The Talented Mr. from Ripley (part1)

It was stumbling on to really the bible of the blues, you know, and a very powerful drug to be introduced to us and I absorbed it totally, and it changed my complete outlook on music.
Eric Clapton

eric-clapton-20040423-909 ერიქ ქლეფთონი/Eric Patrick Clapton, ერთ-ერთი უდიდესი ბლუზმენი, გენიალური გიტარისტი, მომღერალი, კომპოზიტორი, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერი – კომანდორი, როკ ენ როლის დიდების დარბაზის სამგზის წევრი და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი 1945 წლის 30 მარტს დაიბადა ინგლისის სარის საგრაფოს სოფელ რიპლიში.

მამამისი კანადელი სამხედრო იყო მონრეალიდან, რომელიც ომის დამთავრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. ქლეფთონი – დედის გვარია, მამის გვარია ფრაიერი (Fryer). ბიჭის აღზრდა ბებიამ და ბაბუამ (უფრო ზუსტი თუ ვიქნებით – ბაბიის მეორე მეუღლემ – ერიქის დედის მამინაცვალმა) ითავეს, მით უმეტეს, რომ დედამისმა კიდევ ერთი კანადელი ჯარისკაცი გაიცნო, რომელიც პირველის კვალად სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ, ამჯერად – ერიქის დედასთან ერთად. ამ ქორწინებიდან მას კიდევ სამი შვილი შეეძინა – ასე რომ, ერიქ ქლეფთონს ორი ნახევარდა ჰყავს და ჰყავდა ნახევარძმაც, რომელიც ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

ქლეფთონის დედის მოგონებებიდან ცნობილია, რომ ერიქის კანადელი მამა ფორტეპიანოზე უკრავდა და ინგლისში ყოფნისას სარის სხვადასხვა კლუბშიც კი გამოდიოდა. ფორტეპიანოზე უკრავდა ერიქის აღმზრდელი ბაბუაც. გასაკვირი არ არის, რომ ბიჭიც ბავშვობიდან იყო გატაცებული მუსიკით, მეტადრე კი –  ბლუზით, მაგრამ როდესაც 13 წლისამ დაბადების დღეზე საჩუქრად ჰოიერის (Hoyer) აკუსტიკური გიტარა მიიღო, ამან კინაღამ შეიწირა მისი მომავალი მუსიკალური კარიერა – ერიქი ვერაფრით შეეწყო ინსტრუმენტს და ძალიან გაუჭირდა მასზე დაკვრა – ფოლადის სიმებისგან თითები  სულ დასისხლიანებული ჰქონდა, მაგრამ მუსიკის სიყვარულმა და დაკვრის ჟინმა ბოლოს მაინც თავისი გაიტანა.

სკოლის დამთავრების შემდეგ, მან ქინგსთონის ხელოვნების კოლეჯში განაგრძო სწავლა, საიდანაც პირველივე წელს გარიცხეს, ვინაიდან სწავლაზე მეტად ბლუზი იტაცებდა. ქლეფთონს დიდად არ უნაღვლია – 17 წლისამ თავისი პირველი ჯგუფი შეკრა, სახელად The Roosters და რიჩმონდის, ქინგსთონის და ლონდონის ქუჩებში დაიწყო დაკვრა.

1963 წელს ის აიყვანეს ჯგუფ The Yardbirds-ში.

  • The Yardbirds – 1962 წელს დაარსებული ლონდონური რიტმ’ენ’ბლუზის კვარტეტი  შიქაგოური ბლუზის – განსაკუთრებით, სონი ბოი უილიამსონ II-ის, მადი უოთერსის, ჰოულინ ვულფისა და ელმორ ჯეიმსის შემოქმედების დიდ გავლენას განიცდიდა. ჯგუფი იმითაცაა გამორჩეული, რომ იქ სხვადასხვა დროს სამმა დიდმა გიტარისტმა – ერიქ ქლეფთონმა, ჯეფ ბექმა და ჯიმი ფეიჯმა დაიწყო კარიერა.

“იარდბერდსი” სონი ბოი უილიამსონ II-ემ თავის ბრიტანულ-გერმანულ კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია (სხვათა შორის, მეორე მიწვეული ჯგუფი იყო ლეგენდარული The Animals). ამ გასტროლების შედეგად, 1965 წელს გამოიცა მათი ერთობლივი ალბომიც (ჩაწერილია 1963 დეკემბერში)… თუმცა, თავად ამერიკელი მუსიკოსის შეფასება ირონიული იყო – “ამ ინგლისელ ბიჭებს ისე საშინლად სურთ ბლუზის დაკვრა… მაგრამ ისინი ისე საშინლად უკრავენ ბლუზს”, – უთქვამს სონი ბოის ინგლისურ ჯგუფებზე: “იარდბერდს”, “ენიმალს” და, ასე განსაჯეთ და, “როლინგ სთოუნს” 🙂

1965 წელს ქლეფთონმა დატოვა “იარბერდს” და ჯგუფ John Mayall & the Bluesbreakers შეუერთდა. ჯგუფის ლიდერი ვეტერანი ინგლისელი ბლუზის გიტარისტი ჯონ მეიოლი იყო (სხვათა შორის, მოგვიანებით ბრიტანეთის დედოფალმა ისიც დააჯილდოვა ბრიტანეთის იმპერიის ორდენით).

god

ქლეფთონი – ღმერთია” – ასეთი წარწერა გააკეთა 1966 წელს მისმა თაყვანისმცემელმა ლონდონის მეტროს სადგურ Islington Tube-ის კედელზე, მოგვიანებით, ის ფოტოზეც აღიბეჭდა და როკ-მისიკასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ყველზე ცნობილ გამოსახულებად იქცა.

თუმცა, თავად მუსიკოსი ამგვარი შედარების გამო თავს უხერხულად გრძნობდა. 2003 წელს რადიოსადგურ PRI-სთან (საერთაშორისო საზოგადოებრივი რადიო – Public Radio International) ინტერვიუს დროს მან აღნიშნა: “ფოტოზე ხედავთ ძაღლს, რომელიც კედელს აშარდავს… ის  [წარწერის მიმართ] ჩემს დამოკიდებულებასაც გამოხატავს”.

  • სხვათა შორის, იმავე 1966 წლის 4 მარტს  ჯონ ლენონმა გაზეთ Evening Standard-ს განუცხადა: “დღეს ჩვენ (ანუ ჯგუფი “ბითლზ”) ისეოზე უფრო პოპულარულები ვართო…”

1966 წელს ერიქ ქლეფთონმა ჩამოაყალიბა Cream, რომელიც ერთ-ერთი საკულტო ჯგუფია ბლუზისა და როკის ისტორიაში. მათი დებიუტი უინძორის ჯაზისა და ბლუზის ეროვნულ ფესტივალზე (National Jazz and Blues Festival) შედგა. ამ დროისთვის ქლეფთონი უკვე სარგებლობდა ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გიტარისტის რეპუტაციით. აღსანიშნავია, რომ 1966 წელის 1 ოქტომბერს, ლონდონის პოლიტექნიკური ინსტიტუტის (ამჟამად – უესტმინსტერის უნივერსიტეტი) დარბაზში გამართულ კონცერტზე, საგანგებოდ მის მოსასმენად ჯიმი ჰენდრიქსიც მოვიდა.

1967 წელს ქლეფთონი ჯგუფთან ერთად ეწვია აშშ-ს. იქ გამოცემულმა სინგლებმა Sunshine of Your Love და “White Room” ბილბორდის ჩარტებში (Billboard Hot 100) შესაბამისად მე-5 და მე-6 ადგილი მოიპოვა. მაგრამ, მიუხედავად წარმატებისა, ჯგუფი მალე დაიშალა. ამის მიზეზი ბას-გიტარისტ ჯექ ბრიუსსა და დრამერ ჯინჯერ ბეიქერს შორის დაძაბული ურთიერთობები იყო. ლოს ანჯელესის ფორუმში ჩაწერილი 1968 წლის ლაივი Goodbye (ანუ – ნახვამდის) მომდევნო წელს, უკვე “ქრიმის” დაშლის შემდეგ გამოიცა. ამ ალბომში შესულია სიმღერა Badge, რომელიც ჯორჯ ჰარისონს ეკუთვნის და ჩანაწერში, როგორც ჩვენში უძახიან – “ექს-ბიტლის”  რიტმ-გიტარის ხმაც ისმის.

ქლეფთონმა ჰარისონს ვალი იმავე წელს გაუსტუმრა – როდესაც  While My Guitar Gently Weeps ჩაწერაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა, ის უფრო შორსაც წავიდა და მეგობრის ცოლ-ქმრული ხუნდებისგან დახსნაც განიზრახა :).pattieboyd

უნდა ითქვას, რომ ქლეფთონი მეგობრის ცოლის, მოდელ ფეთი ბოიდის (Patricia  Anne “Pattie” Boyd) “ახევის” საქმეს სტრატეგიულად მოუდგა – ჯერ ფეთის დას, ფაულას გაუმიჯნურდა და მისი მეშვეობით ფეთი ბოიდსაც გაუშინაურდა.

თავდაპირველად, ფეთი ბოიდი გაურბოდა ბლუზმენთან ურთიერთობებს. მისი უარი (და ჯიმი ჰენდრიქსის უცაბედი სიკვდილი) ქლეფთონის რამდენიმეწლიანი დეპრესიისა და ალკოჰოლიზმის მიზეზი გახდა. მაგრამ ბოლოს მუსიკოსმა თავისი გაიტანა – და ყველაფერი სკანდალით, ჰარისონთან ჩხუბით, ერთი განქორწინებითა და ერთი ქორწინებით დასრულდა.

ერიქმა და ფეთიმ 1979 წელს იქორწინეს. ოფიციალურმა ქორწინებამ თითქმის 10 წელი გასტანა, თუმცა მეუღლეები რეალურად უფრო ადრე – 1985 წელს  დაშორდნენ ერთმანეთს. ამის მიზეზი  თაყვანისმცემელ ქალბატონებთან ქლეფთონის მრავალრიცხოვანი შემთხვევითი თუ მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობები გახდა, საიდანაც მას, სხვათა შორის, ორი შვილიც ჰყავს.

დღეს ფეთი ბოიდი რინგო სთარის მეუღლესთან, მსახიობ ბარბარა ბახთან ერთად საქველმოქმედო ფონდს განაგებს და აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწევა. ხშირად ჩნდება სხვადასხვა ღონისძიებებსა და კონცერტებზე, განსაკუთრებით, მეგობრებთან –  მიქ ჯაგერსა და ქით რიჩერდსთან ერთად. ყოფილ მეუღლესთან ის “ცივ, მაგრამ მშვიდ” ურთიერთობებს ინარჩუნებს.

  • ფეთი ბოიდი როკის ისტორიაში, ალბათ, ყველაზე ცნობილი და “ნაყოფიერი” 🙂 მუზაა – ის რამდენიმე ძალიან კარგი სიმღერის შთაგონებად იქცა – მათ შორის მისი პირველი ქმრის “Something” (ალბომიდან “Abbey Road”), For You Blue (ალბომიდან Let It Be), What Is Life (ალბომიდან All Things Must Pass) და მეორე ქმრის Layla, Bell Bottom Blues (ალბომიდან Layla and Other Assorted Love Songs, 1970 ), Wonderful Tonight (ალბომიდან Slowhand, 1977).
  • სხვათა შორის, ფრენქ სინათრამ Something შეაფასა, როგორც “უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში დაწერილი საუკეთესი სასიყვარულო სიმღერა”, თუმცა ეს უკვე სულ სხვა თემაა…

“ქრიმის” დაშლის შემდეგ, ქლეფთონმა რამდენიმე კონცერტსა და ალბომის ჩაწერაში მიიღო მონაწილეობა: ჯინჯერ ბეიკერთან ერთად ჩამოყალიბებულ Blind Faith-თან, ცოლ-ქმარ დელანი და ბონი ბრამლეთის Delaney, Bonnie & Friends-თან, იოკო ონოსა და შონ ლენონის Plastic Ono Band-თან… ასევე ბილი ფრესთონთან, ჯორჯ ჰარისონთან და რინგო სთართან.

1970 წელს დელანი ბრამლეთის პროდიუსერობით ქლეფთონმა გამოსცა სინგლი After Midnight ჯეი ჯეი ქეილის ამ გენიალური სიმღერით. ბარემ, აქვე ვთქვათ, რომ მოგვიანებით მან ასევე ჩაწერა ჯეი ჯეი ქეილის კიდევ ერთი კომპოზიცია – Cocaine (შესულია ზემოთ უკვე ნახსენებ ალბომში Slowhand).
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

იხილე სტატიის გაგრძელება

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: