ქართველებს გვიყვარს დღეობები. მთელი ჩვენი ცხოვრება ასეა – დღეობიდან დღეობამდე. არცთუ დიდი ხნის წინ დედამიწის დღე აღვნიშნეთ და ყველა ბლოგერს ერთდროულად გაახსენდა, რომ სადღაც შორეულ ანტარქტიდაზე ყინული დნება და პინგვინებმა აღარ იციან, სად წავიდნენ. ახლა წიგნის დღე მოგვადგა კარს და, ალბათ, ყველა ბლოგერმა ლიტერატურას უნდა დაუთმოს ერთი პოსტი მაინც.
მეც ასე ვიზამ.
ახლახანს მალხაზ ხარბედიას წერილი წავიკითხე “ნაკიანი წელიწადი”. კარგი წერილია. მით უმეტეს, რომ მალხაზ ხარბედიას (ჩემგან განსხვავებით) “წიგნის დღე” არ ჭირდება იმისთვის, რომ წიგნებზე ისაუბროს. წუხს, რომ ჩვენში წიგნის გაყიდვები მცირდება და ეჭვით ეკიდება ბაკურ სულაკაურის მტკიცებას, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ წიგნების ბაზარმა, თურმე, ყვავილობა დაიწყო. მალხაზ ხარბედიას ციფრებიც მოყავს და მათ ვერ შევეკამათები:
მე რამდენიმე გამომცემლობას დავუკავშირდი, ასევე ყველაზე დიდ თბილისურ წიგნის მაღაზიებსა და წიგნის გამავრცელებელ სააგენტოებს, რათა დამედგინა განსხვავება ომამდელ და ომისშემდგომ ვითარებასა და ზოგადად, 2007 წელსა და 2008 წელს შორის. აი როგორი შედეგები მივიღეთ.
აღმოჩნდა, რომ გამომცემლობა “ლოგოს პრესის” საერთო გაყიდვებმა წლის მეორე ნახევარში, წლის პირველ ნახევართან შედარებით (ანუ ომის შემდეგ), ერთი მესამედით იკლო. გამომცემლობა “ინტელექტის” გაყიდვები 1 აგვისტოდან 31 დეკემბრამდე პერიოდში 55%-ით შემცირდა, ვიდრე იანვარი-მაისის პერიოდში იყო, ხოლო 2007 წელთან შედარებით 2008 წელს გამომცემლობა “ინტელექტის” გაყიდვებმა 57%-ით იკლო. სხვა სურათი იყო ფასების მხრივ, თუკი 2007 წელს ნაკლები ღირებულების მეტი წიგნი გაიყიდა, 2008 წელს გაიყიდა გაცილებით ნაკლები რაოდენობის წიგნი, რომელიც, შესაბამისად, შარშანდელზე ძვირი ღირდა. ომის შემდეგ, 50-%-იანი ვარდნა ჰქონდა გამომცემლობა “დიოგენესაც”. გაყიდვებმა უმნიშვნელოდ იკლო თავად “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაშიც”. 2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში 1,4%-ით ნაკლები წიგნი გაიყიდა, ვიდრე 2008 წლის აპრილ-მაისში.
არც ვაპირებ. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს სტატისტიკა, შესაძლებელია, მატყუარაც იყოს.
მალხაზ ხარბედია არა მხოლოდ ლიტერატურომანი, არამედ მელომანიცაა. იყო დრო, ჩვენ ფორუმის მელომანიის განყოფილებაში გვედო ვირტუალური “ბინა” სადაც დიდი გატაცებით ვუზიარებდით და აქეთ-იქეთ ვტვირთავდით მუსიკას… ჰოდა, თუ მე თბილისის მუსიკალურ მაღაზიებს (თითქმის) აღარ ვსტუმრობ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ჯაზსა და ბლუზს აღარ ვუსმენ. მსოფლიო მუსიკალური ინდუსტრიის ვეშაპებს გაუჭირდათ MP3 ფორმატის მნიშვნელობის შეფასება და CD გაყიდვების უეცარი შემცირება ბევრი მათგანისთვის მოულოდნელობა იყო. როდესაც კორპორაცია Adobe-მ პირველად წარუდგინა ბაზარს PDF ფორმატი, გამომცემლობებმა ყური ცქვიტეს. მათ იგრძნეს საშიშროება და, ამავე დროს, დაინახეს ახალი საშუალებებიც, თუმცა, ელექტრონული წიგნების ბაზარი ძალიან ნელი ტემპით იზრდებოდა, რამაც ბევრის ყურადღება კვლავ მოადუნა, მაგრამ “ელექტრონული მელნის”, “ელექტრონული ქაღალდისა” და ელექტრონული წამკითხველების (ამ ტექნოლოგიებზე უკვე დავწერე (http://wp.me/pBTza-pE და http://wp.me/pBTza-FS), აღარ გავიმეორებ) გამოჩენა სიტუაციას ცვლის და ეს ცვლილება უახლოეს წლებში კიდევ უფრო იოლად შესამჩნევი იქნება… თუმცა, არც ახლაა დაფარული.
უდავოდ ყველაზე ცნობილი ელექტრონული წამკითხველი Amazon Kindle 2007 წლის მიწურულს გამოჩნდა “ამაზონისვე” ონლაინ მაღაზიაში და რაღაც 5,5 საათის განმავლობაში პირველი პარტია სრულად გაიყიდა. წელს გაყიდულ წამკითხველთა რაოდენობა 10-12 მილიონს მიაღწევს – 2008 წელთან შედარებით ეს 10-12-ჯერ მეტია! იზრდება გაყიდულ ელექტრონულ წიგნთა რაოდენობაც – Credit Suisse-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, მარტო “ამაზონის” შემოსავალი ამ ბაზარზე 2010 წელს 250 მილიონ აშშ დოლარს მიაღწევს, რაც შარშანდელთან შედარებით თითქმის 83%-იანი ზრდაა.
კომპანია Forrester Research-ის კვლევის თანახმად, აშშ-ს ევროპაც ჯერ თუ ვერ აედევნა, აჰყვა მაინც – ბრიტანელი, ფრანგი, გერმანელი, ესპანელი, ჰოლანდიელი, იტალიელი, შვედი მკითხველების 4% იძენს ელექტრონულ წიგნებს, 19% კი მზადაა, მათ რიცხვს შეუერთდეს.
კომპანია PocketBook-მა ჩვენი მეზობელი უკრაინიდან შარშან 140’000-ზე მეტი ელექტრონული წამკითხველი გაყიდა, მათ შორის – გერმანიაში და რუსეთში, სადაც ბაზრის 40-45% სტაბილურად უჭირავს. 2009 წელს რუსეთში სულ 200’000-მდე ელექტრონული წამკითხველი გაიყიდა, ამასთან, 2009 წლის პირველ ნახევართან შედარებით, მეორე ნახევარში გაყიდვების ზრდა თითქმის 300% იყო.
ეს ყველაფერი მარტივ რამეს ნიშნავს – არც ჩათრევა ვარგა და არც ჩაყოლა სჯობს დიდად – დინების ცვლილებას ალღო უნდა აუღო და სათავეში მოექცე.
ამას აკეთებს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გამომცემლობა Barnes & Noble (რომელთა მაღაზიებში ფეხის შედგმაც კი ერთი სიამოვნებაა, იმდენად მკითხველის მიმართ კეთილგანწყობილია იქ ყველფერი, გამყიდვლებით დაწყებული განათებითა და ინტერიერით დამთავრებული). ის ელექტრონული წიგნის ბაზარს “უაღრესად პერსპექტიულად” აფასებს. მეტიც, მოელის, რომ უახლოეს 50 წელიწადში წიგნების სეგმენტში შემოსავლების უდიდეს ნაწილს სწორედ ელექტრონული პროდუქციის გაყიდვა მოიტანს და არა ბეჭდურისა. ბევრი ანალიტიკოსის აზრით, ეს მეტისმეტად პესიმისტური (თუმცა, ვისთვის – როგორ. ტრადიციული წიგნის მოყვარულთათვის, ალბათ – ოპტიმისტური) პროგნოზია, ვინაიდან, მათი მოსაზრებით, ელექტრონული წიგნი ბეჭდურს უკვე უახლოეს 20-25 წელიწადში პრაქტიკულად ჩაანაცვლებს… თუ ეს მართლაც ასე მოხდა, მაშინ 50 წელიწადში ბეჭდური წიგნი მხოლოდ მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში (ისიც – ნაწილობრივ) თუ შემორჩება… ალბათ – ზოგიერთ მაღაზიაშიც – დღესაც ხომ არიან ადამიანები, ვინც CD-სა და MP3-ს გემოს კი არა და ჟღერადობას უწუნებს და კვლავ ვინილებს დაეძებს. არ ვიცი ჩვენთან როგორაა, მაგრამ დასავლეთში LP-ს ნახვა მაღაზიებში ჯერ ისევ შეიძლება… მაგრამ ზოგადად სიტუაციას ეს ვერ ცვლის: “ბაბინა” კასეტებმა ჩაანაცვლეს, ვინილი – CD-მ, ახლა ამათ ყველას ნაცვლად MP3 გამეფდა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მუსიკა აღარვის უყვარს, აღარვინ უსმენს? ადამიანი კედლებზე, ქვებზე კვეთდა, პაპირუსზე, კამეჩის ტყავზე წერდა, შემდეგ ეს ყველა ქაღალდმა შეცვლა და თუ ახლა ქაღალდს მისი უმცროსი ელექტრონული ძმა შეცვლის, ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ კაცობრიობა კითხვას შეწყვეტს და მხოლოდ “პროფილის” ამარა დარჩება…
(არა, ეს “პროფილის” ხსენება მაინც რაღა იყო… მაგრამ, ყველა ბლოგერმა ახსენა უკვე ადგილიანადა თუ უადგილოდ და, იყოს, ვახსენო მეც).
P.S.
ხარბედიას წერილი “ცხელ შოკოლადში” დაიბეჭდა, მე კი ის ინტერნეტ-ჟურნალ “არილში” წავიკითხე. ერთ დროს “არილიც” ბეჭდური გამოცემა იყო, ახლა კი ვებ-სივრცეში ბუდობს…
არ მომკვდარა. მხოლოდ ფორმა იცვალა, როგორც ჯეფ ბეზოსი ამბობს. მასთან ერთად იცვლება კითხვის კულტურაც.
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
ვსო ვადერ ამ პოსტის მერე, მეც ოპტიმიზმით ვუყურებ წიგნების საკითხს:))
მგონი ბლოგერებში მხოლოდ მე და და შენ დავწერეთ ფესტივალზე და წიგნებზე.
მალხაზ ხარბედია რატომღაც მგონია, რომ მართალს ამბობს. არც მე მეჯრა წიგნების სასწაული გაყიდვების!
ვადრე გახსოვს რეკლამა რო გადიოდა პირველ არხზე საქართველო ნაკითხობის მხრივ რომელ ქვეყნების გვერდით იდგა, თუ გახსოვს?
LikeLike
არ მახსოვს… ზოგადად განათლების მხრივ რომ სადღაც ძალიან ბოლოში ვართ, ეგ გამიგია.
ყველაზე წინ კი სკანდინავიელები არიან.
მიუხედავად სტერეოტიპებისა, ამერიკაში კითხვა უყვართ. პრაქტიკულად ავტობუსში იქნება, მატარებელში თუ მეტროში ყველას წიგნი უჭირავს. თუმცა, უფრო დოკუმენტური პროზა უყვართ – ბიოგრაფიები და ისტორიული დოკუმენტალისტიკა. პუბლიცისტიკა. და წიგნების მაღაზიები აქვთ ისეთი. რომ შეიძლება იქედან გამოსვლა არ მოგინდეს.
LikeLike
მეც ეგრე მახსოვს ბოლოსკენ ვართ, ინდონეზია მახსოვს ქვეყანა:DD
LikeLike
yvela blogerma axsenao razec dacere arc erti ar mixsenebia me 😀
Sen carmoidgine 😀 😀 😀
arc pingvinebi da arc maia asatiani
LikeLike
ასათიანი არ ვიცი და დედამიწის დღე ახსენე შენც. პინგვინების დღე იყო ეგ ზუსტად 🙂
გილოცავ გრავატარს.
LikeLike
50 წელიწადში ბეჭდური წიგნი მხოლოდ მუზეუმებსა თუ ბიბლიოთეკებში (ისიც – ნაწილობრივ) თუ შემორჩება
მართლა გჯერა ამისი?
შეუძლებელია. როგორ ჩაანაცვლებს კომპიუტერი წიგნს? წიგნს ეკრანიდან კითხვა როგორ შეცვლის?
მომკალით და არ მჯერა ამის. ელექტრონული წიგნი ალბათ უფრო მოდაა. ჩაივლის. წიგნი კი დარჩება.
LikeLike
კომპიუტერი არა. ელექტრონული წამკითხველი და კომპიუტერი სხვადასხვა რამეა. ზემოთ პოსტშივეა ლინკი და მიყევი იმას.
თან წიგნს კომპიუტერი კი არ ჩაანაცვლებს, არამედ ბეჭდურ წიგნს – ელექტრონული წიგნი.
ეს მკითხველთა რაოდენობას მხოლოდ გაზრდის და არ შეამცირებს, იმიტომ რომ მოდა კი არა მეტი მოხერხებულობაა.
ურბანული ლეგენდა უბნობს, როდესაც გუტენბერგმა თავის საბეჭდ დაზგაზე დაბეჭდილი პირველი წიგნი მიიტანა სახლში, ბაბუამისმა ისიდორემ სულ შოლტით სცემა – შე ვირიშვილო, ეგ რა მოდას აყოლილხარ, ადექი და კამეჩის ტყავზე ნაწერი წიგნი წაიკითხე, როგორც შენი მამა-პაპა კითხულობდაო.
LikeLike
მაგარი იყო :DD
LikeLike
მეც არ მჯეროდა, მარა უკვე მჯერა 🙂 ჩემს ბიბლოითეკასაც შევინახავ რა თქქმა უნდა , კი არ გადავყრით 😉
LikeLike
ურბანული ლეგენდა უბნობს, როდესაც გუტენბერგმა თავის საბეჭდ დაზგაზე დაბეჭდილი პირველი წიგნი მიიტანა სახლში, ბაბუამისმა ისიდორემ სულ შოლტით სცემა – შე ვირიშვილო, ეგ რა მოდას აყოლილხარ, ადექი და კამეჩის ტყავზე ნაწერი წიგნი წაიკითხე, როგორც შენი მამა-პაპა კითხულობდაო.
:):)
იუმორი კი ჩაგეთვალა, მაგრამ მე მაინც ტრადიციული, ქაღალდის, მტვრიანი წიგნი მირჩევნია.
LikeLike
ელექტრონულ წიგნს არ ვუარყოფ, ხშირად ვიყენებ, მაგრამ მე მაინც ქაღალდისა მირჩევნია 🙂
LikeLike
თუმცა UNDP მონაცემებით საქართველო ყველაზე წიგნიერი ერი იყო 2009 წელს. http://en.wikipedia.org/wiki/List_of_countries_by_literacy_rate
დამაინტერესა ახლა და ვნახე.
როგორც UNDP განმარტავს – ესაა წაკითხვა და წაკითხულის აღქმის უნარი და წაკითხულის გამოყენების უნარი კომუნიკაციისას და ა.შ. ანუ უბრალოდ წერა-კითხვის ცოდნაზე მეტია. ამიტომ ვთარგმნე “წიგნიერად”.
სულ მოსახლეზე გამოცემული (ბეჭდური) წიგნების რაოდენობით ტრადიციულად აშშ ლიდერობს, მაგრამ 2005 წელს ბრიტანეთმა გადაასწრო. უფრო ახალი სტატისტიკა არაა.
http://en.wikipedia.org/wiki/Books_published_per_country_per_year
IMLS 2007 წლის მონაცემებით აშშ საჯარო (სკოლის და საუნივერსიტეტო და კერძოს გარდა) ბიბლიოთეკები 900 მილიონ დოლარზე მეტს ხარჯავენ ახალი წიგნების შესაძენად. და საშუალოდ წელიწადში 7 წიგნი გამოაქვს ერთ ამერიკელს.
LikeLike