ყველაზე გამჭრიახი გამოგონილი დეტექტივები

ეძღვნება შევალიე ოგიუსტ დიუპენის ხსოვნას

Holmes-livanovლონდონელი კერძო მაძებარი შერლოქ ჰოლმსი (Sherlock Holmes) ან, როგორც უფრო ზუსტი იქნებოდა, შერლოქ ჰოუმზი – უდავოდ ყველაზე ცნობილი მაძებარია ყველა ცნობილ მაძებართა შორის, იმდენად, რომ მისი სახელი და გვარი დეტექტივის სინონიმადაც კი იქცა. ის დანაშაულის გახსნისადმი სამეცნიერო მიდგომის მომხრე და, შეიძლება ითქვას, ფუძემდებელიც კია. არ ენდობა წინათგრძნობას, არასდროს სდევს ემოციებს (ერთადერთხელ, როცა კი გრძნობებმა გადაძალა – ის გაცუცურაკებული დარჩა, როგორც თავად უწოდებდა – “იმ ქალის” მიერ). ალკოჰოლურ სასმელს დიდად არ ეტანება. გამოუსწორებელი მწეველია და არც ნარკოტიკებზე ამბობს უარს. მუდამ საკუთარ გეგმას მიჰყვება და თავს ნებას აძლევს, კანონიერ გზასაც კი გადაუხვიოს,  თუკი ეს სამართლიანი ეჩვენება. რამდენადაც მუდამ სიკეთის მხარესაა და ბოროტებას ამარცხებს, მკითხველები ყველაფერს პატიობენ. მის მზერას, სმენასა და ყნოსვას არაფერი გამორჩება. მოწესრიგებულს ვერ დავარქმევთ – როცაკი რამე საიდუმლოს ამოხსნითაა დაკავებული, მის კაბინეტში ნამდვილი ქაოსია, რაც ძალიან აწუხებს სახლის პატრონსა და დიასახლისს, მისის ჰადსონს, მაგრამ თავად ჰოლმსს – ნაკლებად. ფენომენალური მეხსიერებისა და ენციკლოპედიური ცოდნის პატრონია, განსაკუთრებით რაც ეხება დამნაშავეთა სამყაროს, იარაღს, თამბაქოს, შესანიშნავი ქიმიკოსი და ბოტანიკოსია, კარგად უკრავს ვიოლინოზე და, საუკუნის დასალიერს მეფუტკრეობასაც კი აითვისებს.

ჰოლმსი მაღალი და ხმელი აღნაგობისაა. ფიზიკურად არაჩვეულებრივად ძლიერია.  ფლობს აღმოსავლურ ორთაბრძოლებს. როგორც მოყვარული მოკრივე რინგზეც გამოსულა. შესანიშნავად ისვრის მიზანში. ფარიკაობის ილეთებსაც ფლობს.

ერთი შეხედვით, პატივმოყვარე არ ეთქმის და ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს, თუმცა, ფრიად კმაყოფილია იმ დიდებით რაც ექიმ უოთსონის წიგნებმა მოუტანეს, ხშირად საყვედურობს კიდეც მეგობარს, რომ მისი ჩანაწერები ჰოლმსის დედუქციური მეთოდის გამორჩეულობას არაჯეროვნად აღწერს. სიამოვნებს, როდესაც ცნობენ და პატივისცემით იხსენიებენ, ამასთან, სრულიადაც არაა განდიდების მანიით შეპყრობილი და უფროსი ძმის, მაიქრაფთის ნიჭსა და უნარს საკუთარზე მაღლა აყენებს.

ჰოლმსი ინგლისელია, თუმცა ფრანგული სისხლიც ურევია (გადაძახილი ოგიუსტ დიუპენთან) – მისი ბებია მხატვარ ორას ვერნეს და იყო.

ჰოლმსის ავტორი სერ ართურ ქონან დოილია (Arthur Conan Doyle). ეს მაძებარი პირველად 1887 წელს გამოჩნდა ნაწარმოებში “ეტიუდი მეწამულ ფერებში”.

poirot-suchetყოფილი პოლიციელი, ამჟამად კი კერძო დეტექტივი ერკიულ პუაროც (Hercule Poirot) ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ბელგიელი ემიგრანტია (თუმცაკი ყველას ფრანგი ჰგონია). კარგი გემოვნებით გამოირჩევა და, ჰოლმსისგან განსხვავებით, კომფორტის დამფასებელია. ლამაზად ჩაცმა უყვარს, თუმცა თანამედროვე მოდის ტენდენციები არ მოსწონს. ლიმუზინით დაქრის და არაჩვეულებრივად პატივმოყვარეა. ირონიულია. ხშირად თავს უფლებას აძლევს მისი მეგობრის, პოლკოვნიკ ჰასთინგზის მიუხვედრილობას გაჰკრას კბილი (რაც ძალიან განსხვავდება ჰოლმს-უოთსონის ურთიერთობებისგან). კარგი ფსიქოლოგია, რაც დამნაშავის ამოცნობაში ეხმარება, რა თქმა უნდა, ჰოლმსისეულ დედუქციის მეთოდსაც სრულყოფილად ფლობს.

პუარო მომცრო ტანისაა და, როგორც ერთი არამაძებარი კაცუნა იტყოდა – ზომიერად ფეხ-ხორციანი. გურმანია. ტკბება, როდესაც ლამაზი ქალებითაა გარშემორტყმული, თუმცა ცდილობს, სილამაზემ თვალი არ მოსჭრას და გონება არ დაუბნელოს (ჰოლმსის შემთხვევა, ალბათ, კარგად ახსოვს). მარტოხელაა. არაჩვეულებრივად მოწესრიგებულია. პუნქტუალურია. პედანტი. ამაყობს თავისი მოვლილი ულვაშებით.

პირველად 1920 წელს გამოჩნდა ნაწარმოებში “საიდუმლო შემთხვევა სთაილზში”.  მისი ავტორი აგათა ქრისთია (Agatha Cristie).

ფრანგი კომისარი ჟიულ მეგრე (Jules Maigret) ბელგიელი მწერლის, ჟოჟ სიმენონის (Georges Simenon) ნაწარმოებში “ცაცია პიეტრი” გამოჩნდა 1931 წელს, სადაც მას მთავარი როლი სრულიადაც არ ეთმობოდა. მოგვიანებით ჟიულ მეგრე წინა პლანზე გამოვიდა და, შესაძლოა, მსოფლიოში ყველაზე ცნობილ პოლიცილ-გამომძიებლადაც იქცა. მან დაამსხვრია ყეყეჩი და ბრიყვი პოლიციელის ის იმიჯი, ქონან დოილმა და ქრისთიმ რომ დაამკვიდრეს.

მეგრემ სამსახური რიგით პოლიციელად დაიწყო და დივიზიის კომისრად დაამთავრა. სიტყვაძუნწი და უაღრესად კეთილი ადამიანია. დამნაშავეებიც ეცოდება და ცდილობს მათ სულებში ჩაიხედოს – მეგრესგან, ალბათ, კარგი მღვდელი გამოვიდოდა. თანამშრომლების მიმართ მომთხოვნია, ამასთან, პატრონობს, ასწავლის და შეცდომებსაც პატიობს. გუნდური მუშაობა მისთვის წარმატების საფუძველია. მეგრე, პირველ ყოვლისა, ფაქტებს ენდობა, თუმცა, ხანდახან, მისი მეუღლის ინტუიციასაც უგდებს ხოლმე ყურს.

კარგი მეოჯახე და მოსიყვარულე, ერთგული ქმარია. შვილი მშობიარობისას დაეღუპათ.

ჰოლმსისა არ იყოს, გამოუსწორებელი მწეველია და ჩიბუხების მთელი კოლექციაც აქვს. როგორც ფრანგს შეეფერება, უყვარს ღვინო, სიდრი, პასტისი და, ზოგჯერ – ლუდიც. გურმანია – მისი მეუღლე კარგი კულინარია.

თუკი მეგრესგან კარგი მღვდელი დადგებოდა, გილბერთ ქით ჩესთერთონისეული (Gilbert Keith Chesterton) მამა ბრაუნი (Father Brown) კათოლიკე მღვდელია, რომლისგანაც კარგი პოლიციელი გამოვიდოდა. გამჭრიახი გონებისა და მახვილი თვალის წყალობით მამა ბრაუნს ყველაზე დახლართული დანაშაულის კვანძის გახსნაც კი შეუძლია. მისი მეთოდი ჰოლმსისეულ სამეცნიერო მიდგომს არ ჰგავს და უფრო ინტუიტიურია – მამა ბრაუნი ამბობს, რომ ყველა დანაშაული, რომელიც კი გამოძიებული აქვს – თავად დაგეგმა და ჩაიდინა (ცხადია – მხოლოდ საკუთარ გონებაში) და რაკი თავი იგრძნო, როგორც დამნაშავემ, მისი ამოცნობაც არ გასჭირვებია.

  • ედგარ ფო წერს ბიჭუნაზე, რომელიც მუდამ იგებდა თამაშს “ლუწი თუ კენტი”. დიუპენი მის საიდუმლოს ასე ხსნის: “როცა იმ ბიჭს ვკითხე, შენი მეტოქის აზრის გამოცნობას და სულ მუდამ მოგებას როგორ ახერხებ-მეთქი, ბიჭმა მიპასუხა: “თუ მინდა გავიგო, რა ჭკუის პატრონია, ან რამდენად კეთილია თუ ავი, ან ამწუთას რას ფიქრობს ჩემი მეტოქე, ვცდილობ, მისეული გამომეტყველება მივიღო და მერე ვიცდი, აბა რას გავიფიქრებ და რა გუნებაზე დავდგები. ასე ვრჩები ყოველთვის მოგებული.” “ნაპარავი წერილი”. (მთარგმნელი ზაურ კილაძე). 

მამა ბრაუნი რაციონალისტია – ამოუცნობი, მისტიკური მოვლენების არ სჯერა, რითიც ჰოლმსს ჩამოჰგავს. სიტყვაძუნწია, მაგრამ ყოველთვის მზადაა, რომ მოგისმინოთ. ადამიანის ბოროტი ბუნებისა არ სწამს და ბოლოს მის მუდმივ ოპონენტს – ფრანგ დიდოსტატ ქურდ ფლამბოსაც კი “მოაქცევს”, რომელიც კერძო დეტექტივი გახდება (მკვლევარნი მიიჩნევენ რომ ფლამბო საფრანგეთის დანაშაულებათა სამყაროს “უფლისწულზე”, მოგვიანებით კი – ფრანგული პოლიციის შეფსა და კერძო მაძებარზე, ფრანსუა ვიდოკზე მიანიშნებს, თავად მამა ბრაუნის პროტოტიპი კი ირლანდიელი მღვდელი, ჯონ ო’ქონორი იყო).

პირველი მოთხრობა მამა ბრაუნის სერიიდან სახელწოდებით “ლურჯი ჯვარი” 1910 წელს დაიბეჭდა.

შოტლანდიელი მწერლის ჯონ დიქსონ ქარის (John Dickson Carr) დეტექტურ ნაწარმოებთა პერსონჟები – დოქტორი გიდეონ ფელი (Dr. Gideon Fell) და სერ ჰენრი მერივეილი (Sir Henry Merrivale) იმდენად გვანან ერთმანეთს, თითქოს ერთ სულ და ერთ ხორც იყვნენ, ამიტომ მათ ვერც ჩემს პოსტში დავაცალკევებ. ფელი მეცნიერია, ლექსიკოგრაფი და ისტორიკოსი, შესანიშნავად ერკვევა ფილოსოფიაშიც. უაღრესად ნაკითხი და ენციკლოპედიური ცოდნის პატრონია. მისი კვლევის საგანი ლუდი და ინგლისელი ხალხის ის ტრადიციებია, რაც ლუდს უკავშირდება. ფართოფარფლებიანი შლაპითა და ტროსტით დაბრძანდება. დინჯი ადამიანია, თუმცა გახუმრებაც უყვარს. მერივეილს იურიდიული და სამედიცინო განათლება აქვს, თუმცა სახელმწიფო სამსახურშია. ადრეულ ნაწარმოებებში მისი უდიდებულესობის საიდუმლო სამსახურს ხელმძღვანელობს. მოგვიანებითაც მაღალი თანამდებობები უჭირავს და დიდი გავლენით სარგებლობს. უაღრესად განათლებულია. უფრო გვიანდელ მოთხრობებში (ჩანს, გიდეონ ფელთან დაპირისპირების მიზნით) ქარმა მერივეილს სულ მეტი და მეტი გროტესკული თვისებები შესძინა – მშვიდი და აუღელვებელი დოქტორი ფელისგან განსხვავებით, სერ ჰენრი მერივეილი მეტად ექსცენტრიკული, უკბილო ხუმრობების მოყვარული და ერთობ თავხედიც კი გახდა. დოქტორი ფელი ნამდვილი ჯენტლმენია, სერ ჰენრი მერივეილი კი ჯუჯღუნა სკანდალისტი. როდესაც გიდეონ ფელის პორტრეტს ქმნიდა, დიქსონ ქარის შთაგონების წყარო მამა ბრაუნზე დაწერილი მოთხრობების ციკლი იყო, მერივეილი კი, მკვლევართა აზრით, სერ უინსთონ ჩერჩილის გროტესკული ასლია, აქედანაა მისი სიგარების სიყვარულიც.

ჯონ დიქსონ ქარის ნაწარმოებების საყვარელი თემა დახშულ სივრცეში ჩადენილი დანაშაულის საიდუმლოს ამოხსნაა, რასაც დოქტორი ფელიცა და სერ ჰენრი მერივეილიც წარმატებით ახერხებენ. მათი მეთოდი ინტუიტიურ-დედუქციურია. სადაც ფაქტები საკმარისია – დამნაშავეს დედუქციური მეთოდით აგნებენ, სადაც ფაქტები არ კმარა, იქ შესაშური ინტუიცია შველით.

დოქტორი გიდეონ ფელი პირველად 1933 წლის “ალქაჯთა ყურეში” ჩნდება, სერ ჰენრი მერივეილი კი 1934-წლისეულ მოთხრობაში “მკვლელობები ფლეგ ქორთში”, რომელიც ჯონ დიქსონ ქარმა ფსევდონიმით, ქართერ დიქსონის სახელით გამოაქვეყნა.

wallander-lassgardინსპექტორი კურტ ვალანდერი (Kurt Wallander) შვედი მწერლის ჰენინგ მანკელის (Henning Mankell) რომანში “უსახო მკვლელები” გამოჩნდა პირველად 1991 წელს. ვალანდერი ქალაქ ისტადის პოლიციაში მუშაობს. მისი სპეციალიზაცია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებია.

მარტოსულია. ურთიერთობებს არ გაურბის, მაგრამ ძალიან ახლობელ ადამიანებსაც კი ვერ ეწყობა – მამასთან მუდმივად ჩხუბობს, ქალიშვილს ვერ უგებს, ცოლს გაცილებულია, საყვარელ ქალსაც სულ უფრო შორდება. მისი ერთი საუკეთესო მეგობარი გარდაცვლილია, მეორე – წლებია არ უნახავს. გუნდური თამაში მისი სტიქია არაა – ამის გამო კოლეგების საყვედური ესმის და ინტრიგების მსხვერპლიც ხდება ხოლმე.  მიუხედავად ამისა, ძალიან ერთგულია – იმ ყაიდის ადამიანებს განეკუთვნება, რომელთანაც შეიძლება, თვეობით არ გქონდეს ურთიერთობა, მაგრამ, როგორც კი გაგიჭირდება – გაგახსენდება, დაურეკავ და ისიც ზდმეტი კითხვების გარეშე შენს გვერდით გაჩნდება.

ვალანდერს საკუთარი ქცევის კოდექსი გააჩნია, რაც პოლიციის კოდექს, ხშირად, არ ემთხვევა. ვალანდერი კონსერვატორია. კომპიუტერს ძნელად ეგუება და მობილური ტელეფონი მუდამ გამორთული აქვს. მას შემდეგ, რაც ეჭვმიტანილი შემოაკვდა, იარაღსაც იშვიათად ატარებს. სამაგიეროდ, კარგი ინტუიციით გამოირჩევა. უშეცდომო არაა. ზოგჯერ, საბედისწერო შეცდომებიც მოსდის, მაგრამ, საბოლოო ჯამში, დამნაშავის შეპყრობას მაინც ახერხებს.

ცხოვრებას ფილოსოფოსის თვალით უყურებს. ზოგჯერ ფატალისტადაც ჩანს. კლასიკური მუსიკის მოყვარულია. მუდამ “პეჟოთი” დადის – როდესაც ძველ “პეჟოს” გაყიდის, ისევ “პეჟოს” შეიძენს. ძალიან უყვარს ძაღლები, მაგრამ არ ყიდულობს, რამდენადაც მისი პატრონობის დრო არ აქვს.

ალკოჰოლისა და ფასთფუდის დიდი მოყვარულია. სანამ მანკელის წიგნები ჩამივარდებოდა ხელში, ის დეტექტივები უფრო მიყვარდა, სადაც მთავარი მოქმედი გმირი კერძო მაძებარია, მაგრამ ვალანდერის ციკლმა ჩემი დამოკიდებულება შეცვალა – მანკელი საგამოძიებო სისტემას კარგად იცნობს (მამამისი მოსამართლე იყო) და ძალიან დამაჯერებლად აღწერს პოლიციის მუშაობას: შეცდომებს, რაც პოლიციას მოსდის, სუსტ კოორდინაციას, ბიუროკრატიზმს და ამავე დროს – თავდადებას, უძილო ღამეებს, არაჩვეულებრივ შრომისმოყვარეობას, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის საოცრებებს… მოკლედ – ძალიან საინტერესოა.

პოლონელი ემიგრანტების ჩამომავალი, ედინბურგელი ინსპექტორი ჯონ რებუსი (John Rebus), მარტოსულობით კურტ ვალანდერს მოგვაგონებს. მეუღლეს გაცილებულია, შვილს იშვიათად ხედავს. როგორც თავად აღნიშნავს, ნათესავები კოლეგებით ჩაანაცვლა, მაგრამ გასაკვირი კია, როგორ უძლებენ – რებუსი ჭირვეული და გულჩათხრობილი ხასიათით გამოირჩევა, ენამწარეა და საკუთარი მიზნის მისაღწევად ადამიანების გამოყენება სჩვევია.

პირველად 1987 წელს გამოცემულ “ჯვრებსა და ნულებში” (Knots and Crosses – ეს იმ თამაშის სახელწიდებაა “კრესტიკი-ნოლიკის” რომ ვუძახით) ჩნდება და იმხანად ჯერ სერჟანტია. რებუსი ნამდვილი მაძებარია – შეუპოვარი და ჯიუტი, თუკი დამნაშავეს კვალში ჩაუდგება, დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ გზიდან არაფრის დიდებით გადაუხვევს. ყოფილი სამხედროა – სპეცრაზმელი. საკუთარ თავს ფაიფურის მაღაზიაში შეჭრილ სპილოს ადარებს და კანონების საკუთარ თავზე მორგება უყვარს, რის გამოც პოლიციის ხელმძღვანელებთან მუდმივ კონფლიქტშია, მაგრამ გახსნილი დანაშაული ყველაფერს წონის, მეორეს მხრივ, ცუდ ხასიათსა და კონფლიქტურობას უნდა უმადლოდეს, რომ ინსპექტორობის ზემოთ არ აწინაურებენ.

ბევრ შოტლანდიურ ვისკის სვამს, დღეში ერთ კოლოფ სიგარეტს ეწევა, კვირაობით ეკლესიაში დადის – “სათავისო” ღმერთს დაეძებს. თავისუფალ დროს დოსტოევსკისა და შექსპირს კითხულობს. მექალთანეა და, თუკი ვინმეს ძალუძს მისი გაცურება – ეს ლამაზი ქალია.

ჯონ რებუსი შოტლანდიის დამოუკიდებლობის მომხრეა და ინგლისელები დიდად არ უყვარს, თუმცა, არც შოტლანდიელი პოლიტიკოსების მიმართაა კეთილგანწყობილი.

კლასიკური როკისა და პანკ როკის მოყვარულია. ძველი “სააბი” ყავს. ის შოტლანდიელი მწერლის იენ რენქინის (Ian Rankin) შექმნილია. რენქინი ქონან დოილის შემდეგ ყველაზე ცნობილ და წარმატებულ შოტლანდიელ დეტექტივისტად მიიჩნევა და, უფროსი კოლეგის მსგავსად, ბრიტანეთის იმპერიის რაინდი და შოტლანდიის ლორდ-ლეიტენანტის მოადგილეა.

  • სხვათა შორის, ყველას შეუძლია რენქინის რომანის მონაწილე გახდეს – მწერალი საკუთარ პერსონაჟებს ყიდის – გადაიხადე და შენი გვარ-სახელის ან გარეგნობის ადამიანი მომდევნო ტომში გამოჩნდება. ეს არამხოლოდ ადამიანებს ეხება, არამედ – ცხოველებსაც. ეგებ, მათ ეს დიდად არ ადარდებდეთ, მაგრამ პატრონებს ხშირად სურთ ხოლმე ოთხფეხა მეგობრების ამგვარი უკვდავყოფა.

cross-freemanფსიქოლოგი, პოლიციის დეტექტივი, მოგვიანებით კი გამოძიების ფედერალური ბიუროს უფროსი აგენტი, დოქტორი ალექს ქროსი (Dr. Alex Cross) პირველად 1993 წელს გამოჩნდა ამერიკელი მწერალის, ჯეიმს ფათერსონის (James Patterson) რომანში “და მოვიდა ობობა”.

ალექს ქროსის სპეციალიზაცია სერიული მკვლელების ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნა და მათი ამოცნობაა. მშვიდ და გაწონასწორებულ ქროსს, რომელსაც არ უყვარს ძალადობა და იარაღსაც იშვიათად იყენებს, “მოსუპერმენო” კოლეგები ოდნავი ირონიითაც უყურებენ, მაგრამ მის მიერ გახსნილი უმძიმესი დანაშაულებები მაღალ კვალიფიკაციაზე მეტყველებენ.

ქროსი სანიმუშო მამა, საუკეთესო მეგობარი და მრავალრიცხოვანი ნათესაობის იმედი, სული და გულია. სამწუხაროდ, მისი საყვარელი ქალები ხშირად ხდებიან იმ ფსიქოპატთა სამიზნე, რომელთაც ქროსი დასდევს. უყვარს ცხოველები და აბისინური ჯიშის კატა ყავს.

ტკბილეულის მოყვარულია, გამორჩეულად კი – არაქისის კარაქის. კარგ ფიზიკურ ფორმაშია. კრივში ვარჯიშობს.

ქროსის საყვარელი იარაღი “გლოკია”, ავტომობილი კი – “პორშე” (თუმცა, ბოლოს მაინც შეელევა და “მერსედეს-ბენცზე” გადაცვლის). უყვარს ჯაზი და ფორტეპიანოზე მუზიცირებს.

ფათერსონს, თითქოს, რაღაც ერთი შაბლონი, ერთი სქემა აქვს, რომელზედაც აგებს თავის ნაწარმოებებს, ამიტომ ქროსის სერიის კითხვისას რამდენჯერმე გამიჩნდა შეგრძნება, თითქოს უკვე წაკითხულს ხელახლა ვკითხულობდი.

  • 2010 წელს ჯეიმს ფათერსონმა მკითხველებს განუცხადა, რომ თუ მის ახალ წიგნს არ შეიძენდნენ, ის ქროსს მოკლავდა. წიგნი კარგად გაიყიდა. ქროსს, შეუძლია, თავი უსაფრთხოდ იგრძნოს.

ჰოლანდიური წარმოშობის დეტექტივი ჰარი ბო(უ)ში (Hieronymous (Harry) Bosch) ლოს ანჯელესის პოლიციის  დეტექტივია. ყოფილი სამხედრო, სპეცრაზმელი, ვიეტნამის ომის ვეტერანი ბოში მკვლელობებს იძიებს, მაგრამ არვინ იცის, ვინ უფრო საშიშია – დამნაშავენი თუ მაძებარი. “უკარება. ჩხუბისთავი. მკველი”, – ასე ახასიათებს საკუთარ თავს ბოში. უფროსები ოცნებობენ დღეზე, როდესაც ის პენსიაში გავა, მაგრამ როდესაც სამსახურს თავს ანებებს, იძულებულნი არიან, კვლავ დასახმარებლად მოუხმონ. ეგოისტი ადამიანის რეპუტაცია აქვს, ადამიანების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება უყვარს, თუმცა, მზადაა მოკვდეს და მეწყვილე არ დააღალატოს.

მიზანმიმართული და ჯიუტია, თავისნათქვამა. წესებს არ სცნობს. თუკი მოწევა აკრძალულია – მას აუცილებლად სიგარეტი აქვს გაჩრილი. ყურს არვის უგდებს და არვის უჯერებს. “ქურდი ციხეში უნდა იჯდესო,” – ამბობდა გლებ ჟეგლოვი. დამნაშავე უნდა დაისაჯოსო – ამბობს ჰარი ბოში. ზოგიერთი საქმის გახსნაზე ის ათეული წელია მუშაობს, მაგრამ მიზანს მაინც აღწევს. მის ირგვლივ უამრავი ლამაზი ქალია, მაგრამ ბოშის გვერდით დიდხანს ვერვინ ჩერდება. ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა. ქალიშვილს წელიწადში ორჯერ თუ ხედავს.

პირველი რომანი ბოშის მონაწილეობით “შავი ექო” 1992 წელს გამოაქვეყნა ამერიკელმა მწერალმა მაიქლ ქონელიმ (Michael Connelly). თავისი პერსონაჟის სახელი, ძნელი მისახვედრი არაა, დიდი ჰოლანდიელი მხატვრის პატივსაცემად შეარჩია… (სიტყვამ მოიტანა და ბარემ აქვე ვიტყვი – ჰოლანდიაში ტყუილად ნუ ეძებთ მუზეუმებში ჰიერონიმუს ბოსხს – ასეთი ვინმე მათ არ იციან – ამ ფერმწერის სახელი და გვარი გამოითქმის როგორც იერონიმას ბოსი). დეტექტივი ბოში სეხნიის დარი ხელოვანი ვერაა, მაგრამ საქსოფონზე ჯაზს მუზიცირებს, ბევრს კითხულობს – მისი საყვარელი მწერალი ჰერმან ჰესეა (მისი ნამდვილი გვარი კი – ჰალერი – ტრამალის მგელი ჰარი ჰალერი). პოლიციელობა რომ არ აერჩია, მისგან პროფესიონალი ბეისბოლისტი დადგებოდა.

ერასტ ფანდორინი (Эраст Петрович Фандорин) ქართული წარმოშობის რუსი მწერალის, ბორის აკუნინის  (Борис Акунин), იგივე გრიგოლ ჩხარტიშვილის დეტექტივების მთავარი გმირია. პირში მთქმელი და სიმართლის მოყვარული ფანდორინი ხშირად იცვლის სამუშაო ადგილს, თუმცა, ძირითადად, სახელმწიფო სამსახურში რჩება – ყველაზე დიდხანს ის მოსკოვის გენერალ გუბერნატორის საგანგებო დავალებათა აღმსრულებელად შემორჩა. ფანდორინი გარუსებული გერმანელი თავადის, ფონ დორნის შორეული შთამომავალია.

ნამდვილი არისტოკრატია. თავაზიანი. თავდაჭერილი. ნაკლებემოციური. ოდნავ ენას უკიდებს (პირველი ცოლის ქორწინების დღეს დაღუპვისას გადატანილი შოკის გამო). მისი წონასწორობიდან გამოყვანა, თითქმის, შეუძლებელია. საკუთარ გარეგნობას დიდი ყურადღებას აქცევს, კორსეტსაც კი ატარებს, რომ უფრო ტანწერწეტა ჩანდეს. ქალებში ყოველთვის დიდი პოლულარობით სარგებლობს და აზარტულ თამაშებშიც ბედი სწყალობს. მარტოსულია. მისი ერთადერთი მეგობარი იაპონელი მსახური, მასახიროა.

დანაშაულებათა გახსნის ფანდორინისეული მეთოდი დედუქციურია. მას სამხილთა შეგროვება, ფაქტების ჩამოთვლა და სისტემატიზაცია უყვარს, თუმცა, ბედისწერისაც სწამს.

ერასტ ფანდორინი პოლიგლოტია, რამდენიმე ევროპულ და აზიურ ენას ფლობს. იაპონური კულტურის დიდი დამფასებელია. უზადო მოფარიკავეა. ფლობს აღმოსავლურ საბრძოლო ხელოვნებას (“ნეფრიტის კრიალოსნის” ერთ-ერთ მოთხრობაში აღწერილია მისი და შერლოქ ჰოლმსის შეხვედრა, სადაც ორი დეტექტივი არამხოლოდ საიდუმლოს ამოხსნაში, არამედ ხელჩართულ ჩხუბშიც უპირისპირდება ერთიმეორეს. იქ გამარჯვება ფანდორინს რჩება, თუმცა ჰოლმსის თაყვანისმცემლებს, ჩემი ჩათვლით, ამის წაკითხვისას მხოლოდ გაეცინათ).

ერასტ ფანდორინი პირველად 1993 წელს გამოცემულ “აზაზელში” გამოჩნდა.

***

იოლი შესამჩნევია რომ მიუხედავად მრავალფეროვნებისა, გამოგონილ დეტექტივ-პერსონაჟთა უმრავლესობას საერთო თვისებებიც უხვად აქვს. პირველ ყოვლისა, ყველა მათგანი მარტოსულია, ცოლი არ ჰყავს ან გაცილებულია, გულჩათხრობილია და ძნელად ამოიცნობ, თუ რაზე ფიქრობენ – ყველაზე ახლობელ ადამიანებსაც კი ვერ ენდობიან ბოლომდე – ეს, უთუოდ, ჰოლმსიანის გავლენაა – მარტოსული და გულჩათხრობილი მაძებარი ერთგვარი სტანდარტია, სქემა, რომელიც ქონან დოილმა მოიფიქრა და ყველა მის კვალში მდგომი მიჰყვება.

ბევრ მათგანს მუსიკის სიყვარული და ამათუიმ მუსიკალური ინსტრუმენტის ფლობაც აერთიანებს.

ამავე დროს, თანამედროვე გამომძიებლები ტექნიკის მიღწევებთან ცოტა მწყრალად არიან – კომპიუტერსა და მობილურს ვერ დაუამხანაგდნენ (ალექს ქროსი – გამონაკლისია). აქაც ჰოლმსიანის ერთგვარი გავლენა მგონია. ყველა შემდგომი, მიუხედავად იმისა, კერძო მაძებარია თუ პოლიციის დეტექტივი, ჰოლმსს ეტოლება – ამიტომ თანამედროვე ავტორებმა თავიანთი პერსონაჟები ქვეცნობიერად ჰოლმსის მსგავს სიტუაციაში ჩააგდეს – კომპიუტერი და ინტერნეტი არსებობს, მაგრამ ისინი მას არ იყენებენ და, როგორც ჰოლმსს, მთელი კარტოტეკა თავში აქვთ – ეს ინტელექტთა ჭიდილია და არა ტექნოლოგიების.

Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___
P.S.

ამის მსგავსი სიები ინტერნეტში უამრავია – ვისაც არ ეზარება, ყველა წერს. შემდეგ კი მოსდევს კომენტარები – ეს დაგავიწყდათ, ის გამოგრჩათ… ამიტომ, წინდაწინ გპასუხობთ: რატომ არ არიან სიაში ნირო ვულფი? ადვოკატი მეისონი? სემ სფეიდი? იმიტომ რომ ეს ჩემი სიაა. თქვენ – თქვენი ჩამოწერეთ. Smile

P.P.S.

მადლობა ჯეფ ბეზოსს “ქინდლის” გამოგონებისთვის. ეს რომ არა, ვერც ეს პოსტი იქნებოდა. Smile

ასევე:

50 დეტექტივი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ

Advertisements

35 thoughts on “ყველაზე გამჭრიახი გამოგონილი დეტექტივები

  1. კარგად გიმუშავია. დეტექტიურმა ჟანრმა სულ ახლახანს გამიტაცა და ჯერჯერობით აგატას ტყვეობაში ვარ : ))
    ბოლო დროს ქინდლზე სიკეთეებზე იმდენი წერს რომ ალბათ მეც შევიძენ. არადა მიმაჩნია რომ კითხვა მხოლოდ მაშინ არის სასიამოვნო თუ ფურცელს ხელით გრძნობ, ქაღალდის სუნს ცხვირით და მთლიანდ ეშვები სხვა სამყაროში.

    Like

  2. სეზონის გახსნას გილოცავ.

    პატერსონი უნდა გადავიკითხო საფუძვლიანად. კროსი მომეწონა ძალიან. და ვალანდერმა დამაინტერესა. აქამდე არ ვიცნობდი. პოლიციის ყოველდღიურობა გემრიელი საკითხავი იქნება.

    პ.ს. განსაკუთრებული პლიუსი პ.ს.-სთვის. ამგვარი კომენტარები ნებისმიერ სიას მოჰყვება ხოლმე. ავტორის შედგენილი რომ არის, ამას თითქმის არავინ აქცევს ყურადღებას.

    Like

  3. Chiamaria
    ეგ ყველა რომ წიგნად მქონდეს – ან სად უნდა დავატიო, ან რა ფული ეყოფოდა? 🙂

    მოლი ბლუმი
    “ობობა” ძალიან კარგია. უბრალოდ ძალიან გავს ყველა შემდგომი რომანი ერთმანეთს.

    aleko
    ეგ სერიალი არ მინახავს. ჩემან გერმანული სერიალიდანაა ფოტო – ეგ ტიპი უფრო გავს ვალანდერს. ქენეთ ბრანა მოსუპერმენო ტიპაჟია და ჰარი ბოშს უფრო მოუხდებოდა. ვალანდერი სხვა ტიპია სულ.

    ისე ფრიმენიც არ გავს ალექს ქროსს. 🙂 არც ასაკით, მაგრამ რაღაც მოერგო კარგად. ახლა ახალი ქროსი გამოვა და იქ უკვე სხვა მსახიობია.

    Like

  4. ოჰ, შვებულება დამთავრებულა 🙂
    რა ცუდია, ცოტა რომ ვიცი… ჰოლმსით აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ მეგრეს მიმართ პირადი სიმპათიები მაქვს 🙂 როგორც აღნიშნე, ის არ არის მოქცეული ჰოლმსის ჩრდილში – პოლიციელია, ზორზოხი, ფლეგმატური და თანაც, ცოლიანი. მომწონს!

    Like

  5. მომწონს ეს სია 🙂 მე კი ჰოლმსის მოყვარული ვარ 🙂 არ მომწონს ის, რომ ყველა გამომძიებელ პერსონაჟს სტანდარტულ სქემას არგებენ. კარგი იქნებოდა, ვინმემ დაარღვიოს ტრადიცია და თანამედროვე, ინტერნეტის მოყვარული, მუსიკალური სმენის გარეშე, წვრილშვილი გამომძიებელი გამოიგონოს, რომელიც შედეგებით ჰოლმსს არაფრით ჩამოუვარდება 🙂

    Like

    • წვრილშვილიანს მუშაობაში ხელი შეეშლება. 🙂
      თან თუ რამეა – კრიმინალები ეგრევე ბავშვებს დაუბრიდავენ და ტეხამს. მკითხველებს არ უყვართ ეგეთი რამეები.

      Like

  6. მერე რა, რომ არ ჰგავს? ადლერსაც რაღაც ბალკანური ჰქონდა. ვულფი ჩერნოგორიელია.

    პრინციპში, ვერსიაა და სერიოზულად არ უნდა განიხილო. ერთიც გამოგონილი პერსონაჟია, მეორეც და მესამეც… თან – სხვადასხვა ავტორების. აქ რა და როგორ უნდა ამტკიცო?

    Like

  7. იდეამ შემიყოლია 🙂 ჰოლმსს ერთდერთი ქალი, რომელიც მოსწონდა მართლაც აირენ ადლერი იყო კი 🙂 მაგრამ როგორ მოიფიქრეს რომ ორ გამოგონილ პერსონაჟს მესამე გამოუგონეს შვილად… ნუ რა ვიცი 🙂 ლორდი ცუდ პოსტებს არ აქვეყნებს, თავისთავად კარგი პოსტი იყო 🙂 მეტნაკლებად ჩემეული სიაა, კი დამაკლდა ვიღაცეები, მაგრამ… 🙂

    Like

  8. რა მშვენიერი სიაა ჩემი ფავორიტები მეგრე .ჰოლმსი და პუაროა, დანარჩენებსაც ვიცნობ მეტნაკლებად მაგრამ ეს სამეული შესანიშნავია.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s