როგორ გალახა მილა იოვოვიჩმა არნოლდ შვარცენეგერი?

სწორედ ასეთი სათაური ექნება ამ პოსტს, როდესაც ის ქართულ მედიაში გამოქვეყნდება. მანამ კი პრიმიტიულად დავარქმევ:

ინტერვიუ მილა იოვოვიჩთან

Milla 1 2009 წლის დასაწყისში მილა ესაუბრა ცნობილ ამერიკელ ჟურნალისტს, მწერალსა და კრიტიკოსს გლენ ო’ბრაიენს  (Glenn O’Brien). მილა ყვება თავის შვილზე, ქმარზე, ფილმებზე, მოდელებზე, მსახიობებზე, ძაღლებზე, სათამაშოებზე, პოლიტიკოსებზე და არც იმას მალავს, რომ დიდი ხანია უკვე, ქართველ მამაკაცებზე კარგავს ჭკუას.

გლენ ო’ბრაიენი:  გამარჯობა, მილა.

მილა იოვოვოჩი: როგორ ხარ? როგორი საშობაო არდადეგები გქონდა?

გლენ ო’ბრაიენი:  ჯერ არ მქონია… მაგრამ ახლა ვაპირებთ ჩემი 8-წლის შვილის ბებია-ბაბუების მონახულებას და კიდევ 12 ბიძაშვილ-მამიდაშვილის… გრძელი მოგზაურობა გვიწევს…

მილა იოვოვოჩი: 8-წლის ბავშვისთვის, ალბათ, დამღლელია…

გლენ ო’ბრაიენი:  უნდა გითხრა, რომ კარგად იტანს… თან, ეს სადღესასწაულო დღეები მისია. მე ჩემსას მოგვიანებით ველი.

მილა იოვოვოჩი: ჩემი გოგო ჯერ 14 თვისა. ძალიან პატარაა იმისთვის, რომ მანქანით მგზავრობდეს და ყოველ წუთს მეკითხებოდეს – “აბა, მალე მივალთ?”

გლენ ო’ბრაიენი:  არა უშავრს, 8 თვეც აცადე და ნახავ – ის გახდება ოჯახში უფროსი.

მილა იოვოვოჩი: ოჰ, უკვე არის… ამბობენ, ბავშვი არ უნდა გაანებივროო. მაგრამ ეს ძალიან ძნელია. ძნელია, არ უყიდო ლამაზი თოჯინა, როცა, თავადაც სიამოვნებით ითამაშებ იმით… ჩემი ქმარი ასე ამბობს: მადლობა ღმერთს, ბიჭი არ გვაყავს, მაშინ ხომ ის მატარებელი უნდა ვუყიდო, რომელიც მე თავადაც, ვგიჟდები, ისე მინდაო… და კიდევ “ვარსკვლავური ომების” ხომალდები… ბავშვები არ გაანებივროო და, ხშირად, საკუთარ თავს ანებივრებ…

გლენ ო’ბრაიენი: საკუთარ თავთან ეძებ გასამართლებელს… და მერე – მოდი ახლა ცოტა ხანს შენი მატარებლით მე ვითამაშებ…

მილა იოვოვოჩი: (იცინის) ციცაბო და დაგრაგნილი გზაა ეს მამობა და დედობა… იმდენი მოსახვევი გხვდება, რომ არც მოელი.

გლენ ო’ბრაიენი: ჯერ სად ხარ. ბოლოს რითი მთავრდება იცი? მოდი შვილო, ცოტა ხანს შენს ძიძასთან გავერთობი.

მილა იოვოვოჩი: (იცინის) ღმერთო ჩემო!

გლენ ო’ბრაიენი: მოიცადე, ჯერ მეორე ბავშვი გეყოლოს.

მილა იოვოვოჩი: ერთ-ერთ ჟურნალში წავიკითხე, რომ მშობლები მათ პირველ შვილის ათასობით ფოტოს უღებენ, მეორე შვილს – ამის ნახევარს, მესამეს კი პირველი და მეორე შვილის ფოტოებს აჩვენებენ და ეუბნებიან – “აი, ეს შენ ხარ”… “ჩემს ძმას რომ გავს?”… “არა, ნამდვილად შენ ხარ”.

გლენ ო’ბრაიენი:  დღეს უკვე შეგიძლია, ფოტოებს კომპიუტერში გაუკეთო რედაქტირება… მილა, რამდენი წელი გავიდა, რაც მე და ჟან-ბატისტ მონდიდომ შენთან ერთად Calvin Klein Escape-ის სარეკლამო სესია გავაკეთეთ, მაგრამ, იცი, სრული (ცენზურის გარეშე დამონტაჟებული) ვერსია დღემდე ვრცელდება იუთუბით.

  • Jean-Baptiste Mondino – ფრანგი ფოტოგრაფი და ვიდეო-რეჟისორია. ცნობილია კლიპებით რომლებიც თომ უეითსისთვის, დეივიდ ბოუისთვის, ბრაიან ფერისთვის, მადონასთვის, ბიორკისთვის, სთინგისთვის გადაიღო. რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია.

მილა იოვოვოჩი: მართლა?

გლენ ო’ბრაიენი: კი… იცი, რომელი ეპიზოდია? სადაც ბიჭები კისერს გილოკავენ, შენ კი სამხრეებს იხსნი და კამერას უძახი: “აჰა, გადამიღე!”

((აბა, ამის წაკითხვისას რამდენმა დაგულეთ ახლა Calvin Klein Escape uncensored Milla Jovovich clip? :)))

მილა იოვოვოჩი: ჩემს ბევრ ნამუშევარს ვერც კი ვნახავდი, “იუთუბი” რომ არა… არის კლიპი, სადაც მე ოსთინში ჩემს ბენდთან ერთად ვმღერი… 18 წლისა ვარ. მართლა ძალიან საყვარელი რამეა.

გლენ ო’ბრაიენი: ეს კი ჩემი ბიჭია, მილა… ოსქარ, მოდი აქ ერთი წუთით… ეს მილაა,  ფილმი რომ ვნახეთ “ბოროტების სავანე”, იქ თამაშობს…

მილა იოვოვოჩი: ჰო…

გლენ ო’ბრაიენი: გუშინ “ბოროტების სავანე” ვაჩვენე და ცოტა ზომბებმა შეაშინეს… მილა, შეგიძლია უთხრა ოსქარს, რომ ისინი მხოლოდ მსახიობები იყვნენ?

((მამაც ასეთი უნდა. დურაქი. მაგას ჯობდა, “ცისფერ ლაგუნაში დაბრუნება” ეჩვენებინა ბავშვისთვის))

მილა იოვოვოჩი: გამარჯობა, ოსქარ.

ოსქარ ო’ბრაიენი: გამარჯობათ.

მილა იოვოვოჩი: როგორ ხარ?

ოსქარ ო’ბრაიენი: კარგად.

მილა იოვოვოჩი: ცოტათი შეგაშინა არა, ფილმმა?

ოსქარ ო’ბრაიენი: კი…

მილა იოვოვოჩი: ეგ მხოლოდ გრიმია… იცი, მაგ ფილმის გაგრძელება უნდა გადავიღოთ და როცა გადაღებებს დავიწყებთ, შეგიძლია მოხვიდე ჩვენთან და გაჩვენებ, როგორ აკეთებენ ზომბებს… გრიმიორთა ვაგონში შეგიყვან და იქ ყველაფერს თავად ნახავ.

ოსქარ ო’ბრაიენი: მხოლოდ ერთმა ზომბმა შემაშინა.

მილა იოვოვოჩი: რომელმა?

ოსქარ ო’ბრაიენი: აი, ნახევარი სახე რომ აქვს.

მილა იოვოვოჩი: უნდა ნახო, როგორ აკეთებენ მაგ ყველაფერს… გაგეცინება, როცა ნახავ… ამის შემდეგ ვერასდროს შეგაშინებენ ფილმები, იმიტომ, რომ, სინამდვილეში, მართლა სახალისოა… ხომ მოხვალ? შევთანხმდით?

ოსქარ ო’ბრაიენი: შევთანხმდით.

მილა იოვოვოჩი: ჰოდა, ეგრე (იცინის). გამიხარდა რომ გაგიცანი, ოსქარ.

ოსქარ ო’ბრაიენი: ნახვამდის.

მილა იოვოვოჩი: მართლა მოიყვანე ჩვენთან, როცა ახალი  “ბოროტების სავანის” გადაღებებს დავიწყებთ.

გლენ ო’ბრაიენი: იქნებ, ერთ-ერთი ზომბი-ბავშვი ათამაშოთ… აი, ქალი რომ შეჭამეს.

მილა იოვოვოჩი: ის ზომბი-ბავშვები მართლა საშინელნი იყვნენ.

გლენ ო’ბრაიენი: მითხარი, შენი ყველაზე დიდი ფანები ის ბიჭები არიან, ვინც ფანტასტიკაზე კარგავენ ჭკუას, თუ ის გოგონები, ვისაც მამაცი, გმირი ქალები ხიბლავენ?

((მილას ყველაზე დიდი ფანები ის მამაკაცები არიან, ვინც უბრალოდ ლამაზ ქალებზე კარგავენ ჭკუას!))

Milla 3მილა იოვოვოჩი: ორივენი. “ბოროტების სავანე” იმითაა კარგი, რომ მან ბიჭებისა და გოგონების ნგრძნობები შეარხია. ეს იმ ყაიდის ფილმია, სადაც გოგონები თავიანთ ბოიფრენდებთან ერთად მოდიან – ეს კი ხშირად არ ხდება საშინელებათა ჟანრის ფილმებზე… ერთ ამბავს მოგიყვები: ინგლისში ვიყავი. ფოლის ((ფოლ ანდერსონი, მილას მეუღლე)) დის მეზობლად ინდოელი ოჯახი ცხოვრობს. 5 გოგო ყავთ 6-დან 12 წლამადე… ქალი ყოველ წელს ორსულად იყო. ცოტა დეპრესიაში იყვნენ, ვინაიდან ეკლესიაში ყველანი მათ მისჩერებოდნენ და სახეზე ეწერათ: “აჰა, ამ ქალს 5 შვილი ყავს და ახლა მე-6-ზეა ფეხმძიმედ”… ეს ტრადიციის ამბავია. მათ ბიჭის ყოლა სურდათ… ჰოდა, იმას გეუბნებოდი, რომ უფროს გოგონებს “ბოროტების სავანე” ნანახი ჰქონდათ და ავტოგრაფი მთხოვეს. მათთან ერთად სურათებიც გადავიღე და ასე ვუთხარი: “ქალები მამაკაცებზე უფრო მაგრები ვართ და სამხედრო ხელოვნება ჩვენი საქმეა, ვინაიდან ჩვენ მამაკაცებზე პატარები და მსუბუქები ვართ, ამიტომ – უფრო სწრაფებიც… თქვენც შეგიძლიათ, სცადოთ, გოგონებო”… ჰოდა ახლა ელისაბეთმა, ფოლის დამ მითხრა, რომ იმ ექვსეულიდან ოთხი სამხედრო ხელოვნებას ეუფლება. (იცინის).

გლენ ო’ბრაიენი: ვფიქრობ, ეს სიახლეა – ექშენის გმირი-ქალი… ადრე კი გვყავდა რამდენიმე, მაგალითად, ემა ფილი ფილმში “შურისმაძიებელნი”, მაგრამ შენ ეს ყველაფერი ახალ საფეხურზე აიყვანე.

  • The Avengers – 60-იანების ინგლისური ტვ სერიალია. Emma Peel იქ ჯაშუშს თამაშობდა.

მილა იოვოვოჩი: უნდა დაგეთანხმო. “ბოროტების სავანე” ძალიან პოპულარულ ვიდეო-თამაშებს ეფუძნება – ჩემი პატარა ძმაც თამაშობდა, სწორედ ამიტომ კიდევ უფრო მაინტერესებდა, როგორი ფილმი გამოვიდოდა. მე მყავდა 13 წლის ძმა, რომელიც მართლა იყო გატაცებული “ბოროტების სავანეთი” და ფიქრობდა, რომ მე მსოფლიოში უმაგრესი ადამიანი ვარ, რაკი ამ ფილმში მიმიწვიეს. მისი რჩეული პერსონაჟი ჯილ ვალენთაინი იყო, ასე რომ, ეგ ის თამაშია, სადაც ბიჭები გოგო-პერსონაჟით თამაშს ამჯობინებენ.

გლენ ო’ბრაიენი: უცნაურია…

მილა იოვოვოჩი: ამიტომაც იყო, რომ ფოლმა გადაწყვიტა, ფილმის მთავარი გმირი ქალი  ყოფილიყო – ასე იყო თამაშშიც, მიუხედავად იმისა, რომ იქ მამაკაცი პერსონაჟით თამაშიც შეიძლებოდა.

((კარგი რა, მილა… ბიჭების საყვარელი კომპიუტერული თამაშების ქალი-პერსონაჟი ლარა კროფტია. არც გაატრაკო ახლა!))

გლენ ო’ბრაიენი: გამოგიტყდები, არაფერი ვიცი თამაშ “ბოროტების სავანეს” შესახებ… ელისი, შენი გმირი, არის თამაშში?

მილა იოვოვოჩი: არა.

გლენ ო’ბრაიენი: და “ბოროტების სავანის” ფანატ გეიმერებს ამან იმედები ხომ არ გაუცრუა?

მილა იოვოვოჩი: შესაძლოა – მხოლოდ დასაწყისში, მაგრამ ვფიქრობ, საჭიროც იყო ფილმის გადაღების დროს წინასწარ აკვიატებულ სამყაროს მოვწყდომოდით. ფოლს ახალი “ბოროტების სავანის” შექმნა სურდა და მეტი თავისუფლება პერსონაჟების შექმნისას… თუმცა, იმ გმირების მიმართ, ვინც თამაშიდან პირდაპირ გადმოვიდა ფილმში, ძალიან ფრთხილები ვართ, მაგრამ მთავარ გმირთან დაკავშირებით ფოლს მეტი თავისუფლება ესაჭიროებოდა – ეს კი შეუძლებელია, როცა არსებულ პერსონაჟთან გაქვს საქმე. თამაშებში ყველაფერი სრულადაა გაწერილი – ისტორია, ხასიათი, გამოყენებული იარაღი… და ადამიანები ამ ყველაფრის მიმართ იმდენად მგრძნობიარენი არიან, რომ ძალიან დიდი სიფრთხილით გიწევს, მოეკიდო… ვიდეო-თამაშები საუკეთესო წყაროა ასეთი ფილმებისთვის, ვინაიდან ძალიან სახიერია. კი ბატონო, ეს “კინო-პოპკორნია”, მაგრამ ვინც თამაშობდა “ბოროტების სავანეს”, ყველას მართლა ძალიან უყვარდა და ჩვნც ძალიან გვსურდა, რომ საუკეთესო ფილმი გამოგვსვლოდა. ვფიქრობ, ფანებმა იგრძნეს ეს ჟინი, რაც მეტისმეტად მნიშვნელოვანია, რამდენადაც, ისინი ამ ფილმს მეტად სერიოზულად მიუდგნენ.

გლენ ო’ბრაიენი: სანამ ამ ყაიდის ფილმებში დაიწყებდი გადაღებას, შენ ნავარჯიშევი, ათლეტური ადამიანი იყავი? ამ გასაოცარ ტრიუკებს სად დაეუფლე?

მილა იოვოვოჩი: “მეხუთე ელემენტის” გადაღებისას მთელი სერიოზულობით მოვეკიდე ვარჯიშს და ძალიან კარგად ვიგრძენი თავი. სამხედრო ხელოვნებას რომ ეუფლები, ხედავ, რომ საკუთარი უნარების უკეთ მართვას სწავლობ, უკეთ ფლობ საკუთარ თავს. მანამდე ვჯირითობდი და, ზოგადად, კარგად ვიყავი ნავარჯიშევი, მაგრამ ახლა მართლა გამიტაცა საბრძოლო ხელოვნებამ… ისე, ბავშვობაში წარმოვიდგენდი ხოლმე, ვითომ, ნინძა ვარ… ჩანს, სულის სიღრმეში სულ მუდამ მსურდა, სუპერ-გოგონა გავმხარიყავი.

გლენ ო’ბრაიენი: შავი ქამარი ან რამე ეგეთიც გაქვს?

მილა იოვოვოჩი: (იცინის) ოჰ, არა… სამწუხაროდ ყოველ დღე და იმდენ საათს არ ვვარჯიშობ, რომ შავი ქამარი მოვიპოვო, მაგრამ, თუ ერთ დღეს მიზნად დავისახავ, მგონი, სწრაფად მივაღწევ ამასაც… მინდა, ჩემი გოგოც ვაზიარო სამხედრო ხელოვნებას. 2 წლის რომ გახდება, მასთან ერთად ვარჯიშების დაწყებას ვგეგმავ… ეს იქნება ის და დედა ერთად, ერთ სამყაროში… ვფიქრობ, საკუთარი თავისა და სხეულის სრულყოფილად ფლობის უნარზე უკეთესს ვერაფერს ვასწავლი…

გლენ ო’ბრაიენი: ნებისმიერი მოდელის ვარჯიშის განრიგში უნდა შეიტანონ…

მილა იოვოვოჩი: (იცინის) მოდელებს ბევრად უფრო მაგარი რამეების გაკეთებაც შეუძლიათ… ფოტოებზე.

გლენ ო’ბრაიენი: შემოდგომის მოდის კვირეულზე ბევრი გოგო ვნახე პოდიუმზე წაქცეული, იქნებ მაღალ ქუსლებზე არც არასდროს მდგარან ცხოვრებაში, მაგრამ უკეთესად რომ ევარჯიშათ, ეგებ, 15 სანტიმეტრიან ქუსლებზეც უკეთ შეეკავებინათ თავი.

მილა იოვოვოჩი: ამიტომაც ის გოგონები, რომლებიც მოცეკვავეები იყვნენ, უკეთესი მოდელები ხდებიან, ვიდრე ისინი, ვისაც, უბრალოდ, ქუჩაში სტაცებენ ხოლმე ხელს და პოდიუმზე შეაგდებენ… ცეკვაც სამხედრო ხელოვნებას ჰგავს. კონტროლი და თავდაჯერებულობაა. სადაც არ უნდა შედგა ფეხი, იცი, საითკენ მიდიხარ.

გლენ ო’ბრაიენი: ყოველთვის თავდაჯერებული ხარ? 20 წლისა იყავი, პირველად რომ გნახე და გარემოს უკვე ძალიან კარგად მორგებული მეჩვენე… ყველაზე არ მინდა, ვისაუბრო, მაგრამ მოდელისთვის ძალიან გაწონასწორებული იყავი.

მილა იოვოვოჩი: თავდაჯერებულობა ზღვის მიქცევასა და მოქცევას ჰგავს. ზოგადად, ცხოვრებაში თავდაჯერებული ვიყავი, ვინაიდან იჯახში დიდ სითბოს და სიყვარულს ვგრძნობდი, მაგრამ პროფესიას რაც შეეხება, რამდენადაც ძალიან ადრე დავიწყე მუშაობა, ერთგვარი შიში მქონდა – ვარ თუ არა საკმარისად კარგი? სწორ არჩევანს ვაკეთებ თუ არა? ვიყენებ თუ არა მონაცემებს, მამაჩემი და დედაჩემი რომ ხედავენ ჩემში? კითხვები მაწუხებდა, მაგრამ ის თავდაჯერებულობა, რაც ოჯახიდან მომყვებოდა, ძალიან მშველოდა, ამიტომ მსურს, ჩემს გოგოსაც გავუკეთო იგივე. 9 წლიდან უკვე სამსახიობო გაკვეთილებს ვესწრებოდი, ცეკვის გაკვეთილებს, მუსიკის გაკვეთილებს… დედამ დიდი ენერგია დამახარჯა და ახლა, რაც არ უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, მყარი საფუძველი მაქვს… მაგრამ ამ ყველაფრისთვის მართლა ადრეული ასაკიდან ვირჯებოდი.

გლენ ო’ბრაიენი: იმ ყველაფრიდან, რაც ისწავლე, რა იყო ყველაზე ძნელი?

Milla მილა იოვოვოჩი: ყველაზე ძნელი იყო, დედაჩემის მოლოდინების გამართლება. სულ მეშინოდა, რომ თუ რაღაც თამასას ვერ დავძლევდი, ის იფიქრებდა, რომ მე საუკეთესო არ ვარ… ეს ტვირთი იყო და ამის გამო ავუჯანყდი კიდეც და სახლიდანაც წავედი… უამრავი სულელური და სახიფათო რამ ჩავიდინე, რათა დამემტკიცებინა, რომ დამოუკიდებელი ვარ და არ მანაღველბს, ის რას ფიქრობს ჩემზე… მაშინ როდესაც, სინამდვილეში, ძალიანაც მანაღვლებდა.

გლენ ო’ბრაიენი: ერთი შენი ძაღლის ამბავიც მიამბე, ოლივერ ქრომველი რომ ქვია… ხომ იცი, ირლანდიელებს ეს არ მოეწონებათ.

მილა იოვოვოჩი: ირლანდიელი ხარ, არა?

გლენ ო’ბრაიენი: კი, ირლანდიელი ვარ.

მილა იოვოვოჩი: ოლივერ ქრომველი კი ირლანდიელთა უროსმცემელი იყო და ჩემი ირლანდიელი მეგობრებიც ძალიან მიბრაზდებიან.

გლენ ო’ბრაიენი: წარმოიდგინე, რომ მე მყავს ძაღლი, რომელსაც ადოლფ ჰიტლერი ქვია.

მილა იოვოვოჩი: ეს ერთი და იგივე ხომ არაა.

გლენ ო’ბრაიენი: თითქმის არის… ან ძაღლი, სახელად – სტალინი.

მილა იოვოვოჩი: ირლანდიის ისტორია ამ ამბავთან ნაკლებ კავშირშია… იმ დროს სწორედ სთიუართებზე ვკითხულობდი წიგნს და ოლივერ ქრომველმა სთიუართების გაწყვეტაში დიდი როლი ითამაშა…

გლენ ო’ბრაიენი: ჰო, ეგ საქმე ნამდვილად ეხერხებოდა…

მილა იოვოვოჩი: როდესაც ლეკვი მომიყვანეს, ვიცოდი რომ ის დიდი და ძლიერი ძაღლი გახდებოდა, ჰოდა, ამეკვიატა ლორდი-პროტექტორი ქრომველი… ((მილას დიდი შნაუცერის ჯიშის ძაღლი ყავს)) ჩემი ძაღლი გარეგნულად მართლაც ასეთია, მაგრამ, ამასთან, ძალიან კეთილია. ასე რომ, ამ მხრივ ნამდვილ ქრომველს სულაც არ ჰგავს. მართლა არ მინდოდა ვინმეს წყენინება.

გლენ ო’ბრაიენი: კარგი, გპატიობთ… სარა ფეილინი რომ ვიცე პრეზიდენტად იყრიდა კენჭს, ალასკასა და “ბოროტების სავანე: ამოწყვეტის” კავშირზე რას ფიქრობდი?

მილა იოვოვოჩი: რამე ხდება?

გლენ ო’ბრაიენი: სარა ფეილინი იყო წევრი რელიგიური ჯგუფისა, რომელიც ფიქრობდა, რომ ქვეყნიერების აღსასრული როცა დადგება, კარგი ხალხი ალიასკას მიაშურებს და გადარჩება… სწორედ ისე, როგორც “ბოროტების სავანეში” ხდება.

მილა იოვოვოჩი: მართალს ამბობ? სახალისოა. ფეილინმა არ დამაინტერესა. არ მიმიდევნებია თვალი მისთვის.

გლენ ო’ბრაიენი: ახლა, როდესაც ექშენის უმაღლეს საფეხურზე ახვედი, აქედან ქალიფორნიის გუბერნატორობას ხომ არ უმიზნებ?

მილა იოვოვოჩი: (იცინის) არა, მაგრამ, როგორც გავიგე, გუბერნატორი კვლავ კინოში დაბრუნებაზე ფიქრობს. ვერ ვითმენ, ისე მინდა მისი კვლავ ხილვა ეკრანზე… დარწმუნებული ვარ – მარტო მე არა.

  • სილვესთერ სთალონემ თავის ძველ მეგობრებს – რკინის არნის და ბრიუს უილისს ფილმში ერთად გადაღება შესთავაზა და ისინიც დათანხმდნენ. მილა სწორედ ამ ფილმს გულისხმობს – “საზარბაზნე ხორცს“.

გლენ ო’ბრაიენი: არნოლდს უნდა შეერკინო.

მილა იოვოვოჩი: არა, ეს არ იქნება იოლი… არნოლდი განსაცვიფრებელია. ვერვინ შეედრება არნოლდს… თუმცა, ალბათ, ეპიკური ორთაბრძოლა კი გამოგვივა.

© Interview Magazine, March, 2009
©  LV (ქართული თარგმანი, 2010)
Photos: Mark Segal
Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

8 thoughts on “როგორ გალახა მილა იოვოვიჩმა არნოლდ შვარცენეგერი?”

      1. ოღონდ ძირითადი მომენტები როგორ მივხვდე სად არის :))
        ისე მე რომ ვინმეზე რამეს ვიტყვი დათოსთვის მიცემული ინტერვიუს მერე :)))

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: