ფრთხილად! ვირუსია!

ჯექ სმითმა (Jack Smith) და საბირ ბათიამ (Sabeer Bhatia) 1995 წელს მოიგონეს და 1996 წელს “დაქოქეს” Hotmail… მე პირადად “ჰოთმეილის” ანგარიში მაქვს, თუმცა, დიდად არასოდეს მისარგებლია და ყოველთვის ვიყავი და ვრჩები “იაჰუს” ერთგული, მაგრამ “ჰოთმეილიდან” გაგზავნილ ყოველ წერილს ავტომატურად ებმოდა “კუდი” – სარეკლამო ინფორმაცია, ლინკი hotmail.com-ზე და მოწოდება – რას უდგეხართ, შემოგვიერთდითო… ასე დაიბადა რეკლამა-ვირუსი, ან ვირუსული რაკლამა ან, თუ გნებავთ, დავირუსებული რეკლამა.

რეკლამა-ვირუსი ე.წ.  ვირუსული მარკეტინგის ხერხია, თუმცა, ის პირდაპირი მარკეტინგის ნაწილადაც შეიძლება, მივიჩნიოთ. პირდაპირი მარკეტინგი კლიენტთან უშუალო კავშირის დამყარებას ცდილობს, მათ შორის ი-მეილით და  ინტერნეტ-კომუნიკაციის სხვა საშუალებებით… მისი სამწუხარო “დამსახურებაა” სპამის გაჩენაც. 🙂 რეკლამა-ვირუსიც ინტერნეტის საშუალებით ვრცელდება – დასახელება მარკეტოლოგს და ბიზნესის კონსულტანტს ჯეფრი რაიფორთს (Jeffrey Rayport) ეკუთვნის – ყოველი “დავირუსებული” ადამიანი იდეალურ შემთხვევაში (რეკლამის დამამზადებლებისთვის იდეალურ :)) უამრავ სხვა ნაცნობ-მეგობარს “ავირუსებს”, ისინი კიდევ თავიანთ ნაცნობ-მეგობრებს და ა.შ. – მოკლედ, მთის მწვერვალიდან დაგორებული თოვლის პატარა გუნდის ეფექტი იქმნება, ბოლოს რომ უზარმაზარ ზვავად გადაიქცევა.

ვირუსული მარკეტინგი ჯერ ძალიან ახალგაზრდა ფენომენია და მის ეთიკურობაზე, ეფექტურობაზე და, განსაკუთრებით კი, მომავალზე კამათი არ წყდება, თუმცა, მან თავი, უდავოდ, უკვე დაიმკვიდრა.

რეკლამა-ვირუსის პური და ყველი ნდობის ეფექტია:

ერთი რომ, ინტერნეტ-მედია, ბლოგები და ინფორმაციის გვრცელების სხვა ალტერნატიული წყაროების მიმართ ნდობა იზრდება და ისინი ტრადიციულ ტელე-მედიას და ჟურნალ-გაზეთებს, ბოლო წლებია, ერთობ ავიწროვებენ.

მეორე რომ, “მსხვერპლი” დავირუსებული რეკლამის შესახებ, როგორც წესი, ნაცნობებისგან იგებს. მაგალითად, იღებს სრულიად გულწრფელად აღფრთოვანებული მეგობრის წერილს”: “ნახე, ბიჭო, რა მაგარი რამე ვიპოვე… საკაიფოა!” ლინკით იუთუბზე.

მესამე, ამგვარი რეკლამა ქსელში ავტორის მითითების გარეშე ვრცელდება და ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, რომ ის არა სარეკლამო სტუდიის, არამედ ენთუზიასტი ფანების შემოქმედებაა და არ არის დაფინანსებული კომპანიის მიერ (სხვათა შორის, რიგ შემთხვევაში მართლაც ასეა) – უკეთ შენიღბვისთვის (თუ ასეთი მიზანია დასახული), რეკლამა-ვირუსი, როგორც წესი, იაფად და მარტივად გაკეთებულს გავს (ვთქვათ, სამოყვარული კამერითა და, თუნდაც, მობილური ტელეფონით გადაღებულს) და, ხშირად, “პრიმიტიულად” გამოიყურება.

  • სხვათა შორის, მსგავსი მეთოდი გენიალურად გამოიყენეს დენიელ მირიქმა (Daniel Myrick) და ედუარდო სანჩესმა (Eduardo Sánchez) ფილმ “ბლერის ალქაჯის” (The Blair Witch Project) რეჟისორებმა. ვისაც უნახავს – მიხვდება, რასაც ვგულისხმობ. ვისაც არ უნახავს – გირჩევთ, რომ ნახოთ.

ყველაფერ ამასთან ერთად, ცხადია, სარეკლამო კლიპი საინტერესო უნდა იყოს, რომ მის პირველ დამგემოვნებლებს სურვილი გაუჩნდეთ, სხვასაც გაუგზავნონ ლინკი, გაავრცელონ სოციალური ქსელის მეშვეობით ან რომელიმე სხვა სერვერზეც ატვირთონ… უნიჭოდ გაკეთებული ვირუსიც არ ვარგა. 🙂

ახლა, საქმეზე გადავიდეთ:

ყველასათვის უკვე კარგად ცნობილი ვიდეო, რომელიც ინტერნეტში გამოჩნდა და რუტინული სამუშაოსგან გადარეული კლერკის მიერ ოფისის განადგურებას ასახავდა, სინამდვილეში ტიმურ ბიკმამბეტოვის ფილმ “განსაკუთრებულად საშიში”-ს (Wanted) რეკლამა აღმოჩნდა… მაგრამ, სანამ ეს “სინამდვილეში” გაირკვეოდა, კლიპი მილიონობით ადამიანმა ნახა და არაერთი ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვებებიც მოიარა. მათ შორის იყვნენ ქართული ტელეკომპანიებიც.

მამაკაცის ტანსაცმლის მწარმოებელი Van Gils-ის სარეკლამო კამპანია ცნობილი ლამაზმანების “ჰოუმვიდეოს” სახით გავრცელდა. ერთ-ერთი ასახავდა ქარმენ ელექთრასა და მისი დაქალის ლესბოსურ ანცობას, მეორე კი ჰოლანდიელი მოდელის იფკე შტურმის სხეულის სილამაზით ტკბობის  საშუალებას იძლეოდა – კლიპები ნაწილ-ნაწილ გამოჩნდა ქსელში და მხოლოდ ბოლო მონაკვეთის გამოჩენის შემდეგ გახდა ცხადი, რომ ლამაზმანების “ბოიფრენდი”, რომელიც ამ ყველაფერს მობილური ტელეფონით იღებდა – Van Gils-ის კოსტიუმში გამოწყობილი თეთრი მანეკენი (კომპანიის სიმბოლო) იყო. ჩანს აგრეთვე სლოგანიც: “და ეს ყველაფერი კოსტიუმის შესახებაა” (It’s All About The Suit)… Van Gils-ი გვიმტკიცებს, რომ მამაკაცს, რომელიც ასეთ ქალებთან მეგობრობს, გემოვნება არც ტანსაცმელის შერჩევისას უღალატებს და კარგი კოსტიუმი კი ნებისმიერ კარს აღებს, მაშინაც კი, თუ ის მანეკენს აცვია. 🙂 კამპანიის იდეა, რომელიც 2009 წელს დაიწყო და წარმატებით გრძელდება, სარეკლამო სააგენტო Selmore Creative Agency-ის შემოქმედებით დირექტორს, დიედერიქ ჰილენიუსს (Diederick Hillenius) ეკუთვნის.

Vodpod videos no longer available.

ქარმენ ელექთრას ვერსია იხილეთ აქ.

ახალგაზრდული და ურბანული ტანსაცმლის ამერიკული რითეილერი JC Penny კატეგორიულად უარყოფდა რაიმე კავშირს კლიპთან “ჩაიცვი სწრაფად” (Speed Dressing), მეტიც, უჩივლა კიდეც მის დამამზადებელ სააგენტო SAATCHI & SAATCHI-ს, ვინაიდან სარეკლამო რგოლი კომპანიის რეპუტაციისთვის საზიანოდ შეაფასა. განსხვავებით Van Gils-ის სარეკლამო რგოლისგან, ამ კლიპის გმირებს ცხოვრებით ტკბობის დიდი დრო არ აქვთ, ვინაიდან ყოვალ წამს შეიძლება, მშობლები დააცხრნენ თავს, ამიტომაც მათთვის მთავარია მარტივი და კომფორტული ტანსაცმელი, რომელსაც უცებ გაიხდი და ჩაიცვამ, სანამ “დაიწვები”. 🙂 კლიპის რეჟისორია მაიქლ ლონგი (Michael Long).

აი, Levi’s 501 კი, ჯობს, საერთოდ არ გაიხადოთ, თორემ ის, ჩუკოვსკის ერთი ლექსისა არ იყოს, ადგება და მოკურცხლავს. სააგენტო Cutwater-ის მიერ წარმოებული ინტერნეტ-რეკლამა  რამდენიმე რგოლისგან შედგებოდა. ქვედა კლიპი (რიგით მე-4-ე) რეჟისორებმა ჯეიქ შრაიერმა (Jake Schrier) და სთივ მოთერსჰედმა (Steve Mottershead)  გადაიღეს. როგორც ხედავთ, არც “ლივაისის”, არც 501-ის ლოგო არსად ჩანს, მაგრამ “ცოცხალი” ჯინსი რომელი შეიძლება იყოს, თუ არა Levi’s 501?  როგორც კომპანიის PR მენეჯერმა ერიქა არშამბომ (Erica Archambault) განაცხადა, მათ არ სურდათ ბრენდის ღიად ჩვენება და იმედი ჰქონდათ, რომ ყველანი თავადაც მიხვდებოდნენ.

Vodpod videos no longer available.

ლუდების მეფის Guinnes-ის რეკლამა-ვირუსი, რომელთან კავშირი თავად კომპანიამ აგრეთვე უარყო. შეიძლება, ის მართლაც ამ შესანიშნავი ლუდის ფანების გადაღებულია… მეც სიამოვნებით გადავიღებდი ასეთ რეკლამას ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. 🙂

ძალიან ეფექტური გამოდგა ვებ-გვერდის Beer.com-ის მიერ გავრცელებული სარეკლამო წერილი, რომელიც ადამიანებს სთავაზობდა ლუდის ვირტუალურ ბარს წვეოდნენ, სადაც ბარმენი-გოგო (“ფლეიბოის” მოდელი თამი ფლეინთი დაქალებთან ერთად) მათ თხოვნებს შეარულებდა – თხოვნა კი სპეციალურ ფანჯარაში უნდა აეკრიფათ. უამრავი ადამიანი დაინტერესდა და მათგან უმრავლესობამ, მას შემდეგ, რაც თავად ეწვია ამ ბარს, ლინკი ნაცნობ-მეგობრებს გადაუგზავნა – პირველი თვის განმავლობაში საიტს 10 მილიონ ადამიანამდე ესტუმრა. სარეკლამო კამპანიის იდეა სააგენტო D3-ის შემოქმედებით დირექტორს, რიქ ბრაუნს (Rick Brown) ეკუთვნოდა.

მეორე კლიპი იხილეთ აქ.

კიდევ ერთი არაოფიციალური რეკლამა – ამჯერად Sprite-ის. მისი ავტორია მაქს ისაქსონი (Max Isaacson), სტუდია Greencard Pictures.

Vodpod videos no longer available.

ისაქსონის მეორე კლიპი შეგიძლიათ აქ იხილოთ.

უკვე კარგად ცნობილი კლიპი “ბალღები როლერებზე” (Roller-skating Babies), რომელიც თავიდანვე ცხადი იყო, რომ ფრანგული Evian-ის რეკლამა გახლდათ, უბრალოდ სააგენტო BETC Euro RSCG შემოქმედებითმა მენეჯერმა რემი ბარბინემ (Rémi Babinet) ის ინტერნეტისა და სოციალური ქსელების მეშვეობით გაავრცელა. ასეთმა ტაქტიკამ ძალიან კარგად იმუშავა – კლიპი რამდენიმე ათეულმა მილიონმა ადამიანმა ნახა და Evian-ის გაყიდვებზეც დადებითად აისახა. კლიპის რეჟისორი ვიზუალური ეფექტების უაღრესად ნიჭიერი სპეციალისტი, ამერიკელი მაიქლ გრეისია (Michael Gracey).

რეკლამას თუ დავუჯერებთ, “ევიანი” ნამდვილი უკვდავების წყალია –  აახალგაზრდავებს და ენერგიით აღავსებს ჩვენს სხეულს და მოგვიწოდებს, დავრჩეთ მუდამ ახალგაზრდები (Evian – Live Young). კაია, ისე. 🙂

ბოლო რეკლამა ტრადიციული გზით – ტელევიზიის საშუალებით “დატრიალდა”, თუმცა, იმდენად სახალისოა, რომ, ბარემ, მაგასაც დავამატებ… თან “ევიანის” რაკლამასთანაცაა ერთგვარი გადაძახილი.

ინგლისური წყალი Drench, “ევიანისა” არ იყოს, ჯადოსნურად მოქმედებს, ოღონდ არა მხოლოდ სხეულზე, არამედ ინტელექტზეც. თან, არა მხოლოდ ადამიანის, არამედ ყველა სულიერის ინტელექტზე. როლერებზე სრიალი რა მოსატანია, როდესაც, “დრენჩის” დალევის შემდეგ, ზაზუნები ისეთ ჯაზს “უბერავენ”, რომ თბილისის ჯაზ ფესტივალსაც დაამშვენებდა. 🙂

კლიპის ავტორები არიან რეჟისორი ალექს თარნერი (Alex Turner) და სააგენტო CHI & Partners.

Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ასევე: ჯენიფერ ბელის აფერა

P.S.

ამ პოსტის წერა ჯერ კიდევ შარშან დავიწყე და, როგორც იქნა, გავედი ბოლოში. 🙂

ქართულ ვირუსულ ვიდეოებზეც მინდოდა, დამეწერა, მაგრამ ქართულ ბლოგოსფეროში ხომ ყველაფერი დასწრებაზეა. 🙂 ვირუსული ვიდეოები by Dodka

P.P.S.

ეს კი – ჩემი ადრინდელი პოსტები რეკლამაზე.

უითმენი და ლივაისი
25-ე კადრი
99%-იანი რეკლამები

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

10 thoughts on “ფრთხილად! ვირუსია!”

  1. სპრაიტის რეკლამა ცუდი გემოვნების ნიმუში მგონია… ეროტიკა და სექსი რომ საქონელს ყიდის – გასაგებია, მაგრამ მგონია, ჯობია, როცა გემოვნებით და ლამაზად არის გაკეთებული.
    ეგეთი რეკლამისთვის მართლა საჭიროა ანტივირუსი. 🙂

    Like

  2. @ნიკა
    @kevana
    @Athena
    რეკლამა-ვირუსის ანტივირუსი დაიალ-აფის ინტერნეტია 🙂

    @Taa
    რომელი?

    ზაზუნების რეკლმა მაგრად მომწონს.
    ძაან კაი გაკეთებულია.

    Like

  3. (inlove) with ads 🙂
    კარგი იყო ვისიამოვნე და საერთოდ ამ ბლოგის პოსტები ჩემს გემოვნებასა და ინტერესებს ოოო როგორ აკმაყოფილებენ 🙂 😀

    Like

  4. ძალიან ვისიამოვნე, ყოჩაღ!! 🙂 მიუხედავად იმისა, რომ რეკლამის და მარკეტინგის სპეციალისტი არ ვარ, მაინც იგრძნობა, რომ ბევრი დრო და შრომა არის დახარჯული და იმ ზერელე უშინაარსო სტატიებს არ ჰგავს, მთელი ვირტუალური სივრცე რომ აქვს წალეკილი.
    ერთი მოკრძალებული რჩევა ჩემგან, დიზაინს თუ დახვეწთ, კონკურენტი არ გეყოლებათ 🙂 ❤

    Like

    1. მადლობა.

      დიზაინის შერჩევა კი პრობლემაა 🙂
      სვეტების რაოდენობა მზღუდავს. ეგეთი შაბლონი ასარჩევად ცოტაა ან თუ მომეწონა რომელიმე – ფასიანია :))
      და სხვა შემთხვევაში მთლიანად გადაწყობა მიწევს სტრუქტურის და მეზარება 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: