ამაზონი, ეფლი, ქინდლი და სოციალური მედია

ჯეფ ბეზოსის ინტერვიუ ჟურნალისტ ჩარლი როუზთან, 28 ივლისი, 2010

ჩარლი როუზი: დღეს ჩვენთან სტუმრად ჯეფ ბეზოსია Amazon.com-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. კომპანიის ელექტრონული ტექსტების წამკითხველი Kindle 2007 წელს გამოჩნდა პირველად და უკვე მილიონობით ეკზემპლიარი გაიყიდა. ახლახანს “ამაზონმა” განაცხადა, რომ ციფრულ ფორმატში მეტ წიგნს ყიდის, ვიდრე ბეჭდური სახით.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ “ქინდლის” გაყიდვები იზრდება, “ამაზონი” სულ უფრო დიდ ზეწოლას განიცდის კონკურენტებისგან, მათ შორის “ტაბლეტებისგან”, როგორიცაა Apple iPad. “ამაზონის” მოგება მეორე კვარტალში 45%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაგრამ მისი აქციების ფასი დაეცა, ვინაიდან ექსპერტები კიდევ უკეთეს ზრდას ელოდნენ… მოხარული ვარ, რომ ყველაფერ ამაზე ახლა თავად ჯეფ ბეზოსს გავესაუბრები და ჩემი პირველი კითხვა იქნება: რა მოგვიტანეთ, ჯეფ?

ჯეფ ბეზოსი: ეს არის ახალი “ქინდლი”. ის 21%-ით უფრო მცირე ზომისაა (თუმცა, ეკრანის ზომა არ შეგვიმცირებია) და 15%-ით უფრო მჩატე, ვიდრე წინა ვერსია – 240 გრამს იწონის და სულ იოლად შეგიძლიათ, ერთ ხელში დაიჭიროთ და იკითხოთ, რამდენიც გენებოთ. მისი აკუმულიატორის დატენვა თვეში ერთხელ დაგჭირდებათ და ეკრანი 50%-ით უფრო კონტრასტულია. ის “ელექტრონული მელნის” დისფლეითაა აღჭურვილი და მზის გულზეც კი (ვთქვათ, მზის აბაზანის მიღებისას), შეგიძლიათ, კომფორტულად იკითხოთ. ჩვენ გავაორმაგეთ მისი მეხსიერება – ის ახლა 4 გბ-ია და 3’500 წიგნს სულ მშვიდად დაიტევს.

ჩარლი როუზი: ოჰო… მთელი ზაფხული გვეყოფა, არა?

ჯეფ ბეზოსი: მაგრამ, ჯერ ყველაფერი არ მითქვამს – ჩვენ არ გაგვიზრდია ფასი და “ქინდლი” Wi-Fi ვერსიით 139 დოლარი ღირს, ხოლო თუ ამას 3G კავშირსაც დაუმატებთ – 189 დოლარი.

ჩარლი როუზი: და მაინც, როდესაც ამბობენ (ალბათ, თქვენც გაიგონებდით), რომ “ტაბლეტები”, იგივე “აიფედი”, “ქინდლის მკვლელები” არიან, თქვენ რას პასუხობთ?

ჯეფ ბეზოსი: პირველ ყოვლისა, “ქინდლი” წარმატებული პროდუქტია და – სრულიად განსხვავებული…  აი, ახლა მე რომ გითხრათ: “ჩარლი, მომწონს თქვენი შოუ, მაგრამ, მოდით, უფრო სექსუალური გავხადოთ…”

ჩარლი როუზი: (იცინის) უკვე დამაინტერესეთ!

ჯეფ ბეზოსი: “გავხადოთ უფრო მიმზიდველი, სწრაფი ჩართვებით, მწვავე არგუმენტებით, გადავკიდოთ  სტუმრები ერთმანეთს…”  ასე რომ გითხრათ, თქვენ, უთუოდ, მიპასუხებთ: “ჯეფ, არ გეწყინოს, მაგრამ არაფერი გესმის. შენ ჩემს მაყურებელს არ იცნობ.”

ჩარლი როუზი: ჰო, ჩვენი ნიშა გვიჭირავს.

ჯეფ ბეზოსი: ჰოდა, საქმეც მაგაშია, როდესაც მეუბნებიან: “ჯეფ, “ქინდლს” რატომ არ აქვს ფერადი ვიდეოს მხარდაჭერა?” ვეუბნები: “გგონიათ, ფერი ჰემინგუეის რამეს შემატებს?.. მე შენ პატივს გცემ, მაგრამ, ჩემს აუდიტორიას არ იცნობ…”

ჩარლი როუზი: …და არც ის იცი, თუ რამდენი ქინდლი გავყიდე…

ჯეფ ბეზოსი: ჰო, ეგეც სიმართლეა. ეს საქონელი კარგად მუშაობს… ჩემს კლიენტებს სურთ, რომ ნებისმიერი განახლება, რასაც ვახორციელებთ, მათ კითხვას უადვილებდეთ. თუ ნახავთ დღევანდელ სტატისტიკას, რას აკეთებენ “აიფედის” მფლობელები – ისინი თამაშობენ “Angry Birds” (“გაბრაზებული ჩიტები” – თამაში სადაც ჩიტებს ესვრი გოჭებს და გოჭები ფეთქდებიან), ამავე დროს, თუკი ნახავთ სტატისტიკას, თუ რას აკეთებენ “ქინდლის” მფლობელები – ისინი კითხულობენ სთიგ ლარსონს

  • შვედი მწერალია, “მილენიუმის ტრილოგიის” ავტორი. ლარსონი ზოგიერთი წყაროს მიხედვით მიიჩნევა პირველ მწერლად, რომელმაც 1 მილიონიანი ტირაჟის ზღვარს გადააბიჯა ციფრულ ფორმატში, თუმცა სხვა ვერსია ასეთ ავტორად ჯეიმს ფათერსონს ასახელებს, ვინც დეტექტივი ალექს ქროსი შექმნა.

ჩარლი როუზი: თუმცა, “აიფედს” აქვს ქინდლთან სინქრონიზაციისა და წიგნების წასაკითხი პროგრამა…

ჯეფ ბეზოსი: ისევე როგორც “ანდროიდს”, “აიფონს”, “მაქს”… ეს პროგრამა ნებისმიერი კომპიუტერისთვის არსებობს. ჩვენი მიდგომა მარტივია – თუკი შეიძინე ჩვენგან წიგნი – მისი წაკითხვა ნებისმიერ მოწყობილობაზე უნდა შეგეძლოს. “იყიდე ერთხელ, იკითხე ყველგან” – ასეთი დევიზი გვაქვს. ჩვენ შევიმუშავეთ ტექნოლოგია, რომელსაც Whisper Sync (“წამიერი სინქრონიზაცია”) ეწოდება – შეძენილი წიგნის კითხვა შეგიძლიათ დაიწყოთ “ბლექბერით”, განაგრძოთ “აიფედით”, მაგრამ როდესაც დროს გამონახავთ და ამ საქმისთვის ერთი-ორი საათის დათმობას დააპირებთ – აიღეთ “ქინდლი” – ვინაიდან, ის არის მოწყობილობა საგანგებოდ შექმნილი ხანგრძლივი და კომფორტული კითხვისთვის.

ჩარლი როუზი: როგორც მსმენია, მთავარი არგუმენტი “ქინდლის” სასარგებლოდ ისაა, რომ “აიფედზე” კითხვა თვალებს ღლის, ეკრანის ფონური განათების გამო.

ჯეფ ბეზოსი: რამდენადაც LCD დისფლეი ანათებს – ეს იგივეა, თქვენ კითხულობდეთ, ვიღაც კი თვალებში შუქს გიჭყიტინებდეთ. “ელექტრონული ქაღალდის” დისფლეი კი სრულიად განსხვავებულია, კომპიუტერის ეკრანს კი არა, უბრალო ქაღალდს გავს… ადამიანები, ვისაც ის არასდროს უნახავთ, ისევ და ისევ რაღაც კომპიუტერის ეკრანის მსგავსს წარმოიდგენენ ხოლმე, მაგრამ, საკმარისია, ერთხელ შეავლო თვალი და – განსხვავებაც თვალნათელია.

ჩარლი როუზი: იცვლება თუ არა წიგნების ბაზარი? ამაზეც გვითხარით.

ჯეფ ბეზოსი: დღეისათვის ჩვენ 630’000 ციფრული წიგნი გვაქვს გაყიდვაში… აქ არ ვთვლი იმ 1,8 მილიონამდე გამოცემას, რომელზეც საავტორო უფლებების ვადა გასულია და უფასოდ შეგიძლიათ, ჩამოტვირთოთ… ამ 630’000-დან 510’000 დასახელების ციფრული წიგნის გასაყიდი ფასი ჩვენთან 9,99 დოლარი ან ნაკლებია… დანარჩენ გამომცემლობებთანაც ვმუშაობთ. ვცდილობთ, ფასები შევამციროთ.

ჩარლი როუზი: გამოცემის დროში თუა განსხვავება? ციფრულ ფორმატში წიგნის შეძენა იმწამსვე შეიძლება, როგორც კი ის ნაბეჭდი სახით გამოიცემა?

ჯეფ ბეზოსი: ადრე იყო შეფერხება, ახლა ასეთი განსხვავება აღარ არის. რამდენიმე გამომცემელი ცდილობდა მათი გამოცემების შეყოვნებას ციფრულ ფორმატში, მაგრამ მკითხველები აუჯანყდნენ და ასეთ პრაქტიკაზე ყველამ უარი თქვა.

ჩარლი როუზი: თქვენ გსურდათ, შეგექმნათ განსხვავებული მოწყობილობა მხოლოდ კითხვისთვის?

ჯეფ ბეზოსი: დიახ, ასეა. ჩვენ მრავალფეროვან სამყაროში ვცხოვრობთ, თქვენ იყენებთ “ტაბლეტს”, იგივე “აიფედს”, სმართფონს, ლეფთოფს… და, როდესაც გსურთ რომელიმე 300-გვერდიანი ნაწარმოების წაკითხვა, გაქვთ “ქინდლი” – იდეალური მოწყობილობა, რათა კომფორტულად მოთავსდეთ სავარძელში ან სადაც გნებავთ და წაიკითხოთ ეს 300-გვერდიანი წიგნი… და ჩვენ, “ამაზონელები” მოხარულნი ვართ, რომ არსებობს “ტაბლეტები”, მათ ხომ ასეთი კარგი ვებ-ბრაუზერები აქვთ, რაც ადამიანებს Amazon.com-ზე ვაჭრობას უადვილებს (იცინის).

ჩარლი როუზი: რატომ არის “ქინდლი” ამ ზომის? არ გიცდიათ, ის უფრო დაგეპატარავებინათ, როგორც “აიფონი” ან “ბლექბერი”?

ჯეფ ბეზოსი: ჩვენ დიდი სამუშაო გავწიეთ. “ქინდლი” უკვე 33 თვეა, რაც ბაზარზეა. ახლა უკვე მეტ “ქინდლს” ვყიდით, ვიდრე მაგარყდიან წიგნს, მაგრამ დასაწყისი იოლი არ ყოფილა. 3 წელი მოვანდომეთ, სანამ პირველ მოდელს წარვუდგენდით ბაზარს. შევეცადეთ, მოგვეძებნა ოპტიმალური ზომა კომფორტული კითხვისთვის – სმართფონი შესანიშნავია მესიჯის გასაგზავნად, მაგრამ სრულიადაც არაა ასეთი 300-გვერდიანი ტექსტის წასაკითხად. შევეცადეთ, დისფლეის ზომა მოგვერგო როგორც რომანისთვის, ასევე ნოველისთვის… თუმცა, სხვა ვერსიაც გვაქვს – 9,7 ინჩიანი ეკრანით.

ჩარლი როუზი: “ტაბლეტის” ხელაა.

ჯეფ ბეზოსი: ჰო. ის უფრო გამოდგება სტრუქტურირებული ტექსტისთვის – დიაგრამებით, გრაფიკებით…

ჩარლი როუზი: თქვენ “ელექტრონული ქაღალდი” არჩიეთ იმიტომ, რომ მკითხველს შექმნოდა გრძნობა, თითქოს ნაბეჭდ წიგნს კითხულობს?

ჯეფ ბეზოსი: მთავარი ჩვენთვის ისაა, რომ თვალი არ დაიძაბოს და არ დაიღალოს. გვსურს, ჩვენმა მოწყობილობამ ისევე შეგიყვანოთ მწერლის სამყაროში, როგორც ტრადიციული წიგნი აკეთებს და ამის გაკეთება შეუძლებელია, თუკი თვალი ისევე გაღიზიანდება და კითხვა დაგღლით, როგორც ამას კომპიუტერის ეკრანი აკეთებს.

ჩარლი როუზი: დაემატება თუ არა ფერი?

ჯეფ ბეზოსი: ასეთი ტექნოლოგია მინახავს ლაბორატორიებში, მაგრამ წარმოებისთვის ჯერ მეტისმეტად ნედლია… ასევე ხშირად მეკითხებიან, რატომ არ ვიყენებთ თაჩსქრინს. ის ეკრანს სარკისებურობას სძენს. სულ ოდნავ, მაგრამ ეს მაინც კომპრომისული ნაბიჯია კომფორტული კითხვის ხარჯზე გადადგმული. ჩვენთვის კი უპირველესია კომფორტი თვალისთვის და ჩვენი მიდგომა ამართლებს.

ჩარლი როუზი: “ქინდლის” გაყიდვები “ამაზონის” გაზრდილი შემოსავლის რა ნაწილია?

ჯეფ ბეზოსი: მზარდი ნაწილია, თუმცა, პროცენტულად არ არის დიდი შემადგენელი. “ამაზონის” გაყიდვების ბიზნესი ძალიან მასშტაბურია.

ჩარლი როუზი: მაგრამ ეს არის თქვენი ნაბიჯი სამომხმარებლო ელექტროსაქონლის ბაზარზე?

ჯეფ ბეზოსი: ჩვენ ვართ ფოკუსირებულნი კითხვაზე. აინტერესებთ ხოლმე, ვაპირებთ თუ არა “ტაბლეტის” გამოშვებას…

ჩარლი როუზი: მეც მაინტერესებს…

ჯეფ ბეზოსი: ჩემი პასუხია – არა და გეტყვით, რატომ. წლის ბოლომდე “აიფედის” 30 კონკურენტი გაჩნდება, მომავალ წელს – 75. რად უნდა მსურდეს, 76-ე ვიყო?

ჩარლი როუზი: შეგეკამათებით – თუკი შექმნით რაღაცას, “აიფედზე” უკეთესს, ბაზარი – თქვენია.

ჯეფ ბეზოსი: თუკი რაღაც სრულიად გამორჩეულს შევქმნით – კი. ჩვენ არ გვსურს “me-too” (“მეც ასევე” – ბევრის მსგავსი)  პროდუქტის შექმნა და რაც ჩვენ შევქმენით, სწორედაც რომ უნიკალური პროდუქტია. ის წარმატებულია იქ, სადაც “ტებლეტი” და კომპიუტერი LCD ეკრანით თავს ვერ ართმევენ.

ჩარლი როუზი: თუკი გამომცემლები თქვენთან თანამშრომლობას შეწყვეტენ, ეს ხომ დაგაზარალებთ? თუ გამომცემლები, პირიქით, ესწრაფვიან თქვენთან თანამშრომლობას?

ჯეფ ბეზოსი: როდესაც ვიწყებდით 33 თვის წინ, მაღაზიაში 90’000 ციფრული წიგნი გვქონდა, ახლა მათი რიცხვი 630’000-ა და კოლექციის გამდიდრებას მომავალ 33 თვესაც არ შევწყვეტთ. ჩვენი მიზანია – ნებისმიერი გამოცემული წიგნი თქვენს “ქინდლში” 60 წამში… ამასთან,  ყველა კლიენტისთვის სერვერზე ინდივიდუალურ თაროს ვქმნით – თუკი წიგნი შეიძინეთ, მაგრამ ამჟამად არ კითხულობთ, შეგიძლიათ,  “ქინდლიდან” წაშალოთ, ვინაიდან ის მუდამ იქნება ჩვენი სერვერის თქვენს თაროზე შემოდებული და ნებისმიერ წუთს შეგიძლიათ, ხელახლა ჩამოქაჩოთ.

ჩარლი როუზი: თქვენი მიზანია – იყოთ მსოფლიოს ყველაზე დიდი ონლაინ-მოვაჭრე (და ხართ კიდეც), სხვა რა მიზნები გამოძრავებთ?

ჯეფ ბეზოსი: დედამიწაზე ყველაზე “კლიენტოცენტრულ” კომპანიად ქცევა.

ჩარლი როუზი: ვშიშობ, არ ვიცი, ეს რას ნიშნავს.

ჯეფ ბეზოსი: ახლავე აგიხსნით – მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აკიო მორიტამ, სონის დამფუძნებელმა დაისახა მიზნად, იაპონია ცნობილი გამხდარიყო პროდუქციის ხარისხით – მანამდე იაპონია იაფ, სხვისგან კლონირებულ საქონელს აწარმოებდა.  მორიტას არ უთქვამს “სონი” უნდა გახდეს ხარისხით ცნობილიო, მან თქვა – იაპონია უნდა გახდესო – დაისახა მიზანი, რომელიც უფრო დიდი იყო, ვიდრე “სონი”. ჩვენც მსგავსი მიზნები გვაქვს – გვსურს, “ამაზონი” გახდეს სიმბოლო კლიენტზე ორიენტირებული მიდგომისა, ნაცვლად კონკურენტზე მიმართულისა. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ ასე განსხვავებული საქონლით და ჩვენს საქმიანობას ხანგრძლივ პერსპექტივაში განვიხილავთ.

  • ე.წ. “ამერიკელ კლიენტთა კმაყოფილების ინდექსი” (ACSI – American Consumer Satisfaction Index) რომელიც ამა თუ იმ კომპანიის მიმართ მომხმარებელთა განწყობას ასახავს, ადასტურებს ჯეფ ბეზოსის სიტყვებს – გასული წლის მონაცემებით, Amazon.com-ის მიმართ კლიენტთა კეთილგანწყობა 100-ქულიან შკალაზე 86 ქულით შეფასდა (ეს მეორე შედეგია და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება პირველ ადგილზე მყოფ ვიდეოფილმების გაქირავების სერვისს Netflix.com-ს).

ჩარლი როუზი: ასეთი ვარაუდებიც მომისმენია, როგორც კი Wal-Mart ონლაინ ვაჭრობას მოკიდებს ხელს, “ამაზონის” ადგილი არ დარჩებაო – მაგრამ ასე არ მოხდა. რატომ?

ჯეფ ბეზოსი: სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი კლიენტებისთვის კარგი სამუშაო გავწიეთ. მუდამ კლიენტზე ვიყავით ფოკუსირებულნი.

ჩარლი როუზი: სხვები არ იყვნენ კლიენტზე ფოკუსირებულნი?

ჯეფ ბეზოსი: ჩვენ განსხვავებულნი ვართ. სამი რამ არის, რაც “ამაზონს” გამოარჩევს: მდიდარი არჩევანი. დაბალი ფასები. სწრაფი, მოხერხებული, სანდო მიწოდება.

ჩარლი როუზი: კი მაგრამ, “უოლ-მართი” არ გვთავაზობს დაბალ ფასებსა და სწრაფ, მოხერხებულ მიწოდებას?

ჯეფ ბეზოსი: მეტწილად, ჩვენთან ყველაზე ფართო არჩევანია. ონლაინ-ვაჭრობის მოდელი კი ხარჯების შემცირების საშუალებას გვაძლევს, ასე რომ, ფასებიც, ხშირად, ჩვეულებრივ მაღაზიებზე დაბალი გვაქვს.

ჩარლი როუზი: მაღაზიებზე, რომლებიც ასევე ვაჭრობენ ონალინ?

ჯეფ ბეზოსი: ისინი განსხვავებულ სიტუაციაში არიან – მაგალითად, ზოგჯერ არ სურთ საკუთარ თავთან საფასო კონკურირება ონლაინ და ოფლაინ. ჩვენი მოგება კი ჩვენი კლიენტების კისერზე არ გადადის. თუკი რაღაც საქონელს მოაქვს ზარალი – ჩვენ მის გაყიდვას ვწყვეტთ, მაგრამ ფასებს არ ვზრდით. ჩვენი პრინციპი არაა, რომ საკუთარი არაეფექტურობის გამო კლიენტები დავაზარალოთ.

ჩარლი როუზი: “ქინდლზე” დაგიკარგავთ ფული?

ჯეფ ბეზოსი: ყოველ ახალ ბიზნესს, სადაც ფული ჩავდეთ, წლები დასჭირდა და პირველი 5-7 წელი ჩვენს შემოსავლებზე უარყოფითად იაისახა, მაგრამ “ამაზონი” ძალიან ჯანმრთელი კომპანიაა, საქმეები კარგად მიგვდის. როდესაც ონლაინ ბაზარზე Barnes & Noble გამოჩნდა, ჩვენ 150 თანამშრომელი გვყავდა, მათ კი – 30’000.

  • Barnes & Noble აშშ-ში უდიდესი წიგნებით მოვაჭრეა. მას, აგრეთვე, გააჩნია საკუთარი წამკითხველი: Nook.

მაშინ ზოგიერთებმა დაწერეს – “ამაზონს” კარგი 2 წელი ჰქონდა, მაგრამ ახლა დიდი ბიჭები მოვიდნენ და სათამაშო მოედანს დაატოვებინებენო. მე მაშინ თანამშრომლები შევკრიბე, 150-ვე ადამიანი და ვუთხარი – “ნუ ღელავთ კონკურენტებზე – ფულს ისინი მაინც არ გამოგვიგზავნიან, იფიქრეთ კლიენტებზე.” მაგრამ სხვაგვარადაც შემიძლია გიპასუხოთ – ბაზარი უსაზღვროა. “უოლ-მართს” შეუძლია წარმატებული იყოს და ეს არ შეგვიშლის ხელს, ჩვენც ვიყოთ წარმატებულნი. ჩვენთვის ეს მხოლოდ ბიზნესი არაა – მისიაა. მისიონრებს კი მუდამ საუკეთესო საქონელი აქვთ.

ჩარლი როუზი: “აიფონის” ანტენის ამბავზე რას იტყვით? არ გაგიკვირდათ, რომ ჯობსს ასეთი შეცდომა გაეპარა?

ჯეფ ბეზოსი: ამის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი…

ჩარლი როუზი: კარგით ერთი! რა თქმა უნდა, იცით, უბრალოდ, ახლა გსურთ, კითხვისგან თავი დაიძვრინოთ.

ჯეფ ბეზოსი: ჰო, ცოტათი გამიკვირდა. ვიფიქრე, რომ ეს ისეთი რამაა, რაც ტესტირებისას უნდა გამჟღავნებულიყო.

ჩარლი როუზი: იჩქარეს ბაზარზე შესვლა?

ჯეფ ბეზოსი: არ ვიცი, რა მიზეზით მოხდა.

ჩარლი როუზი: ამან ისინი დააზარალა?

ჯეფ ბეზოსი: არა მგონია. არა… უდიდეს კომპანიებსაც მოსდით შეცდომები – მთავარია, მათი გამოსწორება შეძლო.

ჩარლი როუზი: არის რაიმე ახალი მიმართულება, საითკენ სვლასაც აპირებთ და რის შესახებაც არაფერი ვიცით?

ჯეფ ბეზოსი: სიახლე, ალბათ, არ იქნება, მაგრამ ახლა სულ უფრო მეტად ფოკუსირებულნი ვართ სამოსზე. ჩვენი გაყიდვები ამ სეგმენტში ძალიან გაიზარდა. ახლა კიდევ შევიძინეთ Zappos, რომელიც ფეხსაცმელს ყიდის. “ამაზონი” მანამდეც ყიდდა ბევრ ფეხსაცმელს და ახლა გაგიჩნდებათ კითხვა – რატომ უნდა მომინდეს, ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი ონლაინ შევიძინო? მაგრამ ისტორიულად, ინტერნეტის გამოგონებამდეც კი, ტანსაცმლის საფოსტო კატალოგების მეშვეობით შეძენა მეტად პოპულარული იყო… ჩვენ ეს პროცესი კიდევ უფრო გავამარტივეთ. აირჩიეთ ჯინსის სამი შარვალი, გაისინჯეთ, დაიტოვეთ ერთი, რომელიც მოგეწონათ და ის ორი მოგვიბრუნეთ უკან. პრობლემა არაა. სინდისიც ნუ შეგაწუხებთ.

ჩარლი როუზი: გამოდის, რომ, რასაც მომავლისგან ელით, ის, უკვე ხდება – როდესაც ადამიანები ფიქრობენ ონლაინ შენაძენზე – პირველი რაც ინსტიქტურად ახსენდებათ, ესაა Amazon.com.

ჯეფ ბეზოსი: მსურს, ადამიანებმა იფიქრონ “ამაზონზე”, როგორც ყველაზე სანდო მაღაზიაზე. ისეთზე, რომელმაც მათი ნდობა დაიმსახურა. გვინდა, რომ ჩვენი დაპირება კანონი იყოს და, უნდა გითხრათ,  მართლაც კარგად ვასრულებთ დანაპირებს. ასე დავიმსახურეთ ნდობა – დავპირდეთ მტკიცედ და არ დავარღვიოთ პირობა. კლიენტთა ნდობა კი საშუალებას გვაძლევს, ვიყოთ წარმატებულნი ახალ ბიზნესებში. “ამაზონი” კარგად მემსახურებოდა, მოდი ახლა ვენდობი და“ქინდლსაც” ვცდი”, – ასე ფიქრობენ ჩვენი მყიდველები.

  • ჩემზე ამბობს. 🙂 თავიდან B&N Nook-ის ყიდვას ვაპირებდი, შემდეგ კი ვიფიქრე: ამდენი ხანია “ამაზონის” კლიენტი ვარ და ერთხელაც არ გავუწბილებივარ, მოდი, ახლაც ვენდობი და “ქინდლს“ ვიყიდი… ჰოდა, ვიყიდე კიდეც.

ჩარლი როუზი: ერთი კითხვა მაწუხებს – როგორია სოციალური მედიის ზეგავლენა მომხმარებელთა გადაწყვეტილებების მიღებაზე? ვგულისხმობ არა იმას, თუ სად შეიძინონ, არამედ იმას, რა შეიძინონ. ხდება თუ არა, რომ უფრო ხშირად ადამიანები უსმენენ თავიანთ ნაცნობ-მეგობრებს და არ აკვირდებიან სხვადასხვა პროფესიონალურ რეიტინგებს?

ჯეფ ბეზოსი: ერთი მხრივ – კი, მეორე მხრივ კი – არა. აი, რას ვგულისხმობ – ინტერნეტის ზეგავლენა დღეს განუზომლად დიდია, ვიდრე ეს წლების წინ იყო. ყველა ცდილობს, თავისი აზრი სხვებს გაუზიაროს და ბლოგების, ი-მეილის, სოციალური ქსელების საშუალებით ეს ძალზედ გაიოლდა. წარსულში თუ 70% ენერგიას დაახარჯავდი მარკეტინგს და 30% ენერგიას – თავად პროდუქტს – ეს მუშაობდა და შეიძლებოდა ბაზრის ლიდერი გამხდარიყავი საშუალო პროდუქტით. დღეს ძალაუფლება სულ უფრო მეტად გადადის მომხმარებელთა მხარეს. დღეს კომპანიას შეუძლია, მეტი ენერგია ჩადოს თავად პროდუქტში და ნაკლები ენერგია მოახმაროს იმის მტკიცებას, თუ რა კარგია ეს პროდუქტი. მიდგომა ასეთია: “მე შევქმნი კარგ საქონელს და კმაყოფილი მომხმარებელი თავად გააგებინებს სხვას”. აქ მოთმინება უნდა გეყოს და მეყსეულ ეფექტს არ უნდა ელოდო, მაგრამ თუ ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვლი – ეს ძალიან ჯანსაღი და სასარგებლო მოვლენაა..

ჩარლი როუზი: მადლობა, ჯეფ, რომ მეწვიეთ.

ჯეფ ბეზოსი: როგორც ყოვეთვის ეს სიამოვნებით გავაკეთე, ჩარლი, გმადლობთ.

  • ჩარლი როუზი ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და ინტერვიუერია. მიყავდა CBS- ის ღამის საინფორმაციო გამოშვება Nightwatch, გადაცემა “60 წუთი”. 1993 წლიდან PBS-ზე მიყავს გადაცემა “ჩარლი როუზი” (“ინტერვიუ ჩარლი როუზთან”). რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია.

(ინტერვიუ იბეჭდება შემოკლებით)
© Charlie Rose Inc. © Roll Call, Inc.
©  LV (ქართული თარგმანი, 2010)
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___
ამავე თემაზე:
წამკითხველი გუტენბერგის აღსასრული რა შეუძლია და არ შეუძლია Amazon Kindle-3-ს?

P.S.
მარკეტინგის როლის შემცირებაზე ბეზოსს მთლად მაინც ვერ
დავეთანხმები.
მარკეტოლოგები სულ უფრო უკეთ ერგებიან ახალ რეალობას და
სოციალურ მედიასაც მშვენივრად იყენებენ საკუთარი
ამოცანების გადასაწყვეტად.
ამ ბოლო დროს გაჩენილი “ქინდლის” ვირუსული
“ანტი-ტაბლეტური” რეკლამებიც, თითქოს ფანების მიერ რომაა
დამზადებული (და, სინამდვილეში (დიიიიდი ალბათობით)
“ამაზონის” მიერ  დაქირავებული მარკეტოლოგების ნამუშევარია)
– ამის მშვენიერი მაგალითია.

ის ბრძოლაც, რომელიც ახლა “ქინდლის” და “აიფედის”
ფან ბლოგერებს შორის გაჩაღდა და მიმდინარეობს, არა მგონია,
მთლად ენთუზიაზმზე იდგეს. იმჰო.

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

22 thoughts on “ამაზონი, ეფლი, ქინდლი და სოციალური მედია”

    1. იყიდე. 🙂
      წიგნებში ისედაც გეხარჯება მაგდენი.
      ჩემსას აგზავნიან “არა უგვიანეს 4 ოქტომბრისა” – რიგია უშველებელი და შეკვეთები რიგში დგება.

      Like

  1. ბეზოსი მართალია – აიპადიც უნდა გქონდეს, აიფონიც, ნოუთბუქიც, ქინდლიც, მაგრამ ფინანსები ერთვება ამ ამბავში.
    და არჩევანის გაკეთება გიწევს. აიპადით შეგიძლია წაიკითხო კიდეც და რაღაც სამუშაო თუ გაქ ისიც გააკეთო. ქინდლი საკითხავად შეიძლება კარგია, მაგრამ სამუშაოდ ტაბლეტი უკეთესია.

    Like

    1. მართალი ხარ, თუმცა ეგ აქტუალური იყო, როცა რიდერები 300 დოლარი ღირდა. დღევანდელი ფასი სრულიად მისაღებია იმისთვის, რომ არ მოჟმოტოს ადამიანმა 🙂

      ტაბლეტი სასარგებლო რაღაცაა – ნოუთბუქი მაინც საკმაოდ მძიმეა სათრევად და მოუხერხებელი. შეხვედრების დროს მაგალითად ტაბლეტი – იდეალურია, თუ რაღაცის ჩაწერა გინდა, ვთქვათ… მაგრამ მაინც სუსტი შესაძლებლობები აქვს, იმისთვის რომ სამუშაოში ენდო… ასე, რომ ზოგადად, ნოუთბუქი+ქინდლი უფრო კარგი წყვილია.

      გარდა მაგისა – ბეზოსი 100% სანამ არ ნახავ “ელექტრონულ ქაღალდს”, ვერც კი წარმოგიდგენია, ეს რა არის და რამდენად კომფორტულია ტექსტის წასაკითხად. უბრალოდ, ყველა მიჩვეულია LCD ეკრანს და სხვა რაღაცის წარმოდგენა გვიჭირს.
      მეც რომ არ მქონოდა შეხება – ალბათ არ გადავწყვეტდი ყიდვას. სიტყვებით მოყოლა მაინც ის არ არის 🙂

      Like

    1. როგორც ბეზოსი ამბობს – ქინდლი არის მოწყობილობა ტექსტის წასაკითხად – გაზეთები, ბლოგები, ინფორმაცია, წიგნები კი ბატონო. მეილის შემოწმებაც შეგიძლია, მაგრამ იუთუბზე ვერ გახვალ. მოკლედ wi-fi და ბრაუზერი აქვს იმიტომ, რომ ტექსტები წაიკითხო, მაგრამ ეს არ არის სრულფასოვანი ინტერნეტ-სერფინგისთვის. ასეთი ამოცანა არ აქვს.

      Like

  2. იუთუბს ვერ გახსნის – ბეზოსი ამბობს ვიდეოს არ ხსნისო გასაგებია, მაგრამ რა ფორმატებს კითხულობს? ვორდის წაკითხვა შეძლია?
    ქართულ ფონტებს გახსნის?

    კარგი რაღაცა როა, ვხვდები, მაგრამ რომ ჩამოგივა, მერე უფრო დეტალურად თუ დაწერ კარგს იზამ.
    🙂

    Like

  3. წიგნიდან კითხვას მაინც სხვა არომატი აქვს.
    მაგრამ ისე აღწერს ბეზოსი, რომ კი დავინტერესდი ხო იცი. 🙂
    ქართულ ან რუსულ ტექსტებსაც ხომ კითხულობს ქინდლი?

    Like

  4. ეგ მართლაც ძალიან მაგარი რაღაცაა.
    ჯეფ ბეზოსს რაც შეეხება, არ უნდა ერთი ქინდლი მაჩუქოს, როგორც ამაზონის ერთ-ერთ ხშირ კლიენტს??? სულ ეგ “ქინდლი” მეჩხირება თვალში, ამაზონზე რომ შევდივარ. :მო:

    Like

  5. აღჭურვილი და მზის გულზეც კი (ვთქვათ, მზის აბაზანის მიღებისას), შეგიძლიათ, კომფორტულად იკითხოთ. ჩვენ გავაორმაგეთ მისი მეხსიერება – ის ახლა 4 გბ-ია და 3’500 წიგნს სულ მშვიდად დაიტევს.

    ჩემი სუსტი წერტილი
    შეზლონგი და წიგნები

    Like

  6. “გგონიათ, ფერი ჰემინგუეის რამეს შემატებს?

    გენიალნო 🙂
    ვადერ სერიოზულად დამაფიქრე :დ
    თან ვიკიკოს როცა ეძინება ეკრანის შუქი არ შეაწუხებს და მშვიდად წავიკითხავ ღამეც საწოლში

    Like

  7. ჩვენც მსგავსი მიზნები გვაქვს – გვსურს, “ამაზონი” გახდეს სიმბოლო კლიენტზე ორიენტირებული მიდგომისა, ნაცვლად კონკურენტზე მიმართულისა. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ ასე განსხვავებული საქონლით და ჩვენს საქმიანობას ხანგრძლივ პერსპექტივაში განვიხილავთ.

    უყურე შენ 🙂

    Like

  8. უგემრიელესი პოსტი იყო ვადერ
    ნამდვილად ვისიამოვნე და დავიტვირტე ინფორმაციულად

    მადლობა რომ არსებობ :დ

    Like

    1. რამდენი კომენტარია, მართლა დაგაინტერესა, გეტყობა 🙂

      ეკრანის შუქი არ შეაწუხებს, მაგრამ სიბნელეში შენც ვერაფერს წაიკითხავ 🙂 ლამფა გინდა… ნუ ისეთ ადგილას მუშაობ, მაგი არ გაგიჭირდება, მარა მაინც.

      აი, ამაზონი ასეთ რამეს ყიდის:

      და

      და

      Like

  9. ლამფა გინდა… ნუ ისეთ ადგილას მუშაობ, მაგი არ გაგიჭირდება, მარა მაინც.

    აუ ამას წინათ ჩამოგვივიდა დაახლოებით ეგეთი ლედ განათებები, მანქანის კაპოტებისტვის, თან მაგნიკი აქვს, რამე რო ჩაგივარდეს ჭანჭიკი ან რამე ეგრევე ჩაუშვებ და იღებს, თან ამ მაგნიტით ამაგრებ ნებიმიერ ზედაპირზე რაც მაგნიტს ჭერს
    ფაუერ ლედი აქვს და კარგად წაიკითხავ კიდეც მის შუქზე და ძალიან მოქნილი ღეროო აქვს 🙂 გადახრი საითაც გინდა, ეგრევე ვუყიდე დიმას მანქანისტვის

    რა გავარეკლამეეეეეეეეე :დ :დ :დ

    Like

    1. შეგიძლია ფეისბუქში ქართველ ქინდლისტთა გვერდს შემოუერთდე ქინდლიანად. 🙂
      და თუ რამე ისეთი იცი ქინდლზე, ჩვენ რომ არ ვიცით – გაგვიზიარე და გაგვეხარდება.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: