ვინი პუჰი და სხვა დანარჩენნი

extra_72357_01 წინა პოსტში ვწერდი, რომ 2009 წლის 5 ოქტომბერს, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში გამოიცა ინგლისელი მწერლის დეივიდ ბენედიქთუსის (David Benedictus) წიგნი – “დაბრუნება მოჯადოებულ ტყეში” (“ასი აკრის ტყეში დაბრუნება” – Return to the Hundred Acre Wood), რომელშიც ვინი პუჰისა და მისი მეგობრების ახალი თავგადასავლებია აღწერილი. მათი ძველი თავგადასავლები კი პირველად 1926 წელს გამოიცა. წიგნს ეწოდებოდა “ვინი პუჰი” (Winnie-the-Pooh) და მისი ავტორი გენიალური ინგლისელი მწერალი ალან ალექსანდერ (ანუ, როგორც მას უწოდებენ – ეი. ეი.) მილნი იყო (A. A. (Alan Alexander) Milne). ორი წლის შემდეგ მან გამოსცა ისტორიების მეორე ნაწილი, “სახლი პუჰის მხარეს” (The House at Pooh Corner), ამდენად, ვინი პუჰის თავგადასავლები ორწიგნეულია, 10-10 მოთხრობით. თითო მოთხრობა ერთ დასრულებულ ისტორიას წარმოადგენს.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ თავად პუჰი წიგნის ფურცლებზე კიდევ უფრო ადრე  გამოჩნდა… ოღონდ – ილუსტრაციის სახით. 1924 წელს გამოცემულ მილნის ლექსების კრებულში შესულია პოემა სათამაშო დათუნიის შესახებ. სახელი მას არ აქვს, მაგრამ ერნესთ შეფარდის (Ernest Howard Shepard) ილუსტრაციაში ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ვინი პუჰი.

  • თითქმის ყველა პერსონაჟს, ასე ვთქვათ, პროტოტიპი ჰყავს მწერლის შვილის, ქრისთოფერ რობინის სათამაშოების სახით (როგორც გახსოვთ, თავად ქრისთოფერ რობინიც წიგნის ერთ-ერთი მთავარი გმირია). მოგვიანებით, 1947 წელს ეს საათამაშოები ეი ეი მილნმა მის მეგობარსა და ამერიკელ გამომცემელს E. P. Dutton-ის საგამომცემლო სახლის პრეზიდენტს, ელიოთ მაქრის აჩუქა, რომელმაც  ისინი ამერიკაში ჩააბრძანა და პირველად გამოფინა საჯაროდ ნიუ იორქში. შემდეგ მათ გამომცემლობა Dutton-ში დაიდეს ბინა, 1987 წლიდან კი, უკვე ქრისთოფერ რობინ მილნის ნებართვით, მუდმივი ექსპოზიციის სახით ბრძანდებიან ნიუ-იორქის საჯარო ბიბლიოთეკაში (The New York Public Library). იქ ვერ ნახავთ მხოლოდ რუს, რომელიც ქრისთოფერ რობინმა დაკარგა და ბუსა და კურდღელს, რომლებსაც თავიანთი პროტოტიპი სათამაშო არ ჰყოლიათ (სწორედ ამიტომაა, რომ ერთ-ერთ ისტორიაში კურდღელი ბუს მიმართავს და ეუბნება: “შენ და მე თავში ტვინი გვაქვს, ყველა დანარჩენს კი – მხოლოდ ბუმბული” :))

HarryColebourneWinnie დათვის ბელი ვინი (ვინიფეგი) კანადის არმიის ვეტერინარული კორპუსის ლეიტენანტმა ჰარი ქოულბურნმა მონადირისგან შეიძინა 1914 წელს. როდესაც სამხედრო შენაერთი საფრანგეთში გასდაისროლეს, ქოულბურნმა ბელი ლონდონის ზოოპარკს მიაბარა. 1924 წელს ეი ეი მილნმა 4 წლის ქრისთოფერ რობინი პირველად მიიყვანა ზოოპარკში, სადაც ბიჭს ყველაზე მეტად სწორედ დათვი ვინი მოეწონა. მოგვიანებით, ეს სახელი დაარქვა მან თავის სათამაშო დათუნიასაც, რომელსაც მანამდე ედუარდი (Edward Bear) ერქვა. (ისე, ჩვენს ექს-პრეზიდენტსაც ედუარდი ერქვა ადრე და მოგვიანებით გიორგი დაარქვეს. :)) რაც შეეხება პუჰს, ასე ერქვა გედს, რომელიც მილნების მეგობრების ტბაში ბინადრობდა. ამ ორი სახელის გაერთიანებაა ვინი პუჰიც. თავად მილნი ასე ამბობს: winnie“მისი თათები მოუქნელი იყო, ჰოდა, როდესაც ფუტკარი ცხვირზე დააჯდებოდა – რაღაცნაირად ხომ უნდა მოეგერიებინა… ამიტომაც, სულს უბერავდა ხოლმე… მე ვფიქრობ, თუმცა დარწმუნებით ვერ ვიტყვი, მაგრამ, ვფიქრობ, სწორედ ამ ამოქშენის გამო შეარქვეს  მას პუჰი”. ვინის პროტოტიპ დათუნია ვინიფეგს ძეგლიც კი დაუდგეს ვინიფეგისა და ლონდონის ზოოპარკებში.

1930 წელს ცნობილმა პროდიუსერმა სთივენ შლეზინგერმა მილნისგან შეისყიდა უფლებები აშშ-სა და კანადის ტერიტორიაზე ვინი პუჰის ნაწარმოებებისა და პერსონაჟების კომერციულ გამოყენებაზე. კერძოდ, მან პირველმა გამოსცა წიგნის აუდიო-ვერსია ფირფიტებზე, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა. 1961 წელს კი შლეზინგერის ქვრივმა უფლებები კომპანია The Walt Disney Company-ს მიჰყიდა – ვინი პუჰის ეკრანზე გადატანა უოლთ დიზნის (ასე ჟღერს ამ გენიოსი ადამიანის გვარი და არა, როგორც რუსები უძახიან და ჩვენც დაგვასწავლეს – დისნეი) მისმა ქალიშვილებმა სთხოვეს.

აქედან მოყოლებული, გაჩნდა ანიმაციური სერიალი, სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმები, სატელევიზიო შოუები, სპექტაკლები, ვიდეო-თამაშები, საბავშვო ტანსაცმელი, აქსესუარები, სათამაშოები და მრავალი სხვა.

უცნაურია, მაგრამ ისე მოხდა, რომ სამშობლოში (ინგლისი) და სხვა არასაბჭოთა ქვეყნებში ვინი პუჰი და მისი მეგობრები ჩვეულებრივ, ბავშვებში უფრო იყო პოპულარული და ალან მილნის საბავშვო წიგნს უფროსებისგან ამხელა გაფეტიშება და პერსონაჟებთან თვითიდენტიფიკაცია არ მოჰყოლია. (“ცხელი შოკოლადი”)

ეს ჟურნალ “ცხელ შოკოლადში” (ლინკი ინტერნეტ-ბლოგზე) წიგნის ახალი ქართული გამოცემის სარეცენზიო წერილში წერია.

ახლა თავად განსაჯეთ, გაფეტიშებულია (ისე, ეს სიტყვა ძალიან არ მომწონს) თუ არა ვინი პუჰი უფროსებს შორის არა-საბჭოთა ქვეყნებში:

მილნის ნაწარმოები მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნია – მხოლოდ ინგლისურენოვანი გამოცემის ტირაჟმა 70 მილიონ ეკზემპლიარს გადააჭარბა. გარდა ამისა, ნაწარმოები თარგმნილია 25 ენაზე, მათ შორის ლათინურზეც – Winnie ille Pu პირველად 1958 წელს გამოვიდა და ორი წლის შემდეგ, The New York Times-ის ყოველკვირეული დამატების, The New York Times Book Review-ს ბესთსელერთა სიაში (New York Times Best Seller list) მოხვდა. Winnie ille Pu პირველი არაინგლსურენოვანი წიგნია, რომელსაც ამ სიაში მოხვედრის პატივი ერგო და ერთადერთი ლათინურენოვანი წიგნი, ვიდრე ამ სიის პირველად შედგენის დღიდან -1896 წლის 10 ოქტომბრიდან – დღემდე.

ბუნებრივია, ლათინურ გამოცემას, პირველ ყოვლისა, საკოლექციო დანიშნულება აქვს – ძველ რომაელთა ენაზე მისი წამკითხავი, ვფიქრობ, ბევრი არაა. თავად მთარგმნელის – უნგრელი ლათინისტის, მწერლისა და მუსიკოსის ლენარდ შანდორის (იგივე ალექსანდერ ლენარდის) განმარტებით, მისი სურვილი იყო თანამედროვე კლასიკური ნაწამოების კლასიკურ ლიტერატურულ ენაზე ამეტყველება.

2006 წელს ჰოლივუდის ვარსკვლავების ხეივანში ვინი პუჰს ვარსკვლავი გაუხსნეს.

მას მიუძღვნეს რამდენიმე მუსიკალური ნაწარმოები.

1984 წლიდან მართავენ მსოფლიო ჩემპიონატს Poohsticks-ში. მოთამაშეები მდინარის დინების საწინააღმდეგოდ ხიდიდან აგდებენ ჩხირებს და გამარჯვებული ისაა, ვის ჩხირსაც დინება პირველს გამოატარებს ხიდქვეშ და მეორე მხარეს გამოიტანს. თამაშის წესები ვინი პუჰმა მოიგონა, რაც  ისტორიების მეორე კრებულის (“სახლი პუჰის მხარეს”) მეექვსე მოთხრობაშია (“რომელშიც პუჰი ახალ თამაშს იგონებს და იო-იო მხარს უბამს”) აღწერილი.

ვინი პუჰისა და მისი მეგობრების სახელობის ქუჩები მსოფლიოს რამდენიმე ქალაქშია.

90-იანების ბოლოს, ვინი პუჰი პოლიტიკური დავის საგნადაც იქცა – ინგლისელმა პარლამენტარებმა მისი სამშობლოში დაბრუნება მოითხოვეს (იგულისხმება ნიუ იორქის საჯარო ბიბლიოთეკაში გამოფენილი სათამაშოები). ლეიბორისტმა Original Winnie the Pooh toysდეპუტატმა გუინეთ დანვუდიმ  განაცხადა, რომ პუჰი და მისი მეგობრები ინგლისური კულტურის საგანძურია და მათ შინ დაბრუნება სურთ. “მე ვიხილე ისინი, – განაცხადა დეპუტატმა, – და, უნდა გითხრათ, რომ ძალიან უბედურნი მეჩვენენ. რა გასაკვირია – ამდენი წელია უცხო ქვეყანაში იმყოფებიან.” მაგრამ გაზეთ “New York Times”-ის ცნობით,  ნიუ-იორქის მაშინდელი გუბერნატორი ჯორჯ ფათაქი  ქალაქის მაცხოვრებლებს ვინი პუჰის დაცვას დაჰპირებია და უთქვამს, რომ სათამაშოების დათმობას არ აპირებს და რომ “ყველაფერს გააკეთებს, მათ შესანარჩუნებლად”. ნიუ იორქის მაშინდელი მერი რუდოლფ ჯულიანი კი საგანგებოდ მისულა მუზეუმში ვინი პუჰის მოსანახულებლად და განუცხადებია:  “ქალბატონ დანვუდის, ალბათ, ისევ კოლონია ვგონივართ, მაგრამ ჩვენ კარგა ხანია, თავი დავიხსენით.”

  • ზოგს, ალბათ, “სოიუზმულტფილმის” მიერ გადაღებული მულტფილმებიც ახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ვინი პუჰი შეფარდის ორიგინალური ილუსტრაციისგან გარეგნობით რადიკალურად განსხვავდება, ხასიათითა და ქცევით, ვფიქრობ, მაინც ჰგავს მილნის პერსონაჟს, ამასთან, შესანიშნავადაა გახმოვანებული ევგენი ლეონოვის მიერ და ძალიან ხალისიანად გამოიყურება.
  • საბჭოთა მულტიპლიკაციური ვინი პუჰი პირველად 1969 წელს გამოჩნდა, წიგნის ბორის ზახოდერისეული (თავისუფალი საავტორო) თარგმანი კი 1960 წელს გამოსცეს, თუმცა – შეკვეცილი სახით (პირველი ტომის მე-10 თავი თითქმის მთლიანადაა შეკვეცილი, მეორე ტომის მე-3 თავი კი საერთოდ ამოჭრეს), კომიკურია, მაგრამ წიგნის გამოცემა საერთოდაც კითხვის ქვეშ იყო, ვინაიდან, თავდაპირველად, საბჭოთა ცენზორებმა ის დაიწუნეს და თაროზე შემოდეს, როგორც “ამერიკული” (!) და “იდეოლოგიურად მავნე”. :):)
  • მთლიანობაში, ვინი პუჰი ყველაზე “მდიდარია” გამოგონილ პერსონაჟთა შორის. მისი (უფრო ზუსტად კი, მისი წყალობით The Walt Disney Company-ს) შემოსავალი ყოველწლიურად 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ეს უფრო მეტია, ვიდრე მიქი მაუსი, დონალდ დაქი, გუფი და ფლუთო ერთობლივი ძალებით “ახერხებენ”.
  • გასაკვირი არაა, რომ ამ ყველაფერს სასამართლო დავებიც სდევს თან. სთივენ შლეზინგერის მეუღლე და კომპანია Stephen Slesinger Inc. მთელი წლის განმავლობაში ედავებოდა ვინი პუჰისთვის The Walt Disney Company-ს და ეი ეი მილნის შვილიშვილსა და ქრისთოფერ რობინის ქალიშვილს, ქლერ მილნს. საბოლოო ჯამში უფლებები კვლავ The Walt Disney Company-მ შეინარჩუნა.

უნდა ითქვას, რომ ეი ეი მილნი 1924 წლამდეც უკვე კარგად ცნობილი მწერალი იყო, მისი პიესებს ლონდონისა და სხვა ქალაქების თეატრის სცენაზე დგამდნენ, თუმცა “ვინი პუჰის” გამოცემისთანავე და სამუდამოდ ამ დათუნიას თავგადასავლების ავტორად იქცა.

ქრისთოფერ რობინ მილნიც მთელი ცხოვრება “სწორედ იმ” ვინი პუჰის მეგობარ ქრისთოფერ რობინად დარჩა და პუჰის ფანების მხრიდან მუდმივი ყურადღება მას ერთობ უხერხულ მდგომარეობაშიც აგდებდა.

მხოლოდ შვედეთის აკადემიის წევრთა ტრადიციული სნობიზმია დამნაშავე იმაში, რომ ეი ეი მილნს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია არ აქვს. თუ არ ვცდები და არა მგონია, ვცდებოდე – არც ერთ “საბავშვო” მწერალს ეს პრემია არ მიუღია, თუმცა უდავოდ დაუმსახურებია –  ვთქვათ – ასთრიდ ლინდგრენს (რა თქმა უნდა, რადიარდ ქიფლინგი და ბავშვობაში  ჩემი კიდევ ერთი საყვარელი წიგნის “ნილს ჰოლგერსონის არაჩვეულებრივი მოგზაურობა შვედეთში” ავტორი, სელმა ლაგერლოფი ნობელიანტები არიან, მაგრამ პრემია მათ მაინც “სადიდო” ნაწარმოებებისთვის მიანიჭეს).

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

5 thoughts on “ვინი პუჰი და სხვა დანარჩენნი”

  1. შენ წარმოიდგინე არ ვიცოდი. ფარდის მიღმა რაღაცების ძებნა მეზარება ხოლმე, იმდენად რომ ხანდახან საყვარელი მუსიკალური ჯგუფების წევრების სახელებიც კი არ ვიცი, მარტო პროდუქტით ვტკბები : ))

    ნამდვილი ვინი რა კარგი ტიპი ყოფილა : )

    Like

  2. მეც მეზარება. 🙂 მაგრამ როცა პოსტს ვცერ, ვცდილობ ნამუსიანად დავწერო. 🙂 და ბევრ ახალ რამეს ვიგებ ხოლმე. იგივე ჩეშირელ კატაზე იმდენი ახალი რამე გავიგე, სანამ პოსტს ვამზადებდი, არადა, ძალიან მიყვარს ეგ პერსონაჟი და რაღაცეები ადრეც ვიცოდი, თითქოს.

    თან აღმოვაჩინე რომ ვინიზე პოსტს ბავშვები კითხულობენ… მე რომ მკითხო, არაა ლამაზი ვინი პუჰის ავტორი ვინაა ბავშმა ჩემი პოსტიდან გაიგოს, მაგრამ სულ არაფრობას ეგეც საქმეა. 🙂 ერთი კეთილი საქმე მაინც მიმეთვლება.

    Like

  3. ჰოო ახალ თემას რომ ვიღებ მერე მეც ბევრ რამეს ვიგებ ხოლმე, ამ კუთხით წერა ძალიან სასარგებლოა : )
    ენციკლოპედიებში ქექვას ბავშვებმა ბლოგები იკითხონ არ ჯობია? : ) ოღონდ ეგაა ჩემს ლურსმანას დღევანდელი ბავშვები არ კითხულობენ 😦 :))

    Like

  4. ენციკლოპედიას კი რა თქმა უნდა ბლოგი სჯობს, მაგრამ ორიგინალ ნაწარმოებს არ ჯობს ბლოგი.
    მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგი აზრისა ვარ საკუთარ ნაწერებზე, ნაგლობა მაინც არ მყოფნის მილნს ამოვუდგე გვერდით. 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: