– ჩეშირელო ფისუნია, მითხარი, გეთაყვა, საით უნდა წავიდე? – ჰკითხა ალისამ.
– გააჩნია, სად მიდიხარ, – უპასუხა კატამ.
– ჯერ არ ვიცი… სადმე.
– თუ არ იცი, აბა, სულ ერთი ყოფილა, საით წახვალ.
– ჰო მაგრამ, სადღაც მინდა რომ მოვხვდე, – სცადა ალისამ, განემარტა.
– მაგაზე ნუ იდარდებ, – დაამშვიდა კატამ, – აუცილებლად მოხვდები სადღაც… თუ, რა თქმა უნდა, საკმარისად დიდხანს ივლი.
“ალისას თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში”, ლუის ქერალი
ალისა და კორუფცია
ძალიან კარგია, რომ თბილისელი მაყურებელი კინოთეატრებს დაუბრუნდა. ცუდია, რომ ამის გამო რიგებში გვიწევს დგომა. ძალიან ცუდია, რომ ბილეთის ონლაინ დაჯავშნა და ყიდვა არ შეიძლება. 21 საუკუნეა, ხალხო, რა ჯანდაბა გჭირთ!
“ავატარზე” მხოლოდ მე-3 ცდიდან მოვხვდი.
“ალისაზე” უფრო გამიმართლა: არა, ბილეთები ამჯერადაც გაყიდული დამხვდა, მაგრამ ის იყო, შევეგუე აზრს, რომ საოცრებათა ქვეყანაში მოგზაურობა მინიმუმ ერთი კვირით გადამედო, რომ მოულოდნელად ჩემმა ძველმა მეგობარმა გოგიმ (ზოგიერთი ბლოგერის გასაგონად დავაზუსტებ – არა გვახარიამ :)) დამირეკა. როგორ ხარ… რავი აბა… აქეთური-იქეთური… ბოლოს შემომჩივლა ბავშვის “ამ მულტიკზე” წაყვანა “შემეტენაო”… 🙂 ჰაერში კორუფციული გარიგების სუნი დატრიალდა. 🙂
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ბილეთიცა და ბავშვიც 2 საათით გადმოვიბარე და ქერალ-ბართონის საოცრებათა ქვეყანაშიც შევაბიჯე.
ალისა მეორედ
გალაკტიონს ასეთი ლექსი აქვს “ედგარი მესამედ”. ედგარ ალანი იქეთ იყოს (თუმცა, კატებზე მასაც აქვს დაწერილი) და “უოლთ დიზნი პიქჩერზისთვის” ბართონის ფილმი არის ალისა მეორედ – ლუის ქერალის ეს გენიალური ნაწარმოები ეკრანზე პირველად 1951 წელს გადაიტანეს. ასე რომ, 2010 წლის “დიზნის” “ალისა” იმ 1951 წლის “დიზნის” “ალისას” გაგრძელებადაც, შეიძლება, მივიჩნიოთ, მით უმეტეს, რომ ახალი “ალისას” ამბავი ძველი “ალისას” ამბიდან რამდენიმე წლის შემდგომ ვითარდება.
ალისა და ქერალი
ამიტომ პირველი, რაც თვალში უცნაურად გხვდებათ – ეს ალისას ასაკია. ტელესიუჟეტშიც კი ყური მოვკარი – “ფილმში ჩვენთვის კარგად ნაცნობი პატარა ალისა გაზრდილიაო…” (კარგად ნაცნობი მათთვის, ვისაც წიგნი წაუკითხავს 🙂 ასეთი კი, სამწუხაროდ, დარბაზში ძალიან ცოტა იყო… ასე მომეჩვენა).
არ მგონია, რომ მთავარი გმირის ასაკობრივი ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს.
ჯერ ერთი, ეს “საბავშვო” წიგნი ნამდვილი სატირაა იმდროინდელ (და ყველადროინდელ) ბრიტანულ (და არაბრიტანულ) დიდების “გონიერ და წესიერ” საზოგადოებაზე… ალისა ბუნტარია, მეამბოხე და ეს ხაზი ფილმშიც შენარჩუნებულია, განსაკუთრებულად ხაზგასმულიც კი – ამდენად, არა მგონია, რომ ბართონისა და ქერალის ალისები ძალიან განსხვავდებოდნენ. მეორეც, რომ არა ჩარლს დოდსანის, რბილად რომ ვთქვათ, გადაჭარბებული სიყვარული ფოტოგრაფიისა და პატარა გოგონებისადმი, ლიტერატურული ალისაც, სრულიად შესაძლებელია, ბევრად უფროსი ყოფილიყო. მესამეც, ზემოთაც ვთქვი, კინოსტუდიამ და ბართონმა ცოტა იეშმაკეს და ლუის ქერალის ნაწარმოების მიხედვით, ლუის ქერალის ნაწარმოების ერთგვარი გაგრძელება გადაიღეს. თანაც, ალისა ფილმში იმდენჯერ იზრდება და პატარავდება, რომ, შეიძლება, სათვალავიც აგერიოთ, ჰოდა, რა მნიშვნელობა აქვს მის ასაკს?
ალისა, ბართონი და სხვები
“ალისა”, როგორც ყველა კარგი “საბავშვო” წიგნი, მშვენიერი “სადიდო” წიგნიცაა. ჯეიმს ჯოისი თავს დიდად დავალებულად თვლიდა ლუის ქერალისგან, რომელსაც ბევრ რამეს დაესესხა, მათ შორის, “უსიუჟეტო” ქარგას, ფრაგმენტული თხრობის მანერას, ქვეცნობიერის ნაკადს… ახლა სცადეთ იმის წარმოდგენა, როგორ უნდა გადაიტანო ეკრანზე ნაწარმოები, რომელსაც არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული, რომელიც არ გვიყვება ამბავს, ან, თუ გნებავთ, არ გვიყვება დასაბამით და თანმიმდევრობით, რომელშიც ერთდროულად უამრავი მინი-ისტორიაა ჩაქსოვილი, არა ერთი მითი და ლეგენდა… თოლქიენის “ბაჭდების მბრძანებელი” მახსენდება. მაგრამ “ბეჭდების მბრძანებელს” შეკრული სიუჟეტი აქვს. “ბეჭდების მბრძანებელი” არის მწყობრი ამბავი, რომელიც ლოგიკურად ვითარდება და რომლის მოყოლაც შეიძლება. ქერალის “ალისას” ვერ მოყვები… (პოლ ვალერი წერდა: სიუჟეტი არის ის, რაც თხრობაში იკარგებაო), ისევე, როგორც შეუძლებელია ჯოისის “ულისეს” მოყოლა.
ალისა: ეს ხომ შეუძლებელია!
შეშლილი მექუდე: თუკი დაიჯერებ, რომ მართლაც ასეა.
“ალისა საოცრებათა ქვეყანაში”, თიმ ბართონი
სწორედ ამიტომ, უბრალოდ შეუძლებელია, რომ ფილმი წიგნს გაყოლოდა ზუსტად… ძნელია, გაყვე სიუჟეტს, როდესაც ის არ არსებობს. 🙂 ალბათ, “ალისას” ამგვარად გადაღებას ლუის ბუნიუელი თუ შეძლებდა, ისიც, სალვადორ დალისთან ერთად… მაგრამ არც ბუნიუელია ცოცხალი და აღარც დალი…
ლუის ქერალმა შექმნა სამყარო, სადაც “ჭკუადამჯდარი” ადამიანების ადგილი არ არის და, ამ მხრივ, “დიზნის” არჩევანი, რა თქმა უნდა, სწორი იყო – ბართონი ცნობილი “გიჟია”, რომლის ფანტაზიას (ასე ვიცოდით აქამდე) საზღვრები არ აქვს. იგივე ითქმის ჯონი დეფზე, რომლის გარდასახვის უნარიც საოცარია და რომლის “ჩაგდებულ” როლს მე პირადად ვერ ვიხსენებ…
- დეფი პირველად “დონი ბრასქოში” ვნახე, სადაც ის გენიალურ ალს უწევს პარტნიორობას. “შიში და სიძულვილი ლოს ანჯელესში”, “მეცხრე კარიბჭე”, “ჯოჯოხეთიდან”, “კარიბის ზღვის მეკობრეები” – შესანიშნავი და განსხვავებული როლები… (აქვე ვიტყვი, რომ “ჯონი დი” ძალიან არ მომეწონა, თუმცა ამაში მსახიობს ნაკლებად თუ დავადანაშაულებთ, უბრალოდ, ფილმს აკლია დინამიზმი და სიღრმე… ბოლოს და ბოლოს, ისეთი განგსტერული შედევრების ფონზე, როგორიცაა “ნათლია”, “ხელშეუხებელნი”, “ბოდი და ქლაიდი”).
ამჯერად ის “შეშლილი მექუდეა” – არანორმალურად არანორმალური და არანორმალურადვე მხიარული – ალისას საქმროს (არა საოცრებათა ქვეყნიდან) სრული ანტიპოდი.
ალისა და შეშლილი სამყარო
შეშლილები ყველაზე ჭკვიანები არიან – როგორც ამას ფილმის დასაწყისიდანვე ვიგებთ… სხვა ყველა, ვინც ჭკუადამჯდარი და გონიერია, სინამდვილეში – უბრალოდ მხდალია და თვალების გახელას სიცრუეში ცხოვრება ურჩევნია. ამგვარ საზოგადოებაში ამგვარი ყოფა ალისას არ სურს. მას არ სურს მოიქცეს ისე, როგორც მისგან ყველანი მოელიან… სწორედ ამიტომ აედევნება ის თეთრ კურდღელს და მოხვდება საოცრებათა სამყაროში, რომელიც ბევრად უფრო ნაღდია და წრფელი, ვიდრე სოროს მიღმა დატოვებული რეალური სამყარო, ამასთან, ამ “გამოგონილ” სამყაროში ალისა ერთგვარ ინციციაციას გადის – საკუთარ თავს პოულობს და პირობითობისგან თავისუფლდება… ვფიქრობ, ბართონმა ამით ქერალის ოცნებაც აასრულა. 🙂
ალისა, კატა და ძაღლი
– არც კი ვიცოდი, რომ ჩეშირელი კატები სულ იღიმოდნენ… მართალი რომ ვთქვა, საერთოდაც არ ვიცოდი, კატებს თუ ღიმილი შეეძლოთ.
– შეუძლიათ და თითქმის ყველა იღიმის, – უპასუხა ჰერცოგინიამ.
– ერთი ასეთი კატაც კი არ მინახავს, – რაც შეეძლო თავაზიანად შენიშნა ალისამ.
– შენ ბევრი რამ არ გინახავს! – განუცხადა ჰერცოგინიამ, – მართლაც რომ, ბევრი რამ!
“ალისას თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში”, ლუის ქერალი
ჩეშირელი კატა ჩემი საყვარელი პერსონაჟია. მას ცალკე პოსტიც მივუძღვენი, ამიტომ ახლა ბევრს არაფერს დავუმატებ. ვიტყვი მხოლოდ, რომ ფილმის მხატვარმა ჩეშირელი კატა მაქსიმალურად მიამსგავსა ორიგინალს.
ჩეშირელი კატა: 1865, მხატვარი ჯონ თენიელი (John Tenniel); 1951, მხატვარი ჰელ ამბრო (Hal Ambro), Walt Disney Pictures და 2010, მხატვარი კეი ასედარა (Kei Acedera), Walt Disney Pictures
სულძაღლიან ბართონს სულმა წასძლია და კატას დაუმატა ძაღლიც – ყურბარტყუნა, კეთილი და სევდიანი თვალებით.
ალისა და 3D
ფილმის შემოქმედებითმა ჯგუფმა მშვენივრად იმუშავა. 3-განზომილებიანი სამყარო ძალიან ლამაზია. პერსონაჟები ძალიან რეალური… თუმცა, ეს ყველაფერი უკვე ვნახეთ “ავატარში” და კიდევ არაერთხელ ვნახავთ მომავალშიც. როგორც ჩანს, მალე 2D ფილმები ღორის ქონის სანთლით საძებარი გახდება და 3D ისევე ჩაანაცვლებს მათ, როგორც ხმოვანმა კინომ ჩაანაცვლა მუნჯი და ფერადმა კი – შავ-თეთრი…
თუმცა, ერთი რამ უნდა აღინიშნოს, თუ ქემერონისთვის 3D უბრალოდ იყო ხერხი, მაქსიმალურად დამაჯერებელად და რეალისტურად დაეხატა პანდორას გამოგონილი სამყარო, ბართონმა გადაწყვიტა, მაყურებელს ცოტა მეტად გახუმრებოდა – და ლუმიერების “მატარებლის” სანახავად შეკრებილი პუბლიკისა არ იყოს, მეც რამდენჯერმე გამიჩნდა სურვილი ადგილიდან წამოვმხტარიყავი, რომ მორბენალ-მოფრინავ-მოხტუნავ-კბლილკრეჭია არსებები ეკრანიდან არ დამცემოდნენ… და ის ზღარბი ხომ კინაღამ თავში მომხვდა… 🙂 ბრრრრ….
ქერალი და ბართონი
და მაინც…
მიუხედავად ყველაფრისა, ვერ ვიტყვი, რომ ფილმმა აღმაფრთოვანა.
ლუის ქერალის წიგნის ეკრანიზაცია რომ ყოფილიყო, ბევრი რამ იქნებოდა საპატიებელი – ზემოთაც ვთქვი, “ალისას თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში” არ არის ნაწარმოები, რომლის ეკრანზე გადატანაც იოლია, მაგრამ ბართონმა საკუთარი “ალისა” გადაიღო, ორიგინალური ნაწარმოების მისეული გაგრძელება – ამ მხრივ, მას თითქმის სრული თავისუფლება ჰქონდა და საზღვრებიც საკმაოდ პირობითი იყო… და მაინც, ეს თავისუფლება მან სრულად ვერ გამოიყენა.
თიმ ბართონი ნამდვილად ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ ლუის ქერალამდე ბევრი უკლია. რა თქმა უნდა, ისიც არის, რომ სცენარის ავტორის ლინდა ვულვერთონის (Linda Woolverton) ფანტაზიამაც ვერ “გაქაჩა” ბოლომდე.
შეგიძლიათ, თავადაც შეადაროთ:
ალისას თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში (ორიგინალი, ნინა დემუროვას და ბორის ზახოდერის თარგმანები).
ალისა: რა საერთო აქვთ ყორანსა და საწერ მაგიდას?
შეშლილი მექუდე: წარმოდგენა არ მაქვს.
“ალისა საოცრებათა ქვეყანაში”, თიმ ბართონი
როგორც არ უნდა იყოს, ბართონის “თავი მოჩრა!”-ს მაინც არ შემოვძახებ.
ჯერ ერთი, წითელ დედოფალს სულ არ ვგავარ და მეორეც, ჰელენა ბონამ ქართერზე კარგად ამას მაინც ვერ გავაკეთებ.
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
ასევე:
სულკატიანები
ძალიან მაგარი რეცენზიაა.
Respect!
LikeLike
Tnx!
ბართონმა გატეხა, მარა ეგ წიგნი ძალიან მომწონს და ფილმიც მაქსიმალურად დავინდე 🙂
LikeLike
ავატარი არ მინახავს. ფანსტასტიკა საერთოდ არ მიყვარს, მარტო მიმოხილვები წავიკითხე. 🙂
ალისა მომეწონა. ძალიან ლამაზი ფილმია. ბონემ-კარტერი და დეპიც ძალიან კარგად თამაშობენ. ცოტა, ბოლოს მოუვიდატ ზედმეტი – ძალიან ფემინისტი და ბიზნესმენი ალისა გამოიყვანეს.
მაგრამ მთლიანობაში ძალიან კარგი ფილმია.
შენი რეცენზიაც კარგია. ვეთანხმები ზემო კომენტარს. 🙂
საერთოდაც კარგი რეცენზიები გამოგდის და სხვა ფილმებზეც დაწერე.
მაგალითად, შერლოკ ჰოლმსი როგორ მოგეწონა?
უკაცრავად თუ შეკვეთასავით გამომივიდა. 🙂
LikeLike
ჰო, ეგ დასასრული ძალიან სასაცილო იყო.
მაგიტომაც (თუმცა, არა მხოლოდ მაგიტომ) ვამბობ რომ ფილმი არც მაინცადამაინც მომეწონა.
ჰოლმსზე მართლა ვაპირებ, დავწერო.
მით უმეტეს რომ დოილი ძალიან მომწონს (ჩემი 50-ეულის წევრია :))… მაგრამ ჯერ რამდენიმე პოსტი მაქ დაწყებული დიდი ხანია უკვე და დავამთავრო უნდა.
LikeLike
ეს ყველაფერი კარგი და ყოჩაღ!
მაგრამ ვერ გავიგე, რატომ წერ “კერალს”, ან ბარ-თ-ონს? Don’t get me wrong, ეგ გრამატიკულ შეცდომად ითვლება ქართულში. სხვა სახელებსა და გვარებსაც ასე წერ, შემჩნეული მაქვს.
მაშინ ასევე უნდა წარმოვთქვათ რუსული სახელებიც: ტალსტოი, დასტაიევსკი…
http://menaki.wordpress.com – ძალიან კარგი ბლოგია მათთვის, ვისაც უნდა სწორად წეროს და კარგი ბლოგი ჰქონდეს 🙂
LikeLike
კი ეგრე უნდა დავწეროთ ზუსტად.
ზოგადად ეგ იმდენად პოპულარული კითხვაა რომ საგანგებოდ დავფაქე კიდეც. (ეგერ ზემოთაა).
თუ გინდა, უფრო ვრცლადაც დავწერ.
ადამიანს ქვია ფოლ მაქართნი.
ქართველი ღრამატიკოსნი გვიმტკიცებენ არა პოლ მაკარტნიაო.
WTF? 🙂
მაკარტნი – რუსულის გავლენაა. ქართულში, მადლობა ღმერთს, “ქ”-ც გვაქვს და “ფ”-ც.
იგივე მაგ ადამიანის გვარი არის ქერალი. თუ მაინცადამაინც ქეროლი. მაგრამ არანაირად კეროლი.
და მენაკი კი არა შანიძე და თოფურია რო გამიცოცხლო ეს მაინც ესეა და რა ვქნა. 🙂
LikeLike
ღმერთმანი 🙂 ძლივს წავიკითხე ობიექტური, ყოველშემთხვევაში დაბალანსებული, დასაბუთებული მიმოხილვა.
პ.ს. მსგავსი ან ამასთან მიახლოებული პოსტი ალისას თემატიკაზე ჯერ არ მინახავს.
LikeLike
მე საერთოდ არ მინახავს არც ერთი პოსტი ალისაზე. 🙂
როკოს ლინკი მაქ მარტო და ქე დავამატე. მეტი არ ვიცი.
დაწერე შენც მერე.
LikeLike
სიმართლე გითხრა, ბოლო დროს ყოვლის მომცველ ბლოგზე ვფიქრობ, რომელიც ბრენდის სამზარეულოსგან დამოუკიდებლად იარსებებს. თუმცა, ჯერ ბრენდის სამზარეულოსთვის ჩაფიქრებული რამოდენიმე გეგმა მაქვს შესასრულებელი 🙂
პ.ს. სიახლე იგეგმება 🙂
LikeLike
მე 3,5 ბლოგი მაქვს 🙂 ყოვლისმომცველობა არ გამომივიდა და თემატურად კი დავანაწილე 🙂
ვორდპრესზე გადმო 😉
LikeLike
კარგი რეცენზიაა, ღირდა ლოდინად 🙂
***
“შეშლილები ყველაზე ჭკვიანები არიან – როგორც ამას ფილმის დასაწყისიდანვე ვიგებთ…” = ცოტა უცნაურია, მაგრამ სწორედ მაგიტომ მიყვარს საგიჟეთი :დ მანდ, აგრესიულ გიჟებს შორის, არიან ისეთნიც, ვინც საზოგადოებამ მცდარად შერაცხა გიჟებად, იმიტომ რომ ისინი განსხვავებულები იყვნენ (ცხადია გონებრივ განსხვავებას ვგულისხმობ), იმიტომ რომ მათი არ ესმოდათ… და ისინი ჩაკეტეს…
არ ვიცი, რავიცი, ვითომ რომანტიკულად ვუდგები?
მაშ, ვინ მეტყვის როგორ შეიძლება დაახასიათო ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი. ჩვენ ყველანი ჩვენებურად ვაფრენთ… განა ასე არაა?
:პოსტმამუზამომიყვანასმაილი:
LikeLike
ადამიანი ჯოგის ცხოველია და ჯოგში არ უყვართ განსხვავებულები.
თოლია სახელად ჯონათან ლივინგსთონი წაგიკითხავს? რიჩარდ ბახი.
LikeLike
არა, მაგრამ თუ ამ საკითხს ეხება, სიამოვნებით მოვძებნი : )
LikeLike
რა გითხრა აბა…
კარგი მოთხრობაა. ვრცელი მოთხრობა – აი, რუსები “პოვესტს” რო უძახიან.
თოლიაზეა, რომელმაც ყველა ფეხებზე კი არადა ბრჭყალებზე დაიკიდა და ისე მოიქცა, როგორც თავად უნდოდა და არა ისე, როგორც უჩიჩინებდნენ…
მაგარი განვმარტე 🙂
LikeLike
ფრანგული სად გავიარეთ, ვერ ვპოულობ, შექსპირი თუ გამჯდარია, კეროლიც გამჯდარია და მაკარტნიც (ქერალი კარგი ხუმრობაა, ეს “ა” მაინც საიდან მოვიდა?) ფოლს ასი წელი არავინ იტყვის, რამდენიც არ უნდა ამკვიდრო. ფფაიფერზე კი არ მიპასუხე 😦 ნეტავ რატომ? წესები არ არის იდიოტური, ლოგიკური კი გახლავს, ვინაიდან ემსახურება იმას, რომ გავარჩიოთ, ორიგინალში სად F დგას და სად P, ასევე სად Q და სად C an K (სამწუხაროდ, ამ ორი ასოს განმასხვავებელი ქართული ბგერები აღარ გვაქვს). უკაცრავად, დავა არ მინდა, მაგრამ ხომ იცი “ფლათონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფროა ჩემი მეგობარი”-ო, დამავიწყდა ვინ თქვა, სოქრათემ თუ არისთოთელემ (ხომრობა) ანუ შენს აზრს პატივს ვცემ, მგრამ…
LikeLike
რატომ უნდა ვარჩიო პ და ფ როცა პრაქტიკულად ერთნაირად გამოითქმის.
ხუმრობა არ ვიცი და Carroll ეგრე გამოითქმის.
ეგ “ო” ისმის არა როგორც “ო” არამედ ბევრად უფრო როგორც “ა”. რა მნიშნელობა აქვს რა წერია? ეგრე გამოითქმის.
მოუსმინე ლაიზა მინელის.
“Liza with a Z” ალბომი აქვს ეგეთი.
LikeLike
შენ რა განათლება გაქვს?Carroll-ში რ-ს და ლ-ს შორის რაც წერია, მაგას ინგლისურ ტრანსკრიპციაში ჰქვია მოკლე ნეიტრალური ბგერა, ეს იგივეა, რამე თანხმობანი რომ თქვა ცალკე, მაგალითად ლ და ბოლოში რომ ხმოვანივით მოსდევს, ეს არც ა არის და არც ო. მაგრამ ო-ს ვწერთ, რახან ასე იწერება
LikeLike
ეგ არის დახშული ხმოვანი და არ გამოითქმის როგორც ო.
აუდიო წიგნში ზუსტად ასე ჟღერს. ახლა დავრიპო და ავტვირთი თუ რა ვქნა? 🙂
LikeLike
ეჭვი არ მეპარება, რომ კარგი სტუდენტი იყავი, გეტყობა, რომ ინტერესებიც გაქვს. ბოდიში, თუ თემას გადაგახვევინე, მაგრამ მე მგონი, კამათისთვის არ გეკამათები. არც იმას ვცდილობ, რომ ‘გამოგასწორო”. შენი საქმეა, როგორ დაწერ, მე ჩემი სათქმელი ლოგიკურად გითხარი. რაც შეეხება გამოსწორებას, ნახევარი ცხოვრება უკან მაქვს მორჩენილი, მაგრამ სწორ რამეს თუ მეტყვის, თუნდაც პატარა ბიჭი ან გოგო იყოს, ყურს დავუგდებ.
ისე, სად დაინახე, რომ ნერვული აშლილობის ზღვარზე ვარ, სადღაც ფაქ-ზე რომ მაგზავნი? ნერვები შენ აგეშალა, რახან შეურაცხყოფას მაყენებ და პოსტიდანაც მაგდებ 🙂
LikeLike
სადღაც კი არა საგანგებო გვერდია იმ კითხვებისთვის, რაც არ ეხეპა პოსტს.
რა შეურაცხყოფა? ვიხუმრე თან ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფილმით…
ბოდიში თუ გეწყინა.
რატომ წავშალე მაგაზე მოგწერე მეილზე. არ გინახავს?
კაი აღვადგენ ყველაფერს.
🙂
ოღონდ 2 კომენტარს ჩავასწორებ. 🙂
LikeLike
არ მწყენია. ეგ ფილმი ჩემთვისაც ერთ-ერთი უსაყვარლესია :). კარგი, მოვრჩეთ ამ საკითხზე, ჩვენ-ჩვენ აზრზე დავრჩეთ, მაგრამ სწორედ შენი თეორია მიიყვანე ბოლომდე და “ალისა”-ს მაინც ნუ იძახი. კარგი? ეს გოგო იყო ელის ლიდელი (Alice Liddell), მეთანხმები?
LikeLike
როგორ არ დაგეთანხმები, ეგ გოგოც ელისია, მომღერალიც ელისია და ვუდი ალენის ფილმიც ელისია და კიდევ სიმღერაც ნექსთ დორ თუ ელისია… მაგრამ ბლოგის search ისტორია მიჩვენებს რომ ბევრი ხალხი ეძებს სწორედაც რომ “ალისას” და რა ვქნა.
შენც გუგლმა მოგიყვანა ალბათ. 🙂
გამჯდარია ძალიან. პოსტშიც მიწერია – ვინც ფილმზე იყო ბევრს საერთოდ წაკითხული არ ქონდა და ვისაც წაკითხული აქვს, უდუდეს უმრავლესობას რუსული ბორის ზახოდერის თარგმანით. ბევრი ეძებდა როცა “გავარვარებული” იყო ფილმი (ზოგი ახლაც ეძებს) და სწორედ “ალისათი”.
ისე, მე კიდევ 2,5 ბლოგი მაქვს ამის გარდა და იქ ზუსტად ისე ვწერ, როგორც ვარლამ თოფურიამ დაგვიბარა. 🙂
***
მე უფრო მიყვარს ეგ ფილმი. იმიტომ რომ საერთოდ არ მიყვარს ალმოდოვარი, მაგრამ ეგ ფილმი რატომღაც მომეწონა 🙂
LikeLike