1891 წლის 4 მაისს პროფესორმა მორიართიმ შერლოქ ჰოლმსი კლდიდან რაიხენბახის ჩანჩქერში გადააგდო. დიდი დეტექტივი დაიღუპა… მართალია, 10 წლის შემდეგ ის მკვდრეთით აღდგა, მაგრამ 1891 წლის 4 მაისს ამის შესახებ ჯერ არც პროფესორმა მორიართიმ იცოდა, არც დოქტორმა უოთსონმა და, ასე განსაჯეთ, არც სერ ართურ ქონან დოილმა. სერ ართურ ქონან დოილი (Sir Arthur Ignatius Conan Doyle, 1859 წლის 22 მაისი – 1930 წლის 7 ივლისი) შოტლანდიაში დაიბადა, წარმოშობით ირლანდიელი იყო და ცხოვრების დიდი ნაწილი ინგლისში გაატარა. იყო ექიმი და მწერალი, ფეხბურთელი და რაგბისტი, მდაბიო და რაინდი, მოკრივე და მეზღვაური, კათოლიკე და აგნოსტიკოსი, მკვლევარი და მისტიკოსი, გამომგონებელი და მოგზაური, მილიონერი და მფლანგველი… მოასწრო იმდენი, რომ ათი ადამიანის ცხოვრებას ეყოფოდა და, რაც მთავარია, შექმნა შერლოქ ჰოლმსი (თუმცა, უფრო ზუსტია – შერლოქ ჰოუმზი) – მისი ყველაზე ცნობილი და ყველაზე საძულველი პერსონაჟი.
ირლანდიული ანდაზა ამბობს, რომ ყველა ირლანდიელის ძარღვებში მეფური თუ არა, თავადური სისხლი მაინც ჩქეფს – ასე მიიჩნევდნენ დოილებიც. მწერლის ბაბუა, მხატვარ-კარიკატურისტი ჯონ დოილი “ლორდ ჯონის” ფსევდონიმითაც კი იყო ცნობილი, თუმცა, სინამდვილეში, ისინი მდაბიური წარმომავლობისა (აბრეშუმით მოვაჭრენი) იყვნენ. ქონან დოილის (ქონანი მისი მეორე სახელია, რომელიც მოგვიანებით მწერალმა გვარს, დოილს მიუერთა) ბიძებიც კარიკატურისტები იყვნენ. მამამისი არქიტექტორის პროფესიას დაეუფლა, თუმცა, ფერწერით იყო გატაცებული – მოგვიანებით მან ვაჟის ნაწარმოებებიც დაასურათა. ართურს კი “სიტყვით ხატვა” უფრო ეხერხებოდა – უამრავ ზეპირ ისტორიებს იგონებდა მეგობრების გასახალისებლად. ედინბრას (ედინბურგის) უნივერსიტეტში ის შოტლანდიელ პროფესორ ჯოზეფ ბელს (Joseph Bell) შეხვდა. მკვლევართა აზრით, სწორედ იგია შერლოქ ჰოლმსის პროტოტიპი – ლეგენდარული დეტექტივის გარეგნობაშიც შეიძლება ბელის ამოცნობა, მით უფრო ხომ – ძიებისა და ანალიზის მეთოდებში. “ექიმს მახვილი თვალი უნდა ჰქონდეს, – ასწავლიდა ის სტუდენტებს, – სულ მცირე დეტალმაც კი, შეიძლება, პაციენტის მდგომარეობაზე უამრავი რამ გითხრათ, რაც სწორი დიაგნოზის დადგენაში დაგეხმარებათ.”
- ამაზე ერთი ამბავი მახსენდება:პროფესორი პრაქტიკანტებს უჩვენებს გვამის გაკვეთას და ეუბნება: – დაიხსომეთ, ექიმი უზიზღო უნდა იყოს, – საჩვენებელ თითს გვამს მუცელში ამოუსვამს, პირისკენ წაიღებს და გალოკავს, – აბა, გაიმეორეთ! სტუდენტებიც ჯღანვა-ჯღანვითა და ამრეზით თითებს გვამის შიგნეულობაში ჩაყოფენ და გალოკავენ. ზოგს გული მისდის, ზოგს გული ერევა… პროფესორს ეღიმება და ამატებს: – დაიხსომეთ, ექიმი არა მარტო უზიზღო, არამედ დაკვირვებულიც უნდა იყოს – თქვენ გამოგეპარათ, რომ მე საჩენებელი თითი ამოვუსვი, შუა თითი კი გავლოკე.
ჯოზეფ ბელი ექიმი იყო, მაგრამ თავსატეხები უყვარდა და სტუდენტებსაც ცდიდა: ”ხედავთ მამაკაცს ქუჩაში, ტროსტით ხელში რომ მისეირნობს? აბა, ვინ მეტყვის, რა პროფესიის არის?” მოგვიანებით მან იოლად ამოიცნო თავი მისი მოსწავლისა და კოლეგის წიგნებში და დიდად ამაყობდა კიდეც ამით, ესეიც კი აქვს დაწერილი მის “ლიტერატურულ ასლზე”. სხვათა შორის, ყველა დროის ყველაზე ცნობილ კერძო დეტექტივს გვარიც კი “საექიმო” აქვს – ამერიკელი ექიმის, მეცნიერისა და პოეტის ოლივერ უენდელ ჰოლმსის (Sr. Oliver Wendell Holmes) საპატივცემულოდ შერჩეული. თავად ქონან დოილი უფრო უოთსონია – მათ ბევრი რამ აქვთ საერთო: დაბადების ადგილი – შოტლანდია, პროფესია, ულვაშები, ლამაზი ქალების სიყვარული, სამხედრო კარიერა და, რა თქმა უნდა, ლიტერატურული ნიჭი, თუმცა, მწერლისთვის არც დედუქციის ნიჭი იყო უცხო – მისი მონაწილეობით ორი უდანაშაულო ადამიანი გამართლდა – ჯორჯ ედალჯი და ოსქარ სლეითერი – ერთს ცხენების დახოცვა ედებოდა ბრალად, მეორეს კი – მოხუცი ქალბატონის გაძარცვა და მოკვლა. პირველი მსოფლიო ომის დროს ქონან დოილმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ის უნარი, რასაც მისი გმირი უზადოდ ფლობს – დაკვირვება და ანალიზი – მისი წინადადებით, მეზღვაურებს დაურიგეს მაშველი ჟილეტები, ხოლო ქვეითთათვის მისივე ესკიზებით დაამზადეს აღჭურვილობა მეტალის ფირფიტებისგან – რაღაც შუა საუკუნეების აბჯრისა და თანამედროვე ტყვიაგაუმტარი ჟილეტის მსგავსი – რამაც არაერთი ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნა. სამწუხაროდ, თავად მწერლის ძმა და ვაჟი ფრონტზე დაიღუპნენ. რაღა თქმა უნდა, ლიტერატურული თვალსაზრისით ართურ ქონან დოილი ბევრს დაესესხა მის კერპს, უდიდეს გენიოსს ედგარ ალან ფოუს (Edgar Allen Poe), რომლის გავლენაც არა მხოლოდ დეტექტივებში, არამედ ქონან დოილის საშინელებათა, მისტიკურ და ფანტასტიკურ ნაწარმოებებშიც იგრძნობა. ედგარ ფოუმ შექმნა ის კანონები, რასაც კლასიკური დეტექტივი დღემდე ეფუძნება: საიდუმლოს, რაგინდ ზებუნებრივიც ჩანდეს, რაციონალური ახსნა უნდა ქონდეს, კვანძი შემთხვევითობის წყალობით კი არ უნდა გაიხსნას, არამედ – გამომძიებლის დაკვირვებისა და ანალიზის შედეგად, მწერალმა მკითხველს საქმის ვითარება პატიოსნად უნდა გააცნოს და არაფერი დაუმალოს – ყველა სამხილი, რასაც დეტექტივი მიაგნებს, მკითხველისთვისაც უნდა იყოს ცნობილი (ამ შემთხვევაში, მკითხველი ბოლომდეა ჩაბმული გამოძიებაში და, ერთგვარად, მთავარ გმირსაც ეჯიბრება). უნდა ითქვას, რომ თავად ფოუ დიდი ინტერესით ეცნობოდა საფრანგეთის კრიმინალური პოლიციის შეფის, ფრანსუა ვიდოქის მოღვაწეობას, ამიტომაცაა სწორედ მისი დიუპენი ფრანგი. სხვათა შორის, ვიდოქს მემუარებიც აქვს დაწერილი, სადაც მის მიერ გამოძიებული ყოველი საქმე სრულდება განმარტებით, თუ რა გზით მივიდა დეტექტივი საიდუმლოს ამოხსნამდე…
- დიდ მისტიკოსს თავად არ სჯეროდა სასწაულების. უნგრელმა მექანიკოსმა და გამომგონებელმა ვოლფგანგ ფონ კემპელენმა მე-18 საუკუნეში შექმნა “თურქი მოჭადრაკე” – თოჯინა, რომელიც ჭადრაკს თამაშობდა. “თურქმა” მრავალი ქვეყანა მოიარა და უამრავ ადამიანს სძლია – მის “მსხვერპლთ” შორის იყვნენ ნაპოლეონი და ფრანქლინი. ედგარ ფოუმ იხილა ეს მოწყობილობა და დედუქციური მეთოდის გამოყენებით მისი საიდუმლოც ამოხსნა. 1836 წელს ესეიში “მალცელის მოჭადრაკე” (Maelzel’s Chess Player) მწერალმა ივარაუდა, თუ სად შეიძლებოდა ყოფილიყო დამალული მოჭადრაკე-მეთოჯინე, და როგორ მართავდა ის “თურქს”.
ედგარ ფოუზე საუბარს რომ მოვრჩე და კვლავ მის ირლანდიელ-შოტლანდიელ-ინგლისელ მემკვიდრეს დავუბრუნდე, ვიტყვი, რომ გენიალური ამერიკელის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოს, რომელიც ლონდონში გაიმართა, სწორედ ართურ ქონან დოილი უძღვებოდა – ეს 1909 წელს მოხდა. იმ დროისთვის ქონან დოილი უკვე სახელგანთქმული მწერალი და ბრიტანეთის იმპერიის რაინდი იყო (ის, როგორც მოხალისე, სამხედრო ექიმად მონაწილეობდა ბურებთან ომში, რომლის დასრულების შემდეგ წმინდა იოანე იერუსალიმელის ორდენი და რაინდის ტიტული უბოძეს). ართურ ქონან დოილმა სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები დაგვიტოვა. მათგან განსაკუთრებით მომწონს ავანტიურისტული მოთხრობების ციკლი ბრიგადირ ჟერარზე (The Exploits and Adventures of Brigadier Gerard – მათი მთავარი გმირი ნაპოლეონის თანამებრძოლი ჟერარია, რომელიც ბარონი მიუნჰაუზენივით მართალსა და ტყუილს ოსტატურად ახამებს და არაჩვეულებრივი იუმორით გვიყვება თავის თავგადასავლებს) და სათავგადასავლო-ფანტასტიკური “დაკარგული ქვეყანა” (The Lost World – “ქინგ ქონგები” და “იურიული პარკები” სწორედ ამ წიგნთან არიან ვალში), მწერალს კი თავის საუკეთესო ნამუშევრად ისტორიული ჟანრის “თეთრი რაზმი” (The White Company – 100-წლიან ომზე) მიაჩნდა, მაგრამ ყველაზე ცნობილი და მკითხველთათვის ყველაზე საყვარელი მაინც ჰოლმსიანაა. სახელგანთქმული დეტექტივი სულ 4 რომანსა და 56 მოთხრობაში ჩნდება. პირველი (და, ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო) “ეტიუდი მეწამულ ფერებში” (A Study in Scarlet) 1888 წელს გამოსცეს წიგნად მწერლის მამის, ჩარლზ დოილის დასურათებით, მოთხრობების უკანასკნელი კრებული “შერლოქ ჰოლმსის არქივი” (The Case Book of Sherlock Holmes) – 1927 წელს, თუმცა, მკითხველები რომ არა, დეტექტივის სიცოცხლე, როგორც ზემოთაც ვთქვი, ბევრად ადრე, 1891 წლის 4 მაისს უნდა დასრულებულიყო – ნაწარმოებში “ჰოლმსის უკანასკნელი საქმე” (The Adventure of the Final Problem) პროფესორი მორიართი მას კლდიდან რაიხენბახის ჩანჩქერში აგდებს, მაგრამ (ყაზბეგისა და “ელგუჯას” ამბავი თუ გახსოვთ?) მკითხველები აღშფოთდნენ და შერლოქ ჰოლმსის გაცოცხლება მოითხოვეს. ქონან დოილი, მისი გამომცემელი, ჟურნალის რედაქცია წერილებს ვერ აუდიოდნენ. ზოგი თხოვდა, ზოგი ემუდარებოდა… ემუქრებოდნენ კიდეც, რომ ავტორსაც მისი გმირის კვალს გააყოლებდნენ… ინგლისური ლიტერატურის მკვლევარნი წერენ, რომ ჩარლზ დიკენსის “სიძველეთა დუქნის” გმირ გოგონა ნელის შემდეგ, არვის მისტიროდნენ ასე მკითხველები…
- სხვათა შორის, ჰოლმსი და დიკენსის ბატონი პიკვიკი ინგლისური ლიტერატურის ორი პერსონაჟია, რომელთაც ხვდათ პატივი მათ “საცხოვრებელ სახლებს” საგანგებო აბრები ამშვენებდეს.
თუმცა, ჩვენ რომ დიკენსს ვუძახით და სინამდვილეში დიქინზი როა, მაგ მწერალს მე პირადად გული ვერ დავუდე, ასე რომ, ისევ ქონან დოილს დავუბრუნდები.
კარგა ხნის განმავლობაში ქონან დოილი არ ეპუებოდა მკითხველებს, მაგრამ, ბოლოს, იძულებული გახდა, დაეთმო და ჟურნალი The Strand Magazine-ის 1901 წლის აგვისტოს ნომერში გამოჩნდა უდავო შედევრი – “ბასკერვილების ძაღლი” (The Hound of the Baskervilles), თუმცა, ჰოლმსის ოფიციალური მკვდრეთით აღდგინება 1903 წელს მოხდა, როდესაც ჟურნალმა “ცარიელი სახლი” (The Adventure of the Empty House) დაბეჭდა, საიდანაც ვიგებთ, რომ რაიხენბახის ჩანჩქერმა არა ჰოლმსი, არამედ პროფესორი მორიართი შთანთქა. ჰოლმსიანის განმავლობაში მწერალი კიდევ რამდენჯერმე ეცადა თავისი გმირისგან “თავდახსნას” “ფინანსური ბერკეტიც” გამოიყენა – იმ დროისთვის წარმოუდგენელი ჰონორარი, თითო მოთხრობაში 50 ფუნტი მოითხოვა, მაგრამ ჟურნალი The Strand იოლად დაჰყაბულდა (გამომცემლები მზად იყვნენ “ჰოლმსში” 10-ჯერ მეტი ჰონორარი გადაეხადათ, ვიდრე სხვა ნაწარმოებისთვის). ამ ჟურნალის დამსახურება ისიცაა, რომ მხატვარი სიდნი ფეჯითი (Sidney Paget) დაიქირავა ჰოლმსიანის დასურათებისთვის. სწორედ ფეჯითმა შექმნა შერლოქ ჰოლმსისა და დოქტორი უოთსონის “კანონიკური” პორტრეტები.
თუმცა, მკითხველთა ინტერესი თავიდანვე ამგვარი არ ყოფილა. ქონან დოილი შენიშნეს, სადებიუტო “ეტიუდი” მოეწონათ, მაგრამ ნამდვილი აჟიოტაჟი ნაწარმოებმა არა ბრიტანეთში, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიწვია. 1887 წელს ამერიკულმა ყოველთვიურმა ჟურნალმა Lippincott’s Monthly Magazine ლონდონში ლიტერატურული აგენტი მიავლინა, რომელმაც ინგლისელი მწერლები სადილზე მიიწვია და ოსქარ უაილდსა და ართურ ქონან დოილს ჟურნალში გამოსაქვეყნებლად ნაწარმოებები გამოსთხოვა. Lippincott’s Magazine-ის დაკვეთით უაილდმა “დორიან გრეის პორტრეტი” დაწერა, ხოლო ქონან დოილმა ამერიკულ ჟურნალს (ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი) “ოთხთა ნიშანი” (The Sign of the Four) გადასცა.
ხშირად გაიგებთ, რომ ჰოლმსი გამჭრიახი, მაგრამ გაუნათლებელი ადამიანია, ვერ ერკვევა ვერაფერში, რასაც კრიმინალისტიკასთან შეხება არ აქვს – სწორედ ასეთია უოთსონის პირველი შთაბეჭდილებაც მასზე, მაგრამ, თუ დავუკვირდებით, ეს სურათი არაზუსტია და მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს – ჰოლმსს კარგი იუმორის გრძნობა აქვს და არც თვითირონია აკლია. გახუმრება უყვარს, თორემ, სინამდვილეში, სხვადასხვა ნაწარმოებიდან ჩანს, რომ, თურმე, იცის ლათინური, ციტირებს ბიბლიას (მიუხედავად იმისა, რომ, უდავოდ, აგნოსტიკოსია), რომაელ პოეტებსა და გოეთეს, როგორც ჩანს, მუსიკალური განათლებაც აქვს, უყვარს ვაგნერი და კარგად უკრავს ვიოლინოზე. ჰოლმსი იცნობს ძველ დამწერლობებს და რამდენიმე სამეცნიერო წიგნის ავტორიცაა სხვადასხვა თემაზე (მეფუტკრეობის ჩათვლით), მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ჯენტლმენი მშვენივრადაა განათლებული. ჩინებულად იცის გეოგრაფია (ჩემზე ბევრად უკეთესად 🙂 ), ისტორია, კარგად იცის ადამიანის ფსიქოლოგია (“სკანდალი ბოჰემიაში” (A Scandal in Bohemia) საუკეთესოდ ადასტურებს).
რაც ჰოლმსის ბიოგრაფიას ქონან დოილმა დააკლო, სხვებმა დაამატეს. დეტექტივი არაერთი მწერლის არაერთ ნაწარმოებში გამოჩნდა, მათ შორის არიან აიზიქ აზიმოვი, სთივენ ქინგი, ფოლ ანდერსონი, მორის ლებლანი, ჯონ დიქსონ ქარი (თავადაც შესანიშნავი დეტექტივისტი, სხვათა შორის) და მწერლის ვაჟი, ედრიან ქონან დოილი.
- ედრიანის უფროს ძმას, დენისს ქართველი ქალი ჰყავდა ცოლად – ნინა მდივანი, სახელგანთქმულ “მექორწილე მდივანთა” გვარის ღირსეული წარმომადგენელი. 🙂
მსოფლიოში შერლოქ ჰოლმსის რამდენიმე მუზეუმი და ძეგლი არსებობს, ამასთან, ლონდონის მუზეუმი ბეიქერ სთრითზე (Baker St., 221B), მსოფლიოში პირველი მუზეუმია, რომელიც გამოგონილ პერსონაჟს მიეძღვნა. სხვათა შორის, “ელემენტარულია (ძვირფასო) უოთსონ” ლიტერატურულ ჰოლმსს არასდროს უთქვამს. ეს ფრაზა პირველად კინოეკრანიდან გაისმა, შემდეგ რადიო-პიესებში და სცენაზე გადაინაცვლა, ხალხში გავიდა და ფრთოსან ფრაზადაც იქცა. ართურ ქონან დოილი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბრიტანელ მწერლად რჩება, პირველ ყოვლისა, კვლავ და კვლავ შერლოქ ჰოლმსის წყალობით.
სახელგანთქმული დეტექტივის თავგადასავლები მწერლის სიცოცხლეშივე დიდი წარმატებით გადაიტანეს თეატრსა და კინოში (თავად ქონან დოილმა გადააკეთა რამდენიმე მოთხრობა პიესად) და დღეს შერლოქ ჰოლმსი მსოფლიოში ყველაზე “გაეკრანებული” გმირია.
ჩემთვის საუკეთესო ჰოლმსები რუსი ვასილი ლივანოვი (Василий Ливанов) და ინგლისელი ჯერემი ბრეთი (Jeremy Brett) არიან (ლივანოვისეული ჰოლმსის პორტრეტი ლონდონის მუზეუმშიც ინახება და ამ როლისთვის ის ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენითაა დაჯილდოებული. ახალი ზელანდიის ზარაფხანამ კი ჰოლმსიანის 120 წლისთავთან დაკავშირებით გამოშვებული საიუბილეო მონეტები რუსული სერიალის გმირებით დაამშვენა). რობერთ დაუნი უმცროსს აქვს შანსი ფავორიტთა სიას შეემატოს – მით უმეტეს რომ, როგორც გაი რიჩი ამბობს, ის ჰოლმსიანის გაგრძელებას აპირებს. ხოლო რაიხენბახის ჩანჩქერს რაც ეხება, სადაც სამართალია, ნობელის კომიტეტის ის წევრები იყვნენ გადასაყრელნი, რომელთაც ართურ ქონან დოილს შემოქმედება დაუწუნეს.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
P.S. გასული საუკუნის მიწურულს, ქონან დოილის შემოქმედების მკვლევართა და მოყვარულთა გამოკითხვის შედეგად, Baker Street Journal-მა ჰოლმსიანის საუკეთესო ნაწარმოებები გამოავლინა. რომანებს შორის ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა “ბასკერვილების ძაღლმა”, მოთხრობებს შორის კი – “ჭრელმა ყელსახვევმა” (The Adventure of the Speckled Band), რასაც 100% ვეთანხმები, თუმცა, “მოცეკვავე კაცუნების” (The Adventure of the Dancing Men) მე-9 ადგილი, ჩემი აზრით, ძალიან დაბალია და “ფორთოხლის ხუთი მარცვალი” უსამართლოდაა გამოტოვებული. სრული სია – აქ.
1927 წელს The Strand Magazine-მა თავად ქონან დოილს სთხოვა, დაესახელებინა საყვარელი მოთხრობები (არა რომანები) ჰოლმსზე და, მიუხედავად იმისა, რომ მწერალი მაინცდამაინც არ წყალობდა თავის გმირს, ჟურნალისთვის უარი არ უთქვამს. ავტორის დუჟინი ასე გამოიყურება:
1. “ჭრელი ყელსახვევი”
2. “ჟღალთა კავშირი” (The Red-Headed League)
3. “მოცეკვავე კაცუნები”
4. “ჰოლმსის უკანასკნელი საქმე”
5. “სკანდალი ბოჰემიაში”
6. “ცარიელი სახლი”
7. “ფორთოხლის ხუთი მარცვალი” (The Five Orange Pips)
8. “მეორე ლაქა” (The Adventure of the Second Stain)
9. “ეშმაკის ფეხი” (The Adventure of the Devil’s Foot)
10. “შემთხვევა ინტერნატში” (The Adventure of the Priory School)
11. “მასგრეივების სახლის რიტუალი” (The Adventure of the Musgrave Ritual)
12. “რეიგეითელი სქვაიერები” (The Adventure of the Reigate Squire)
***
გრძელი მაგრამ საინტერესო პოსტი იყო. 🙂
ჟერარის თავგადასავლები არ მაქვს წაკითხული.
ისე, მაინცადამაინც არ მიყვარს დეტექტივები, მაგრამ ხოლმსი სულ სხვაა.
ნობელის პრემიას ბევრი ვინმე იმსახურებდა და არ აქვს. თუნდაც პოს არ ეკუთვნოდა?
LikeLike
ჟერარი ძალიან კარგია. საბავშვოა, მაგრამ ყველა ნამდვილად კარგი საბავშვო წიგნი სადიდოდაც გამოდგება. 🙂
იმსახურებდა, რავა არ იმსახურებდა, მაგრამ… იმდენად თანამედროვეა, რომ ხშირად გვავიწყდება, რამდენად ადრე იყო 🙂 ვერ მოესწრო. ნობელის პირველი პრემია 1901 წელს გადაეცა, ფოუ კი წინა საუკუნეში იყო. 1901-1930-მდე (სანამ დოილი ცოცხალი იყო) წლებში კი ერთი 10 ადამიანის თუ არა 5-ის ამოგდება მაინც შეიძლება ლაურეატებიდან ისეთის, დღეს რომ არავის ახსოვს და არავინ კითხულობს. IMHO!
LikeLike
ძააალიან საინტერესო იყო!
ამასწინათ მეკამათებოდნენ, რომ ჰოლმსი აბსოლუტურად გამონაგონი პერსონაჟია, მე კიდე დარწმუნებული ვიყავი მის რეალურ არსებობაში. საბოლოოდ სადღაც შუაშია, რეალურის თვისებებიც აქვს და გამონაგონისაც:)
რაც შეეხება ფილმს, მე არ მომეწონა, მსახიობები მომეწონა, ჩემი აზრით ზედმეტი ბათქა-ბუთქობები იყო. ერთხელ ღირს ყურება ი ვსიო!
არც ალენი და არც კოპოლა მეხატება გულზე, მაგრამ მაინც ველოდები მათ ბიოგრაფიებს;))
ალენს საერთოდ არ ვაღიარებ, როგორც რეჟისორს:D
LikeLike
ჰო, ჯოზეფ ბელს მიამგვანა – ამას თავადაც ამბობდა.
თუმცა, პირველი ვინც, დედუქციურ მეთოდს, პარიკებს და გარდასახვის უნარს იყენებდა რეალურ ძიებაში – ალბათ, ფრანსუა ვიდოქია.
პოლიციიდან რომ წავიდა კერძო სააგენტო შექმნა პარიზში.
ეჭვიც არ მეპარებოდა – ანტი-ალენიზმი ხომ გვახარიისტების ცნობილი სენია 🙂
LikeLike
:DD
LikeLike
ძალიან საყვარელი ლეკვები არიან. 🙂
LikeLike
ექიმი, მეწარმე, ლიდერი.
LikeLike
უნდა განვმარტო:
ართურ ქონან დოილის საფლავს აწერია ასე:
“რაინდი, პატრიოტი, ექიმი და მწერალიო”.
მსგავსება ექიმ, მეწარმე და ლიდერთან სრულიად შემთხვევითია. 🙂
http://www.findagrave.com/cgi-bin/fg.cgi?page=pv&GRid=1524&PIpi=131850
http://www.findagrave.com/cgi-bin/fg.cgi?page=pv&GRid=1524&PIpi=76898
LikeLike
ბელზე არაფერი ვიცოდი, მაგრამ Conan Doyle ის შერლოქ ჰოლმსის ძალიან მიყვარს. ეს სიყვარული ბავშვობაში დაიწყო და დღევანდელ დრემდე მომწვება. თუმცა ბავშვობაში დიდი არაფერი მესმოდა მისი მსჯელობების და უბრალოდ ჩახლართული მკვლელობები მიზიდავდა.
ამ კაცს ისეთი წერის მანერა აქვს, ნებისმიერ ასაკში რომ ჩაითრევს მკითველს.
LikeLike
blogis header ze dagicere rom dzalian momcons es lekvuniebi?
LikeLike
ლაბრადორები 🙂
LikeLike
good!
LikeLike
კარგი პოსტი იყო.
მეც ძალიან მიყვარს კონან დოილი, მაგრამ ერთ რამეში ვერაფრით ვერ დაგეთანხმები, გაი რიჩის ხოლმსი ძალიან არ მომეწონა. არაფერი საერთო არ აქვს დოილის ხოლმსთან.
LikeLike
მე არ მითქვამს, მომეწონა-მეთქი. 🙂
თუმცა, გაი რიჩი ძალიან ნიჭიერი ადამიანია და რობერთ დაუნი უმცროსი ხომ საერთოდ ერთ-ერთი საუკეთესო მსახიაობია მის თაობაში.
ისე, ბევრი რამით განსხვავდება ორიგინალი ჰოლმსისგან, მაგრამ საერთოც ბევრი აქვთ… მაგ ფილმზე ვწერ პოსტს და თუ ეღირსა და გამოვაქვეყნე იქ უფრო დეტალურად დავწერ ჩემ აზრს.
LikeLike
ბრეთის შერლოკა მეც მიყვარს : )
LikeLike
ბრეთი რომ გადაყვა მაგ როლს იცი? ბოლოს ფსიქიურად აურია გადაღლილობის ფონზე.
ისე ძალიან მიხარია, რომ ამ პოსტს ბევრი (ნუ ჩემი ბლოგის შესაბამისად – ბევრი) კლიკი აქვს.
ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ კარგი გემოვნების მკითხველები მყავდა. 🙂
LikeLike
კარგი პოსტია მართლა 🙂 მიყვარს ეს თემა ძალიან ძალიან
LikeLike
ელგუჯა და ოსტაპ ბენდერი კიდო 🙂
საუკეთესო ჰოლმსი ჩემთვისაც ლივანოვია.
და ნობელის კომიტეტის წევრები მართლა ჩანჩქერში უნდა გადაყარო, კონან დოილის და ეკოს იგნორირების გამო.
LikeLike
გადავწყვიტე, რომ ყველა წიგნი წამეკითხა შერლოკზე და მგონი მოვახრჩე კიდეც სულ პირველის (study in scarlet)მეორე ნაწილი ამქვს წასაკითხი, რაც ქართულ ვერსიაში არაა როგორც აღმოვაჩინე
ისე ცენზურაც შეხებია–ოთხთა ნიშანის ბოლოს უოტსონი ეკითხება მე ცოლი მერჰო, დეტექტივს სახელი და შენ რაო, ჰოლმსი პასუხოიბს მეც მერგო 1 სიგარაო–აი ორიგინალში კი—For me,” said Sherlock Holmes, “there still remains the cocaine-bottle.” And he stretched his long white hand up for it
LikeLike
და უოთსონს უნდა ეპასუხა: მე არ მეფსიაო :))
არ ვიცოდი ისე ეგ 🙂 კარგად მიგიგნია.
LikeLike
შენ გაქვს ყველა წაკითხული? კოკაინს რა უჭირს , მაგრამ ის შოკი იყო study in scarlet მეორე ნაწილი რომ არაა თარგამნში (უფრო სწორედ ბოლო თავი არის) მასეთივე პრინციპი აქვს შიშის ხეობაში გამოყენებული დოილს და ის არ ვარგა :დ ასე რომ როგორც ჩანს ჩვენზე იზრუნეს მთარგმნელებმა, თუმცა მაინც მინდა წავიკითხო სურათის შესავსებად. ისე კარგი მოთხრობები არის ნათარგმნი. ყველა რომწ ავიკითხე ბევრი ძალიან უნიჭოა :))))
LikeLike
ყველა თუარა თითქმის ყველა. ადრე გადმოვქაჩე კაი ხნის წინ, ნაწილი ორიგინალში ვნახე.
სსრკ დროს იყო სამტომეული რუსულად, ჰოდა როგორც გამოჩნდა მეტი არცა საჭირო 🙂 ძალიან დიდი რაოდენობით ხალტურაა. ძალად დაწერილი 🙂
თავად რა დამოკიდებულებაც ჰქონდა ჰოლმსიანისადმი, 3 ტომი კარგი მოთხრობების რომ გამოუვიდა კიდევ ბევრიცაა. 🙂
LikeLike
ისე თავის დროზე საბჭოთა ცენზურამ ერთი თავი ამოჭრა ვინი პუჰიდან და ერთი შეამცირა.
რა არ მოეწონათ ჰოლმსიც ვერ მიხვდება ალბათ. 🙂 სრულიად უწყინარი თავია.
LikeLike
მომწერე რა რომელი თავი. გამოვიკვლევ :დ
LikeLike
საბჭოთა მულტიპლიკაციური ვინი პუჰი პირველად 1969 წელს გამოჩნდა, წიგნის ბორის ზახოდერისეული (თავისუფალი საავტორო) თარგმანი კი 1960 წელს გამოიცა, თუმცა – შეკვეცილი სახით (პირველი ტომის მე-10 თავი თითქმის მთლიანადაა შეკვეცილი, მეორე ტომის მე-3 თავი კი საერთოდ ამოშალეს), კომიკურია, მაგრამ წიგნის გამოცემა საერთოდაც კითხვის ქვეშ იყო, ვინაიდან, თავდაპირველად, საბჭოთა ცენზორებმა ის დაიწუნეს და თაროზე შემოდეს, როგორც “ამერიკული” და “იდეოლოგიურად მავნე”. :):)
LikeLike