… იცი, მაგრამ რამდენჯერაც უნდა წაიკითხო “ტურის დღე”, იმდენჯერ გგონია, რომ აი ამჯერად ნამდვილად “ტურა” მოკლავს… ასე შეუძლია ფორსაითს წერა. და მე ძალიან ცოტა მწერალი ვიცი, ვისაც ასე წერა შეუძლია.
გამოგიტყებით, ძალიან მერკანტილური ვარ – ფულისთვის ვწერ. (ფრედერიქ ფორსაითის ინტერვიუ ოლგა ქრეიგთან)
ერთი ჩვენებური ქალბატონის თქმისა არ იყოს – ეშმაკი დეტალებშია. ფორსაითსაც დეტალების არაჩვეულებრივი ცოდნა გამოარჩევს. თუ დიუმასთვის ისტორია იყო ლურსმანი, რომელზედაც ტილოებს კიდებდა, ფორსაითისთვის ისტორია საძირკველია, რომელზედაც დიდი სიფრთხილით აგებს შენობას. მრავალი წელი საგამოძიებო ჟურნალისტიკაში მოღვაწეობდა და არქივებში მუშაობასა და გასაიდუმლოებული დოკუმენტების მოძიებაში ბადალი არ ჰყავს. ბადალი არ ჰყავს არც სტრიქონებს შორის კითხვაში – ნიგერიასა და ბიაფრაში (ამჟამად ესეც ნიგერიის ნაწილია) BBC-ის რეპორტიორად მუშაობისას სამოქალაქო ომის საშინელებებს აშუქებდა და წერდა არამხოლოდ იმას, რაც ზედაპირზე იყო, არამედ იმას, რაც იმალებოდა. მისთვის სამწუხაროდ, რაზეც წერდა, ყველაფრის დოკუმენტალურად დასაბუთება არ შეეძლო. ბოლოს “ფაქტებით მანიპულირებაში” დასდეს ბრალი და BBC-დან სკანდალით დაითხოვეს.
დღეს BBC-ში დამოუკიდებელი საგამოძიებო ჟურნალისტიკა აღარ არსებობს – ახლა BBC ხელისუფლების იარაღია. (ფრედერიქ ფორსაითის ინტერვიუ ოლგა ქრეიგთან)
ფორსაითი მხოლოდ 19 წლისა იყო, როდესაც ბრიტანეთის სამეფო ავიაციის პილოტი გახდა. მას მერე სულ მუშაობდა. ერთი პირობა ტორეადორობდა, შემდეგ რეპორტიორობას მიჰყო ხელი. მოკლედ, უსაქმურობას არ იყო ჩვეული და აი, როდესაც 1968 წელს “ბიაფრას სკანდალის” გამო უმუშევარი დარჩა და იმდენი თავისუფალი დრო გამოუჩნდა, რომ – თავზე საყრელი, ადგა და წიგნის წერა დაიწყო. სულ რაღაც ერთ თვესა და 5 დღეში “ტურის დღე” გამომცემლობებში სამოგზაუროდ იყო მზად… ცოტა ხანგრძლივი მოგზაურობა კი გამოვიდა, მაგრამ ბოლოს ამერიკულმა The Viking Press-მა მოიწონა და 1971 წელს გამოსცა კიდეც. მრავალმილიონიანი ტირაჟი, ედგარ ალან ფოს სახელობის ლიტერატურული პრემია, რამდენიმე ეკრანიზაცია და მსოფლიო დიდება. მიუხედავად იმისა, რომ ფორსაითი ოცამდე ნაწარმოების ავტორია და დღესაც ფორმაშია და მუშაობს (მისი ბოლო რომანი “კობრა” შარშან გამოიცა) “ტურის დღე”, უდავოდ, მის საუკეთესო და ყველაზე ცნობილ ნაწარმოებად რჩება.
როგორც კი მორიგ რომანზე მუშაობას ვამთავრებ, ასე ვამბობ – მორჩა! ახლა ქათმებს საკენკი უნდა დავუყარო, ძაღლები გავასეირნო, სათევზაოდ წავიდე. მეყო, რაც დავწერე. (ფრედერიქ ფორსაითის ინტერვიუ გერი ფლოქჰართთან)
ფორსაითის საფირმო სტილი – ჟურნალისტური თხრობაა, მისი ნაწარმოებები კი მხატვრულ-დოკუმენტალური პროზა… დოკუმენტალურს რომ ვამბობ, არ მინდა პოტენციური მკითხველები დავუფრთხო – “დოკუმენტალური” ჩემთვის რაღაც მოსაწყენს და უღიმღამოს ნიშნავდა ყოველთვის, მაგრამ დღეს History Channel-ის ეპოქაში დავრწმუნდი, რომ “დოკუმენტალური” შეიძლება იყოს ფანტაზიით აღსავსე, დინამიური, სხარტი – სწორედ ასეთია ფორსაითის წიგნებიც. ყველა-ყველა და მოწყენით ნამდვილად ვერ მოიწყენ. ის, მეტწილად, პოლიტიკურ თრილერებს წერს, მე კი პოლიტიკურ თრილერს კლასიკური დეტექტივი მირჩევნია, ჯაშუშურ თამაშებზე მეტად პოლიციური რომანები მომწონს, მაგრამ ფორსაითი გამონაკლისია. არ ვიტყოდი რომ ერთადერთი (ჯონ ლე ქარე და თომ ქლენსიც არ დაიწუნება), მაგრამ – საუკეთესო.
ფრედერიქ ფორსაითს ერთ ნაწარმოებში ერთდროულად რამდენიმე ამბის მოყოლა უყვარს. ეს პარალელური ისტორიები ხან შორდებიან ერთმანეთს, ხან – გვერდიგვერდ მიედინებიან, ბოლოს ერთად შეიყრებიან და წრეც იკვრება. მაგრამ სანამ შეიკვრება, მკითხველის ინტერესი არ ნელდება. მწვადი ნაკვერჩხალზე უნდა შეწვა – არც კოცონზე და არც სულ მთლად ნახშირზე. ასე, ნელ ცეცხლზე წვავს ფორსაითი თავისი ნაწარმოებების სიუჟეტებს და მასთან ერთად მკითხველსაც (სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელია, ფორსაითი დიდი გურმანია და მრავალ ქვეყანაში ნამყოფი – მსოფლიო სამზარეულოს დიდი დამფასებელიც).
ვფიქრობ, ყველა ოცნება ავისრულე… ერთადერთი, 500-კილოგრამიანი ლურჯი ქორჭილა ვერ დავიჭირე – ჩემი ნადავლი მხოლოდ 300 კილოს იწონიდა. და ჩემი ბიჭებიც ერთ დღეს მორჩებიან, ალბათ, მაიმუნობას და შვილიშვილს მაჩუქებენ. სულ ეს არის, რაც მაკლია – პატარა შვილიშვილი და დიდი თევზი. (ფრედერიქ ფორსაითის ინტერვიუ გერი ფლოქჰართთან)
არ ვიცი, 50 წიგნში “ტურის დღის” გამოცემას ვეღირსებით თუ არა, ამიტომ ველქამ თუ ამაზონ.კომ და თუ რუსული იცით – მაშინ ხომ სულაც “ხალიავაზე” ჩამოქაჩავთ ონლაინ ბიბლიოთეკებიდან – რუსულად პრაქტიკულად ყველაფერია თარგმნილი, რაც ფორსაითს დაუწერია (იმ რუსული ბიბლიოთეკების ლინკებს, რომლებიც მდიდარი კოლექციით გამოირჩევა და ქინდლ-ფრენდლი ფორმატშიც დებენ წიგნებს ქინდლის ჯგუფში ვაგროვებ ხოლმე).
***
ესეც კიდევ რჩეული, იმჰო, ფორსაითი:
“ტურის დღე” (The Day of the Jackal) – ფრანგი ექსტრემისტების ნადირობა პრეზიდენტ შარლ დე გოლზე;
“ალაჰის მჯიღი” (The Fist of God) და “ავღანელი” (The Afghan) – ბრიტანული დაზვერვის, MI6-ის ნადირობა სადამ ჰუსეინსა და ალ-ქაიდაზე;
“მეოთხე პროტოკოლი” (The Fourth Protocol) – КГБ ბრიტანეთში “პაწია” ბირთვულ აფეთქებას ამზადებს;
“მატყუარა” (The Deceiver) – ჯაშუშთა თამაშები – КГБ-ს აგენტები დასავლეთში, MI6-ის აგენტები საბჭოთა კავშირში
“შურის მაძიებელი” (Avenger) – დაქირავებული მკვლელი სერბ სამხედრო დამნაშავეზე ნადირობს, სანამ CIA და FBI მას უდგანან კვალში, ოსამა ბინ ლადენი კი ამასობაში გრანდიოზულ ტერაქტს ამზადებს.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
___
http://www.booksattransworld.co.uk/frederickforsyth
ფრედერიქ ფორსაითის ინტერვიუ ლარი ქინგთან, CNN – Larry King Live
“ტურა” ჩემი რჩეულია და არ ვიცი, რა უნდა დაწეროს ფორსაიტმა, “ტურაზე” მეტად რომ მომეწონოს. იშვიათი დინამიკის რომანია, არადა, შენი თქმის არ იყოს, დოკუმენტურ პროზად ითვლება.
რამდენიმე ეკრანიზაცია არსებობს? მე ერთი ვნახე, ძველი და არ მომეწონა. მეორე – ბრიუს უილისით და რიჩარდ გირით, უფრო “მოტივებზეა”, რაღაც საერთო კი აქვთ, მაგრამ სიუჟეტია აბსოლუტურად სხვა. კიდევ არის? ვეძებ და ვერ ვიპოვნე.
LikeLike
GOOD!
LikeLike
ვა ეს ვის ვხედავ 🙂
LikeLike
27-ჯერ დაწუნებული წიგნი ძალიან კარგია.
ბევრი კარგი ნაწარმოებს მოუვიდა ესე. რიჩარდ ბახს “თოლია” 20-ჯერ თუ მეტჯერ დაუბრუნეს უკან, წინასიტყვაობაში ასე ეწერა.
“ტურის დღის” ეკრანიზაციები რომლებია? მე მარტო გირი და უილისის ვიცი, მაგრამ ეგ ზუსტი ეკრანიზაცია არაა.
“დოსიე ოდესაც” ძალიან კარგია. შენ არ გიხსენებია, არ მოგეწონა?
ჯაშუშური წიგნები არ მიყვარს და დანარჩენი არ მაქვს წაკითხული.
LikeLike
ჰო მოტივებზეა, მაგრამ დინამიკას კარგად გადმოსცემს. და უილისიც ძალიან მაგარია – მართლა ისე იცვლება ფილმში, როგორც ნამდვილი “ტურა”. 🙂
კიდევ 70-იანების ეკრანიზაციაა.
და ინდოელებსაც გადაუღიათ მის მოტივებზე.
ჰო, ოდესა ტურის მერე ყველაზე ცნობილი წიგნია ფორსაითის და ცუდი არაა, მაგრამ მე ისინი მირჩევნია, რაც ჩამოვთვალე.
ეგ თემა მაქვს გეგმაში 🙂 ცნობილი ნაწარმოებების ბედი. საინტერესო ისტორიებია.
LikeLike
ისე, დებიუტებიც კარგი თემაა – მაგალითად, იმჰო, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ფილმი “12 განრისხებული მამაკაცი” – კინოდებიუტია. სიდნი ლიუმეთმა მერე რა აღარ გადაიღო, მაგრამ ეგეთი შედევრი ვეღარ.
LikeLike
ჰაჰა კეჟერაძეს სხვა მწერლებზე ბურძგლავდა ხოლმე 🙂 მაგრამ ფორსაიტიც ძალიან მაგარია.
მეოთხე პროტოკოლი კარგია, მაგრამ არალეალურია ცოტა.
მატყუარა ძალიან მაგარია.
შურის მაძიებელიც ძალიან მაგარია. ფინალი მოულოდნელია.
ტურის დღეზე რა ვთქვა ყველამ აღნიშნა რომ საუკეთესოა.
ალაჰის მჯიღი – კულაკ ალახაა ხომ? და ავღანელი არ წამიკითხავს. მოვძებნო უნდა ინტერნეტში 😉
LikeLike
მეოთხე პროტოკოლის ფინალიც კარგია.
ფორსაითს უყვარს ეგეთი გახუმრებები 🙂
ჰო ალაჰის მუშტი თუ გინდა 🙂 ჯერ ეგ წაიკითხე ოღონდ და მერე ავღანელი – ასეა ქრონოლოგიურად და ერთი და იგივე გმირია.
LikeLike
ფორსაიტი ძალიან მომწონს, მაგრამ კლენსი ფილმები უკეთესია.
რამდენჯერმე ვცადე წაკითხვა ჯეკ რაიანის ციკლის წიგნები ძალიან გაწელილია. მერე იმდენი პერსონაჟი შემოყავს რომ დავიბენი და ვინ-ვინ იყო ძლივს ვიმახსოვრებდი 🙂 არ მომეწონა.
ფორსაიტი სულ სხვა დონეა.
LikeLike
ფორსაითი რომ ჯობნის და ლე ქარეც სხვათა შორის – ეს 100%
მაგრამ ქლენსის რაიანის ციკლი ძალიან არათანაბარია. პირველი რომანები კარგია, რომლებიც რეალურ ამბებზეა, მერე პარალელური რეალობის სტილში დაიწყო წერა და ეგენი არ მევასა. ერთი-ორი წავიკითხე და თავი დავანებე.
LikeLike
არ წამიკითხავს 😦
LikeLike
დღეს აქ გავჩერდი… ლაიქებით აღარ გაწუხებ მავიწყდება უკვე 🙂
LikeLike