Z915 “ქოდაქმა” გასულ წელს წარუდგინა ბაზარს და ამ მოდელით ამჟამად ერთ-ერთ ყველაზე მზარდ კომპაქტური მეგაზუმიანი ფოტოაპარატების სეგმენტზე შევიდა.
თუ თქვენ სუპერ-პუპერ ფოტოგრაფი ხართ, პროფესიონალი ფოტოჟურნალისტი ან ფოტოხელოვანი, რა თქმა უნდა, ამ სეგმენტში ვერაფერს ნახავთ საკბილოს, მაგრამ დამწყებ ან ერთი-ორი ნაბიჯით დამწყებზე წინ წასულ ფოტომოყვარულთა შორის კომპაქტური, მჩატე და, ამასთან, მეგაზუმიანი (ოპტიკური 7X და მეტი ზუმით) ციფრული კამერები დღეს მზარდი პოპულარობით სარგებლობს.
Kodak EasyShare Z915
კორპუსი
ფოტოკამერის კორპუსი პლასტმასისგანაა დამზადებული, თუმცა მკვიდრად გამოიყურება და თვით ელემენტების ბუდის თავსახურიც კი (ამგვარი კორპუსების აქილევსის ქუსლი) მყარია.
არჩევანი სამ ფერს – წითელს, ლურჯსა და შავს (მე ეს ვარჩიე) შორის გაქვთ.
კორპუსის დიზაინი, შეიძლება, გლამურის მწვერვალი არ არის (კსენია სობჩაკებისთვის ნამდვილად არ გამოდგება :)), სამაგიეროდ – ძალიან მოსახერხებელია. ხორკლიანი ზედაპირი აქვს და არ სრიალებს – ერთ ხელშიც სულ იოლად დაიჭერთ (მით უმეტეს, რომ რყევების სტაბილიზაციაც აქვს) ისე, რომ საჩვენებელი თითი ბუნებრივად აღმოჩნდება საკეტის ღილაკის თავზე.
(Kodak EasyShare Z915-ის ფოტოები)
ელემენტები
ფოტოაპარატი 2 ცალი AA ელემენტით იკვებება და ძალიან ეკონომიურად მოიხმარს – მე პირადად VARTA ACCU+ აკუმულატორი გამოვიყენე და ზუსტად 82 სურათი (ბევრი – მაშუქით (ფლეშით ანუ “ვსპიშკით” :)), მაქსიმალური ზუმით…) და 3 მოკლე (3-5 წუთიანი) ვიდეო გადავიღე, სანამ “დაჯდებოდა” (გათვალისწინებულია 3V DC ბუდეც – თუ გადაღებული ფოტოების ან ვიდეოს მონიტორზე/ტელეეკრანზე დათვალიერება გსურთ, ელემენტებს დაზოგავთ) .
- VARTA ACCU+ 750 mAh NiCd ტიპის აკუმულატორია, ციფრული კამერებისთვის კი NiMH მინ 1000 mAh აკუმულატორებია რეკომენდირებული, რაც მუშაობის დროსაც საგრძნობლად გაზრდის, უბრალოდ ხელთ ასეთები, სამწუხაროდ, არ მქონდა.
ეკრანი
ფოტოკამერის 230K პიქსელის LCD დისფლეი ზომით პატარაა, სულ 2.5’, არადა პანორამული ან ულტრაზუმით გადაღებისას, სასურველია, უფრო ფართეც იყოს. აპარატს ოპტიკური ხედსაძებნი (ანუ viewfinder-ი) არ აქვს, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეკრანი საკმარისად კაშკაშაა იმისთვის, რომ ბნელ ღამეშიც და მზის გულზეც გაარჩიოთ, რას უმიზნებთ (ქარხნულად დაყენებული LCD სიკაშკაშის პარამეტრი – 3-ია, მისი გაზრდა 5-მდე შეგიძლიათ).
ოპტიკა
ფოტოკამერა 35–350 mm Kodak Retinar ლინზებითაა აჭურვილი და 10X ოპტიკური ზუმის, ოპტიკური სტაბილიზაციისა და მაკროგადაღების (ფოკუსირება მაქსიმალურად ახლომყოფ ობიექტებზე) ფუნქციის გამოყენებით, საშუალებს გაძლევთ, მშვენიერი ხარისხის სურათები გადაუღოთ როგორც არწივებს ცაში, ასევე კოღოებს თქვენს მკლავზე (სანამ მიაკლავდეთ :)). აქვს პანორამული გადაღების ფუნქციაც – როდესაც თქვენ ნაწილ-ნაწილ იღებთ შორს მდებარე ხედს (პანორამას), კამერა კი ამ სურათებს თავად “აწებებს” ერთმანეთს. ინტერნეტში დადებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, ამას ძალიან ხარისხიანად აკეთებს, თუმცა თავად ჯერ არ გამომიცდია.
10MP სავსებით საკმარისია დიდი ზომის მაღალი ხარისხის ფოტოების (თუმცა, ეს უკვე ფოტო კი არა პოსტერია :)) დასაბეჭდად… მაგრამ, Z915-ს ერთი მინუსი აქვს – ავტომატურად კუმშავს სურათებს და შეკუმშვის პარამეტრის შეცვლა არ შეგიძლიათ. არადა, მეტისმეტად შეკუმშვა საჭირო არაა – 32 GB SDHC მეხსიერების ბარათის მხარდაჭერა საკმარისად კომფორტული და კომფორტულზეც მეტიცაა იმისთვის რომ შენახვის პრობლემა არ შეგექმნათ.
(ასე მუშაობს მეგაზუმი: ფოტო 1, ფოტო 2, ფოტო 3)
გადაღება და მართვა
ფოტოკამერას აქვს PASM ფუნქცია. ვისაც ფოტოაპარატი ხელში სჭერია, იცის, რა არის PASM, მაგრამ ორიოდ სიტყვით მაინც დავწერ – Program-Aperture (დიაფრაგმა)-Shutter (საკეტი)-Manual (ხელით მართვა) საშუალებას გაძლევთ თავად მიუთითოთ კამერას თქვენთვის სასურველი პარამეტრები – რამდენად გაიხნას დიაფრაგმა, როგორი იყოს საკეტის სიწრაფე… Z915-ში შეგიძლიათ მაშუქის სიკაშკაშეც შეცვალოთ და ექსპოზიციის კომპენსაციის მონაცემიც (რაც, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, განსაზღვრავს რამდენად ნათელი თუ დამუქებული გამოვა ფოტო). გათვალისწინებულია ბრეკეტინგიც (ე.წ. “ჩანგალი”) – რაც საშუალებას გაძლევთ ერთსა და იმავე ობიექტს რამდენიმე სურათი მიჯრით გადაუღოთ ისე, რომ ყოველ ჯერზე ექსპოზიციის პარამეტრი აპარატმა თქვენს მიერ განსაზღვრული მონაცემით ავტომატურად შეცვალოს – ბუნებრივია, მიიღებთ განსხვავებულ ფოტოებს და მათგან მოსაწონის არჩევის საშუალებასაც :).
ზარმაცთათვის სრულად ავტომატიზირებული Kodak’s Smart Capture რეჟიმია, როდესაც ფოტოკამერა თავად ირჩევს გადაღების ყველა პარამეტრს და თქვენ ღილაკზე თითის დაჭერაღა მოგეთხოვებათ. აპარატის ინტელექტი საკმაოდ კარგად მუშაობს – ზოგადად ამ ტიპის აპარატებისთვის რთული, კონტრასტული გადაღების დროსაც (შავი ობიექტი თეთრ ფონზე) კი. თუმცა, ავტომატურ რეჟიმს შეგიძლიათ, დაეხმაროთ – მიუთითოთ, თუ რა პირობებში იღებთ – კაშკაშა მზისა თუ მთვარის, ნათურისა თუ სანთლის შუქზე, პორტრეტსა (ბარემ აქვე დავწერ, რომ Z915 ე.წ. სახეების ამოცნობის მექანიზმითაა აღჭურვილი, როდესაც კამერა სახეებს ეძებს და მათზე ახდენს ფოკუსირებას) თუ – რაიმე ხედს…
დამწყებთა გულის გასახარად, Kodak’s Smart Capture ხელით მართვის დროსაც კი რჩევებს გაძლევთ. შუქის განაწილების ჰისტოგრამა კი სინათლის ბალანსს გიჩვენებთ ეკრანზე.
სისწრაფე და ხმა
ფოტოაპარატი მართლაც ძალიან სწრაფია (არადა სისწრაფე მეგაზუმიანი კამერების სუსტი წერტილია). მეყსეულად ირთვება, გადაღების ღილაკზე რეაგირებს უსწრაფესად (0,25-0,27 წამში). ავტოფოკუსი კი ოდნავ ნელია, მაგრამ კარგად მუშაობს, თუმცა, სასურველია აპარატი მყარად დაიჭიროთ ხელში – ზედმეტი რყევები ავტოფოკუსს გონებას უბნევს. ასეთ ვითარებაში ნახევრად-ავტომატური ფოკუსირება დაგეხმარებათ.
მიჯრით გადაღება (როცა ღილაკის დაჭერისას კამერა მიყოლებით იღებს სურათებს) 3-თაა შემოფარგლული, თუმცა ბევრ კონკურენტს – ამგვარი შეზღუდვა არ აქვს.
მატრიცა და მექანიზმი ჩუმია. არ ხმაურობს და არც თქვენ და არც გარშემომყოფთ არ აღიზიანებს. მშვიდად შეგიძლიათ გამოიყენოთ ტაძარში წირვის დროს, მუზეუმებში, ბიბლიოთეკებში, თეატრში, კონცერტზე და… გასვენებებში (უკაცრავად უკბილო შავი იუმორისთვის).
ფერები
ზოგადად, Z915-ით გადაღებულ ფოტოებზე ფერების სიხასხასე არ დაიწუნება, თუმცა, სასურველი იქნებოდა, რომ თეთრი ფერის ხელით ბალანსირების საშუალებაც იყოს გათვალისწინებული. ფოტომოყვარულებმა ისედაც იციან, მაგრამ მარტივად რომ ვთქვა, თეთრი ფერის საგნებს ნებისმიერი განათების დროს ჩვენ თეთრად ვხედავთ იმიტომ, რომ თვალს ფოტოკორექციის უნარი აქვს, ფოტოაპარატს კი თავად უნდა მიუთითოთ, რომელი ფერი მიიჩნიოს თეთრად. წინააღმდეგ შემთხვევაში, თაბახის ფურცელი, მაგალითად, ნათურის შუქზე მოყვითალო გამოჩნდება, თითქოს მზისგან გახუნებულაო… Kodak’s Smart Capture ფერების კორექციას თავად ახდენს, მაგრამ შეგიძლიათ, კამერას უკარნახოთ, რა ვითარებაში იღებთ – დღისა თუ ნათურის შუქზე, ჩრდილში თუ მზეზე, შინ თუ გარეთ… მაგრამ, ზოგიერთ კონკურენტ ფოტოაპარატს თეთრი ფერის ხელით ბალანსირების საშუალებაც აქვს, რაც ზედმეტი არასდროს არის, თუმცა, ობიექტურობა მოითხოვს აღვნიშნო, რომ, უმრავლეს შემთხვევაში, Kodak Z915 ამას თავადაც კარგად ახერხებს.
Kodak Perfect Touch ფუნქცია უკვე გადაღებული ფოტოების ხარისხის კორექციის საშუალებას იძლევა… თუმცა, ამას ფოტოშოფშიც კარგად მოახერხებთ. :).
მენიუ
Kodak Z915 მენიუ ისეთივე იდეალურია, როგორც Nokia-ს მობილურების მენიუ არის ხოლმე. ყველაფერი თავის ადგილზეა. საჭირო ფუნქციების ძებნა არ მოგიხდებათ. მენიუს ოფციებს შორის მოგზაურობა მარტივია, როგორც 1,2,3. ამასთან, თუ რომელიმე პუნქტში ვერ გაერკვიეთ – მენიუ თავად განგიმარტავთ რა რა არის, რაც ძალიან მოსახერხებელია.
მიუხედავად კამერის კომპაქტურობისა, ღილაკები საკმარისი ზომისაა და ძალიან მოხერხებულადაა განლაგებული.
სად დაზოგა “ქოდაქმა”
მატრიცა
მცირე 1/2.3’ ზომის CCD მატრიცა (ისე, ინგლისურად სენსორი ქვია, მაგრამ რუსულად და ჩვენთანაც ბევრი მატრიცას უძახის).
თქმა არ უნდა, მატრიცის ზომა პირდაპირ აისახება ფოტოების ხარიხზე, მაგრამ გააჩნია, რა ზომის სურათებს იღებთ, რა პირობებში და რა მიზნით (ფოტოტესტის შედეგებზე – იხილე ქვემოთ). კომპაქტურ სეგმენტში ფართომატრიციანი აპარატები, როგორც წესი, არც გვხვდება.
ეკრანი
კონკურენტებთან შედარებით მცირე (2.5’) ზომა. (უფრო დეტალურად იხ. ზემოთ – “ეკრანი”).
ოპტიკა
Kodak Retinar ლინზები ნაცვლად Schneider-Kreuznach Variogon ლინზებისა, რაც, თუნდაც იმავე “ქოდაქის” უფრო ძვირიან მოდელებზე გამოიყენება. (უფრო დეტალურად იხ. ზემოთ – “ოპტიკა”).
სად ზოგავთ თქვენ
Kodak EasyShare Z915 სტანდარტული (არა – ფასდაკლებით) ფასი 199 აშშ დოლარია, რაც მის უახლოეს კონკურენტებთან შედარებით საგრძნობლად იაფია, თუმცა, ფოტოების ხარისხით არ ჩამოუვარდება, რაც პრეზენტაციების დროს ჩატარებული ფოტოტესტებითაც დასტურდება. როდესაც ჟურნალისტებს წარუდგინეს პროფესიონალი ფოტოგრაფების მიერ ერთსა და იმავე ობიექტისთვის Z915-ითა და იმავე სეგმენტში პოზიციონირებული სხვადასხვა კამერით (Canon PowerShot SX120 IS, Lumix DMC-ZS1, Sony Cyber-shot DSC-H20) გადაღებული ფოტოები, მათ გაუჭირდათ Kodak-ით გადაღებული სურათების ამოცნობა – ამდენად, Kodak EasyShare Z915 იაფიან მეგაზუმიან ფოტოაპარატებს შორის გამოირჩევა უკეთესი ფასით და პრაქტიკულად არ განირჩევა ხარისხით.
ასე გამოიყურება ნემსიყლაპია მაკროგადაღებაში.
ციყვი გადაღებულია მეგაზუმით, დაახლოებით 100 მეტრიდან.
პეპლის მაკროგადაღება – ყველა პარამეტრი კამერის მიერ შერჩეულია ავტომატურ რეჟიმში.
10X ზუმით გადაღებული მოძრავი ავტომობილი – ჩანს ყველა დეტალი, მძღოლის ჩათვლით. ყვავილები გადაღებულია ღამე, მაშუქით.
დილის ცვარი ყვავილებზე – მაკროგადაღება მოქმედებაში. ტბის ხედი – პანორამული გადაღების რეჟიმი “ავტოშეწებებით”.
ეს კი ჩემს მიერ გავლილი გზაა, ფოტოაპარატებში ასახული 🙂
(“ზორკით” არასდროს გადამიღია, მაგრამ სახლში რომ გვქონდა, ეგ მახსოვს. :))
P.S.
პაუზა კი მქონდა გამოცხადებული, მაგრამ ეს პოსტი მაინც დავწერე ჩემი ბლოგის მკითხველისა და დიდი ფოტომოყვარულის ნიკას თხოვნით.
ახლა კი მართლა შესვენებას ვიღებ.
მომდევნო პოსტი ადამიანზე, რომელიც არ ვარ, სექტემბრის 15-სთვის იქნება. 🙂
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
მშვიდობაში მოგეხმაროს 🙂
LikeLike
შენც გირჩევ 🙂
LikeLike
კარგი აბზორია. მადლობა.
+1
მაგ ფასად მართლა ძალიან კარგი კამერა ჩანს, თან ახლა ვნახე და სეილიც ყოფილა. 🙂
LikeLike
აი ესეც – ეგეთი მონაცემებით მგონი ყველაზე იაფი კამერაა.
http://store.kodak.com/store/ekconsus/en_US/pd/Z981_Digital_Camera/productID.169236500
კარგია. კონკურენცია სხვა მოდელებსაც გააიაფებს.
LikeLike
kargi fotoebia.
me Nikon Coolpix 5200 makvs da zalian kmakofili var.
LikeLike
mshvidobashi 🙂
LikeLike
მე Olympus SP-350 მაქვს. თურქეთში ვიყიდე. ძაან კარგად გამომადგა. უფრო პატარა ზუმი აქვს, მაგრამ საკმარისია ჩემთვის.
კოდაკი არ მქონია არასდროს.
LikeLike
ეხლა ძირითადად სულ NiMH აკუმულატორები იყიდება. 10 საათი ვუნდები მაგის დატენვას. 😦
კარგი ფერებია სურათებზე. მაგ ფასად მართლა კარგი დიგიკამი ყოფილა.
მე ქანონ იქსუსი მაქვს. 5mp და 3-იანი ოპტიკური ზუმი. მაკმაყოფილებს სავსებით. დიდი ფოტოგრაფიც არ ვარ. სადმე თუ წავალ მეგობრებთან და გადავიღებ ხოლმე ეგაა სულ.
ზოგჯერ მეზარება და მობილურით ვიღებ. :):)
LikeLike
ალბათ NiCd დამტენით ტენი.
NiMH ბევრად მაღალი მუხტით იტენება ამიტომ NiCd დამტენმა ეიძლება 10 საათიც ტენოს და 20 საათიც.
NiMH დამტენი გინდა და მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 6 საათში დატენის.
LikeLike
რამდენი ახალი პოსტია ჩემს არყოფნაში.
გილოცავ ფოტოაპარატს.
LikeLike
შთამბეჭდავი კადრებია. განსაკუთრებით – ციყვი 🙂
15 სექტემბრამდეო 😦 ეს არ მომეწონა, თან ძალიან 😦
LikeLike
რა დროის 15 სექტემბერია 🙂
ეს ძველისძველი პოსტია.
LikeLike
და ადამიანზე რომელიც არ ვარ დაიწერა კარგა ხანია :):)
LikeLike
ჯანდაბას 😦 რიცხვს როგორ ვერ მივაქციე ყურადღება 😦
LikeLike