მეტალისგან დამზადებული რძის დიდი ბიდონი მკვიდრად შეკრულია – ვერც გაღუნავ, ვერც გატეხ. ხელფეხშებორკილ მამაკაცს შიგ სვამენ, ჭურჭელს წყლით ავსებენ და მეტალისავე თავსახურით მჭიდროდ ხუფავენ. გთხოვთ, ყველამ სუნთქვა შეკრათ! – სთხოვენ შეკრებილთ. საათი წამების ათვლას იწყებს. 10 წამი, 20 წამი, 30 წამი, 40 წამი, 60 წამი. შეკრებილთაგან ვერვინ უძლებს მეტს – მართლადამართლა, ხომ არ დაიხრჩობიან! 80 წამი… 100 წამი… ჩოჩქოლია… 120 წამი… 180 წამი… თავი მოხადეთ! ის მოკვდა!! ეს მკვლელობაა!!! 240 წამი… ქალებს გული მისდით, მამაკაცებს ადგილზე ძლივს აკავებენ – მათ თავად სურთ ბიდონისთვის თავის მოხსნა და პატიმრის გათავისუფლება…
უეცრად ეშვება ფარდა. სულ ერთი წამით. ხელფეხშებორკილი და წყლიან ჭურჭელში დასახრჩობად გადადებული მამაკაცი სცენაზეა. ფეხზე ძლივს დგას, სულ მთლად გაწუწულია, მაგრამ ცოცხალია და იღიმის. მისი სახელია ჰარი ჰუდინი – კაცი, რომელიც სიკვდილს ეთამაშება და ამ თამაშში მუდამ გამარჯვებული გამოდის.
ყველა დროის ყველაზე ცნობილი ილუზიონისტი ჰარი ჰუდინი (Harry Houdini) 1874 წელს ბუდაპეშტში დაიბადა და სამი წლისა იყო, როდესაც მისმა ოჯახმა საცხოვრებლად ამერიკას მიაშურა.
10 წლის ჰუდინი სალონებსა და კაბარეებში ბანქოს ქაღალდით ფოკუსებს აჩვენებდა (მისი ნამდვილი სახელი და გვარი ერიკ ვაისი იყო – ფსევდონიმი ამერიკელი ილუზიონისტის ჰარი ქელერის (Harry Kellar) და ფრანგი ილუზიონისტის რობერ-უდენის (Jean-Eugène Robert-Houdin) საპატივცემულოდ აირჩია). თავდაპირველად ძმასთან ერთად გამოდიოდა და თავს “ბანქოს მეფეს” უწოდებდა, მაგრამ მოგვიანებით სხვა ფოკუსებმა გაიტაცა – ტექნიკურად რთულმა, საგანგებო აღჭურვილობასა და დიდ ფიზიკურ მომზადებას რომ ითხოვდა. ფიზიკური მომზადება ჰუდინის არასდროს უჭირდა – ის მისი დროის ერთ-ერთი საუკეთესო აკრობატი და ჰიმნასტი იყო. ტექნიკური აღჭურვილობა კი… ჰუდინი გატაცებული იყო ზუსტი მეცნიერებებით – მათემატიკითა და ფიზიკით. აქ უსიამოვნო სიურპრიზებს არ ელოდა.
მისი ყოველი ტრიუკი კარგად მომზადებული და გათვლილი იყო. ჰუდინის ოსტატობა და ასისტენტების სისწრაფე და შეთანხმებული მოქმედება – ეს იყო მისი ილუზიების საიდუმლო. ასისტენტების მოქმედებას ბეათრის (ბესსი) რაინერი (Bess Rahner) – ჰუდინის თანაშემწე და მეუღლე ხელმძღვანელობდა. მიუხედავად ამისა, ჰუდინის ტრიუკები მუდამ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გადიოდა. ისეც მომხდარა, რომ მას სცენიდან პირდაპირ ჰისპიტალში ამოუყვია თავი – თუმცა, მხოლოდ შოუს დასრულების შემდეგ – გამოსვლა ჰუდინის არასდროს შეუწყვეტია. ის ხომ სიკვდილს ეთამაშებოდა და ამ თამაშში გამარჯვება მუდამ მისი იყო.
ერთხელ ჰუდინი “ჩინური წყლიანი საწამებელი ზარდახშის” ნომერს ასრულებდა. ამ ტრიუკის დროს ხელშებორკილ და ხის მარწუხებს შორის ფეხებმოქცეულ ჰუდინის ასისტენტები თოკებით მაღლა სწევდნენ და წყლით სავსე გამჭვირვალე ზარდახშაში თავქვე უშვებდნენ. მაყურებელი ხედავდა, თუ როგორ ცდილობდა ილუზიონისტი თავის დახსნას. წყლის ზედაპირზე ბუშტები სკდებოდნენ – ჰუდინის ფილტვები ჰაერისგან იცლებოდა, ცოტაც და ილუზიონისტი დაიხრჩობოდა – სწორედ ამ დროს ეშვებოდა ფარდა. წამით. სულ წამით. და ილუზიონისტი უკვე სცენაზე იდგა. ხელგახსნილი, საღ-სალამათი და მომღიმარი. ამ ტრიუკის დროს უხერხულად შეკრული მარწუხის გამო წვივი დაუზიანდა, მაგრამ გამოსვლა არ შეუწყვეტია – ფეხზე საფენის დადება მოითხოვა, რის შემდეგაც ნომრის შესრულება განაგრძო. მან კიდევ ერთხელ სცადა ბედი სიკვდილთან და, როგორც ყოველთვის, გამარჯვებული გამოვიდა.
ჰუდინის “ხელბორკილთა მეფე” უწოდეს. მართლაც, ყველაზე საიმედო ხუნდებიც კი მის წინაშე მოწიწებით იხრიდნენ ქედს. და არამარტო ხუნდები – სეიფები, გისოსები, მასაჩუსეცის ჩრდილო ათელბოროს ციხის, ლონდონის თაუერის, მოსკოვის ბუტირკის საკნები – არ არსებობდა ცხრაკლიტული, საიდანაც ჰუდინის თავის დაღწევა ვერ მოეხერხებინა.
1904 წელს კლიტეების ცნობილმა ოსტატმა ნათანელ ჰართმა და გაზეთმა “დეილი მირორმა” ჰუდინი დუელში გამოიწვიეს – ილუზიონისტს ის ხუნდები უნდა აეხსნა, რომლის დამზადებასაც ჰართმა 7 წელი მოანდომა. ლონდონის იპოდრომზე, რამდენიმე ათასი მაყურებლისა და ასეულობით ჟურნალისტის თვალწინ ჰარი ჰუდინიმ ეს შეძლო.
ჰუდინი არამხოლოდ დიდი ილუზიონისტი, თავისი დროის უდიდესი შოუმენიც იყო – სწორედ მან აქცია “ფოკუსები” სალონური გასართობიდან მასობრივ სანახაობად. შეგვიძლია, მას სუპერვარსკვლავიც ვუწოდოთ, ამ სიტყვის დღევანდელი გაგებით. რუსეთში გასტროლის დროს მან “გაციმბირება” გაითამაშა – ის დააპატიმრეს, ხუნდები დაადეს და ციმბირისკენ მიმავალ ვაგონში მოათავსეს სხვა არესტანტებთან ერთად. რა თქმა უნდა, ჰუდინიმ აქედანაც დაიხსნა თავი და “გაციმბირებასაც” გადაურჩა. ნიუ იორქში ის ხელფეხშებორკილი და შლეგის პერანგში გამოკვანძული ცათამბჯენის შვერილზე თავქვე დაკიდეს და მრავალრიცხოვანი მაყურებლის თვალწინ ილუზიონისტმა თავი გაითავისუფლა. ლონდონში ხელ-ფეხი შეუკრეს, ესეც არ აკმარეს, მეტალის დიდი ბირთულა ჩამოჰკიდეს და ხიდიდან მდინარეში გადააგდეს. როდესაც შეკრებილნი უკვე პანიკამ მოიცვა და ხალხი მყვინთავების გამოძახებას მოითხოვდა – ჰუდინი ნაპირზე გამოვიდა. სიკვდილთან მოთამაშე და მუდამ გამარჯვებული.
რა თქმა უნდა, სიკვდილთან მოთამაშე კაცის მთავარი ტრიუკი მისი მკვდრეთით აღდგომა უნდა გამხდარიყო. ამ ტრიუკისთვის ჰუდინი არაერთი წელი ემზადებოდა. სულ პირველი მცდელობა 1915 წელს ჰქონდა, როდესაც 6 ფუტის სიღრმის ორმოში ჩაწვა და მიწა მიაყარეს. როგორც თავად ილუზიონისტი იგონებს, ის სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა გულზე დაყრილი მიწის სიმძიმისთვის, პანიკამ მოიცვა და რომ არა ასისტენტები – დაიღუპებოდა. მოგვიანებით ჰუდინი ჰერემტულად დალუქულ კუბოში ჩაწვა და აუზის ფსკერზე საათზე მეტი გაატარა. ილუზიონისტი თავისი ფილტვების შესაძლებლობების ზღვრის დადგენას ლამობდა. ეს მხოლოდ სამზადისი იყო. და აი 1927 წლის პროგრამაში პირველად გამოჩნდა ნომერი “ცოცხლად დამარხული” – შლეგის პერანგში გაკვანძული ჰუდინი დაკლიტულ კუბოში უნდა ჩაესვენებინათ და სილით სავსე ავზში დაეფლათ… მაგრამ 1927 წელს ჰუდინი სცენაზე არ გამოსულა. 1926 წლის შემოდგომაზე მონრეალში გასტროლებზე მყოფ ილუზიონისტს კულისებში რამდენიმე ახალგაზრდა ესტუმრა. უეცრად ერთ-ერთმა ჰუდინის მუცელში მუშტები დაუშინა. მოგვიანებით თავდამსმხმელი ამტკიცებდა, რომ ჰუდინიმ თავად დართო ამის ნება – რათა რკინისებრი მუცლის პრესი ეჩვენებინა. ყველა “სიკეთესთან” ერთად ეს ახალგაზრდა მოკრივე აღმოჩნდა. ჰუდინის აპენდიქსი გაუსკდა და კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება სიკვდილს ატყუებდა, 1926 წლის 31 ოქტომბერს, ჰელოუინზე პერიტონიტისგან დაიღუპა. ის მხოლოდ 52 წლისა იყო.
მან თავის მეუღლეს დაუტოვა ბარათი, სადაც წერდა – “თუკი ვინმე შეძლებს იმქვეყნიდან დაბრუნებას – ეს მე ვიქნებიო”.
P.S.
2007 წელს ჰუდინის ძმის, თეოს შვილთაშვილმა ჯორჯ ჰარდინმა თავისი დიდი ბაბუის ექსგუმაცია მოითხოვა. ჰარდინი ამტკიცებდა, რომ ჰუდინი სპირიტისტებმა მოწამლეს (ილუზიონისტმა სპირიტისტები შარლატანებად გამოაცხადა და დაუნდობლად ამხელდა მათ) და ამ ფაქტის ექსპერტიზით დადასტურებას ლამობდა, მაგრამ ბესს ჰუდინის შთამომავლები ამ განზრახვას წინ აღუდგნენ და საფლავი ხელუხლებლად დარჩა… არადა, ვინ იცის, ეგებ კაცი, რომელიც სიკვდილს ეთამაშებოდა, იმ 1926 წელის ჰელოუნზეც გამარჯვებული გამოვიდა და საფლავი ცარიელი აღმოჩენილიყო.
ჰარი ჰუდინიმ მისი ეპოქის განცვიფრება უამრავი რამით შეძლო – ყველას თვალწინ გააქრო სპილო, გაიარა კედელში, პირველმა გადაუფრინა ბიპლანით ავსტრალიას, მონაწილეობდა ფილმებში, მეგობრობდა პრეზიდენტ თეოდორ რუზველთთან და ართურ ქონან დოილთან (რომელსაც მოგვიანებით წაეკიდა, როცა ილუზიონისტი სპირიტისტებს დაუპირისპირდა), მაგრამ ყველაფერს ერთი პოსტი რას ეყოფა.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
ინფორმატიული პოსტი იყო.
ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მართლა მოკლეს.
LikeLike
არ ვიცი მოკლეს თუ არა, მაგრამ ძალიან იდიოტური სიკვდილი კია.
ნიანგებზე მონადირე ავსტრალიელი ზოოლოგი და კინოდოკუმენტალისტი იყო. სახელი არ მახსოვს. ენიმალ ფლანეთზე გადიოდა ხშირად – და ბოლოს სკატმა მოკლა შემთხვევით.
ჰუდინისაც ასე დაემართა – სულ სიკვდილს ცდიდა და უაზროდ კი დაიღუპა.
LikeLike
გამარჯობა 🙂
ეგ ფილმიც ნანახი მაქვს. და კიდევ წიგნი მაქვს ჰუდინიზე წაკითხული. რუსული წიგნია ილუზიონისტებზე და მათ შორის ჰუდინიზეცაა. მართლა მაგარი კაცი იყო.
მისი ტრიუკების ბევრი საიდუმლო ცნობილია, მაგრამ გამეორებით ბევრი ვერ გაიმეორებს იმდენად დიდი ფიზიკურ დატვირთვაა.
იმ წიგნის სათაურს ვნახავ მერე და გეტყვი.
LikeLike
ვიცი ეგ წიგნი 🙂
ოტ მაგოვ დო ილუზიონისტოვ – ასე ქვია.
LikeLike
ეხლა უნდა დამეწერა და დაგიწერია უკვე. 🙂
კი ეგ წიგნია. ძალიან მიყვარდა ბავშვობაში.
გადავათვალიერო უნდა.
LikeLike
ამ პოსტს რომ ვწერდი, გადავიკითხე.
მეც მომწონდა ბავშვობაში, მაგრამ ახლა რომ ვნახე დიდი ვერაფერი. 🙂 ინტერნეტში უფრო კარგი რამეები ვნახე.
LikeLike
ჰუდინი კი გამიგია, მაგრამ ასე დეტალურდ არ ვიცოდი.
ჩვენთან კიდე ცირკიც არაა 😦
LikeLike
ჩვენ თუ კიდე ცირკი გვაკლია 🙂
LikeLike
რა უაზრო სიკვდილია 😦
წარმოიდგინე, გუდინის ჩვენს დროში რომ ეცხოვრა. რამდენს გააკეთებდა თანამედროვე ტექნიკის დახმარებით…
LikeLike
კი ძალიან გაასწრო დროს. პირველ რიგში მაინც შოუს ამბავში.
ქოფერფილდი რომ აქრობს თვითმფრინავს და ეგეთ დიდი ობიექტებს – ჰუდინის პრინციპით აკეთებს.
ჰუდინი სპოლოს გადდაფარებდა ზეწარს და გადააძრობდა და სპოლო აღარ იყო – თეთრი ზეწრის ქვეშ კი შავი იყო, რომელიც ფარავდა სპილოს და შავ ფონზე და სპეციალურად დაყენებული შუქების წყალობით ის არ ჩანდა.
თუმცა, ზოგი ისეთი ტრიუკი აქვს იციან, მაგრამ ვერავინ იმეორებს.
LikeLike
სიკვდილს ეთამაშებოდაო და აი, სიკვდილიც გაეთამაშა – ასე უაზროდ დაამთავრა სიცოცხლე…
კარგი პოსტია, ძალიან ინფორმაციული.
აქვე სეზონის გახსნას გილოცავ 🙂
LikeLike
ამ პოსტის მაღალი რეიტინგი სასიამოვნოდ მაკვირვებს.
მოულოდნელი იყო.
LikeLike
ძალიან საინტერესო პოსტი იყო.
მადლობა
LikeLike