დააბალანსე!

Demonstrating responsible leadership, we build global brands that athletes are proud to wear, associates are proud to create and communities are proud to host.
New Balance corporate mission

NB logo იყო და არა იყო რა, იყო ერთი კაცი სახელად უილიამ რაილი (William J. Riley), რომელსაც უყვარდა გოგლი-მოგლი, ამიტომ ყავდა ერთი შავი დედალი, რომელიც ეზოში დაკრიახობდა, საკენკს კენკავდა და საგოგლი-მოგლო თეთრ კვერცხებს დებდა.

ულიამ რაილის ასევე ძალიან უყვარდა ყვავილები, ამიტომ ყავდა მებაღე საიმონი, რომელიც ყოველ დღე ბარავდა და რწყავდა მიწას. მებაღე და ქათამი ერთმანეთთან მწყრალად იყვნენ – ქათამს ყვავილების ძიძგნა უყვარდა, საიმონი კი მას ცოცხით იგერიებდა.

ერთ მშვენიერ დილით, როდესაც უილიამ რაილი თავის გოგლი-მოგლს მიირთმევდა და თან ეზოში გამართულ ბატალიებს ადევნებდა თვალს, იმაზე დაფიქრდა, თუ როგორ ახერხებდა მსუქანი შავი დედალი მებაღე საიმონისგან დასხლტომას და ასე სწრაფად სირბილს… რაილი გამომგონებელი იყო, ორთოპედულ ფეხსაცმელებს აწარმოებდა და გადაწყვიტა ქათმის გამოცდილება თავის საქმეში გამოეყენებინა – მან შექმნა ფეხსაცმლის საფენი (სუპინატორი), რომელიც ადამიანის ტერფს საშუალებას აძლევს სამ საყრდენ წერტილზე დადგეს, ზუსტად ისე, როგორც ამას ქათამი აკეთებს – ანუ იდეალური ბალანსი მონახოს. ამ მიგნებამ რაილის აღიარება მოუტანა და 1906 წელს 33 წლის ემიგრანტმა New Balance Bostonინგლისიდან ქალაქ ბოსთონში დააფუძნა New Balance Arch Support Company.

1924 წელს რაილიმ გაყიდვების აგენტად ბიზნესმენი ართურ ჰოლი (Arthur Hall) დაიქირავა და ათი წლის შემდეგ შეიამხანაგა კიდეც. ჰოლი მიხვდა, რომ რაილის გამოგონებას მხოლოდ სამედიცინო (ბრტყელტერფიანობის მკურნალობის) მნიშვნელობა არ ჰქონდა და კომპანიის პროდუქციით იმ ადამიანების დაინტერესებას შეეცადა, ვისაც სამსახურის გამო ფეხზე დიდხანს დგომა უწევდა (მაღაზიის გამყიდვლები, პოლიციელები, ოფიციანტები, რესტორნის მზარეულები… და კიდევ ვინ აღარ). 1938 წელს რაილიმ და ჰოლმა ადგილობრივი სპორტული კლუბის დაკვეთით გამოუშვეს პირველი სპორტული ფეხსაცმელი მორბენლებისთვის. 2-ოდ წლის შემდეგ, New Balance-მა დაიწყო ფეხსაცმლის წარმოება სხვა სპორტსმენებისთვისაც (ბეისბოლისტებისთვის, კალათბურთელებისთვის, ჩოგბურთელებისთვის…)

მიუხედავად იმისა, რომ New Balance-ის პროდუქცია არაჩვეულებრივად კომფორტული იყო (და არის :)), კომპანიის გაყიდვები არ იყო დიდი, რამდენადაც მხოლოდ სამედიცინო და პროფესიონალურ სპორტულ ბაზარზე იყო ორიენტირებული. “ახალი ბალანსის” ახალი კურსი 1954 წლიდან იწყება, როდესაც კომპანიას ართურ ჰოლის სიძე ფოლ ქიდი (Paul Kidd) ჩაუდგა სათავეში .

(1956 წელიც სახელდება, თუმცა მე კომპანიის ოფიციალურ ბროშურაში ნახსენებ თარიღს ვეყრდნობი.)

ქიდის რებრენდინგის (მაინც, რა პოპულარული სიტყვა ეს “რებრენდინგი”) შემდეგ New Balance-მა თავისი პროდუქცია მოყვარულ სპორტსმენებს, სპორტით გატაცებულ და სრულიადაც არა-გატაცებულ ადამიანებსაც (ვინც, უბრალოდ, მოხერხებულ ფეხსაცმელს ეძებს) შეთავაზა. შესაბამისად შეიცვალა კომპანიის სახელწოდებაც და მას უკვე New Balance Athletic Shoe, Inc. ქვია.

1960 წელს ბაზარზე გამოდის Trackster – მსოფლიოში პირველი სპორტული ფეხსაცმელი (ჩვენებურად ბოტასი) ტალღოვან ძირზე. ის ბევრ ცნობილ ადამიანს ეცვა, მათ შორის აერობიკის მამას, ქენეთ ქუფერს, რომელმაც ბოსთონის მარათონი სწორედ Trackster-ებში გაირბინა.

Jim Davis 70-იანებს კომპანიაში ახალი დიდი ცვლილებები მოაქვთ. 1972 წელს მას სათავეში ამჟამინდელი თავმჯდომარე, ბოსთონელი ბიზნესმენი ჯიმ დეივისი (Jim Davis) ჩაუდგა. მან შექმნა დილერების ქსელი, გახსნა საკუთარი მაღაზიები, გააფართოვა წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტი… ამასთან, შეეცადა კომპანიის თანამშრომლებში შეენარჩუნებინა ის მეგობრული სული და “ოჯახური” განწყობა, რაც New Balance-ს გამოარჩევდა იმ დროიდან, როდესაც ის ერთი პატარა წარმოება იყო. კვლავ უცველად დარჩა ინოვაციებისკენ სწრაფვა, რაც ასევე ყოველთვის გამოარჩევდა New Balance-ს.

სწორედ დეივისის დროს გამოვიდა ბაზარზე М320 – მორიგი “ბოტასური” რევოლუცია Trackster-ის შემდეგ. ამ მოდელში რეზინის უხეში ენა ნეილონითაა ჩანაცვლებული, ხოლო ფეხსაცმლის უკანა მხარე ამაღლებულია, რათა უკეთ და უფრო მყარად დაიცვას ფეხი სახსართან. ამ სიახლეების წყალობით, New Balance M320-მა წლის საუკეთესო სპორტული ფეხსაცმლის ტიტული მოიპოვა ჟურნალ Runner’s World-ის ვერსიით.

1976 წელს ჯიმ დეივისი კომპანიის საზღვარგარეთულ ცხოვრებას იწყებს – პირველი ფილიალი დიდი ბრიტანეთში იხსნება… და სად იყო და სად არა, ადრე იყო თუ გვიან, მაღაზია “სპორტის სამყარო” “ნიუ ბალანსების” საქართველოში დისტრიბუციას იწყებს (სხვათა შორის, კარგი სეილები აქვთ ხოლმე და ძალიან ნორმალური ფასები :)). სამწუხაროდ, არჩევანი მოიკოჭლებს. 😦

ბოტასების გარდა, New Balance სპორტულ ტანსაცმელსაც აწარმოებს, თუმცა ეს ბაზარი კომპანიისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. რაც შეეხება სპორტულ ფეხსაცმელს, New Balance Athletic Shoe, Inc. ყოველწლიურად 50 მილიონ ცალს NB 2ყიდის და მე-4 ადგილს ინარჩუნებს მსოფლიოში (პირველი 3 რომელია, ალბათ, დიდი გამოცნობა არ ჭირდება: Nike, Adidas და Puma), ამასთან, New Balance ერთადერთია, რომლის ფაბრიკებიც სრულად არ გადაბარგებულა მე-3 სამყაროში და პროდუქციის ნაწილი კვლავ აშშ-სა და დიდი ბრიტანეთში იკერება… თუმცა, სულ უფრო და უფრო ცოტა. მაგალითად, ორივე ჩემი New Balance (იხ. ფოტოზე), როგორც “სპორტის სამყაროში” შეძენილი (ლურჯი) ასევე ონ-ლაინ შეძენილი და USA2Georgia-ს მიერ მორთმეული (ყავისფერი) “მეიდ ინ” აზიაა.

  • Times წერს რომ New Balance-ის თანამშრომლის ანაზღაურება აშშ-ში საათში 12 დოლარია, მაშინ, როდესაც ჩინეთის ფაბრიკაში მუშა 40 ცენტზეც მადლობელია. 🙂

კომპანიის საქველმოქმედო ფონდი New Balance Foundation ეხმარება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს მსოფლიოს გარშემო, რომლებიც ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის იღწვიან.

New Balance Athletic Shoe, Inc. თანამშრომლობს აშშ-ის წამყვან ორთოპედულ/სამედიცინო კლინიკებთან, როგორიცაა Boston Sports and Shoulder Center, Boston University Medical School, Georgetown University Orthopedic Residency, Brielle Orthopedics…

Boston Globe: Jim Davis interview (video)

ასე რომ, ქართველ პედიატრებში გავრცელებული აზრი, რომ ბოტასი ბავშვებში აჩენს ბრტყელტერფიანობასა და ფეხის სხვადასხვა სახის გამრუდებებს, არის სრული სისულელე. მე ექიმი არ ვარ, მაგრამ კარგი ფირმის კარგი ბოტასი არის მედიცინისა და ტქნოლოგიის თანამედროვე მიღწევების ნამდვილი ნაკრები… იაფ იმიტაციასა და უი-ჟუი კორპორაციების პროდუქციას ნუ იყიდით და ყველაფერი კარგად იქნება. 🙂

Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___
ასევე:

ბოტასი და ბოტასი

რა გვაჩუქა ამერიკამ?

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

5 thoughts on “დააბალანსე!”

  1. გეთანხმები, სპორტის სამყაროში არჩევანია დიდი ვერაფერი. ამაზონზე ყიდვა ჯობია. 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: