ბრენდები და ლოგოები

მარკეტინგის ლექტორმა ერთხელ ასეთი ექსპერიმენტი ჩაგვიტარა – გვიჩვენა სლაიდები სხვადასხვა კომპანიის ლოგოების გამოსახულებით – აბა, თუ გაიხსენებთ, რა კომპანიაა, რას აწარმოებს, სადაურია და რას უნდა ნიშნავდეს მათი ლოგოო?

ახლა მე ჩავატარებ მაგ ექსპერიმენტს – დააწკაპუნეთ სურათზე და გაიხსენეთ, რა კომპანიის ლოგოა, რას აწარმოებს, სადაურია და რას უნდა ნიშნავდეს მათი ლოგო?

Logos ხოლო ვისაც ეზარება, შეუძლია პირდაპირ “პასუხებზე” გადავიდეს: 🙂

1. “ადიდასის” ლოგოზე ხშირად 3 ბუმბულს ხედავდნენ, სინამდვილეში ეს სამყურას გამოსახულებაა. კომპანიის ოფიციალურ სიმბოლოდ 1972 წელს გამოცხადდა და 1996 წლამდე გამოიყენებოდა მათ პროდუქციაზე, სანამ თანამედროვე ვარიანტი ჩაანაცვლებდა. ძალიან ბევრი სხვადასხვა ახსნა მინახავს, თუ რისი  სიმბოლოა “ადიდასის” სამყურა. ყველაზე დამაჯერებელი, ზედმეტი :ფილასოფოსობის: გარეშე ასეთია –  ის ასახავს კომპანიის დამაარსებლის ადი დასლერის (Adolph Dassler) მიერ შემუშავებულ კომპანიის მისიას: აწარმოოს საუკეთესო სპორტული ფეხსაცმელი (1); დაიცვას ათლეტი ტრამვებისგან (2); პროდუქცია გახადოს გამძლე (3). ამასთან, დღეს კომპანიას 3 ძირითადი ტანსაცმლის ხაზი აქვს – Originals (რომელიც 70-იანების კლასიკური კოლექციის მოტივებს მიყვება),  Performance (პროდუქცია პროფესიონალი სპორტსმენებისთვის), Style (სხვადასხვა დიზაინერებთან თანამშრომლობით შექმნილი მოდური კოლექციები, როგორიცაა, მაგალითად, იამამოტოს Y-3).

2. 1948 წელს რუდოლფ დასლერმა (Rudolf Dassler) “ადიდასი” დატოვა და “პუმა” დააფუძნა. კომპანიის ლოგოდ მან, ბუნებრივია, ეს კატისებრი შეარჩია. სპორტული ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მწარმოებლისთვის ამგვარი ლოგო იდეალურია – ის გამოხატავს სისწრაფეს და მოქნილობას. “პუმას” ფეხსაცმელში ისე გრძნობთ მიწას, როგორც პუმა და თქვენთვის არ არსებობს დაუძლეველი ბარიერი.

3. “ფლეიბოის” ბაჭია 1953 წელს შექმნა მხატვარმა ართ ფოლმა (Arthur Paul). 1954 წელს ფოლი ჟურნალის მხატვრული რედაქტორიც გახდა. ბაჭია ნაყოფიერების ძველთაძველი სიმბოლოა, შესაბამისად, საუკეთესოდ განასახიერებს ფლეიბოის – მექალთანე, თავისუფალ, მხიარულ და გართობის მოყვარულ მამაკაცს. ამავე დროს, ჰალსტუხი-პეპელა მიანიშნებს, რომ ის გემოვნებიანი დენდია.

4. ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა გრაფიკოსმა და დაიზაინერმა ფოლ რენდმა (Paul Rand) 1956 წელს შექმნა კომპიუტერული გიგანტის IBM-ის ლოგო. 1972 წელს კი მას წრფივი ზოლებიც დაამატა, რითიც ლოგომ დღევანდელი სახე მიიღო. ის სიმბოლურად ასახავს სტაბილურობას და სიმტკიცეს, წრფივი ხაზები კი – დინამიურობასა და სისწრაფეს.

5. AT&T-ის ლოგო სიმბოლურად დედამიწას გამოსახავს, რომელიც კომპანიის ტელე-საკომუნიკაციო აბლაბუდაშია მოქცეული. მისი ავტორი მხატვარი, დიზაინერი და რეჟისორი საულ ბასია (Saul Bass). ლოგო 1984 წელს გამოჩნდა და კომპანია მას 2005 წლამდე იყენებდა. სხვათა შორის, ბასი მონაწილეობდა “ფსიქოს” გადაღებაში. თანამშრომლობდა, აგრეთვე, ქუბრიქთან და სქორსეზესთან. კინოაკადემიის ჯილდოც აქვს მიღებული და, საერთოდ, ძალიან დიდი ფიგურაა ამერიკული დიზაინისა და კინოწარმოების ისტორიაში.

6. ”ეფლის” ლოგოს ავტორი რიჯის მაქენაა (Regis McKenna). ის 1976 წელს შეიქმნა. კომპანიის სახელწოდებიდან გამომდინარე, სიმბოლო არ უნდა ყოფილიყო ძნელი ასარჩევი. მონაკბეჩი ცალ მხარეს მიანიშნებს ლოგოს კავშირს ბიბლიური ხე ცნობადის ნაყოფთან. ფერები კი კომპანიის პროდუქციის განსაკუთრებულ მულტიმედიურ და გრაფიკულ შესაძლებლობებზე მიუთითებს.

7. ბაკარდი“-ს თავისი სიმბოლო არ აურჩევია, ის გამზადებული დახვდა ადგილზე. 🙂 როდესაც დონ ბაკარდიმ (Don Facundo Bacardi Massó) 1862 წელს კუბაში ალკოჰოლის მწარმოებელი ქარხანა შეიძინა ღამურების ოჯახი მის სხვენზე უკვე ბუდობდა. ცხოველების მოყვარულმა ბიზნესმენმა ღამურა საკუთარი კომპანიის ლოგოდ აირჩია. არ ვიცი, უყვართ თუ არა ღამურებს რომი, მაგრამ ისინი კარგ ბედსა და სიმდიდრეს განასახიერებენ.

8. ბევრი ქართველისთვის საყვარელმა BMW-მ თავისი ლოგო 1917 წელს დაარეგისტრირა და 1929 წელს პირველად გამოიყენა ავტომობილის ძარაზე – ეს იყო მოდელი Dixi. მისი ფერები ბავარიის ტრადიციული ფერებია, ამავდროულად ის გამოხატავს წყალს, ჰაერსა და მიწას (ისევე როგორც, სხვათა შორის, “მერსედეს-ბენცის” ლოგო). კომპანიის ლოგო მოგვაგონებს პროპელერსაც, რაც წარმატების, ახალი ტექნოლოგიების და სწრაფი აღმასვლის ნიშანია.

9. გაბრიელა შანელმა თავისი მოდის სახლის ლოგო თავად შექმნა 1925 წელს – ის მისი სახელის Coco Chanel ანაგრამაა. სადა და იოლად დასამახსოვრებელი, ელეგანტური, გემოვნებიანი და გამორჩეული  – როგორც მისი კოლექციები. ორი ასო C სხვადასხვა მხარეს იყურება, რაც ნიშნავს ტრადიციებს და ინოვაციებს, სამხრეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროებს – მიანიშნებს იმაზე, რომ ეს მარადიული და მსოფლიო ბრენდია.

10. ”ჩეის მანჰეთენ ბანკის” ლოგო 1960 წელს ივან ჩერმიაევმა (Ivan Chermayeff) და თომ გეიზმარმა (Tom Geismar) (კომპანია Chermayeff & Geismar Associates დამფუძნებლებმა და არაერთი ცნობილი ლოგოს ავტორებმა) შექმნეს. ის მოგვაგონებს სეიფს (სადაც კლიენტების ფული ინახება), წარმოშობს დაცულობის და სიმტკიცის რწმენას. ამავე დროს (ფულის) სწრაფ ბრუნვასაც განასახიერებს, ვინაიდან გავს ბზრიალას ჯოხზე (თუ რა ქვია ამ სათამაშოს ქართულად – მრავალკუთხა პროპელერი რომაა ჩამოცმული ჯოხზე – სწრაფად უნდა გაიქცე და ქარი აბზრიალებს).

11. “დანონის” ჯგუფზე მთელი პოსტი დავწერე მათ რეკლამაში გამოყენებული ქართული მოტივებით. 🙂 ახლა, უბრალოდ, დავამატებ, რომ ბიჭუნა კომპანიის დამაარსებლის ვაჟი – დანიელია, რომლის მოფერებითი სახელიც ეწოდა კომპანიას,  უღრუბლო, კამკამა ცაზე მოკაშკაშე ვარსკვლავი კი “დანონის” პროდუქციაში გამოყენებულ მხოლოდ ნატურალურ კომპონენტებზე მიანიშნებს.

12. ამ პოსტის ყველა მკითხველი, ალბათ, დღეში რამდენიმეჯერ მაინც ხედავს “გუგლის” ლოგოს. ის 1996 წელს დახატა ბრაზილიელმა დიზაინერმა რუთ კედარმა (Ruth Kedar). ის მარტივია, როგორც თავად დაგუგლვაა მარტივი და ფერად-ფერადი, როგორც გუგლის მიერ მოძიებული ინფორმაცია.

13. ოქროს საწმისი არამხოლოდ კოლხური მითოლოგიის ნაწილია, 1850 წლიდან ის შესანიშნავი კომპანიის “ბრუქს ბრაზერსის” სიმბოლოცაა. ოქროს საწმისი კომპანიის კლიენტთა განსაკუთრებულ დახვეწილობასა და რაინდულ სტატუსზე მიანიშნებს. ამავე დროს ის ამ ამერიკის უძველესი ტანსაცმლის მწარმოებლის ევროპულ არისტოკრატულ ტრადიციებთან კავშირსაც უსვამს ხაზს. “ძმებ ბრუქსებზე” დეტალურად ადრე უკვე დავწერე.

14. ამერიკული მოტო-ლეგენდის ლოგო თავად უილიამ ჰარლიმ (William S. Harley) და ართურ დევიდსონმა (Arthur Davidson) შექმნეს 1910 წელს (სხვათა შორის, კომპანიის დაარსებისა და პირველი ბაიკის შექმნისას, 1903 წელს ეს ორი გენიოსი სულ რაღაც 22 და 20 წლისანი იყვნენ). “ჰარლი-დევიდსონის” ლოგოს “ძელსა და ფარს” უწოდებენ, თუმცა, ის გრაფიკულად მოტოციკლის წინხედს გამოსახავს.

15. შესანიშნავი ვისკის მწარმოებელი შოტლანდიური კომპანიის ლოგო მხატვარ-ანიმატორ თომ ბროუნის (Tom Browne) ეკუთვნის. 1908 წელს მან გენიალურად მოიფიქრა და ზუსტი გრაფიკული გამოსახულება მოარგო “Johnnie Walker”-ის სახელწოდებას (“Walk” – სიარულს ნიშნავს). ძმებმა ალექსანდერ და ჯორჯ უოქერებმა (Alexander & George Walker) კი დაამატეს სლოგანი “Keep on Walking” (“განაგრძე სვლა”), რაც კომპანიის მარადიულ სიცოცხლეზე მიანიშნებს. სხვათა შორის, თუ 20 წლის ჰარლეი და დევიდსონი ბაიკს აწყობდნენ, 15 (!) წლის ჯონი უოქერმა (ალექსანდერისა და ჯორჯის მამამ) ვისკის გამოხდა დაიწყო. ჩვენ კი დღევანდელ ქართველ თინეიჯერებს ვუწოდებთ აქსელერილებულებს? 🙂

16. “ლაკოსტის” ნიანგი რობერთ ჯორჯმა დახატა, კომპანიის დამფუძნებლის რენე ლაკოსტის მეტსახელის მიხედვით. ამ ბრენდზე უკვე დავწერე (და არა აერთხელ :)) და ლოგოს შექმნის ისტორიაც მოვყევი. აღარ გავიმეორებ.

17. “მაქდონალდსის” ოქროს თაღები კომპანიის დიზაინის განყოფილების დირექტორმა ჯიმ შინდლერმა (Jim Schindler) შექმნა 1962 წელს. ის მხოლოდ ასო M-ს არ განასახიერებს. თაღები სიმბოლოა სახურავის, თავშესაფრის, სადაც უამინდობას, დაღლილობას, ცუდ ხასიათსა და, რა თქმა უნდა, შიმშილს დაემალებით. ამავე დროს თაღები ოქროსია, ვინაიდან “მაქდონალდსის” ფრანჩიზა სიმდიდრის მომტანია ყველასთვის, ვინც მას ფლობს… თუ ჯიმ შინდლერისა არ გჯერათ, ეგერ თემურ ჭყონიას კითხეთ. 🙂 “მაქდონალდზეც” დავწერ ადრე ჩემს ბლოგზე.

18. 1894 წელს საავტომობილო საბურავების მწარმოებელი ედუარ მიშალენი (Edouard Michelin) ერთმანეთზე შემოწყობილი ბორბლების “პირამიდას” გადააწყდა. აქედან მოუვიდა მას თავში “კაც-ბორბალას” შექმნის იდეა. მისი ჩანაფიქრი ქაღალდზე მხატვარმა მარიუს როსილიონმა (Marius Rossillon) გადაიტანა.

19. 1980 წელს კომპანია Manhattan Design-ში შეიქმნა “მუსიკალური ტელევიზიის” ლოგო, ის ფრედ სეიბერთმა (Fred Seibert) და ფრენქ ოლინსკიმ (Frank Olinsky) დახატეს. ლოგო მუსიკალურ ჟანრთა მრავალფეროვნებას ასახავს და მხიარულ განწყობას ქმნის.

20. “ნაიქის” ლოგო, რომელიც 1971 წელს დიზაინერმა ქეროლინ დევიდსონმა (Carolyn Davidson) შექმნა, ძალიან მარტივია – ის გამარჯვების ქალღმერთის ფრთებს გამოხატავს. ამავდროულად მობილურობასა და მოძრაობაზე მიანიშნებს. როგორც თავად დევიდსონი იგონებს, კომპანიის დამფუძნებელი ფილ ნაითი ნანახით ბოლომდე კმაყოფილი არ დარჩენილა, თუმცა, ლოგომ ნამდვილად გაამართლა. დღეს Nike მსოფლიოში უდიდესი სპორტული ტანსაცმლის ბრენდია.

21. მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ევროპის სიდიდით ნომერ მეორე ავტო-მწარმოებლის ლომი 1847 წელს იუველირმა ჯასთინ ბლეიზერმა (Justin Blazer) შექმნა. ის ასახავდა Peugeot-ს 3 ნიშანს: ძალას, მოქნილობასა და სისწრაფეს.

22. “ვინიარდ ვაინსზე” ადრეც დავწერე და მათი ლოგოს ისტორიაც იქ მოვყევი. სამწუხაროდ, ეს კომპანია საქართველოში თითქმის უცნობია, რაც გასაკვირი არაა, ვინაიდან მის დამფუძნებლებს, ძმებს შეფ და იან მიურეის (Shep & Ian Murray) მრავალი ფერი და ხალისიანი დიზაინი უყვართ, ქართველები კი ვფიქრობთ, რომ ყველა ფერს შავი სჯობს, იმიტომ რომ ჩვენს სამშობლოს უჭირს და ახლა ხალისიანი ფერები არაპატრიოტული და მასონურია.

23. მსოფლიოში უდიდესი ყავის მაღაზიებისა და კაფეების ქსელის პირველი მაღაზია 1971 წელს გაიხსნა. მისი ლოგო თერი ჰექლერს (Terry Heckler) ეკუთვნის. სირენა მიანიშნებს როგორც დაფუძნების ადგილის, სიეთლის ბუნებაზე (ცნობილ ტბებზე), ასევე – შორეულ, ზღვათა და ოკეანეებს მიღმა მდებარე მიწებზე, სადაც კომპანია Starbucks Coffee საუკეთესო ყავის მარცვლებს დაეძებს და პოულობს.

24. 3M გენიალური კომპანიაა. სამთო მანუფაქტურა მინესოთიდან დღეს წამყვანი კონგლომერატია, რომელიც აწარმოებს და ყიდის მრავალი სახეობის პროდუქციას – ამათგან სკოჩსა და ყვითელ წებოვან ქაღალდებს (აი რამეს რომ მიაწერ ზედ და მონიტორზე, მაგიდაზე, კედელზე თუ მაცივარზე მიაკრავ, რომ არ დაგავიწყდეს) ვინ არ იცნობს. 1977 წელს დიზაინერმა ალენ სიგელმა (Allen Siegel) Siegel & Gale-ის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა 3M-ს შესთავაზა მათი დღევანდელი ლოგო. დიზაინერთა ამოცანა იყო “სადა და კოხტა” სიმბოლოს შექმნა, რომელიც კომპანიის პროდუქციის ხელმისაწვდომობას და მარტივად გამოყენების შესაძლებლობებს გაუსვამდა ხაზს. ამოცანას შესანიშნავად გაართვეს თავი – 3M-ის დღევანდელი ლოგო იოლად დასამახსოვრებელი და ელეგანტურია.

25. ზემოთ უკვე ნახსენები ფოლ რენდის მიერ 1965 წელს შექმნილი American Broadcasting Company-ს ლოგო ერთგვარი სტანდარტიც კია სატელევიზიო და მედია-კომპანიებისთვის. სიმბოლურად ასახავს ინფორმაციის სიზუსტეს (ანუ მოდელირებული ქრონიკები რაა, ჯერ არ იციან მაგ ჩამორჩენილებმა), მიწოდების უნივერსალურობას, ხელმისაწვდომობას… მოკლედ, ყველაფერი მარტივია და ნათელი, როგორც ა, ბ და გ – a, b, c.
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

14 thoughts on “ბრენდები და ლოგოები”

    1. როგორც თავად იაჰუ გვეუბნება მისი ლოგო დამფუძნებლებმა – Jerry Yang და David Filo მოიგონეს 1994 წელს.

      მე მიყვარს იაჰუ. როგორც მეილ-კლიენტი გუგლს მირჩევნია ბევრად, თუმცა გუგლი უკეთესად ეძებს.

      Like

    1. ყველაფერს ერთ პოსტში ვერ ჩაატევ. თან ცივა ჯერ ლუდისთვის 😉 ახლა ვისკი ჯობია – ვერა ხედავ, ზამთარი დაბრუნდა ეგ ოხერი!

      Like

    1. აბა რომელი გახსენდება? 🙂
      მე საქართველოს ბანკისა ვიცი და ისიც მაგათი მოგონილი არაა – არქეოლოგებმა იპოვნეს 🙂

      Like

  1. წარწერები რომ მოგეშალათ სურათებზე გამოცნობას მგონი მეტი მუღამი ექნებოდა 🙂
    მე ბევრი ვიცანი 🙂
    პოსტი( და მეც :)) ფლეიბოის ბაჭიამ ძალიან გაახალისა…

    Like

    1. მართალია, თუმცა ხშირად წარწერა ფაქტიურად ლოგოს ნაწილია.

      საინტერესო უფრო ისაა, თუ რა იდეა ჩადეს ლოგოში შემქმნელებმა და როგორ აღიქვამს მას მომხმარებელი.
      ამ მხრივ ფლეიბოის ბაჭია ძალიან ზუსტადაა შერჩეული და მარტივად იკითხება. პუმაც ძალიან გასაგებია.
      აი ეფლი რატომ იყო ჩაკბეჩილი ნამდვილად არ ვიცოდი, თუმცა, როცა გავიგე – მომეწონა ძალიან. 🙂
      სთარბაქის ლოგო სერიოზულად ჩახუჭუჭებულია. მაგის გაშიფვრას ყავა კი არა რამე უფრო გრადუსიანი უნდა მესამე თვალი რომ გაგეხსნას ადამიანს 🙂

      Like

  2. დრაფტებში აქამდე მიდევს კომპანიების სახელწოდებების ისტორია…. და რაღც არ გამომიქვეყნებია აქამდე…….კიდევ ერთელ გადავხედავ ჩემს დრაფს და გამოვაქვეყნებ

    ძლაიან საინტერესო იყო

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: