შიზგარა – ჩემი სიყვარული…

იცი, რა არის “შიზგარა”?

არ გეცოდინება.

არც მე ვიცოდი, სანამ ალიკამ არ მომასმენინა. ალიკა (მგონი, ალიკა ერქვა) უბანში ამოდიოდა და ფირფიტები ამოჰქონდა ხოლმე გასაყიდად.

ფირფიტა რა არის, გახსოვს?

არც ეგ გემახსოვრება.

აი, კომპაქტ-დისკი რომ წარმოიდგინოთ, ოღონდ, შავი ფერისა (თუმცა, სხვა ფერისაც მინახავს, მაგალითად – ნარინჯისფერი, გამჭვირვალე) და ხუთი CD-ს ხელა. საკრავზე დადებდი, ნემსს გადმოწევდი (ან, თუ “ნავაროჩენი” საკრავი გქონდა – თავად გადმოიწეოდა) და მოუსმენდი.

ჰოდა, ამ ალიკას მამა (ან, იქნებ, უფროსი ძმა ან, სულაც, ბიძა) მეზღვაური იყო. მსოფლიოს გარშემო დაცურავდა, ოკეანეში თევზს იჭერდა, საპორტო ბოდელებში – ტრიპერს და თან ათასი რამ ჩამოჰქონდა გასაყიდად. სპეკულიანტობდა – მოკლედ.

სპეკულიანტი ვინ არის, იცი?

არ გეცოდინება და – ძალიანაც კარგი.

ამ ათას რამეს შორის იყო ფირფიტებიც “კაპიტალისტური” ქვეყნების მუსიკით. ეს “ბიტლებიო”, “ზეპელინებიო”, ლუი არმსტრონგიო, ელვის პრესლიო…

ჰოდა, ერთხელაც დამიძახეს – ალიკაა მოსულიო. ჩავედი ეზოში და უფროსი ბიჭები ეხვევიან – ახალი პარტია ჩამოუტანია. რა? რა და “შიზგარა”.

ავედით ერთ-ერთის ბინაში და ფირფიტების საკრავი (“აკორდი” თუ “რადიოტეხნიკა” – ძალად გასაბჭოებული ბალტიისპირეთიდან) ჩავრთეთ. ალიკამ ჩანთიდან ფირფიტა ამოიღო, ყდიდან (ასე ვეძახდით ბუდეს, რომელშიც იდო ხოლმე) ამოაცოცა, საკრავის მბრუნავ დოლურას მოარგო, ნემსი გადმოწია და… წამოვიდა, მაგრამ რა წამოვიდა.

ქალის ძლიერმა, ენერგიულმა, ერთდროულად ვნებიანმა და სუსხიანმა ხმამ ყველანი შოკში ჩაგვაგდო.

“შიზგარა” არაფერს ჰგავდა, რაც მანამდე მოგვესმინა – არც “ბიტლებს” ჰგავდა, არც “ზეპელინებს”, არც პრესლისა და არც სხვას. “შიზგარა” ჰგავდა მხოლოდ “შიზგარას”.

ალბომის ყდაზე სამი გაბურძგნული ჯეელი და კიდევ ერთი თმაგაჩეჩილი გოგონა ეხატა. დიდი ცისფერი თვალები ჰქონდა, მოღიავებული მკერდი და სადღაც, მხოლოდ მისთვის ხილულ შორეთს გასცქეროდა.Shocking Blue

“შიზგარაში” ალიკას თუმნიანი (ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ, ალბათ, ამდენი იქნებოდა) მივეცით და ისიც კმაყოფილი დაგვემშვიდობა, თან, დაგვპირდა – ჩემს ძმას (თუ მამას, თუ ბიძას) ვეტყვი, რომ კიდევ ჩამოიტანოს “შიზგარებიო”. ყველას შეგხვდებათო. როდისო? – ვკითხეთ ჩვენ.  მალეო. აი, ტრიპერს მოირჩენს და ისევ გავა ზღვაშიო…

ის იყო და ის. ალიკა აღარ გამოჩენილა. ზოგი რას ამბობდა და ზოგი – რას. დაიჭირესო. ჩხუბში მოკლესო. საზღვარგარეთ გაიქცნენო… მე ბოლო ვერსია უფრო მომწონს. და ყოველთვის, როცა “შიზგარას” ვუსმენ, მგონია, რომ იქ, კონცერტის ეგზალტირებულ მაყურებელთა შორის, სადღაც, სცენასთან ახლოს, ალიკა და მისი ქრონიკულშიგადასულტრიპერიანი ძმა დგანან და გაჰკივიან…

“შიზგარა!!!”…”შიზგარა!!!”

ჯგუფს, რომელიც “შიზგარას” ასრულებდა Shocking Blue ერქვა, მათ თმაგაჩეჩილ ცისფერთვალება სოლისტ გოგონას კი – მარეშკა ვიერესი (Mariska Veres). მამამისი – უნგრელი ბოშა იყო, დედა – გერმანიაში დაბადებული ნახევრად ფრანგი და ნახევრად – რუსი. თავად მარეშკა ჰააგაში დაიბადა. მისი უფროსი და (სულ – სამნი იყვნენ) პიანისტი იყო, მამა კი – მევიოლინე. მარეშკასაც შესწავლეს ფორტეპიანოზე და ორღანზე დაკვრა, მაგრამ გოგონას სიმღერა უფრო უყვარდა და გასაოცარი ხმა ჰქონდა. ჯერ ჯაზმა გაიტაცა, მოგვიანებით კი – როკმა. 1968 წელს Shocking Blue-ს სოლისტი ფრედ დე ვილდე ჯარში გაიწვიეს და ჯგუფის დამფუძნებელმა რობი ვან ლეუვემ მარეშკას დაადგა თვალი… მარეშკა ვიერესმა ჯგუფში მისვლაზე თანხმობა განაცხადა, სექსზე კი – კატეგორიული უარი. მიუხედავად ამისა, მაინც აიყვანეს და არც შემცდარან. არვისგან არაფრით გამორჩეული, სულ ერთი წლის წინ ჩამოყალიბებული Shocking Blue მსოფლიო სენსაციად იქცა 1969 წლის სინგლით Venus, რომელიც არაერთი ქვეყნის ჩარტების სათავეში მოექცა, BIlboard Hot 100-ის ჩათვლით.

საბჭოთა კავშირამდე და საქართველომდე Venus-მა ბევრად გვიან მოაღწია და პოპულარული გახდა, როგორც “შიზგარა” (ან “შიზგარე” – როგორც FB-ზე შემახსენეს).

  • სხვათა შორის, “ბიტლებს” აქვთ ეგეთი სიმღერა “შუშანიკა”, სადაც ასეთი სიტყვებიც ისმის: “გასულ კვირას რომ დამპირდი, უარი თქვი”… თუმცა, ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა.

მაგრამ Shocking Blue არაა მხოლოდ “შიზგარა”. ჯგუფს სხვა კარგი სიმღერებიც აქვს: Demon Lover, Send Me a Postcard, Out of Side, Out of Mind, Never Marry a Realroad Man… რაც მოასწრეს. ბევრისთვის დრო არ ეყოთ – 1974 წელს დაიშალნენ.

მარეშკას სოლო კარიერას წარუმატებელი არ ეთქმის, თუმცა, Shocking Blue-ს დიდების განმეორება ვერ შეძლო. 90-იანებში ის ახალგაზრდობის სიყვარულს – ჯაზს დაუბრუნდა და The Shocking Jazz Quintet-თან ერთად თავისი ძველი სიმღერები გადააჯაზა… ცუდად არ გამოსვლია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ის “შიზგარა” აღარ იყო. თანაც, მარეშკა ვიერესი გასუქდა და უფრო მონსერატ კაბალიეს პაროდისტს დაემსგავსა, ვიდრე იმ “ლამაზ ძუძუებიან გოგოს” (beautiful busty girl –  ასე New York Post-მა უწოდა), რომლის ხმამა და გარეგნობამ 60-იანების ბოლოს მსოფლიოს მუნუსხვა შეძლო.
ჩემიც.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

http://shockingblue.ning.com

Advertisements

12 thoughts on “შიზგარა – ჩემი სიყვარული…

    • უნივერმაღში სოცქვეყნებში გამოშვებული დისკები იყიდებოდა მარტო. და ყველაფერი არ იყო. მარტო ის რაც შემოდიოდა.
      მეტი იყო, ვიდრე მელოდიის რეპერტუარი, მაგრამ ბევრი რამე იქაც გამოტოვებული იყო.

      Like

    • ყველას თავისი “ალიკა” ყავდა მოკლედ 🙂

      დამოუკიდებლად როცა დავიწყე დისკების ძებნა – მაგ დროს უკვე ბევრად ლაითი სიტუაცია იყო. ალიკას ზეობის ეპოქაში პატარა ვიყავი.
      თუმცა, მუსიკალური გემოვნება დაბადებიდან კარგი მქონდა 😉

      Like

      • ჯაზს, ბლუზს და როკ’ნ’როლს…
        მამაჩემს ჯაზი უყვარდა და ეგ მუსიკა მესმოდა ბავშვობიდან.

        მორჩა ჩატი!
        წავედი ახლა მე საქმეები მაქვს.

        Like

  1. კი ეგრეა. მანდ სოცქვეყნების ფირფიტები იყიდებოდა – ბულგარული ბალკანტონი და იუგოსლავური RTB და პოლონური მუზა. 🙂
    თუმცა სოცქვეყნები ბევრ კარგ დისკს გამოსცემდნენ მელოდიასგან განსხვავებით. იუგოსლავია განსაკუთრებით.

    მე მელოდიაში ვყიდულობდი ხოლმე. კოსტავაზე – მაშინ ლენინის ქუჩა ერქვა. 🙂 იურა ერქვა გამყიდველს.

    Like

  2. შიზგარა არ ვიცი და ფირფიტები ვიცი, კაცო, ჩემ დროს შემორჩენილი იყო ოჯახში, და ფირფიტების დასაკვრელი რომ ა[ღა]რ გვქონდა, მამამ ერთი ხერხი გვასწავლა :დ – ჩვეულებრივი ნემსითა და დახვეული ქაღალდით, აუუუ, მინდ ეხლა ფირფიტა მქონდეს :დ

    უყურე შენ ძველებს :დ

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s