ჯადოქარი

გაღრეჭილი სიფათები

ჩემს ბავშვობაში არც კომპიუტერი ვიცოდი, რა იყო, არც “ფოტოშოფი”, არც “ქორელი” და არც GIF-სურათები, ამიტომ სკოლის რვეულის ფურცლებზე, სულ კიდეში გაღრეჭილ სიფათებს, მოფარიკავე კაცუნებსა და კუდმოქიცინე ძაღლებს ვხატავდი – თუკი ფურცლებს გადმოწევდი ცერა თითით და მერე სათითაოდ გაუშვებდი – ნახატი ცოცხლდებოდა. მე არ მომიგონია. ჩემზე ბევრად ადრე, 1868 წელს ინგლისელმა მხატვარმა და ლითოგრაფმა ჯონ ბარნს ლინეთმა (John Barnes Linnet) დააპატენტა ასეთი ნახატებიანი წიგნი და მას praxinoscope_de_reynaud“კინეოგრაფი” უწოდა. ათიოდ წლის შემდეგ ფრანგმა გამომგონებელმა შარლ-ემილ რეინომ (Charles-Émile Reynaud) შექმნა პრაქსინოსკოპი – პირველი პროექტორი, რომელშიც ნახატებიანი ფირი მოათავსა და შუქის და სარკეების მეშვეობით თეთრ ეკრანზე პირველი ანიმაციური ფილმი აჩვენა… ფილმს ვამბობ, რაკიღა რეინო უბრალოდ მორბენალი კაცუნებით კი არ შემოიფარგლა, გაცოცხლებული ნახატების რაღაც სიუჟეტში მოქცევა და ამბის მოყოლა შეძლო, ამიტომ შარლ-ემილ რეინო ანიმაციის მამად მიიჩნევა.

სულ მალე გენიოსმა ფრანგმა ძმებმა ლიუმიერებმა სინემატოგრაფი შექმნეს და რეინოს ანიმაციური ფილმებიც ცოტა ხნით ყველას გადაავიწყდა… ყველას, ამერიკელების გარდა. ამერიკელები ახალგაზრდა ნაციაა, ჯერ ისევ ბავშვობის ასაკში არიან (რეინოს დროს ხომ სულ მთლად ბალღები იყვნენ), ალბათ, ამიტომაც აღფრთოვანდნენ გაცოცხლებული ნახატებით და 1906 წელს კინოპროდიუსერმა ჯეი სთიუართ ბლექთონმა (James Stuart Blackton) გადაიღო 3 წუთიანი ნახატი ფილმი “სასაცილო სახეების სახალისო ღრეჭვები” (Humorous Phases of Funny Faces). ბლექთონის ფილმი დიდი პოპულარობით სარგებლობდა და მან ანიმაციისადმი ინტერესი ევროპაშიც ხელახლა გააღვივა – ორი წლის შემდეგ “სახეებს” მოჰყვა ფრანგი კარიკატურისტის ემილ კოლის (Emile Cohl) “ფანტასმაგორია” (Fantasmagorie) – ბლექთონი და კოლი ანიმაციური კინოს პიონერები არიან.

  • სიტყვა ანიმაცია ლათინური anima (სული)-დან ამოდის და სულის შთაბერვას ნიშნავს. საბჭოთა კავშირში დამკვიდრებული მულტიპლიკაცია კი ლათინურ multiplicatio (გამრავლება)-ს ეფუძნება… სამწუხაროდ, ჩვენთანაც ეს ტერმინი დამკვიდრდა ისე, რომ ვეღარ ამოშანთავ, არადა, რასაც საუკეთესო ანიმატორები აკეთებენ – სწორედაც რომ ნახატებისთვის სულის შთაბერვა, მათი გაცოცხლებაა და არა უბრალოდ გამრავლება.

