რეკლამაში მხატვრების თემას ფოტოგრაფებით გავაგრძელებ… სარეკლამო, დიზაინისა და მოდის ინდუსტრიაში იმდენი დიდი ფოტოგრაფი მოღვაწეობდა და მოღვაწეობს, განსხვავებული ხედვით, გამორჩეული ხელწერით, რომ პოსტი თავისუფლად შეიძლება უსასრულო გახდეს, ამიტომ – სულ რამდენიმე მათგანზე და სულ რამდენიმე სიტყვით.
უილიამ ქლაინი (William Klein)
უილიამ ქლაინი ამერიკელი ფოტოგრაფია. თავდაპირველად პარიზში მხატვრობას დაეუფლა, შემდგომ ფოტოგრაფირებამ გაიტაცა. 1954 წელს ის ალექსანდერ ლიბერმანმა აღმოაჩინა (“ვოგის” რედაქციის წევრმა და, მოგვიანებით, ჟურნალის არტ-დირექტორმა). ქლაინის ხელწერისთვის დამახასიათებელია მსხვილი ხედი, მაშუქის გამოყენებით შექმნილი უჩვეულო ეფექტები. ფოტოებში ცდილობს განსხვავებული ობიექტების, ტემპისა და განწყობის შეპირისპირებასა და შერწყმას.
ჰერბ რიცი (Herb Ritts)
ჰერბერთ რიცი ამერიკელი ფოტოგრაფი და რეჟისორია. მის მშობლებს ავეჯის მწარმოებელი კომპანია ჰქონდათ. დედა ინტერიერების დიზაინერი იყო. რიცი ეკონომიკას და ხელოვნების ისტორიას სწავლობდა უნივერსიტეტში. ერთხელ ლოს ანჯელესში ყოფნისას მისმა მეგობარმა რიჩარდ გირმა რამდენიმე ფოტოს გადაღება სთხოვა. ფოტოები კარგი გამოვიდა და რიცმა ფოტოგრაფირებას მიჰყო ხელი. მის მიერ გადაღებული პორტრეტები ჟანრის კლასიკად ითვლება. ის უღებდა მსახიობებს: ქრისთოფერ რივს, ელიზაბეთ თეილორს, ედუარდ ნორთონს, ალ ფაჩინოს, მადონას, ანეთ ბენინს, რა თქმა უნდა, რიჩარდ გირს; დიზი გილესფის, რონალდ რეიგანს, დალაი ლამას, ნელსონ მანდელას, სინდი ქროუფორდს, ნაომი ქემბელს… მუშაობდა ჯორჯო არმანისთვის, დონა ქარანისთვის, ქელვინ ქლაინისთვის… ის 2002 წელს 50 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იურგენ ტელერი (Juergen Teller)
გერმანელი იურგენ ტელერი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა მარქ ჯაქობსთან და ვივიენ ვესთვუდთან. მისი ფოტოები გამოირჩევა მგრძნობელობით, ვნებითა და ეროტიზმით. მაყურებლის პროვოცირების სურვილით ის ყოველთვის ზღვარზე მოძრაობს. როდესაც ფრანგულმა მოდის სახლმა “სელინი” განიზრახა ცოტა მეტი პაპრიკა დაემატებინა თავისი იმიჯისთვის, ამ საქმისთვის სწორედ ტელერი შეარჩია.
ტელერი იმდენად ხშირად მუშაობს ბიორკის ფოტო-სესიებზე, რომ ლამის მის პერსონალურ ფოტოგრაფად იქცა (ინფორმაცია სპეციალურად ბლოგერ როდრიგოსთვის :))
თერი რიჩარდსონი (Terry Richardson)
თერი რიჩარდსონი ამერიკელი ფოტოგრაფი და მუსიკოსია – ასევე ცნობილი ფოტოგრაფის, ბობ რიჩარდსონის ვაჟი. ახალგაზრდობაში ბას-გიტარაზე უკრავდა პანკ-როკ ჯგუფში. მოგვიანებით ფოტოგრაფ თონი ქენთის ასისტენტად დაიწყო მუშაობა. რიჩარდსონს სკანდალები სდევს თან – რამდენიმე მოდელმა, რომელთანაც ის მუშაობდა, მათ შორის რი რასმუსენმა (ბესონის “ანდრეს ანგელოზი”/Angel-A) sexual harassment-ში (ამ ტერმინის ზუსტ და სხარტ თარგმანს ვერ მივაგენი) დასდო ბრალი. მიუხედავად ყველაფრისა, თერი რიჩარდსონი კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ფოტოგრაფად რჩება. ის წარმატებით თანამშრომლობდა Diesel-თან, რაც, ამ ბრენდის ფილოსოფიიდან გამომდინარე, სულაც არ არის გასაკვირი (Diesel – სექსი, ვნება და პროვოკაცია).
Sisley-სთვის მუშაობისას რიჩარდსონმა, თუკი რამე სახის სექსუალური ლტოლვა არსებობს, ყველა გაიხსენა – სადო-მაზოხიზმიდან – ზოოფილიამდე.
სთივენ ქლაინი (Steven Klein)
ამერიკელი მხატვარი და დიზაინერი სთივენ ქლაინი დღეს ფოტოგრაფიითაა გატაცებული. მუშაობდა ქელვინ ქლაინთან, D&G-თან, ალექსანდ მაქუინთან, თომ ფორდთან. ასევე მადონას, ბრითნი სფირსის, ლედი გაგას ალბომებისა და მსოფლიო ტურების სასცენო გაფორმებაზე.
ვნება და ძალადობა, სიკვდილი და სიცოცხლე მისი ფოტოების საყვარელი თემებია.
დეივიდ ლა შაფელი (David LaChapelle)
ფრანგი ჰუგენოტების შთამომავალი, ამერიკელი ფოტოგრაფი და რეჟისორი დეივიდ ლა შაფელი თვით ენდი უორჰოლმა მიიწვია თავის ასისტენტად – ამით ყველაფერი ნათქვამია. დღეს ის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფოტოგრაფად მიიჩნევა. მუშაობს სხვადასხვა ჟურნალისთვის, მათ შორისაა Rolling Stone, Vogue, GQ. ლა შაფელისეული თვალით დანახული ანჯელინა ჯოლი, მერილინ მენსონი, დეივიდ ბოუი, ბიორკი, მადონა, უმა თურმანი, სილვესთერ სთალონე, მუჰამედ ალი ყველასაგან გამორჩეულია (ამ ფოტოების ერთი ნაწილი, შეგიძლიათ აქ იხილოთ). მასვე ეკუთვნის ჰილარი ქლინთონის შესანიშნავი ფოტოსერია.
დეივიდ ლა შაფელისთვის დამახასიათებელია საზოგადოებრივ აზრთან გათამაშება, ირონია და სარკაზმი. არ ერიდება რელიგიურ თემატიკასაც. ასე გამოიყურება, მაგალითად, მისეული საიდუმლო სერობა (ფოტოსერიიდან – “ამერიკელი იესო”/American Jesus).
გი ბურდანი (Guy Bourdin)
ფრანგი გი ბურდანი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფოტოგრაფია. პირველი ფოტოები საფრანგეთის სამხედრო ავიაციაში მსახურობის პერიოდში გადაიღო. მოგვიანებით შეხვდა გენიალურ ფოტოგრაფ-მოდერნისტ მენ რეის (მასზე აუცილებლად დავწერ ცალკე პოსტს), რომელმაც თავის ასისტენტად აიყვანა. ბურდანი სამ ათეულ წელზე მეტი მუშაობდა Vogue-სთვის. მიჩნეულია ფეშენ-ფოტოგრაფიის კლასიკოსად. გამოირჩეოდა მახვილი თვალითა და იუმორის გრძნობით. მისი ფოტოების მთავარი თემა ქალის სხეულია, საყვარელი ობიექტი კი – ფეხები და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები.
ოლივიერო ტოსკანი (Oliviero Toscani)
იყო დრო, როდესაც ბენეტონების ოჯახი ცდილობდა ახალგაზრდა, ნონ-კონფორმისტი და ბუნტარი ახალგაზრდა მყიდველების მიზიდვას. სწორედ ამ დროს დაიქირავეს მათ თერი რიჩარდსონი Sisley-სთვის და ოლივიერო ტოსკანი United Colors of Beneton-ისთვის. იტალიელი ოლივიერო ტოსკანი თანამედროვეობის ერთ-ერთი უნიჭიერესი ფოტოგრაფი და ერთ-ერთი უდიდესი პროვოკატორია. მისთვის არ არსებობს აკრძალული თემები და მიზანი ყოველთვის ამართლებს საშუალებას – ამის შესახებ მქონდა პატივი მისგან პირადადაც მომესმინა. 🙂 ტოსკანიზე ცალკე პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო – ბოლო-ბოლო მსოფლიო დონის ბევრ სელებრითის ნამდვილად არ შევხვედრივარ (მართალია, მერაი ქერისაც გადავეყარე ერთხელ, მაგრამ – შემთხვევით და ეგ უკვე სულ სხვა ოპერიდანაა). 🙂
რეი მასი (Ray Massey)
რეი მასი ახალგაზრდა ინგლისელი ფოტოგრაფია. მისი სპეციალიზაცია ციფრული ფოტოა, შესაბამისი ეფექტებით. გატაცებულია აბსტრაქციონიზმითა და კონსტრუქტივიზმით. სხვადასხვა გამოცემისთვის (მათ შორის National Geographic-ისთვის) მუშაობდა აფრიკაში.
ერიქ ფითქაუ (Eryk Fitkau)
ერიქ ფითქაუ კომუნისტურ პოლონეთში დაიბადა, მოგვიანებით ავსტრალიაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ძალიან აქტიურად მუშაობდა და ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ავსტრალიელ ფოტოგრაფად იქცა. მუშაობდა კომპანიებისთვის, როგორიცაა Levi’s, Nokia, Sony… სამწუხაროდ, ის წელს გარდაიცვალა. მას უყვარს მოძრაობის ასახვა და მოდელების სხეულებით უჩვეულო კონსტრუქციების აგება. ყოველთვის ცდილობს რეკლამირებული საქონლის გაცოცხლებასა და მისთვის ძლიერი ემოციის შთაბერვას.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
დამატებით:
* ნესტან ნიჟარაძის ძალიან საინტერესო წერილი სარეკლამო ფოტოგრაფიაზე.
* წაიკითხეთ ნატალიას პოსტი შესანიშნავ ქალ-ფოტოგრაფ ენი ლიბოვიცზე (ჩემი პოსტი ძალიან სექსისტური რომ არ გამოვიდეს :))
* როდესაც ფოტოგრაფებს იდეები არ ყოფნით, ერთმანეთს ძარცვავენ 🙂 ძალიან ნიჭიერებიც კი. 🙂 ამაზე წაიკითხეთ “თბილისი ფეშენ უიქის ოფიციალურ ბლოგერ” თაა-სთან.
ასევე:
ნიკო ფიროსმანი, როგორც “რეკლამშიკი”
P.S.
მისამართი იცვლება – ბლოგის თემატიკა იგივე რჩება. 🙂
უილიამ ქლეინის ფოტოები მომეწონა ძალიან. არაჩვეულებრივია.
გადაიღო ერტოიკული ფოტოები, სკანდალურ თემატიკაზე – გათვლილია სკანდალზე. ეს უფრო მარტივ გზად მეჩვენება.
LikeLike
კლეინი, მასი და ფათქაუ მიყვარს აქ ჩამოთვლილთაგან 🙂 ენი ლეიბოვიცი აგრეთვე ❤
LikeLike
ამაზე წაიკითხეთ “თბილისი ფეშენ უიქის ოფიციალურ ბლოგერ” თაა-სთან.
ra sakvareli xar lord 🙂
Madloba
LikeLike
აი, ეს მომწონს!
ფოტოებიც დავათვალიერე. ძალიან მაგარია.
ზოგიერთის შემოქმედებას არ ვიცნობდი. ლა შაფელის გაცნობისთვის მადლობა. ეგ ფოტოგრაფი არ ვიცოდი, თუმცა ნამუშევრები რომ ვნახე, მეცნო რამდენიმე.
ბურდანის ფოტოების კარგი კოლექცია მოგიგროვებია.
ქლეინზე ლაპარაკი არ უნდა. გენიოსია. და მენ რეიც.
ისე, კოდაკი ხომ იყიდე? დადე შენი გადაღებული ფოტოებიც. 🙂
LikeLike
ამ პოსტში როგორ დამედო აბა…
ესენი რა ჩემი ტოლები არიან.
აი, მენ რეიზე რომ დავწერ პოსტს, იქ დავდებ. :):)
LikeLike
Richardson Zalian magaria
LikeLike
ჰერბ რიცის ფოტოები ვიცი. ძალიან კარგია. ხასიათი ჩანს ხოლმე ყოველთვის.
ისე, შავ-თეთრრი ფოტო ხშირად გამოდის ხოლმე უფრო ეფექტური.
LikeLike
როგორი საინტერესო პოსტი დაგიწერია ლორდ :)))
ჰმ, რომელია შენთან უინტერესო? :)))
მასიამოვნა საჩემო თემამ.
LikeLike