არასდროს ვყოფილვარ ინტელექტუალი. უბრალოდ, ასე გამოვიყურები.
ვუდი ალენი
ამბობენ, ვუდი ალენი ფსიქოლოგიურ-ინტელექტუალურ დრამებს იღებსო. ყოველ შემთხვევაში, ფილმ “ვიქი, ქრისთინა, ბარსელონა”-ს (Vicky Cristina Barcelona) კინოანონსს თუ დავუჯერებთ – ასეა. მე კი დრამა არ მიყვარს. როდესაც მესმის სიტყვა “დრამა” და, ისიც, “ინტელექტუალური”, თუ კინოთეატრთან ვარ – ქუჩის მეორე მხარეს გადავდივარ, თუ ტელევიზორს ვუყურებ – პულტის ძებნას ვიწყებ… მაგრამ, სინამდვილეში, პი-ინტელექტუალურ დრამებთან ვუდი ალენის შემოქმედებას არაფერი აქვს საერთო. ვუდი ალენი იღებს არაჩვეულებრივ სახალისო და ჭკვიან კომედიებს – მაშინაც კი, როდესაც ტრაგედიის გადაღება სურს, მის ფილმებში იმდენი იუმორია, რომ მთელს ჰოლივუდს ეყოფა.
ამავე დროს, ვუდი ალენი ალბერ ქამიუს მემაბოხე ადამიანია. ბუნტარი. ეს მის ფილმებშიცა ჩანს და მის ცხოვრებაშიც. მას არ უყვარს აკეთოს ისე, “როგორც ეს მიღებულია”. “როგორც წესია”. “როგორც ეკადრება”.
არც აკეთებს.
ნიუ იორქელი ბუღალტრისა და იუველირის ოჯახში დაბადებულმა ალენმა “რიგიანი” პროფესიის დაუფლება არ მოისურვა, რითიც ნათესავები ფრიად გაანაწყენა. ვერც იმით აღაფრთოვანა ისინი, რომ 17 წლისამ სახელი ალენ სთიუართ ქიონიგსბერგი (Allen Stewart Konigsberg) ოფიციალურად გადაიკეთა ვუდი ალენად (Woody Allen). როდესაც ნიუ იორქის უნივერსიტეტის (NYU) კინემატოგრაფიისა და კომუნიკაციების ფაკულტეტიდან გარიცხეს, ვინაიდან არ სწავლობდა, ახლობლებს ცოტა იმედი კი მიეცათ – ეგებ, ჭკუაზე მოვიდესო, მაგრამ, ამის ნაცვლად, ალენმა მთლად “კლოუნადაში” დურთა თავი – მუშაობდა კომიკოსების: ჰერბ შრინერის (Herb Shriner), ედ სალივანის (Ed Sullivan), ჯონი ქარსონის (Johnny Carson) და სიდ სიზარის (Sid Caesar) სცენარისტად, თხზავდა სიუჟეტებს “ფარული კამერისთვის”, კარიკატურებსა და იუმორესკებს აქვეყნებდა ჟურნალ “ნიუ იორქერში” (The New Yorker) და თავადაც გამოდიოდა სცენაზე იუმორისტული სკეჩებით. ფოკუსნიკობდა კიდეც – ამიტომაცაა ფოკუსები და მეფოკუსე მისი ერთ-ერთი საყვარელი თემა ფილმებშიც – “ნეფრიტის მორიელის წყევლა” (The Curse of the Jade Scorpion), “სენსაცია” (Scoop)… და “მატჩ-პოინტშიც” (Match Point) ფოკუსი არაა განა, რასაც ფილმის გმირი ჯონათან მეერსი ჩაატარებს? 🙂
თუკი ჩემი ფილმები ერთ ადამიანს მაინც გააუბედურებს, ვიფიქრებ, რომ ამოცანა შემისრულებია.
ვუდი ალენი
ალენი დასცინის ყველას და ყველაფერს: ჰოლივუდს, ქალებს, ინტელექტუალებს, ფსიქოანალიტიკოსებსა და მათ პაციენტებს, საყვარელ ნიუ იორქსაც და ყველაზე ხშირად კი, მაინც – საკუთარ თავს. ალბათ, ამიტომაა სწორედ, რომ მის დაცინვას იტანენ და ეგუებიან. ის არაჩვეულებრივად პოპულარულია. ჰოლივუდმა მისთვის სამი ოსკარი გაიმეტა და უამრავჯერ – ნომინაცია. (რეჟისორის ჯილდოების ვრცელი სია შეგიძლიათ, აქ იხილოთ). ალენმა იცის, როგორ გადაიღოს ჭკვიანი ფილმები, რომლებიც, ყველას თუ არა, ძალიან ბევრს მოსწონს და არც ბილეთის ფული ენანება, ამდენად, მის ფილმებს პროდიუსერებისთვის ჯილდოების გარდა ფულადი მოგებაც მოაქვთ, განსაკუთრებით, კინო-ბაზრის გლობალიზაციის და ტელე და DVD-გაქირავების არსებობის პირობებში.
ჩემს შესახებ ორი მითი არსებობს: ის, რომ ინტელექტუალი ვარ, ვინაიდან სათვალეს ვატარებ და რომ ნამდვილი ხელოვანი ვარ, ვინაიდან ჩემი ფილმები წამგებიანია. ეს ორი მითი, წლებია უკვე, საყოველთაოდაა გავრცელებული.
ვუდი ალენი
“ჰოლივუდურ ფინალში” (Hollywood Ending) ალენმა კინომცოდნეთა პი-ინტელექტუალიზმით გატაცებასაც დასცინა – ფილმის მთავარი გმირია ვალ ვაქსმანი, კინორეჟისორი, რომელიც გადაღებისას უეცრად დაბრმავდება, თუმცა გადაღებას მაინც აგრძელებს. რა თქმა უნდა, რეჟისორის სიბრმავეს ვერვინ ამჩნევს, მის ნამუშევარს კი კრიტიკოსთა დიდი მოწონება ელის. ისინი დაწერენ, რომ “ვაქსმანი იღებს ისე, თითქოს წარმოდგენაც არ აქვს, რას აკეთებს”, მაგრამ “ნამდვილი კინო სწორედ ასე უნდა იქმნებოდეს.” კარგა გვარიანად “მოხვდათ” ვუდი ალენის ყველაზე ერთგულ თაყვანისმცემლებს – ევროპელ ინტელექტუალებსაც – “ჰოლივუდური ფინალის” ბოლოს ფრანგი კინომცოდნეები ბრმა რეჟისორის გადაღებულ ფილმს “ბოლო 50 წლის საუკეთესო ამერიკულ ფილმად აღიარებენ”, ვაქსმანს კი “ერთადერთ ჭეშმარიტ ამერიკელ ხელოვნად გამოაცხადებენ”. “მადლობა ღმერთს, რომ ფრანგები არსებობენ”,- ამბობს ვაქსმანი. (სხვათა შორის, ალენს ორი ფრანგული სეზარიც აქვს მიღებული, თუმცა – არა ამ ფილმისთვის. :))
რატომაა რომ საფრანგეთში უფრო პოპულარული ვარ, ვიდრე სამშობლოში? ეჭვგარეშეა – ჩინებული სუბტიტრების დამსახურებაა.
ვუდი ალენი
სინამდვილეში მე დაბალი კულტურის ადამიანი ვარ – ლუდითა და გუფთით დივანზე წამოგორება და ბეისბოლის ცქერა ყველაფერს მირჩევნია.
ვუდი ალენი
ამ უწყინარი გარეგნობის კაცს სკანდალები სდევს თან, რაც, ძირითადად, მისი დაუდგრომელი, ბუნტარული ხასიათის და მწარე ენის დამსახურებაა.
ალენმა მეტისმეტად გაანაწყენა ებრაული თემი, როდესაც განაცხადა, რომ არ სურს, იუდეველი იყოს. ვრცელდებოდა ხმები, რომ ის კათოლიკე გახდა თუ ბუდიზმმა გაიტაცა… (მისი პერსონაჟი ზელიგი იცვლიდა იოლად რელიგიურ შეხედულებებს, “თავისი” მრწამსის ძიებაშია მიქი საქსიც – ალენის კიდევ ერთი პერსონაჟი ფილმიდან “ჰანა და მისი დები”) თუმცა, ვუდი ალენს უბრალოდ არ სურს რომელიმე ერთი რელიგიის ჩარჩოებში დარჩენა.
თქვენთვის მე ათეისტი ვარ, ღმერთისთვის კი – ლოიალური ოპოზიციონერი.
ვუდი ალენი.
1992 წელს მან იქორწინა თავის მორიგ და ჯერ-ჯერობით ბოლო ცოლზე – სუნ იზე (Soon-Yi), რომელიც მია ფეროუს ჰყავდა ნაშვილები, ფეროუ და ალენი კი 12 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად და საერთო (ბიოლოგიური თუ აყვანილი) შვილებიც ყავთ… მოკლედ, სიტუაცია, რბილად რომ ვთქვათ, არასტანდარტული იყო… ნაბოკოვისეულიც კი. 🙂 თუმცა, ფორმალურად, სუნ ი ალენს არ ჰყავდა ნაშვილები, ამდენად, კანონი მასზე დაქორწინებას არ უკრძალავდა.
ამ ამბის შემდეგ, ვუდისა და მიას ბიოლოგიურმა შვილმა რონანმა მამასთან ურთიერთობები გაწყვიტა.
როდესაც გავრცელდა ხმები ვუდი ალენის ბისექსუალიზმის შესახებ (სიმართლესთან ამას არაფერი ჰქონდა საერთო), ალენმა ესეც უმალ გააშარჟა:
ბისექსუალები ჰეტეროსექუალებზე იღბლიანები არიან – მათ შაბათ საღამოს პაემნისთვის ორჯერ მეტი არჩევანი აქვთ.
ვუდი ალენი.
ბოლო ქორწინებადმე მრავალი წლით ადრე ვუდი ალენს პირველმა ცოლმა ჰარლინ როზენმა (Harlene Rosen) მუდმივ დაცინვასა და აბუჩად აგდებაში დასდო ბრალი, მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის ერთი მილიონი დოლარი და განქორწინება მოსთხოვა… ალენმა ეს ამბავიც სათავისოდ გამოიყენა – თავისი პირველი ქორწინებისა და განქორწინების ისტორია სასცენო ნომრად აქცია – ხშირად ყვებოდა, მუდამ განსხვავებულად და მუდამ – ჩვეული სარკაზმით.
ჰარლინის შემდეგ ის როჟე ვადიმის გზას დაადგა 🙂 – თავის წამყვან მსახიობებთან აბამდა ურთიერთობებს.
ჯერ იყო ლუის ლასერი (Louise Lasser), რომელიც რამდენიმე ფილმში გადაიღო, მათ შორის მახვილგონივრულ პაროდიაში “ყველაფერი, რაც გსურდათ გცოდნოდათ სექსის შესახებ, მაგრამ ვერ ბედავდით, გეკითხათ” (Everything You Always Wanted to Know About Sex (But Were Afraid to Ask)) და ფანტასტიკაში “მძინარი” (Sleeper), რომელშიც ჰერბერთ უელისის ნაწარმოების ფაბულაა გამოყენებული და თავად ალენი ჯაზის მუსიკოსს თამაშობს – მისი კიდევ ერთი საყვარელი პერსონაჟი, მეფოკუსის დარად.
- ალენი ჯაზის საუკეთესო მცოდნე და ფრიად პატივცემული მუსიკოსია. უკრავს კლარნეტზე (სახელიც კლარნეტისტ ვუდი ჰერმანის (Woody Herman) საპატივცემულოდ აირჩია) და ალბომებიც აქვს გამოცემული. ფილმებსაც ხშირად აფორმებს საკუთარი მუსიკით. ოსკაროსანი დოკუმენტალისტის, ბარბარა ქოფლის (Barbara Kopple) “ველური კაცის ბლუზი” (Wild Man Blues) ვუდი ალენისა და მისი New Orleans Jazz Band-ის 1996 წლის ევროპულ გასტროლებს ასახავს.
- ბარემ აქვე დავამატებ, რომ ალენი მშვენიერი მწერალია. როგორც წესი, ფილმებისთვის სცენარსაც თავად წერს და რეგულარულად აქვეყნებს მოთხრობებსაც. მისი პროზა შესანიშნავად იკითხება – ჩვეული იუმორითა და, ზოგჯერ, სარკაზმითა გაჯერებული.
ლასერს ჩაენაცვლა – დაიან ქითონი (Diane Keaton), რომელიც თამაშობს “მანჰეთენური მკვლელობის საიდუმლოში” (Manhattan Murder Mystery), კრიტიკოსთათვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ალენისეულ “ენი ჰოლში” (Annie Hall) და ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს ალენისეულ “მანჰეთენში” (Manhattan)…
შემდეგ იყო სთესი ნელქინი (Stacey Nelkin), რომელთან სასიყვარულო ურთიერთობამაც შთააგონა ალენს “მანჰეთენი”, გადაღებით კი “ენი ჰოლში” გადაიღო, მაგრამ გრძნობები მალე გაიფანტა, რის გამოც ნელქინის ეპიზოდები რეჟისორმა ამოჭრა, ვითომც არ ყოფილაო.
და ბოლოს მია ფეროუ (Mia Farrow), რომელიც ალენის უამრავ შედევრშია გადაღებული, მათ შორისაა ძალიან საინტერესო და უცნაური “ზელიგი” (Zelig), “დენი როუსის ბროდვეი” (Broadway Danny Rose), ჩემი ასევე უსაყვარლესი “ჰანა და მისი დები” (Hannah and Her Sisters), “რადიოს დღეები” (Radio Days), “დანაშაულებები და შეცდომები” (Crimes and Misdemeanors), “ელისი” (Alice)… ასევე “სექტემბერი” (September) – ეს ალენისეული იშვიათი ფილმია, რომელიც მაინცადამაინც ამ მიყვარს.
- მია ფეროუ ყოველთვის იყო გატაცებული მუსიკოსებით. მისი პირველი ქმარი ლეგენდარული ფრენქ სინათრა იყო, მეორე კი – ჯაზის პიანისტი ანდრე ფრევენი. ალენის მუსიკოსობაზე ხომ ზემოთ დავწერე. სხვათა შორის, ჯონ ლენონი მეგობრობდა მიას დასთან, ფრუდენს ფეროუსთან, რომელსაც სიმღერაც უძღვნა – Dear Prudence.
ალენის ამჟამინდელი კინომუზა, აშკარად, სქარლეთ იოჰანსონია და… რა ვიცი… რა ვიცი… 🙂
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
Woody Allen: Interviews
Woody Allen interviw to Elliot V. Kotek, Cannes, 2008
ვუდი ალენი: ქალაქელი ნევროტიკის ჩანაწერები (რუსულად) და რამდენიმე ნაწარმოები ქართულად.
P.S.
რომ იცოდეთ, თუ რამდენი ხნის წინ დავიწყე ამ პოსტი წერა, ენა (და მაუსი) არ მოგიბრუნდებათ, მითხრათ, რომ ცუდადაა დაწერილი. 🙂
სხვა თუ არაფერი – შეგიძლიათ ვუდის ალბომი გადმოქაჩოთ (ზედა ლინკი) და მოუსმინოთ.
ხოლო, ვისაც ვუდი ალენი არ მოგწონთ, შეგიძლიათ წაიკითხოთ კაცზე, რომელმაც ჰოლივუდი გააუპატიურა.
არც ერთი ჩამოთვლილი ფილმი არ მაქვს ნანახი “ვიკი, კრისტინა…”–ს გარდა
ხომ არ დავუარო?
LikeLike
რა გითხრა აბა? 🙂
ზოგს მოწონს – ზოგს არა.
LikeLike
იოჰანსონი სადაც თამაშობს ეგ ფილმები ნანახი მაქვს – “ვიკი კრისტინა ბარსელონა”, “მაჩპოინტი” და “სენსაცია”. უფრო ადრინდელი ფილმები არ მინახავს. დამაინტერესე და უნდა მოვძებნო.
LikeLike
კოენების შემოქმედებაზე რას ფიქრობ?
ჰო და როგორც ერთგულ მკითხველს, იქნებ სკაიპი მომწერო? რაღაც მინდა გკითხო. 🙂
LikeLike
კოენების შავი იუმორი მიყვარს. განსაკუთრებით “ადამიანი, რომელიც იქ არ იყო” და “ფარგო”.
გამოგიგზავნე მეილზე (კომენტარებში რომ უთითებ იმაზე). ოღონდ ახლა არ ვარ სკაიპში.
LikeLike
როგორ შევძლებ და ვიტყვი პოსტზე არ მომეწონა მეთქი. ;))0
აი ზუსტად, მის ფილმებში ვერანაირ ფსიქოლოგიურ-დრამას ვერ ვხედავ!
მომწონს სარჟი და იუმორი, მარა ”ვიკი,კრისწინა” საერთო არაფერში ჯდება…
კიდევ ნანახი მაქვს ”ყველა ამბობს მე შენ მიყვარხარ”, კარგი იყო, მაგრამ აღარ მახსოვს რა ხდება ფილმში;დ 😉
LikeLike
რათა კაცო – რაც არ მოგეწონება თქო უნდა, მა როგორ.
🙂
მე მომეწონა ბარსელონა.
თუმცა ის ფილმები უფრო მომწონს, რაზეც პოსტშიც მიწერია, რომ მომწონს. განსაკუთრებით მაჰეთენი და ჰანა და მისი დები…
LikeLike
არა რახან ალენი არ მომწონს, ეს იმას კიარ ნიშნავს პოსტიც არ მომწონდეს 😉 თავიდან ბოლომდე ჩავიკითხე და შენ წარმოიდგინე, ცოტა აზრი შემეცვალა ამ კაცზე, უფრო დადებითისკენ ;)) მომეწონა მისი ფრაზები და გამოთქმული აზრები ;))
საერთოდ ის იდეა მომწონს, როდესაც ყველაფერს იკიდებენ და იმას აკეთებენ რაც უნდათ! 🙂
LikeLike
მთავარია, უკადრებელი არ იკადრონ. 🙂
თუმცა, იყვნენ ნიჭიერი ადამიანები, უკადრებელს რომ კადრულობდნენ, მაგრამ იმდენად ნიჭიერები იყვნენ, რომ შერჩათ და აპატიეს.
აი, ვიიონს კი არ აპატიეს. 🙂
LikeLike
Sex is not the answer. Sex is the question. “Yes” is the answer.
Woody Allen
LikeLike
მაგარი ფრაზაა, მარა ალენისა არ არის. მეც ვნახე ბევრგან ამ პოსტს რომ ვწერდი და შეცდომითაა ალენისთვის მიწებებული.
ეგ თქვა Swami X-მა – ამერიკელმა კომიკოსმა.
თუმცა მაგას რომ არ ეთქვა, ალენი იტყოდა. 🙂
LikeLike
NYU-დან გამორიცხეს? :დ უფრო მოვიხიბლე )
პროზა მაგარი აქვს, მეტს რომ წერდეს უკეთესი იქნებოდა
აი ქართული თარგმანების ლინკიც http://lib.ge/authors.php?83
LikeLike
მადლობა. არ ვიცოდი ქართულადაც თუ იყო.
დავამატე ეგეც.
მაგარ ფილმებს იღებს. გადასარევად წერს. ინტერვიუებიც მაგარი აქვს და საკმაოდ კარგ ჯაზ უბერავს.
მოკლედ – საოცარი ადამიანია.
LikeLike
არაჩვეულებრივია ვადერ!!!
ბრავო.
“მას არ უყვარს აკეთოს ისე, “როგორც ეს მიღებულია”. “როგორც წესია”. “როგორც ეკადრება”.” მაგიტომაც მიყვარს მისი ფილმები.
Match Point-ის ნახვა მინდა, რამდენი ხანია.
Scoop ძალიან სასაცილოა, თუმცა ამავე დროს ცუდად მთავრდება ვუდის პერსონაჟისთვის.
LikeLike
მადლობა.
სასიამოვნოა, რომ მოგეწონა.
Scoop-ში ეგ მოულოდნელობის ეფექტია 🙂
Match Point საშინელი ამბები ხდება, მაგრამ მაინც იუმორით.
პარადოქსალური აზროვნება აქვს, მაგის ნაწერებიდან და ინტერვიუებიდანაც ეგ ჩანს.
LikeLike
არადა თავის დროზე დავიწყე ყურება დაახლოებით 10 წუთი და რათომღაც არ მომეწონა, გამოვრთე. დავიზაფრე თითქოს თუ რავიცი.
LikeLike
დეტექტივია პრინციპში. შავი იუმორით.
მეც სხვა ფილმები უფრო მიყვარს, თუმცა არაა ცუდი.
სკარლეტ იოჰანსონის პერიოდია ალენის ცხოვრებაში და შემოქმედებაში.
LikeLike
“მე მომეწონა ბარსელონა.”
მაგარია ––არ ველოდი ამას
ხელოვნება ადამიანებს აკეთილშობილებს 😀
LikeLike
ქალაქი. ბრჭყალების გარეშეა, დაილოცოს ქართული მართლწერა.
🙂
LikeLike
როგორც იქნა წავიკითხე 🙂 რამდენი გიწვალია ლორდ, ძალიან კარგიც გამოვიდა, ხასიათით სავსე.
ვუდი ალენი უნდა მოგწონდეს! :))))) ვერ წარმომიდგენია, რატომ არ უნდა მოგწონდეს მისი შემოქმედება.
პ.ს. მოგწონთ თუ არა ცოტნე ბაკურიაზე ყველა ვარიანტში უნდა წაიკითხოთ, ღადაობააა :))
LikeLike
კარგია თუ ასეა 🙂
LikeLike
მე მეგონა ნაშვილებ შვილზე იქორწინა. ესე იგი არ ყოლია ნაშვილები… მაინც რაღაც ისეთი სიტუაციაა არაერთმნიშვნელოვანი.
თუმცა, გენიოსია და ყველაფერი ეპატიება. მთავარია კარგი ფილმები გადაიღოს.
ჰოლივუდურ ფინალი მეც ძალიან მომეწონა. მწარედ დასცინის ყველას და გეთანხმები საკუთარ თავსაც.
ვიკი, კრისტინა, ბარსელონაც ძალიან მომეწონა. სენსაცია არ მინახავს. მაჩ პოინტი უფრო მძიმე ფილმია.
მორიელის წყევლაც ნანახი მაქვს. ძალიან სახალისო ფილმია.
სექტემბერიც მიყვარს. არ ვიცი რატომ არ მოგეწონა. ყველა რომ შეყვარებულია და არც ერთის ერთმანეთს არ ემთხვევა. დრამაა და თან იუმორით. ძალიან კარგი ფილმია.
LikeLike
ნაშვილები შვილი – შვილია და მაგაზე იჭერენ ამერიკაში 🙂 მოუწევდა “Jailhouse Rock-ების დაკვრა სვინგისა და დიქსილენდის ნაცვლად. 🙂
LikeLike
ნუ ახლა ვერ ვიტყვი რომ მანდ დიდი იუმორი იყო… რაღაც ძალიან ფილოსოფიური ფილმია. მაზოქისტური.
ყველას ყველა უყვარს და ყველა იტანჯება ამის გამო.
თეიქ ით იზი გაის 🙂
LikeLike
ალბომსაც მოვუსმინე.
ძალიან სასიამოვნო მოსასმენია!
LikeLike
ხო უცნაური კაცია, მაგრამ მომწონს მაინც :დ :დ :დ
მე მაქვს ადრე ნანახი დეტექტიური ჟანრის ფილმი, ცოლ–ქმარი რომ მეზობელს უთვალთვალებს გინდა თუ არა მკვლელიაო.. ეს ბოლო იოჰანსონთან ერთად რომ არის, ეგეც ნანახი მაქვს.. მოკლედ, ამ ორი ფილმით და კიდევ იმ ესეით რომელიც სკოლის მე12 კლასის წიგნებშია შეტანილი, მე ვაფასებ as normal :დ :დ :დ
:ჩამქოლეთ:
პ.ს. არადა მართლა მომწონს, რაღაც მწარე ენა აქვს ხოლმე, თავისებური ხასიათით 🙂
LikeLike