ადამიანი, რომელმაც ეპოქა შეცვალა

არიან ადამიანები, რომლებზედაც დრო ტყდება. ყველაფერი, თითქოს ჩვეულებრივადაა – თვე თვეს მისდევს და წელი – წელს. მაგრამ სად იყო და სად არა, გამოჩნდება ვიღაც და ხვდები, რომ ყველაფერი შეიცვალა. ყველაფერი სხვაგვარადაა… ცოტა ბანალურ-ფილოსოფიურად კი გამომივიდა, მაგრამ, არ ვიცი სხვა როგორ ვთქვა უოლთ დიზნიზე (Walt Disney ) – კაცზე, რომელმაც შეგვახსენა, რომ ბავშვობიდან მოვდივართ და… ძალიან შორსაც არც წავსულვართ. Smile

დღეს ამბობენ, რომ დიზნი დიდი ვერაფერი მხატვარი იყო, რაც, მგონია, რომ სისულელეა, მაგრამ ის კი სიმართლეა, რომ უოლთ დიზნი სრულიად გენიალური ორგანიზატორი იყო, ბრწყინვალე მენეჯერი, რომელსაც შეეძლო საუკეთესო პროფესიონალები შეეკრიბა, ერთ walt-disney-charactersგუნდად შეეკრა და ისეთი შედეგებისთვის მიეღწია, მანამდე რომ წარმოუდგენელი ჩანდა.

პირველად დიდ წარმატებას მან გემო 1924 წელს გაუგო, როდესაც ძმებ უოლთ და როი დიზნების The Walt Disney Company-მ ლუის ქერალის “ალისათი” შთაგონებული ფილმები გადაიღო (სულ რამდენიმე წლის განმავლობაში 56 ნახატი ფილმი გამოვიდა ეკრანებზე). შემდეგ გამოჩნდა ბაჭია ოსვალდი, რომელიც უოლთ დიზნიმ და მხატვარმა აბ აივერქსმა (Ub Iwerks) შექმნეს და მათივე თაგუნა მიქი – მიქი მაუსი (Mickey Mouse), რომელიც დიზნიმ მოიფიქრა, აივერქსმა დახატა და თავდაპირველად სახელად მორთიმერი ერქვა. მოგვიანებით მიქიმ მეგობრები შეიძინა – არტურ ბაბიცკის (ართ ბაბითის Art Babbitt) ყურბარტყუნა ძაღლი გუფი (Goofy) და თავად “დიდივერაფერიმხატვრის”, დიზნის მიერ შექმნილი დონალდი (Donald Duck).

უოლთ დიზნის ხელში ნახატი პერსონაჟები მართლაც რომ ცოცხლდებოდნენ – თითოეულს გამოხატული ინდივიდუალიზმი, ტემპერამენტი, ხასიათის იოლად ამოსაცნობი თვისებები გამოარჩევდა. სწორედ ამ განსხვავებულობაზე იგებოდა სიუჟეტიც. მიქი არ გავს დონალდს და დონალდი არ გავს გუფის, ერთსა და იმავე ამბავზე ეს სამეული სრულიად განსხვავებულად რეაგირებს. The Walt Disney Company-ში ანიმაციას, როგორც მხატვრულ ფილმს, ისე ქმნიდნენ. ერთი ჯგუფი მუშაობდა სიუჟეტზე, მეორე – დიალოგებზე, მხატვარ-ანიმატორებს პერსონაჟების და გარემოს შექმნა-გაცოცხლება ევალებოდათ… განსაკუთრებული როლი ეკისრებოდა მუსიკას. მუნჯი კინოს ეპოქიდან დაწყებული, მუსიკა გადამწყვეტი იყო, მაგრამ სწორედ დიზნიმ აქცია ის მოქმედ გმირად – მაგალითად, გაიხსენეთ, 1935 წელს გადაღებული “ორკესტრის კონცერტი“ (The Band Concert), მომკალით და, რომელით შთაგონებულიც მგონია ფელინის “ორკესტრის რეპეტიცია”  Smile და, მითუმეტეს, 1940 წელს გადაღებული “ფანტაზია” (Fantasia) – ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ანიმაციური ფილმი, სადაც რამდენიმე ისტორიაა და ეს ისტორიები ლეოპოლდ სტოკოვსკის მუსიკითაა შეკრული.

დიზნის განსაკუთრებული მიგნებაა, რომ მის ანიმაციურ ფილმში ნივთებიც ცოცხლდებიან… თითქოს, ყოველთვის ასე იყო – ანიმაცია ხომ მართლაც განსაკუთრებულ შესაძლებლობებს იძლევა და ფანტაზიას საზღვრები არ აქვს, მაგრამ სწორედ დიზნის ფილმებში არა უბრალოდ ამოძრავდნენ, არამედ გაცოცხლდნენ უსულო საგნები – სკივრი იქნება ეს, კარადა, ფანჯარა თუ როიალი დიზნის ხელში ხასიათის ინდივიდუალურ, გამორჩეულ თვისებებს ავლენენ და ფილმის სრულყოფილი მოქმედი გმირები ხდებიან. ამასთან, დიზნის ფილმებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გახმოვანებასაც – ყველა პერსონაჟი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ხმით და ინტონაციით საუბრობს, სწორედ ამიტომ იწვევდა უოლთ დიზნი ნახატი გმირების გასახმოვანებლად პროფესიონალ მსახიობებს, მაგრამ მის ფილმებში უსულო საგნებიც განსაკუთრებულად ხმაურობენ.

სრულიად ბუნებრივია, რომ სწორედ უოლთ დიზნიმ გადაწყვიტა პირველმა, რომ ანიმაცია მხოლოდ სკეჩების და პატარ-პატარა ისტორიებისთვის კი არა, რაღაც უფრო დიდი ამბის მოსაყოლადაც გამოდგებოდა – ასე დაიბადა პირველი სრულმეტრაჟიანი ნახატი ფილმი “ფიფქია და შვიდი ჯუჯა” (Snow White and the Seven Dwarfs, 1937). ესაა პირველი ფერადი ანიმაციური ფილმიც…   1942 წელს კი ეკრანებზე გამოვიდა “ბემბი” (Bambi) – ამ ფილმის გადაღებისას საგანგებო კამერა გამოიყენეს, რომელსაც ნახატი კადრის სიღრმის, მასშტაბურობის გადმოცემა შეეძლო, ანიმატორებს კი 5-თვიანი მივლინებაც გამოუწერეს ტყეში და შედეგად დიზნიმ მიაღწია სასურველს – ხე იქნება, ფოთოლი თუ ბალახი, ისე ნამდვილია, რომ თითქმის დღევანდელი სამგანზომილებიანი ანიმაციის რეალისტურობის დონეს აღწევს. ფილმის გადაღებას მთელი 5 წელი დასჭირდა. მისი რეჟისორი დეივიდ ჰენდია (David Hand).

1951 წელს დიზნიმ თავისი საყვარელი ნაწარმოები კიდევ ერთხელ გადაიტანა ეკრანზე – მიუხედავად იმისა, რომ სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” (Alice in Wonderland) ინგლისში “კლასიკური ინგლისული ლიტერატურის ამერიკანიზაციის” მცდელობად მიიჩნიეს, ჩემის აზრით, მშვენიერი გამოვიდა. ჯერ მარტო ჩეშირელი კატა რად ღირს.

ალბათ, უოლთ დიზნის ყველა ნამუშევარზე შეიძლება ცალკე პოსტის დაწერა, მაგრამ როგორ გამოვტოვო 1967 წელს ვოლფგანგ რეითერმენის მიერ გადაღებული “ჯუნგლების წიგნი” (The Jungle Book), ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ანიმაციური ფილმი, მხიარული, ხალისიანი, არაჩვეულებრივი საუნდთრექით და ამავე რეჟისორის მიერ 1977 წელს გადაღებული “ვინი პუჰის თავგადასავლები” (The Many Adventures of Winnie the Pooh), რომელიც “კლასიკური პუჰის” სერიაში შედის, ვინაიდან ალან ალექსანდერ მილნის მიერ შეთხზული ისტორიების ეკრანიზაციაა.

დიზნის შემდეგ, დიზნის გზით

1988 წელს სთივენ სფილბერგი (Steven Spielberg), რობერთ ზემექისი (Robert Zemeckis), MGM და Walt Disney Animation Studios შემოკრბენ და გადაიღეს სრულიად გენიალური “ვის სურდა კურდღელ როჯერის დაღუპვა” (Who Framed Roger Rabbit), სადაც არაჩვეულებრივადაა შერწყმული მსახიობები და ანიმაციური პერსონაჟები. მსგავსი სინთეზი ადრეც ყოფილა, მაგრამ  ტექნიკურად ასე უზადოდ შესრულებული – არასდროს… ყოველგვარი ტექნიკური მიღწევები რომ გვერდზე გადავდოთ, თავისთავად, ფილმიც არაჩვეულებრივია.

1985 წელს ჯონ სქალიმ სთივენ ჯობსი (Steve Jobs) მისივე კომპანიის მენეჯმენტიდან გააპანღურა. “ეფლისთვის” აქედან კარგი არაფერი გამოვიდა, სამაგიეროდ იხეირა ანიმაციამ – სთივენ ჯობსმა ჯორჯ ლუქასისგან კომპანია Pixar შეიძინა და The Walt Disney Company-ს კომპიუტერის საშუალებით ანიმირებული ფილმის გადაღება შესთავაზა. დიზნის კომპანია, რომელიც კვლავ სიახლეების ავანგარდში რჩებოდა, იოლად დასთანხმდა და 1995 წელს ეკრანებზე გამოვიდა “სათამაშოების ისტორია” (Toy Story) Pixar-ისა და Walt Disney Pictures-ის 5-წლიანი ერთობლივი მუშაობის შედეგი – კიდევ ერთი რევოლუცია ანიმაციის ისტორიაში. ფილმი რეჟისორმა ჯონ ლასეთერმა (John Lasseter) გადაიღო. პერსონაჟების მოძრაობისა და მიმიკის ბუნებრიობის მისაღწევად გამოყენებულ იქნა ე.წ. Motion capture – როდესაც მსახიობებს სახესა და სხეულზე საგანგებო სენსორებს უმაგრებენ და მათი მოძრაობა ეკრანზე გადააქვთ (იგივე ტექნოლოგია გამოიყენა ჯეიმს ქემერონმა “ავატარის” გადაღებისას და არამარტო მან).

კომპიუტერული ანიმაციის მიმართ დამოკიდებულება არ არის ერთგვაროვანი – ძველი ყაიდის ანიმატორები ამბობენ, რომ კომპიუტერმა ნახატ ფილმს უწინდელი მომხიბლველობა დაუკარგა და სული ამოართვა. მოკლა. ჩვენთან კი მშობლები წუხან, რომ “მათ დროს” სულ სხვა მულტფილმები იყო, კეთილი და თბილი, ახლა კი ყველაფერი სხვაგვარადაა… ვფიქრობ, კომპიუტერი არაფერ შუაშია. უოლთ დიზნი რომ ცოცხალი იყოს, ის კომპიუტერული ანიმაციის გამოყენებითაც ისეთ შედევრებს შექმნიდა, როგორსაც ფანქრითა და ფუნჯით ქმნიდა, ვინც კომპიუტერით ვერაფერს ახერხებს, მას ფანქარიც არაფერში გამოადგება… შეიძლება, ჩემი გურული ბებიის თქმისა არ იყოს, ტრაკის გასაზომად გამოიყენოს.

ასეა თუ ისე, ჯობსისა და “დიზნის სტუდიის” თანამშრომლობა გრძელდება (დღეს Pixar უკვე  Walt Disney Pictures-ის ნაწილია, სთივ ჯობსი კი – The Walt Disney Company-ს გამგეობის წევრი), რისი შედეგიცაა ჯონ ლასეთერის “მანქანები” (Cars, 2006) და ბრედ ბერდის (Brad Bird) არაჩვეულებრივი “რატატუი” (Ratatouille).

საოცრებები გრძლდება. Smile

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

http://disney.go.com

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

12 thoughts on “ჯადოქარი”

  1. ფანტაზია მართლა ფანტასტიური იყო. ახლაც მახსოვს, პირველი შთაბეჭდილებები. მიკი სტაკოვსკის რომ ხელს ართმევს, ამ სცენაზე ვგიჟდებოდი 🙂

    მშობლების რა გითხრა და მეც მაწუხებს ეს, ლორდ. ბევრად ადამიანური მულტფილმები იყო ადრე. დისნეიც, რუსული მულტიპლიკაციაც. მომკალი და კონან-ბარბაროსის, გრენდაიზერის, სპანჩბობის და პოკახონტასის არ მჯერა და ბავშვი როგორ დაიჯერებს?

    დისნეის არ ეხება ეს. დისნეი გენიოსი იყო. “ერთადერთი რეჟისორი, რომელსაც მხოლოდ საუკეთესო მსახიობები ჰყავს. უვარგისებს ის, უბრალოდ, შლისო” – არ მახსოვს, ვინ თქვა.

    Like

  2. ძალიან კარგად გიწერია – მართლაც ყველაფერი ცოცხლდება დისნეის მულტფილმებში. რომ ვკითხულობდი ზუსტად ეგ ფილმი გამახსენდა იუთუბის ვიდეო რომ გაქვს. გუფის რომ როიალი დასდევს და დონალდი კი არ ვიცი რა ქვია მაგ ნივთს კუდზე რომ ეკრობა 🙂
    კიდევ ერთხელ ვნახე სიამოვნებით.
    მეც იმ ძველი ყაიდის ხალხის აზრს ვიზიარებ – ესეთ ფილმებს ახლა არ იღებენ. ნიკელოდეონზე თუ გინახავს, რა მულტფილმები გადის შედარებაც არ შეიძლება. არც ეგ სილამაზეა, არც იუმორია და რაღაც მახინჯი გმირები არიან.
    რატატუიზე არ ვამბობ ძალიან კარგია და სათამაშოების ისტორიაც მომწონს, მაგრამ მათ გვერდით უამრავი ნაგავი გადის.

    Like

  3. სახლში მთელი კოექცია მაქვს დისნეის სათამაშოების. ძალიან მიყვარდა და სულ მჩუქნიდნენ 🙂 მიკი მაუსები მყავს მარტო 3.
    ანიმაცია მართლა უფრო ზუსტი გამოდის. ამაზე არ მიფიქრია.
    ამ საბჭოთა კავშირში რა ყველაფერს სხვა სახელებს უგონებდნენ 🙂

    Like

  4. მულტფილმები მიყვარს, განსაკუთრებით დისნეის პროდუქცია და ყოველთვის სიამოვნებით ვუყურებ. ძველები მირჩევნია, ახლებში ყველას რაღაცნაირი ბოროტი სახე და გაურკვეველი აღნაგობა აქვს, განსაკუთრებით “Cartoon Network”-ის და “ნიკოლოდეონის” მულტსერიალებში 🙂

    Like

  5. ჰო CN და ნიკელოდეონის ბევრი მულტფილმი მეც არ მომწონს, თუმცა იმას ვგულისხმობდი, რომ კომპიუტერი არაფერ შუაშია.
    თორემ WD დღესაც ისეთსავე კაი რამეებს იღებს, რასაც ადრე იღებდა.

    კიდევ არის რამდენიმე დიდი ანიმატორი – იგივე ჰანა და ბარბერა. ერთხელაც იქნება, მაგათზეც დავწერ. 🙂 თუმცა დიზნი მართლა განსაკუთრებული მოვლენა იყო.

    Like

  6. დიზნი? მე სულ დისნეი მეგონა :დდ

    უაღრესად შემეცნებითი პოსტი იყო, ეზ ოლვიზ. ამ ბლოგს სხვა სახელი უნდა ერქვას, ვიკი-რაღაცის მსგავსი :))

    Like

      1. ალდარ კოსე რა შუაში იყო? 🙂 ვერ მივაღწიე მაგ მულტფილმამდე. ღრმა ბავშვობიდან მახსოვს, ოღონდ რა ხდება – დამავიწყდა.

        Like

      2. მეც ბუნდოვნად მახსოვს 🙂
        შუააზიური ანიმაციის შედევრია.
        მთელს შუა აზიას რას ვერჩი – ყაზახური.

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: