ფრანგი რევოლუციონერი

My clothes make anyone look 10lb slimmer and 10 years younger.
Ted Lapidus

Ted Lapidus, 1967 რუსეთის რევოლუციამ ერთი კარგი რამ ქნა – ლიტველი ებრაელების, ლაპიდუსების ოჯახმა საფრანგეთს შეაფარა თავი. ეს რომ არა, ვინ იცის, იარსებებდა თუ არა “ტედ ლაპიდუსის მოდის სახლი” და მოახდენდა თუ არა ის რევოლუციას მოდაში.

ბოლშევიკებს გამოქცეული ლაპიდუსები პარიზში დასახლდნენ, სადაც 1929 წლის 23 ივნისს ედმონი, იგივე ტედი (Edmond (Ted) Lapidus) დაიბადა. მამამისი ოლივიე თერძი იყო, პატარა სამკერვალო ჰქონდა და, ბუნებრივია, სურდა, ვაჟს მისი საქმე გაეგრძელებინა, თუმცა თავად ტედი ექიმობაზე ოცნებობდა და პარიზის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზეც კი სწავლობდა, მოგვიანებით ინჟინრობამ გაიტაცა და ტოკიოს ტექნოლოგიურ სკოლას მიაშურა, სადაც ინჟინერ-კონსტრუქტორის პროფესიას დაეუფლა. პარიზში დაბრუნების შემდეგ მამის სამკერვალოში დაიწყო მუშაობა – როგორც თავად ფიქრობდა, დროებით, მამის დასახმარებლად… მაგრამ, თანდათანობით, ამ საქმემ გაიტაცა და ინჟინრობა გვერდზე დარჩა, თუმცა, ტექნიკურმა განათლებამ დიდი გავლენა ითამაშა მისი საფირმო სტილის ჩამოყალიბებაზე.

1949 წლის ტედ ლაპიდუსმა კრისტიან დიორის ასისტენტად  დაიწყო მუშაობა. ერთი წლის შემდეგ უკვე დამოუკიდებლად ქმნიდა მოდელებს, ხოლო 1957 წელს (შარლ აზნავურის ფინანსური ხელშეწყობით) თავისი მოდის სახლიც დააფუძნა, რომელიც 1963 წელს “პარიზის მაღალი მოდის სინდიკატის” წევრი გახდა.

60-იანების ბოლოდან მან მოდაში შემოიტანა ე.წ.

Ted Lapidus, military “მილითარი” (სამხედრო სტილი) – ნატი და ხაკი, პაგონები, ოქროსფერი ღილები, სამკლაურები; “საზღვაო” ტანსაცმელი – ბლეიზერები, ზოლებიანი პერანგები; ე.წ. “საფარი” (“სამონადირეო” მოდა) – პიჯაკები-საფარი, შორტები და ბრიჯები, წუღები დიდ ძირებზე, ფართო ქამრები, ფართოფარფლებიანი ხაკის ქუდები (უნდა აღინიშნოს, რომ იმავე პერიოდში “საფარის” სტილს ამკვიდრებდა ფრანგული მოდის კიდევ ერთი გენიოსი – ივ სენ ლორანიც). ლაპიდუსის მოდური გამოგონებაა ასევე ტანსაცმელი-უნისექსი.

1970 წელს L’Oreal-მა “ტედ ლაპიდუსის” პარფიუმერიის წარმოება დაიწყო. 70-იანების ბოლოს  “ტედ ლაპიდუსის” ბრენდის ქვეშ სხვადასხვა აქსესუარები, საათები და სამკაულები გამოჩნდა.

ტედ ლაპიდუსი ევროპელთაგან პირველი იყო, ვინც საფუძვლიანად დაინტერესდა ამერიკული მოდით – მისი კოლექციის ჩვენებების დროს გამოჩნდა პოდიუმზე ჯინსი, არა როგორც შემთხვევითი, დამხმარე მატერია, არამედ, როგორც მოდური ტენდენცია. გასაკვირი არაა, რომ საფრანგეთის საზღვრებს მიღმა განსაკუთრებული პოპულარობით დიზაინერი სწორედ აშშ-ში სარგებლობდა, თუმცა, არც სხვა ქვეყნებში უჩიოდა ბედს: ბრიტანეთში სამეფო ოჯახის წევრებს აცმევდა, ისრაელში კი – არმიას.

მისი კალიბრის ევროპელ დიზაინერთაგან ლაპიდუსი პირველი იყო, ვინც მზა ტანსაცმლისა და ახალგაზრდული მოდის საბაზრო მნიშვნელობა ჯეროვნად შეაფასა. “დღეს ქალიშვილები დედებს ასწავლიან ჩაცმას, ვაჟები კი – მამებს” – განაცხადა მან 1964 წელს, როდესაც Macy’s-ში მისი ტანსაცმლის გაყიდვის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიას დაესწრო. მაღალი მოდის კვირეულებთან ერთად, ის დიდ დროს უთმობდა თავის Prêt-à-Porter ლეიბლს – Tedd. ძირითადი, მაღალი მოდის კოლექციის შედარებით იაფი, ე.წ. “მეორე ხაზის” წარმოების და ლიცენზირების იდეა სწორედ ტედ ლაპიდუსს ეკუთვნის. დღეს ეს ჩვეულებრივი ამბავია, იმ დროისთვის კი იმდენად რევოლუციური და სკანდალური იყო, რომ “ლაპიდუსის სახლი” კინაღამ “მაღალი მოდის ფედერაციიდან” გააძევეს.

Brigitte Bardot-Ted Lapidusსამაგიეროდ, ავანგარდულმა იდეებმა და დამკვიდრებული ტენდენციების მსხვრევის სურვილმა ტედ ლაპიდუსს ბევრი ახალგაზრდა კლიენტის გული მოაგებინა. მათ შორის იყვნენ ჯონ ლენონი და ლივერპულელი ოთხეულის სხვა წევრები, ისევე როგორც ალენ დელონი, ჟან-პოლ ბელმონდო, ბრიჟიტ ბარდო, ფრენქ სინათრა და ჯეინ ფონდა…

უნდა ითქვას, რომ მოდის რევოლუციონერი თავადაც არცთუ მშვიდი ხასიათით გამოირჩეოდა. არაერთი კონფლიქტი ვაჟთან – ოლივიესთან დასრულდა იმით, რომ ტედმა შვილი სახლიდან გააგდო და ფინანსური დახმარებაც შეუწყვიტა. ოლივიემ გვარიც კი გამოიცვალა და პარიზისა და ტოკიოს სასწავლებლებში ოლივიე რობერისა და ოლივიე მონტეგიუს სახელით ეუფლებოდა დიზაინის საიდუმლოებებს.

მოგვიანებით, საფრანგეთში დაბრუნებულმა ოლივიემ საკუთარი გვარი დაიბრუნა, სახლის კრეატიულ დირექტორად დაიწყო მუშაობა, Ted and Olivier Lapidus, Golden thimble award თანდათანობით მამასთანაც შერიგდა და ძველი წყენანიც დაივიწყა. როდესაც 1995 წელს ოლივიე მოდის კრიტიკოსებმა საუკეთესო დიზაინერად დაასახელეს და მას ოქროს სათითე (De d’or) გადასცეს, შვილის წარმატებით ტედმაც გაიხარა – ეს ფოტოზეც კარგად ჩანს.

ტედ ლაპიდუსი 2008 წლის 29 დეკემბერს გარდაიცვალა ლეიკემიით. ის პარიზის პერ ლაშეზის სასაფლაოზეა დასაფლავებული ორი ქედუხრელი სკანდალისტის – ოსქარ უაილდისა და ჯიმ მორისონის მახლობლად – მისთვის შესაფერისი კამპანიაა.

ოლივიე ლაპიდუსი “ტედ ლაპიდუსის მოდის სახლს” 1989 წლიდან 1995 წლამდე ხელმძღვანელობდა, როდესაც მან ბიზნესი ჟაქ ქონქიეს (Jaques Bogart-ის მფლობელს) მიყიდა, თავად კი კვლავ კრეატიული დირექტორის თანამდებობა დაიკავა. 2000 წლიდან “ტედ ლაპიდუსი” მაღალი მოდის კოლექციებს არ აწარმოებს, მოდის კვირეულებში არ მონაწილეობს და, შესაბამისად,  აღარც „საფრანგეთის მოდელიორთა და დიზაინერთა მოდისა და მზა ტანსაცმლის ფედერაციის“ წევრია („Fédération française de la couture, du prêt-à-porter des couturiers et des créateurs de mode“), მიუხედავად ამისა, მისი Prêt-à-Porter  (განსაკუთრებით პერანგები) კვლავ პოპულარულია. აგრძელებს აგრეთვე აქსესუარების, საათებისა და პარფიუმერიის წარმოებას.
Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

P.S.
“ტედ ლაპიდუსის” მაღაზია თბილისშიც იყო, მარა მოკტა. 😦
და ისევ გაცოცხლდა. 🙂 პეკინზე.

Ted Lapidus

P.P.S.

ლაპიდუსზე პოსტის გამოცხობას კარგა ხანია, რაც დავპირდი ლიკა-ს. ჰოდა, ბოდიში დაგვიანებისთვის. 🙂

Advertisements

4 thoughts on “ფრანგი რევოლუციონერი

  1. ლაპიდუსზე და ჯინსზე არაფერი მსმენია )
    საერთოდ, უცნაურია, რომ მისი სახელი არც ისე ცნობილია მოდის ინდუსტრიაში, იმასთან შედარებით რაც გააკეთა 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s