საყვარელი საჩუქრები: ჩემი ყველაზე პირადული პოსტი

ეს პოსტი განსხვავებული იქნება.

ჩვეულებრივ, საკუთარ თავზე არ ვწერ. ერთი რომ, არ მგონია, პირადული პოსტების კითხვა ვინმეს აინტერესებდეს, იმ ადამიანების გარდა, ვინც იქ, შეიძლება, ვახსენო. მეორეც, რაზეც არ უნდა ვწერდე – Lacoste-ზე, ვინი პუჰზე თუ ერიქ ქლეფთონზე – სინამდვილეში, მაინც საკუთარ თავზე ვწერ. 🙂

მაგრამ იანვრის დღეებში იმდენი რამ დაიწერა სადღესასწაულო საჩუქრებზე, რომ გადავწყვიტე, მეც დამემატებინა ერთი-ორი (დაგვიანებული) სიტყვა საერთო ყულაბაში…

ოღონდ ახლანდელ საჩუქრებზე არაფერს დავწერ (მით უფრო, რომ ჯერ ყველა არც მიმიღია :)) – აეროპორტების გადატვირთულობისა და უამინდობის გამო, ერთი საჩუქარი ჯერ კიდევ გზაშია – მგონი, ჰითროუს საწყობშია სადღაც… თანაც, დღეს გადასარევი საჩუქრები კი არსებობს, მაგრამ ინტრიგა აღარაა. სიურპრიზი. მოულოდნელობის ეფექტი გაქრა – ჩემი მეგობრის შვილი Toys”R”Us-ის საიტზე დაძვრება და მამამისს ი-მეილით უგზავნის ლინკებს, თუ რა საჩუქრის მიღება სურს საახალწლოდ იქნება თუ დაბადების დღეზე. 🙂 პატარაა ჯერ და პლასტიკური ბარათი არ აქვს, თორემ ამდენსაც არ იწვალებდა. 🙂

ჩემს უინტერნეტო და უკომპიუტერო ბავშვობაში კი… თუმცა, კომპიუტერს ვინ ჩივის – ტელევიზორიც არ იყო. 🙂 არა, ტელევიზორი კი იყო, მაგრამ რად გინდა – სულ სამი არხი იყო და სამივეზე იგორ კირილოვი ლაპარაკობდა.

იცით, ვინაა იგორ კირილოვი? საბჭოთა უოლთერ ქრონქაითი. ან ლარი ქინგი… ანეკდოტიც იყო ეგეთი – მივიდა ტიპი სახლში, ჩართო ტელევიზორი – იგორ კირილოვი ლაპარაკობს. გადართო სხვა არხზე – იქაც იგორ კირილოვი ლაპარაკობს. გადართო კიდევ – იქ იგორ კირილოვია, ოღონდ კგბ-ს პაგონებში, თითს უქნევს და ეუბნება – მორჩი აქეთ-იქეთ ჩხაკუნს, ამხანაგო!

კირილოვის გარდა, იყო საბავშვო ფილმები Кортик და Бронзовая птица. როცა კირილოვი არ ლაპარაკობდა, მაგათ უჩვენებდნენ ხოლმე.

მოკლედ, რამდენიც არ უნდა გადაგერთო, FTV-ზე მაინც ვერ მოხვდებოდი, ჰოდა, რა გასაკვირია, რომ Levi’s არ ვიცოდი რა იყო, მანამ, სანამ არ მაჩუქეს… არ მახსოვს, ახალი წელი იყო, თუ ჩემი დაბადების დღე… მანამდე რაღაც რუმინული თუ ინდური თუ რა ვიცი სადაური “ჯინსი” კი მქონდა, მაგრამ Levi’s  დავინახე თუ არა, მივხვდი, რომ ის იყო ის და მე ვიყავი მე. 🙂

მაშინ რკინის ფარდის აქეთ არაფერი იშოვებოდა. ჰოდა, ბავშვს ტანსაცმელი რომ დაუპატარავდებოდა, მერე სხვა ბავშვს გადაულოცავდნენ ხოლმე მემკვიდრეობით. რომელიმე ნათესავს, ახლობელს… მე იმ ჯინსიდან მალე გავიზარდე, მაგრამ ისე მიყვარდა, რომ მემკვიდრეობით გადაცემაზე სასტიკი უარი ვთქვი. 🙂 თავი გავიგიჟე, თურმე… მერე, რომ გავიზარდე ცოტა, მახსოვს, კი შემრცხვა ჩემი მაშინდელი ღორობის… მაგრამ ახლა მესმის, რომ პირველი სიყვარული იყო მაინც და ასე იოლად არ მეთმობოდა. 🙂

ერთხელ, უკვე უფროს კლასებში ვსწავლობდი, ზაფხულის არდადეგებიდან დავბრუნდი, შევდივარ ოთახში და – ველვეტის შარვალი და ქურთუკი მხვდება. კრემისფერი, ფართო ზოლებიანი. იმ დროს ველვეტი ძალინ მოდაში იყო… იმ ბინიდან გადავედით და, რა ხანია, სულ სხვაგან ვცხოვრობ, მაგრამ ახლაც მახსოვს იმ ოთახში სად იდგა ის სკამი, რომელზედაც ის საჩუქარი იყო გადაკიდული.

კიდევ მახსოვს, ერთ ახალ წელს ნაძვის ხის ქვეშ როგორ აღმოვაჩინე სათამაშო მთვარემავალი. დისტანციური მართვის პულტით… მართალია, დღეს რომ სათამაშოებია, იმათთან ახლოსაც ვერ მოვიდოდა. პულტიც ურევდა ხშირად და მანქანა ბრძანებებს მთლად ზუსტად ვერ ასრულებდა, მაგრამ ის ყუთი რომ გავხსენი და მთვარემავალი ამოვიღე – ჩემზე ბედნიერი იმ წამს, ალბათ, არვინ იქნებოდა.

კიდევ რკინიგზა მქონდა. გდრ-ის. გდრ-ის სათამაშოები საბჭოთა კავშირში რაც შემოქონდათ, იმათგან ყველაზე საუკეთესო იყო. “დახლს ქვემოდან” იყიდებოდა… ახლა ოღონდ რამე იყიდო და მაღაზიაში ფეხი არ გაქ შედგმული, რომ ეგრევე დაგესევიან ხოლმე – რა გნებავთ-ო? საბჭოთა მაღაზიებში კი ჩუმად ყიდდნენ. ასე იყო თუ ისე – მქონდა სათამაშო რკინიგზა. სამართავი პულტით (ოღონდ, არა დისტანციურით – მავთულით უერთდებოდა ლიანდაგს). რამდენიმე სიჩქარე ქონდა. დამატებითი კონსტრუქტორებიც იყო – ხიდების დამატება შეიძლებოდა, რაღაც შენობების… ეგ ცალკე უნდა გეშოვა… ერთ დაბადების დღეზე ბიძაშვილებმა მაჩუქეს Fort Texas – სამშენებლო კონსტრუქტორი. ველური დასავლეთის ფორტის აშენება შეგეძლო. სახლით, თავლით, ღობით, სათვალთვალო კოშკურებით. ამერიკის პატარა დროშაც მოყვებოდა… მე და ჩემმა ბიძაშვილმა რკინიგზა და ფორტი ავაწყეთ – სათამაშო კოვბოები და ინდიელები კი მყავდა და ისეთი მაგარი ვესტერნი დავდგით რომ… ირაკლი მახარაძეც ვერ დაიწუნებდა.

ვიდეო-სპორტი – ეს საბჭოთა “ ფლეისთეიშენი”. 🙂 ტელევიზორს უერთდებოდა და შეგეძლო ჩოგბურთი, ფეხბურთი გეთამაშა. ტირიც ქონდა – ეკრანზე მიზანი ჩნდებოდა და 15 თუ რამდენიღაცა სროლიდან ვინც მეტ ქულას აიღებდა – მოგებულიც ის იყო…

ვიდეო-სპორტი უკვე “შეკვეთილ” სათამაშოთა კატეგორიიდანაა, ვინაიდან მამაჩემი დამპირდა – გიყიდიო და პირობა შემისრულა, ამდენად, ის სიურპრიზის ეფექტი აღარ ქონდა. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან, ძალიან  გამიხარდა და არ შემეძლო, არ გამეხსენებინა… ისე, მე კი არა – უფროსებიც მშვენივრად ერთობოდნენ ხოლმე. 🙂

არ ვიცი, პირველი შეყვარებული რამდენად ჩაითვლება საჩუქრად? ყველაზე ლამაზი გოგო რომ მეგონა მსოფლიოში… კი, მართლა იყო ლამაზი, თუმცა მაშინ, როგორც ვთქვი, ტელევიზორი FTV-ს არ აჩვენებდა და სტანდარტებიც მოკრძალებული იყო. 🙂 შემდეგ მე სხვაგან გადავედი საცხოვრებლად… მოკლედ, პირველი ჯინსის შესანარჩუნებლად მეტი ვიბრძოლე, ვიდრე პირველი შეყვარებულის. 🙂

კიდევ მქონდა ბავშვობის ოცნება. არა, კოსმონავტობა – არა. დისნეილენდი (ისე, დიზნილენდია, წესით). წიგნი მქონდა ეგეთი – “უოლთ დისნეი და მისი გმირები” თუ “მისი ცხოვრება”… არ მახსოვს ზუსტად. ქართულად იყო თარგმნილი. ყდაზე ფოტო იყო – რეჟისორი და მისი პერსონაჟები. პატარა ვიყავი, ეგ წიგნი რომ წავიკითხე და მას შემდეგ ვოცნებობდი დისნეილენდში მოხვედრაზე… გვიან მართალია, მაგრამ ეგ ოცნება ავისრულე. პარიზში რომ მოხვდება ადამიანი – პირველი, რასაც აკეთებს, ან ტრიუმფალური თაღის სანახავად გარბის, ან – ე(ი)ფელის კოშკის, ან – ჯოკონდასი… მე კი – ევროპულ დისნეილენდში წავედი. 🙂 და ვერ ვიტყვი, რომ მონა ლიზამ მეტი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ვიდრე დისნეილენდმა. 🙂

ყველას გისურვებთ, აგხდომოდეთ ბავშვობის ოცნებები.:yes:
Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___
ასევე:
2009 წლის ყველაზე პოპულარული საშობაო/საახალწლო საჩუქრები

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

14 thoughts on “საყვარელი საჩუქრები: ჩემი ყველაზე პირადული პოსტი”

  1. მე 7 წლისა ვიყავი დეიდაჩემმა რომ ჩემსიმაღლე თოჯინა მაჩუქა. ძალიან მიყვარდა. მერე რემონტს ვაკეთებდით და კიბე დაეცა და დაიმტვრა. იმდენი ვიტირე… 😦
    კიდე რაღაც-რაღაცა საჩუქრები მახსოვს, მაგრამ ეგ ყველაზე ძალიან დამამახსოვრდა ტრაგიკული ბედის გამო 🙂 მერე დავწერ სხვებზე.

    Like

  2. ძალიან საყვარელი პოსტია, მეგემრიელა

    მიყვარს საჩუქრები და მეც მაქვს ეგეთი სამახსოვროები, არასდროს რომ არ დამავიწყდება …

    ერთხელ ბიზაჩემმა მამიდაჩემს 8 მარტს რაკეტა უყიდა საჩუქრად
    მამიდაჩემი გაგიჟდა ამხელა შეფუთული საჩუქარი რო დაინახა და ბედნიერი იყო ….
    გახსნამდე …

    ნუ დანარცენს მიხვდებით ეხლა..
    მამიდაჩემს რაკეტა რამდენად უნდოდა ალბათ ყველასთვის გასაგებია 🙂

    Like

    1. ცეცხლს რომ მოუკიდებენ და გაფრინდება ეგეთი რაკეტა თუ დეკორატიული?

      კაი იდეაა ისე.
      თან აგერ ვალენტინობა მოდის. 🙂

      Like

      1. ასეთი გადახვევები შეიძლება ხანდახან, თან შენებურად ჩაურთავ ფილმებზე, მუსიკაზე, დიზაინზე, ტექნიკაზე და აღარ იქნება ისეთი პირადი

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: