ნიუ იორქის დედოფალი

Ralph Lauren owns America, you own sex, what was I going to own? So that’s how New York came in.
Donna Karan interviw to Calvin Klein

საინტერესო რაღაცას მივაგენი –
ამერიკული მოდის ორ ცოცხალ ლეგენდას,
ქელვინ ქლაინსადა დონა ქარანს
შორის გამართული საუბარი,

2009 წლის მაისი, გამომცემლობა Brant Publications, Inc.

CK – მოდი, თავიდან დავიწყოთ – მახსოვს, როგორ გხედავდი ხოლმე დასავლეთ 39-ე ქუჩის 205-ე შენობის* ლიფტში, შემდეგ შენ, უეცრად, ენ ქლაინის ასისტენტი გახდი, შემდეგ კი, ასევე უეცრად, ენი გარდაიცვალა და შენ მის სახლს ჩაუდექი სათავეში… მოგვიყევი, როგორ იყო ეს ყველაფერი.

  • * მანჰეთენის 39-ე ქუჩაზე მდებარე შენობა ნომერი 205 – ნიუ იორქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი “მოდური” შენობაა, სადაც არაერთი დიდი დიზაინერის ოფისს დაუდვია ბინა.

Donna KaranDK – ეს ყველაფერი დაუგეგმავად მოხდა. სახლი ჩვენებისთვის ემზადებოდა, მე ორსულად ვიყავი ენი კი, უცაბედად, საავადმყოფოში მოათავსეს. ნამდვილი კრიზისის პერიოდი იყო, როდესაც კოლექცია ერთდროულად იბადება, იქმნება და იკერება კიდეც… მახსოვს, გიუნთერ ოფენჰეიმი, ქლაინის პარტნიორი, მირეკავს და მეკითხება: “სად ხარ?”. “სამშობიაროში ვარ. შვილი მეყოლა…” “კი მაგრამ, როდის ბრუნდები? კოლექციაა დასამთავრებელი”. ექიმს დავეკითხე, მან კი ერთი კვირა წოლითი რეჟიმი დამინიშნა. მაშინ ოფენჰეიმი მეუბნება: “შენთან მოვდივართ”. მთელი წინასაშემოდგომო კოლექცია და ჩვენების ყველა მონაწილე პალატაში მომაყენა… არადა, სიკვდილამდე მძულს ეს წინასაშემოდგომო კოლექციები… სწორედ ის დღე იყო, როდესაც ენი გარდაიცვალა… წარმოდგენა არ მქონდა, რას ვაკეთებდი.

მინდოდა შინ, გაბისთან ((დონას ქალიშვილი)) ვმჯდარიყავი, მაგრამ ცხოვრება ისე გეგმავს, რომ არაფერს გეკითხება… დიდი არჩევანი არ გაქვს – ეს იყო პირველი გაკვეთილი, რაც ვისწავლე. დიზაინერი გავხდი, ვგეგმავდი ამას თუ არა. ჩვენება გასამართი იყო და მე, როგორც დიზაინერს, კოლექცია უნდა წარმედგინა… მაშინ არც კი ვიცოდი, რა შემეძლო და რა – არა, ამიტომ, ჩემი მაქსიმუმი გავიღე. მადლობა მინდა, ვუთხრა ჩემს მეგობარს, ქეი თომსონს ((ამერიკელი მწერალი, მსახიობი და მომღერალი)) მხარდაჭერისთვის.

CK – არის რამე, რაც გაშინებს?

DK – აი, დღეს, მაგალითად, სულ ორი კვირა მაშორებს კოლექციის დასრულებას… ჰოდა, ძალიან მეშინია. მუდამ მგონია, რომ ამას პირველად ვაკეთებ. არადა, რამდენი წელია უკვე… აგერ, ენ ქლაინის ამბებზე რომ ვსაუბრობდით – ეგ 1974 წელს ხდებოდა.

CK – შენ გაირე გზა Anne Klein-დან Anne Klein II-მდე და შემდეგ გაჩნდა Donna Calvin Klein Karan… კარგად მახსოვს, როგორ მოხდა…

DK – და ის თუ გახსოვს, რა გითხარი მაშინ?

CK – ჰმ… არა… შენ ხომ სულ მუდამ ბევრს ლაპარაკობ.

DK – ლიფტში რომ შევხვდით, მე გითხარი: იქნებ, გავაერთიანოთ Anne Klein და Calvin Klein და მხოლოდ ერთი  Klein დავტოვოთ?

CK – ჰო… ენიც მეუბნებოდა ხოლმე მაგას.

DK –  ერთი Klein გვექნება, – ასე გითხარი მე, – შენ თუ გაზაფხულის კოლექციას გააკეთებ, მე – შემოდგომისას. შენ თუ – შემოდგომისას, მე – გაზაფხულისას და ასე…

CK – დაივიწყე ქლაინი (ამ სიტყვების გაგონებაზე დონა იცინის) Donna Karan-ს რომ იწყებდი, ფიქრობდი, თუ რა იმპერიის შექმნას შეეჭიდე?

DK –  ეს ჩემი ოცნება არ ყოფილა – ჩემი მიზანი იყო. ჯერ კიდევ როდესაც Anne Klein II-ს ვიწყებდი, პირველები ვიყავით ბაზარზე…

CK – შენ ბევრ რამეში იყავი პირველი…

DK – ჰო, მაგრამ მანამდე Anne Klein-ის ფასები იყო მხოლოდ $49.75. ამის დავიწყება არ შეიძლებოდა – ეს იყო ძვირფასი სპორტული ტანსაცმლის ფასი იმ დროს. ენი ხომ ლიცენზირების გენიოსი იყო. მისი კონცეფცია ემყარებოდა ახლაგაზრდა დიზაინერების დაქირავებას და ერთობლივ მუშაობას… მაგრამ, მე ამისგან განსხვავებული შესანიშნავი იდეა გამიჩნდა – მსურდა არა-კომერციული კოლექციის შექმნა. Anne Klein II-ის დაწყების შემდეგ, კომპანიის მფლობელებთან მივედი და ვუთხარი: “პატარა იწილო-ბიწილო კომპანიის შექმნას  ვაპირებ. კვლავ გავაგრძელებ მუშაობას Anne Klein და Anne Klein II-თვის, მაგრამ მსურს, ასევე, მცირე კოლექციები შევქმნა ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის… ძალიან მარტივი და მოსახერხებელი, ისეთი, რაც მე მომწონს და მაცვია… განსხვავებული კლიენტურისთვის…” ვუთხარი ეს და, იცი, რა მიპასუხეს? “დონა, შენ გათავისუფლებული ხარ” (იცინის)… მე და ლუის დელ’ოლიო ((ამერიკელი დიზაინერი, დონა ქარანთან ერთად მუშაობდა ენ ქლაინის მოდის სახლში)) პარტნიორები ვიყავით… მუდამ მესაჭირეობოდა დამხმარე. ახლაც ასეა Donna Karan-ში. კოლექტიური მუშაობა მიყვარს. თანამშრომლობაში არის რაღაც განსაკუთრებული პეწი.

CK – სად პოულობ ბედნიერებას?

DK – აფრიკაში. შენთან ერთად მინდა გამგზავრება. (იცინის).

CK – ამაზე მოგვიანებით მსურდა, გვესაუბრა…

DK – მოგზაურობა მიყვარს, ბუნება მიყვარს, მზე, თოვლი… მიყვარს შვილები, შვილიშვილები, ოჯახი და მეგობრები… და კიდევ მიყვარს ის, რაც ჯერ არ გამიკეთებია. მიყვარს, როდესაც ცარიელ ადგილს ვხედავ და მის შევსებას ვახერხებ… მაგალითად, ჩემი შვილი და მისი მეგობრები ჩემს ტანსაცმელში დაიარებოდნენ. მაგრამ ჩემი კოლექცია ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის იქმნებოდა და არა ჩემი ქალიშვილისა და მისი მეგობრებისთვის… ასე გაჩნდა DKNY…

CK – მოიცა, დონა, თუ უკვე DKNY-ზე აპირებ საუბარს, რაღაც მინდა, ვთქვა: ვფიქრობ, DKNY მე-7 ავენიუზე დაწყებულ ბიზნესთაგან უბრწყინვალესი იყო! შენ იყავი დიდი დიზაინერი, სახელი, რომელიც მთელმა მსოფლიომ იცოდა და, უცებ, გადაწყვიტე იმ საფასო კატეგორეაში შესვლა, სადაც დიზაინერები ფეხს არ დგამენ, თანაც, ეს ყველაფერი ძალიან კარგად გათვალე – სახელი, დიზაინი, ყველაფერი ერთად – უბრალოდ გენიალურია!

  • მოგვიანებით, დონა ქარანის გზა ბევრმა გაიმეორა. დღეს ყველა მოდის სახლი ცდილობს, სხვადასხვა საფასო სეგმენტის გადაფარვას – ძალიან ძვირიდან – საშუალო და საშუალო-დაბალ კატეგორიამდე. Fashion Bazaar. თუმცა, დიდ დიზაინერთაგან ყველაზე პირველი ამ გზაზე მაინც ტედ ლაფიდუსი იყო.

DK – ყველაფერი ძალიან მარტივადაა. ახლა განგიმარტავ: Anne Klein-იდან დამითხოვეს, Donna Karan დავაფუძნე… ისე, უნდა გითხრა, რომ სახელი Donna Karan არ მომწონდა (იცინის). ყველა დიზაინერი კომპანიას თავის სახელსა და გვარს არქმევდა და არ მონდოდა იგივეს განმეორება…  ვზივარ სამზარეულოში, ვფიქრობ და ფეხსაცმლის ყუთი მომხვდა თვალში: Maud Frizon/Paris, London.. რა კარგია, იქნებ – Donna Karan New York? მე საერთაშორისო ბრენდი მჭირდებოდა – New York City – მთელი მსოფლიოა, Donna Karan კი ერთი მოსაწყენი სახელი და გვარი… იმავე წამს ფითერს* დავურეკე: “Donna Karan New York-ზე რას იტყვი?” “კი მაგრამ, – მპასუხობს, – ლოს ანჯელესელები რას იფიქრებენ?” ეს არასდროს დამავიწყდება (იცინის)…

  • ფითერ არნელი – ცნობილი მარკეტოლოგი, კონსულტანტი, Arnell Group-ის დამფუძნებელი. მის კლიენტთა შორის არიან DKNY, GAP, Isaac Mizrahi, Christian Lacroix, Emanuel Ungaro, McDonalds, KFC, Unilever, Nestle, PepsiCo, Coca-Cola, Electrolux, Samsung, Playboy, Pfizer, Universal…

CK – მაგარია!

DK – ჰო… ფითერი კი მიმტკიცებდა, რომ გავგიჟდი. “არ შეიძლება ასეთი სახელის არჩევა. დაფიქრდი, სხვა მხარეში მცხოვრები ადამიანები როგორ შეხედავენ ამას,” მაგრამ მე ვუთხარი: “ყველა ნიუ იორქელია… იმას ვგულისხმობ, რომ ნიუ იორქი ამერიკასა და მსოფლიოს შორის გადებული ხიდია და ყველა დაკავშირებულია მასთან.” რალფ ლორენი ამერიკას ფლობს, შენ – სექსს, მე რაღა დამრჩა? (იცინის) მეც მინდოდა რაღაცის ფლობა. ასე მოვიდა ნიუ იორქი… DKNY-ს რაც შეეხება, ის ჩვენი ჯინსის კოლექციიდან დაიბადა. ჯინსი, ჩემი აზრით, ამერიკული მოდის დედაარსია.

CK – მახსოვს DKNY-ს დაწყება, ძალიან შთამბეჭდავი იყო.

DK – არავისთვის მითქვამს, რას ვაპირებდი. მე ვთქვი: “მინდა შევქმნა “ანდროგინული” კოლექცია – არც მხოლოდ ქალისთვის, არც მხოლოდ მამაკაცისთვის, არც მხოლოდ ბავშვისთვის. ბოლოს და ბოლოს, ყველას გვაცვია ბლეიზერი, ყველას გვაცვია T-shirt…” სთივენმა ((სკულპტორი სთივენ ვეისი – დონას მეუღლე)) მითხრა: “მამაკაცის კოლექცია ყველაზე ძვირიანით უნდა დაიწყო. თუ ნაკლებად ძვირი კოლექციით დაიწყებ, შემდეგ უფრო მაღალ სეგმენტზე ვერასდროს შეხვალ”. მე კი ვუპასუხე: “ეს ჩემი ხედვაა. მარტივი რამ. სულ შვიდი ნივთი: ბლეიზერი, კლასიკური ლურჯი ფერის ბლეიზერი, ჯინსის შარვალი, კომბინიზონი, კაპიუშონიანი თბილი კურტაკი, სვიტერი, სპორტული ფეხსაცმელი.”

CK – შენ თუ Donna Karan ხარ, შეიძლება ვთქვათ, რომ გაბი – DKNY-ა?

DK – DKNY მეორე მე ვარ. DKNY არის ჩემი მეორე ცხოვრება, როცა არ ვმუშაობ, როცა სპორტს მივსდევ, როცა ვისვენებ… ეს ჩემი სადაგი (casual) დღეებია.

CK – შენ ხარ ყველაფრის შთაგონება. ქალი, რომელმაც ეს მსოფლიო იმპერია შექმნა. ფიქრობ ამაზე?

DK – არა, როდესაც ბიზნესი იზრდება, როგორადაც არ უნდა გსურდეს ყველაფრის კონტროლი, შენს გარდა კიდევ ბევრ სხვა ადამიანს ეკუთვნის… მაგრამ, რაც DKNY-ს შეეხება, ის ჩემთვის ბევრს ნიშნავს, როგორც ჩემი ხედვის ნაწილი. DKNY მხოლოდ მოდა არაა – ის არის საკვები, რომლითაც იკვებები, ნივთები, რომლებიც გიყვარს. მსურდა, რომ DKNY-ს შეეძინა ენერგია, რომელიც ყოველდღიური ტანსაცმლის მიღმაც იარსებებდა.

CK – გჯერა, რომ ეს ყველაფერი 20 წლის წინ იყო?

DK – შენ ორი ჩემხელა ხარ, ძვირფასო. Calvin Klein 40 წელს ზეიმობს… ჰოდა, თავს შენს შვილად ვგრძნობ (იცინის).

CK – ზოგჯერ, მეც შენს შვილად ვგრძნობ თავს… ოდესმე მოყირჭებას თუ გრძნობ?

DK – როგორ არა… სწორედ ამიტომ დაიბადა The Urban Zen Foundation ((საქველმოქმედო ფონდი, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი დონა ქარანია)). ეს ახალი გამოწვევაა. ახალი მიზანი.

CK – ამდენი წელია გიცნობ და არ ვიცი, სულიერ მხარეს რა გავლენა აქვს შენს შემოქმედებაზე.

DK – წარმატება მუდამ თან მდევდა, მაგრამ სულ ყოველთვის მაწვალებდა შეკითხვები – რის გამოა ეს, რას უნდა ნიშნავდეს… ვცადე, ცოტა ღრმად ჩამეხედა. 18 წლიდან იოგას მივდევ. ეს მოგზაურობასავითაა – თუ დაიწყე, ვერასოდეს დაამთავრებ.

  • იოგის გარდა, დონა ქარანი გატაცებულია კაბალით, აღმოსავლური ფილოსოფიით და მედიტაციით.

CK – ყოველთვის ვფიქრობდი, რომ სთივენის წვლილი შენს წარმატებაში ძალიან დიდი იყო. მან დიდი სიყვარული და მხარდაჭერა გამოავლინა.

DK – სთივენი რომ არა, ახლა აქ არ ვიქნებოდი. ის ჩემთვის, მართლაც, დიდი მხარდაჭერა იყო. თავის თავზე აიღო რუტინა და მე შემოქმედების საშუალება მომცა. მას ჰქონდა გემოვნება და ხედვა… მე მყავდა ნიჭიერი და გონიერი მეუღლე, რაც დიდი ბედნიერება იყო ((სთივენ ვეისი 2001 წელს კიბოთი გარდაიცვალა)).

CK – მისი ავადმყოფობა და შენი საქველმოქმედო მოღვაწეობა კავშირშია? Urban Zen-ს რომ ქმნიდი, ავადმყოფთა განკურნებაზე ფიქრობდი?

DK –ამ საქმეში მუდამ ვიყავი ჩაბმული. როგორც ჩემი ქმარი ამბობდა, ეს ჩემი მოგზაურობების ნაწილი იყო… აღმოსავლური და დასავლური მედიცინის შერწყმა მნიშვნელოვანი მგონია. ჩემს მეუღლეს დაჭირდა იოგა, სუნთქვა რომ გაიოლებოდა, აკუპუნქტურა, ჩინური ბალახები… ამავე დროს, კლასიკური თერაპია. ამიტომ დავიწყეთ Urban Zen-ის საგანგებო იოგას თერაპიული პროგრამა.

CK – კიდევ რამდენიმე კითხვა მსურს, დაგისვა… აბა, მითხარი პირველი სიტყვა, რაც ახლა თავში მოგივიდა.

DK – აფრიკა!

CK –  ვინ არის შენი ხატი მოდაში?

DK – (ფიქრობს) ასეთი არ მყავს.

CK –  შენი დანაშაულებრივი ვნება?

DK – მოგზაურობა. მიყვარს, რომ დავიმალო, გავექცე ჩემს მოვალეობებს.

CK – ყოველთვის ვფიქრობდი, რომ  თავგადასავლების დიდი მოყვარული იყავი და ეს თვალნათლივ დავინახე, აფრიკაში რომ ვიმოგზაურეთ ერთად.

DK – მოდი, მკითხე, ერთი ოცნება რომ მქონდეს ახლა, რას ვინატრებდი?

CK – რას ინატრებდი?

DK – იმას, რომ მე და შენ დავჯდეთ ახლა გემზე და მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ გავემგზავროთ. იმდენი რამეა, რაც ჯერ არ მინახავს. პაპუა ახალ გვინეაში მინდა ჩასვლა. ჩინეთში…

CK – ჩინეთში არც მე ვარ ნამყოფი.

DK – რუსეთიც მაინტერესებს… შენ ინდოეთში, ვიცი, ნამყოფი ხარ. ამ ქვეყნის ნახვაც მსურს.

CK – ჯერ აფრიკა მოვიმთავროთ… მინდა გითხრა, რომ ძალიან ვისიამოვნე სიურპრიზი რომ მოგიწყვეთ შენს დაბადების დღეზე. ძალიან სასიამოვნოდ იყავი გაკვირვებული.

DK – მოულოდნელი იყო. შოკი!

CK – მაგრამ, ვიცი, რომ შენც გესიამოვნა… 60 წლის გახდი იმ დღეს.

DK – რა იყო, ამობეჭდილი გაქვს?.. 60 წლის გავხდი, მაგრამ 30-ის ვარ. თითქოს, არ გავზრდილვარ. ეს მხოლოდ ციფრია. ამ ასაკს ვერ ვგრძნობ! მიყვარს გართობა და თამაში. გურმანი ვარ… დროა, ალბათ, სიმშვიდე ვისწავლო.

CK – ოქროს შუალედს გულისხმობ?

DK – თავგადასავლების სიყვარული შეუცნობლისკენ მიბიძგებს. მაგრამ, როდესაც ვხედავ, როგორ წიკწიკებს საათი… დრო მიდის და მინდა, არაფერზე დამწყდეს გული.

CK – რატომ ვართ ასეთი კარგი მოგზაურები?

DK – ორთავეს ვიზუალური ხედვა გვაქვს. შენც ჩენსავით გიჟმაჟი ხარ. თავგადასავლების მოყვარული და, თან, უბრალო ადამიანი. ზუსტად – ჩემსავით… ყველაზე კარგი ისაა, რომ ჩვენ სახლში დაბრუნება აღარ გვსურს ხოლმე: “აბა, ახლა სად გავემგზავროთ”- განწყობაზე ვართ… ჰოდა, მითხარი როდის აპირებ, სადმე წამომყვე? ხომ იცი, კი არ ვახალგაზრდავდებით.

CK – მე მზად ვარ. შენ გელოდები…

© Brant Publications, Inc. BNET articles
©  LV (ქართული თარგმანი, 2010)
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ასევე:
ქალი, რომელიც მიშელ ობამამ გაანაწყენა

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

7 thoughts on “ნიუ იორქის დედოფალი”

  1. დავუშვათ მინდა ინფორმაციის მოძიება დონა კარანზე ან კალვინ კლეინზე. გუგლში ავკრეფავ “დონა კარანი” ან “კალვინ კლეინი” და შენ წერილს ვერ იპოვის. არადა საინტერესოა.
    🙂

    Like

    1. ანუ როგორც ვხვდები, სხვა თემაში დაწყებული კამათი გრძელდება? 🙂

      ამიტომ ეგეთი “საჭირბოროტო” საკითხები გადავიტანე ფაქ-ში.
      ყველა პასუხი – იქ. 😉

      Like

  2. რა კარგი ინტერვიუა.
    CK ჩემი საყვარელი დიზაინერია განსაკუთრებით ჯინსების და ახლა შენი პოსტების მერე დონა კარანი შემაყვარე. 🙂

    Like

  3. არ წავშალე შენი კომენტარი

    რაღაცა იაღლიში მომივიდა საიტთან და ბექაფით აღვადგინე და ახალი კომენტარები წაიშალა

    ახლა საგიჟეთი მაქვს სამსახურში
    ამას წავიკითხავ რომ მეცლება 🙂

    Like

    1. თან რუსეთში მინდა ჩასვლაო 🙂
      მე მგონი დროა ჩვენი ხელისუფლება დატრიალდეს და რუსეთზე ადრე აქ ჩამოიყვანოს.
      რა ეგზოტიკა გვაკლია თუ რა? თან გურმანი ვარო და საჭმელებში მაინც ვჯობნით ბევრს.

      მოგზაურობას რა ჯობია.
      ისე, მე აფრიკა, ჩინეთი და ინდოეთი არ მიზიდავს.
      ავსტრალია, ბრაზილია – კი ბატონო.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: