წინა პოსტში ბლუმსდეიზე ვწერდი.
თქმა არ უნდა, ჯოისი დღეს ირლანდიელების ეროვნული სიამაყეა, თუმცა მათ ბლუმსდეიზე უფრო საყვარელი დღესასწაულიც აქვთ – ეს სენფათრიქია, ირლანდიის მფარველის, წმინდა ფათრიქის ხსენების დღე, რომელიც 17 მარტს აღინიშნება.
წმინდა ფათრიქი (Saint Patrick) ირლანდიის განმანათლებელი და ირლანდიის პირველი ეპისკოპოსია. უცნაურია, მაგრამ, როგორც ჩანს, (ირლანდიელებმა არ გაგვიგონ და) ის არა ბრიტი (ანუ კელტი), არამედ რომაელი ბრძანდებოდა, რომის იმპერიის პროვინცია ბრიტანეთში დაიბადა და 16 წლისა იყო, როცა ირლანდიელმა მომხდურებმა (ინგლისელი ისტორიკოსები მათ უბრალოდ ზღვაოსან-ყაჩაღებს უწოდებენ) მოიტაცეს და სხვა ტყვეებთან ერთად ირლანდიაში წაასხეს. 6-წლიან მონობას გაქცევით დააღწია თავი, სამშობლოში დაბრუნდა და ღვთის სამსახურში ჩადგა. ქრისტიანულ სწავლებას გალების პროვინციაში (თანამედროვე საფრანგეთი) ლერინისა და ოსერის მონასტრებში დაეუფლა და ირლანდიაში უკვე როგორც ქრისტიანობის მქადაგებელი, ისე დაბრუნდა – ალბათ, ირლანდიის მიწას განსაკუთრებული ხიბლი და მიზიდულობა აქვს, არ ვიცი… ყოველ შემთხვევაში, წმინდა ფათრიქი სრულად გაირლანდიელდა – წერილებში თავს ირლანდიელს უწოდებს და ირლანდიული (ოღონდ – ლათინურენოვანი) ლიტერატურის ფუძემდებლადაც მიიჩნევა.
როგორც ამბობენ, სწორედ წმინდა ფათრიქმა მოიფიქრა ღვთის სამბუნებოვნობის განმარტება სამყურის მეშვეობით (ჩვენ, ქართველები, ასეთ დროს სამხმოვან ქართულ სიმღერას მოვიხმობთ ხოლმე) – ამიტომაცაა მისი დღის მთავარი ატრიბუტი ეს მცენარე და ფერი კი – მწვანე (თუმცა, თავად ირლანდიის ეპისკოპოსი ლურჯი ფერის ანაფორაში დაბრძანდებოდა).
დღესასწაულის განუყრელი მონაწილეა ლეფრეჰონი/ლეფრექონი (Leprechaun) – ვიკინგთა დანატოვარ სიმდიდრეთა მცველი, პოტინის (ირლანდიული არაყია) მხდელი და მსმელი, გამრჯე და გონიერი კაცუნა. იერით გნომს ჩამოჰგავს, თუმცა მისი ხელობა არა წიაღისეულისა და მადნის მოპოვება, არამედ მეხამლეობაა. უძველესი კელტური მითოლოგია მას მაინცადამაინც გულკეთილ არსებად არ იცნობს, თუმცა 17 მარტს, წმინდა ფათრიქის მადლით, ისიც საყოველთაო მარაქაშია ჩაბმული და ზეიმსა და მხიარულებას უერთდება.
თუმცა, პოტინი და ირლანდიული ვისკი იქეთ იყოს – სენფათრიქის მთავარ, უცვლელ და ყველაზე თავდადებულ სპონსორად “გინესი” გვევლინება და სენფათრიქი ერთადერთი დღეა, როდესაც ეს ყველაზე შავი და ყველაზე გემრიელი ლუდიც კი მწვანდება. 🙂 (მასთან რა სახსენებელია და – “მაქდონალდსის” მაქშეიქიც. :))
სენფათრიქი ოფიციალური დღესასწაულია ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში, აგრეთვე კანადის პროვინცია ნიუფაუნდლენდსა და ლაბრადორში (საიდანაცაა წარმოშობით ძაღლის ორი არაჩვეულებრივი ჯიში :)). დიდი ენთუზიაზმით აღინიშნება ის მონრეალშიც – რომლის ალამსაც ოთხი მცენარე ამშვენებს – ფრანგული შროშანი, ანგლო-საქსური ვარდი, შოტლანდიური ნარშავი და ირლანდიული სამყურა (და ამის მერე კიდევ მეტყვის ვინმე, რომ ფრანგები შოვინისტები არიან? ;))
შეერთებულ შტატებში ეს დღე ნაციონალურ დღესასწაულად არ გამოუცხადებიათ, მაგრამ მას უდიდესი გაქანებით ზეიმობენ… მქონდა ბედნიერება ამერიკულ მადლიერების დღესა და ჰელოუინს შევსწრებოდი, ჰოდა, ეჭვიც არ მეპარება, რომ ამერიკული სენფათრიქის ნახვაც ერთ რამედა ღირს… სწორედ ამერიკელებმა მოიფიქრეს წმინდა ფათრიქისადმი მიძღვნილი აღლუმის გამართვა და ამერიკული აღლუმები ყველაზე შთამბეჭდავია.
(სხვათა შორის, დანამდვილებითაა ცნობილი, თუ სად იმართება ყველაზე გზამოკლე აღლუმიც – ირლანდიულ სოფელ დრიფსაჩში, სადაც ორი ლუდის ბარია და სენფათრიქის აღლუმიც სწორედ მათ შორის “გადაიჭიმება” ხოლმე).
თუმცა, ამერიკას დავუბრუნდეთ – პირველად იქაური აღლუმი ბოსთონში, შორეულ 1737 წელს გაიმართა. თუმცა, ნიუიორქელები ქილიკობენ – ეგ რა აღლუმი იყო – ოციოდ მთვრალი შეიკრიბა, ქუჩაში გაიარ გამოიარა და სულ ეგაო (ეტყობა, დრიფსაჩში ეშლებათ)… აი, აღლუმი ის იყო, ჩვენ რომ 1762 წელს გავმართეთო… მაგრამ მატიანეს ვერ გაექცევი და პირველობა მაინც ბოსთონს ეკუთვნის.
სანამ ნიუიორქელები და ბოსთონელები პირველობაზე დაობდნენ, შიქაგოს (100-ჯერ რომ დაუძახოთ ამ ქალაქს ჩიკაგო, მისი მაცხოვრებლები 100-ჯერვე გაგაჩერებენ და შეგისწორებენ – ეგრე არა, შიქაგოუ ჰქვიაო) წყალმომარაგების კომერციულმა დირექტორმა, სთივ ბეილიმ (Steve Bailey) გადაწყვიტა, ყველასთვის მოეჯოკრა. დაზიანების ადგილის აღმოსაჩენად ადგილობრივი სანტექნიკოსები მწვანე საღებავს იყენებდნენ, რომელსაც ქალაქის წყალგაყვანილობის მილებში ამატებდნენ ხოლმე, რამაც ბეილის გენიალური იდეა მიაწოდა – 1962 წლის 17 მარტს ქალაქის მცხოვრებლებს მდინარე გამწვანებული დახვდათ. ბეილიმ იმ ჯერზე 45 კგ. საღებავი გამოიყენა და მდინარე 1 კვირის მანძილზე იყო მწვანე. 🙂 ამჟამად ერთი დღის სამყოფს (დაახლოებით 20 კგ-მდე) იყენებენ, საღებავის ფორმულას კი კოკა-კოლას ფორმულაზე ნაკლებ როდი ასაიდუმლოებენ და უფრთხილდებიან. 🙂 (ესეც მორიგი პოლიშინელის საიდუმლო). 🙂
სხვა რა დავამატო? ალბათ მხოლოდ ის, რომ თბილისში ეს დღე თითქმის შეუმჩნევლად მიილევა ხოლმე, მხოლოდ ქიაჩელსა და შარდენის მიდამოებს შეფარებული რამდენიმე ირლანდიული ბარი აღნიშნავს, მათ შორის რებეკასეული ჩემი საყვარელი “ანგარიც” (შავთელზე).
P.S.
ეს პოსტი სენფათრიქზე უნდა გამომექვეყნებინა, მაგრამ, ვერ მოვასწარი და გადავინახე – მეთქი, გაისადაც მოვა 17 მარტი და თუ მეცა და ჩემი ბლოგიც ცოცხლები ვიქენით, გამოქვეყნებას წინ რა დაუდგება-თქო. თუმცა, ახლა ბლუმსდეის პოსტს მშვენივრად გააგრძელებს და გადაებმევა.
P.P.S.
ბლუმსდეის პოსტზე მისაყვედურეს – სულ გარეგან რომ დაპროწიალობ, რუსთველის დღე რატომ არ გაგახსენდაო… შენიშნვას ვიღებ და ამ ადამიანების გასაგონად ვაცხადებ – მართლა გულით ვეცადე გამეგო, თუ რომელ ქართულ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით შეუღებიათ მტკვარი ყავისფრად, მაგრამ ვერანაირ ინფორმაციას მივაკვლიე. 😦 რა ვქნა, რა წყალში გადავვარდე?
თუ რამე იცით, მითხარით და აუცილებლად დავწერ.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
გინესი მძიმე დასალევია.
მაინც ბავარიული ღია ლუდები მირჩევნია, რომლებსაც უფრო მომწარო გემო რომ აქვთ.
ირლანდიული ბეილისი მიყვარს. 🙂
LikeLike
ირლანდიელებიც მაგას ამბობენ – არის ბევრი კარგი ლუდი და არის გინესიო.
ბეილისიც აქვთ, ვისკიც და ბევრი რამე კიდევ, მაგრამ გინესი მაინც სხვა რამეა. უძველესი კლეტური სასმელი. 🙂
თან ლიქიორები და ვისკები სხვა კელტებსაც აქვთ. ღვინოც, არაყიც… მაგრამ ლუდს მგონი მარტო ირლანდიელები ხარშავენ. ყოველ შემთხვევაში ასეთ ლუდს. 🙂
LikeLike
მგონი უფრო არყები და მაღალი გრადუსის სასმელები აქვთ. კელტური ღვინო რომელია? იქ ღვინის კლიმატი ნაკლებადაა. არაფრად ევარგება 🙂
LikeLike
ფრანგული. 🙂
LikeLike
ფრანგები რა კელტები არიან? თუ ფრანკები?
LikeLike
ორივენიცა. 🙂
კელტები არიან. გალები. ბრიტებიც იგივე გალები არიან, რომლებმაც ლამანში გადაცურეს. 🙂
LikeLike
ამ დილას ყავაზე უფრო გემრიელი წასაკითხი იქნებოდა 🙂
კელტური მუსიკა მიყვარს ძალიან.
LikeLike
ასტერიქსი და ობელიქსი როგორ დამავიწყდა 🙂
მაგრამ სახელი ფრანკებიდან მოდის ხომ? მაგან დამაბნია.
LikeLike
ჰო, თუმცა კელტური სახელებიც უამრავია. ბრეტანი და იგივე პარიზიც კელტების დაარსებულია. 🙂
ფრანკები უფრო გერმანული ტომია. მერე გალებს და რომაელებს აერივნენ და ეგაა საფრანგეთიც… ეჭვი მაქვს, ფრანგები ფრანკობაზე უარს იტყოდნენ, მაგრამ შარლემანი არ ეთმობათ – კარლოს დიდი ანუ. 🙂
LikeLike
ფუ, მტკვარი მართლა რას გავს 😦
LikeLike
ყავისფერ მტკვარზე ბევრი ვიცინე 🙂 🙂
კარგი პოსტია, უუმაგრესი!!! აი, მოვა მოლი და ისიც იგივეს იტყვის 🙂
მისი მწვანე ქუდი და სამყურა გვაკლია აქ 🙂
LikeLike
განსაკუთრებით გვერდიგვერდ თუ გახსნი ორივე მდინარის ფოტოს
LikeLike
ირლანდიური ყავა მიყვარს, ოღონდ ჩვენს ბარებში რომ აკეთებენ ორლარიანი ჭაჭის არყით, ისეთი – არა 🙂
LikeLike
მდინარის გამწვანების ამბავი მომეწონა 🙂
LikeLike
მაგას ვჩივი – ჩვენ რატომ ვერ ვიგონებთ ეგეთ ლაღად გიჟურ და უცნაურ რამეებს…
LikeLike
პოსტი ლორდ ვეიდერის ოქროს სტანდარტით რომ არის დაწერილი, ამას რაღა თქმა უნდა, მაგრამ ეს გამოთქმა მომწონს და სიამოვნებით გავიმეორებ.
ლუდის ექსპერტად არ გამოვდგები, მაგრამ გინესის მნიშვნელობას და გემოს მეც კი ვხვდები და ვაღიარებ 🙂
ისიც ცხადია, რომ რაღაც ასეთი (რელიგიური ფესვების მქონდე და უკვე საეროდ ქცეული) დღესასწაული წყალივით გვჭირდება. მაგრამ, რაღაც მეეჭვება, ოდესმე თავი მოებას…
თეკლემ გამომიგზავნა მოწვევა ფბ-ზე, ლუდის ფესტივალი ტარდებაო 25-ში. დეტალებზე ვერაფერს გეტყვით, სათაური წავიკითხე მხოლოდ.
პ.ს. ვნახე ის საყვედური, ლორდ. ჩემთანაც ჩნდებოდნენ ადრე, რემბრანდტზე რომ წერ, ფიროსმანი რატომ გავიწყდებაო. მომკალი და ასეთ პატრიოტებს შენსავით მშვიდად ვერ ვუსმენ.
LikeLike
ახლა ეგრე ჩაცმული რომ გახვდე – როგორც იმ პირველ ფოტოზეა ტიპი წმინდანს რომ განასახიერებს – ხომ ჩაგქოლეს ეგრევე. 🙂
ჩვენთან ჩვეულებრივი საღამოა ხოლმე. ფასდაკლებაა და კონცერტი უფრო კელტური შეფერილობით. მაგრამ ერთხელ ერთხელ ბაქოში მოვხვდი ბარია იქ ეგეთი რატომღაც ჩაპლინი ქვია თუმცა ირლანდიულია და იქ ერთი გნიასი იყო – კონკურსებს ატარებდნენ – ზოგი ლუდის სმაში ეჯიბრებოდა ერთმანეთს, ხელის გადაწევაში, მელოდიების გამეორებაში მაგიდაზე კოვზების კაკუნით და რარაც კითხვებს სვამდნენ თემატიურს… მე მაგეების მომგები არ ვიყავი მაგრამ კი ვიხალისე.
ძირითადად უცხოელები იყვნენ სულ.
LikeLike
ცოტა დინამიკა იკარგება პოსტის 😦
მაგრამ Saint Patrick-ზე თავადაც არ ვიცოდი ბევრი რამე და ამიტომ ამოგდება დამენანა, თორემ ტემპს აგდებს. 🙂
LikeLike
რამ დაუკარგა დინამიკა? ახლა თავიდან გადავიკითხე და ვერაფერი აღმოვაჩინე.
LikeLike
კაია თუ ეგრეა. 🙂 ჩანართებმა. წმინდა ფათრიქზე და რამე…
LikeLike
არანაირად. მე ბლოგერი ვარ დამწყები, თორემ მკითხველობის სტაჟით ცოტას თუ ჩამოვუვარდები 🙂
LikeLike
ჩვენ რომ ჩავასხათ ეგ საღებავი მტკვარში არ შეიძლება? 🙂
მართლა ძალიან გულისამრევი ფერი აქვს. სხვა სიტყვას არ დავწერ. 🙂
LikeLike
100 ტონა არ ეყოფა 🙂
იუთუბზე დევს ვიდეოები როგორ იღებება მდინარეები ამერიკაში. ნელ-ნელა მწვანდება და მანამ ბუნებრივად კამკამაა – სუფთაა.
ამ ჩვენსაში რომ საღებავი ჩაღვარო რა ფერს მისცემს, ღმერთმა უწყის 🙂
LikeLike
ისე, ლუდის გამწვანება რაღაა, ვითომ 🙂
მე მწვანე ლუდის სურათებს რომ ვნახულობდი, ფოტოშოპი მეგონა :გულუბრყვილო:
🙂
LikeLike
ჰენდს ოფ ფრომ პატრიკ :დ :დ
LikeLike
დღეს, სამსახურისკენ მიმავალმა, ყავისფერ მტკვარს ჩავუქროლე, შენი პოსტი გამახსენდა და იმ კითხვაზეც ვიპოვნე პასუხი, პოსტსკრიპტუმში რომ დასვი:
მტკვარი გაყავისფერებულია იმიტომ, რომ ხვალ 22 ივნისია და ადგილობრივი ანტიკომუნისტები საბჭოთა კავშირზე ნაცისტური გერმანიის თავდასხმის დღეს აღნიშნავენ :მიხვედრილიმოლი:
LikeLike
1970 წლის 22 ივნისს (აქაური დროით) ბრაზილიამ 4-1 გაარჭო ფინალში იტალიას მეხიკოში, აცტეკის სტადიონზე, მე-3 გახდა ჩემპიონი და სამუდამოდ დაისაკუთრა თასი. ყველაზე მაგარი ფინალი ფინალების ისტორიაში.
LikeLike
თუ მაგას აღნიშნავდნენ, უნდა გაეყვითლებინათ 🙂
პელეს ფინალი 🙂 ჟიულ რიმეს თასი შინ რომ წაიღეს ბრაზილიელებმა.
LikeLike
შენ რომ იცოდე, ამ რამდენიმე წლის წინ რა ომები მქონდა მალიარებთან კედლის ფერებზე – მაგას არ იტყოდი 🙂
LikeLike
თან ხვალ სანტოსი თამაშობს ფინალს. პელე ამჯერად მხოლოდ ქომაგობს. 🙂
LikeLike
,,,,,,
,,,,,,,,
,,,,,,,,,,,,, :))))
———————————- 🙂
LikeLike
რა ბრძანეთ?
?:)
LikeLike
გინესი მე არ დამილევია, სად დავლიო აქ?
ყავისფერი არა და მწვანე მირჩევნია, ამშვიდებს თვალებს 🙂
LikeLike
ელვისში ვერ დალევ 🙂
ბარ დუბლინში ან უილზში – პეროვსკაიაზე. ან ვერა სტეიკ ჰაუსში. ან ანგარში შავთელზე… ბევრგანაა მოკლედ.
LikeLike
ჰოო, მეცოდინება 🙂 🙂 ელვისში ყავა მიყვარს 😀
LikeLike
არ შემიძლიხართ ეს ლუდის მოყვარულები 🙂 🙂 🙂
LikeLike
უი ამ პოსტზე ჩემო კომეტარი რატომ არაა? 😦 როგორ გამიმაზავს. თუმვცა მგონი ფბ-ზე მაქვს წაკითხული
LikeLike