ბაგრატ ტაბაღუა და იოგურტი, სახელად დანიელი

danone მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იოლად ცნობადი და წარმატებული კომპანია Danone 1919 წელს ბარსელონაში დააფუძნა ებრაელმა ექიმმა იზაკ კარასუმ (İzak Karasu), რომელიც ოთომანის იმპერიის ქალაქ სელანიკში (ბერძნული თესალონიკე), თურქეთში კარგად ცნობილ და გავლენიან ოჯახში დაიბადა 1874 წელს. ბიძამისი ემანუელ კარასუ  “ახლაგაზრდა თურქების” მოძრაობის წევრი და თანამედროვე თურქული სახელმწიფოს ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. ის იმ დელეგაციის წევრიც გახლდათ, რომელმაც სულთან აბდულჰამით მეორეს მისი ჩამოლაბორანტების შესახებ აცნობა. ემანუელ კარასუ თურქული პარლამენტის წევრიც გახდა, თუმცა, მოგვიანებით, ათათურქთან უთანხმოებების გამო, ქვეყანა დატოვა და იტალიაში გადაიხვეწა.

ბალკანური ომებისა და ბერძნების მიერ თესალონიკეზე განხორციელებული შეტევის დროს თურქეთი დატოვა იზაკ კარასუმაც და საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა, გვარი კატალონურ ყაიდაზე ისააკ კარასოდ (Isaac Carasso) გადაიკეთა და ბარსელონაში დაფუძნდა. კარასუ-კარასო ექიმი იყო. პასტერისა და მეჩნიკოვის შრომების გაცნობის შემდეგ და საკუთარ პაციენტებზე დაკვირვების შედეგად, ის რძის პროდუქტების სამკურნალო თვისებებით დაინტერრესდა და ამ მიმართულებით დაიწყო კვლევა. 1919 წელს, როგორც ზემოთ დავწერე, პატარა საწარმოც გახსნა და ბაქტერიული გზით ფერმენტირებული რძის პროდუქტის – იოგურტის წარმოება დაიწყო. სიტყვის წარმომავლობა თურქულია (yoğurt), ხოლო კომპანიას კი სახელი იზაკ კარასუმ ვაჟის, დანიელის (Daniel Carasso) შინაურულად – დანონის საპატივცემულოდ შეურჩია.

  • კატალანზე, წესით, იწერება, როგორც Danon, მაგრამ იმ დროს არსებული სულელური კანონი საკუთარი სახელების სავაჭრო ნიშნებად რეგისტრაციას კრძალავდა, ამის გამო გაჩნდა “e” დასახელების ბოლოს.

დანონი “დანონს” სათავეში 20-იანების ბოლოს ჩაუდგა (მამამისი 1939 წელს გარდაიცვალა). მან მიზნად დაისახა პატარა ევროპული წარმოების მსოფლიო მოთამაშედ გადაქცევა, რაც წარმატებით მოახერხა კიდეც. 1929 წელს მისი ინიციატივით ესპანეთს გარეთ პირველი ფილიალი დაფუძნდა – საფრანგეთში (დანიელი იქ წლების განმავლობაში ცხოვრობდა – მამამ ის ჯერ მარსელის ბიზნეს სკოლაში გააგზავნა სასწავლებლად, მოგვიანებით კი – პასტერის ინსტიტუტში).

მეორე მსოფლიო ომმა “დანონის” ევროპულ ექსპანსიას ხელი შეუშალა. დანიელ კარასომ ბიზნესი ჯერ ნიუ-იორქში გადაიტანა (სადაც ბიზნესმენ ჯო მეცგერთან (Joe Metzger) შეამხანაგდა და Dannon Milk Products Inc. (დღეს – The Dannon Company, Inc.) დააფუძნა), 50-იანების ბოლოდან კი სათაო ოფისი უკვე პარიზშია განალაგა – ესეც წარმატებული მარკეტინგული სვლა იყო – მსოფლიოში საუკეთესო ბაქტეოროლოგიური სკოლა ხომ სწორედ პარიზში მდებარეობს. მიუხედავად ამისა, კომპანიის უდიდეს ბაზრად კვლავ აშშ რჩება, სადაც სამი დიდი ქარხანაა განლაგებული, მათ შორის მსოფლიოში უდიდესი – ოჰაიოს შტატის ქალაქ მინსთერშია, რომელიც წელიწადში სამ მილიონ შეფუთვა იოგურტის პროდუქტს აწარმოებს.

1967 წელს “დანონმა” ჯერ  ყველის  მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია Gervais danone შეიძინა, 1973 წელს კი გაერთიანდა ანთუან რიბუს (Antoine Riboud) შუშის მწარმოებელ კომპანია BSN-თან, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა Groupe Danone (ოფიციალურად ეს სახელწოდება მოგვიანებით, 1994 წელს დაარეგისტრირეს).

მომდევნო წლების ექსპანსიის შედეგად, ჯგუფის პროდუქციის ჩამონათვალი კიდევ უფრო გაიზარდა და დღეს, რძის პროდუქტებთან ერთად, “დანონი” ესაა – რამდენიმე დასახელების მინერალური/წყაროს წყალი (მათ შორის ცნობილი Evian და Volvic), ჩვილთა და ბავშვის საკვები (Koninklijke Numico N.V.) და კიდევ რამდენიმე ახლო აღმოსავლეთელ და აზიელ პარტნიორ კომპანიასთან ერთად დაფუძნებული საწარმო, რომელიც განვითარებად ბაზრებზეა კონცენტრირებული.

ჯგუფის ბრუნვა 20 მილიარდ დოლარს აღემატება.

კომპანიის მართვაში, ჯერ-ჯერობით, მემკვიდრეობითი პრინციპი მოქმედებს – Groupe Danone-ის ამჟამინდელი CEO  ფრანქ რიბუა (ანთუან რიბუს ვაჟი), თუმცა PepsiCo Inc.-მა და საკვები პროდუქტის მწარმოებელმა კიდევ ერთმა ამერიკულმა ვეშაპმა – Kraft Foods Inc.-მა რამდენჯერმე გამართეს მოლაპარაკებები Danone-ის აქციონერებთან კომპანიის შეძენის თაობაზე. ჯერ-ჯერობით ეს მცდელობები წარუმატებლად დასრულდა.

ჯგუფის მიერ არის შექმნილი დამოუკიდებელი “დანონის ინსტიტუტიც” (Dannon Institute), რომელიც ჯანსაღი კვების საკითხებს იკვლევს და ამგვარ კვლევებს აფინანსებს.

“დანონი” და ქართველები

1977 წელს “დანონს” დაუმზადებია რეკლამა, ((მადლობა კახას მისი FB-ზე გაზიარებისთვის… დიახ, ასეა, FB-ზე მარტო მამა ბუასილის კლიპების საყურებლად და შავი მესის ჩასატარებლად კი არ შევდვართ, როგორც ეს ზოგიერთებს გონიათ :))), სადაც ქართველი მხცოვანი ადამიანები მონაწილეობენ. “89 წელის ბაგრატ ტაბაღუას ისე უყვარს “დანონი”, რომ 2 ჭიქა მიირთვა და დედამისი ამით ძალიან გაახარაო.” 🙂 კლიპი საბჭოთა საქართველოშია გადაღებული (როგორც ჩანს, სსრკ-აშშ-ს შორის მორიგი დათბობის შედეგი იყო) და ნაწილია Dannon-ის სარეკლამო კამპანიისა “საბჭოთა საქართველოში” (In Soviet Georgia).

სარეკლამო კამპანიის იდეა ხუან მეცგერს (Juan Metzger) – Danone-ის ამერიკული შვილობილის, The Dannon Company, Inc.-ის CEO-ს ეკუთვნოდა და მას სააგენტო Burson-Marsteller წარმართავდა 1975-1978 წელებში. მისი შემოქმედებითი დირექტორი ფითერ ლუბალინი (Peter Lubalin) იყო.

“საბჭოთა საქართველოში” გასული საუკუნის 100 უდიდეს სარეკლამო კამპანიას შორისაა დასახელებული რამდენიმე ავტორიტეტული გამოცემის მიერ.

რა თქმა უნდა, დღევანდელ რეკლამებთან შედარებით, სადაც “კრეატივიზმი”, სპეც-ეფექტები და კომპიუტერული გრაფიკა მძვინვარებს, ლუბალინის შემოქმედება მოკრძალებულად გამოიყურება, მაგრამ მან წარმატებით გაართვა თავი დასახულ ამოცანას – ერთმანეთს დაუკავშირა კარგი ჯანი, დღეგრძელი სიცოცხლე და კონკრეტული პროდუქტი. როგორც იტყვიან, ყველაფერი გენიალური – მარტივია.

danone 2 დავამატებ, რომ დანიელ კარასო თავად იყო მის მიერ წარმოებული იოგურტის ცოცხალი რეკლამა. ის არაჩვეულებრივი ენერგიითა და ჯანმრთელობით გამოირჩეოდა და წელს – 103 (!) წლის ასაკში გარდაიცვალა. ანთუან რიბუმ კი 83 წელი იცოცხლა, თუმცა ის, როგორც ვთქვი, კომპანიას გვიან შეუერთდა და, ჩანს, იოგურტის ჭამაც მოგვიანებით დაიწყო. 🙂

ასე რომ, მიირთვით იოგურტი და აჯობეთ დანიელ კარასოსა და ბაგრატ ტაბაღუას.

დანონი და ბოლშევიკები

  • ბევრმა იცით ალბათ, არის ეგეთი რუსული საწარმო Большевик. ის მოსკოვში ფრანგმა მეწარმემ ადოლფ სიუმ დააფუძნა 1855 წელს და “А. Сиу и Ко” დაარქვა. დიდი ოქტომბრის სახელოვანი რევოლუციის შემდეგ, ბოლშევიკებმა, ცხადია, ფაბრიკა მფლობელებს ჩამოართვეს და სახელიც “ბოლშევიკ”-ად გადაუკეთეს (საინტერესოა, რომ საწარმოს ნაციონალიზაციის დეკრეტს ლენინი პირადად აწერდა ხელს. ამხელა ქვეყნის ბელადმა გაქანებული სამოქალაქო ომის დროს ამისთვისაც მოიცალა – ეტყობა ტკბილეული ნამეტნავად უყვარდა ცხონებულს).  1997 წელს ფაბრიკა კვლავ ფრანგების ხელში გადავიდა – ის “დანონმა” შეიძინა და სახელის გადარქმევა მოუნდომა, მაგრამ ფაბრიკის თანამშრომლები აუჯანყდნენ – “ბოლშევიკი” ბრენდია და ხელი არ ახლოთო, ჰოდა დარჩა ასე, წინ ახალი მფლობელის დასახელებაც ჩაემატა და ძალიან კომიკური სიმბიოზი გამოვიდა: “ბოლშევიკი დანონი” – Данон-Большевик. 🙂

მოგვიანებით Danone-მა რუსული ფაბრიკა Kraft Foods Inc.-ს მიყიდა. მისი ამჟამინდელი ლოგოც ძალიან სასაცილოდ  გამოიყურება. დაფუძნების წელი რომ მიახატეს ამაყად – 1855 წელს სულ ბოლშევიკების აშენებულია რა, ილიჩი უჭყავით! ეს იმ ამბავსა გავს, ერთ ჩვენ მეზობელ ქალაქში ძველ პოსტამენტებზე ახალ ქანდაკებებს რომ დგამენ და ამოკვეთილ წელს კი უცვლელად ტოვებენ.
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

4 thoughts on “ბაგრატ ტაბაღუა და იოგურტი, სახელად დანიელი”

  1. ვაიმეეეეეეეეეეე
    კლიპზე დავიშოკე
    ფაფახიანი და ქართულზმანიანი …
    ძალიან მაგარია, ეროვნულმა სიამაყემ გაიღვიძა ჩემში 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: