საუბარი, რა თქმა უნდა, მსოფლიო მოდაში ამერიკის შენაწირზეა და, პირველ რიგში, ეჭვგარეშეა, ჯინსის შარვალი უნდა დავასახელოთ.
1. ლურჯი ფერის ხუთჯიბიანი ჯინსის შარვალი მეტალის მოქლონებით – ამერიკული კლასიკა, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო.
დღეს ჯინსის შარვალი დედამიწის ზურგზე, უდავოდ, ყველაზე პოპულარული casual სტილის ტანსაცმელია, რომელსაც მსოფლიოს ყველა წერტილში შეხვდებით. ის ნებისმიერი ასაკის, სქესის, რასის, პოლიტიკური გემოვნებისა თუ რელიგიური აღმსარებლობის ადამიანს აერთიანებს. მეტიც, ყოველდღიური ცხოვრებიდან მან უკვე პოდიუმებზეც ააბიჯა (ამ საქმეშიც, გასაკვირი არაა, ამერიკელი დიზაინერები იყვნენ პირველები –კერძოდ კი ქელვინ ქლაინი, რომელმაც 1978 წელს შექმნა ჯინსის შარვლების საავტორო კოლექცია).
2. რბილი ბამბის ხაკის შარვალი, რომელზედაც მოდა კვლავ Levi Strauss & Co. (Dockers-მა) დაამკვიდრა. მოხერხებული და ელეგანტური სამოსი შედარებით მოწიფული ასაკის აქტიური და წარმატებული ადამიანებისთვის. დღეს “დოქერსის” ხაკის ერთნაირად შეხვდებით ბარებსა და ოფისებში, პიკნიკებსა და რესტორნებში. საშუალოდ, 25-50 წლის 10-დან 8 მამაკაცის გარდერობში ნახავთ “დოქერსის” ხაკის შარვალს.
3. ბამბის ოქსფორდული პერანგი საყელოზე ღილებით (ე.წ.Button-down shirt), რომელიც 1896 წელს ჯონ ბრუქსმა გამოიგონა და ნამდვილი გადატრიალება მოახდინა მოდის ისტორიაში. აგერ უკვე საუკუნეზე მეტი ხანი გავიდა მას შემდეგ და ძნელია წარმოიდგინო მამაკაცის გარდერობი, ამგვარი პერანგის გარეშე.
4. სპორტული ფეხსაცმელი. 1892 წელს ამერიკელმა მეწარმემ ჯორჯ უოთქინსონმა (George Watkinson) შექმნა სპეციალურად კალათბურთის სათამაშო პირველი ფეხსაცმელი და დაიწყო მისი წარმოება საკუთარ კომპანია Colchester Rubber Co.-ში.
50-იან წლებში ამ ტიპის ფეხსაცმელი საბოლოოდ გაცდა სტადიონებსა და მოედნებს და ყოველდღიური მოდის ნაწილად იქცა. 1957 წელს აშშ-ში 600 მილიონი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი გაიყიდა. ზედმეტიც კია იმაზე საუბარი, რომ არაფერი ამაზე უფრო მოხერხებული და კომფორტული ადამიანის ტერფებსა და კოჭებს არ უნახავთ 🙂
ამერიკულ (და ზოგჯერ – ევროპულ) ოფისებში შეხვდებით კოსტიუმში გამოწყობილ, ჰალსტუხშემოჭერილ სპორტულ ფეხსაცმლიან მამაკაცებს… პირადად მე ჩაცმის ეს სტილი მეტისმეტად ეკლექტიკურად და კომიკურადაც კი მეჩვენება.
სპორტული ფეხსაცმელი შესანიშნავია ჯინსთან, ზოგიერთი სახის ქურთუკთან, პოლოსთან, როლინგთან, კარდიგანთან და რასთანაც გნებავთ იმასთან, მაგრამ არა ჰალსტუხთან და მით უფრო არა და კიდევ არა და კიდევ მრავალჯერ არა – კოსტიუმთან.
5. კურტაკი-ბომბერი (ე.წ. “პილოტკა”, როგორც ჩვენში უწოდებენ) – ტყავის ელვით შესაკრავი მოკლე (წელამდე) კურტაკი, ბეწვით დათბილული ან ბეწვის გარეშე, რომლის წარმოებაც ჯერ კიდევ 1917 წელს დაიწყო აშშ არმიის საავიაციო ტანსაცმლის სამმართველომ (Aviation Clothing Board), ხოლო ლოს ანჯელესელმა პარაშუტისტმა და მეწარმემ ლესლი ირვინმა პირველმა გამოიყენა ცხვრის ტყავი ბომბერის შესაკერად. მის მიერ 1926 წელს ინგლისში დაფუძნებული ფაბრიკა მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში აწვდიდა კურტაკებს დიდი ბრიტანეთის სამეფო ავია-ფლოტს.
დღესდღეობით ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ამერიკის ავია-ძალების A-2 და სამხედრო ფლოტის G-1 ტიპის ბომბერები. მათ შორის მცირე განსხვავებაა დიზაინში – განსაკუთრებით ეს ჯიბეებს ეხება. ჰოლივუდის ფილმებმა, როგორიცაა, მაგალითად, “საუკეთესო მსროლელი” (“Top Gun”), კურტაკი-ბომბერის პოპულარობის ზრდას განსაკუთრებით შეუწყო ხელი.
6. ბეისბოლის ქუდი – ამერიკის კიდევ ერთი დასაფასებელი წვლილი მოდის ინდუსტრიაში. მარტივი, მოხდენილი და უპრეტენზიო თავსაბურავი, რომელიც გვახარებს ფერთა სიუხვითა და გაფორმების მრავალრიცხოვნობით.
რა თქმა უნდა, რაუტებსა და მიღებებზე მისი ადგილი ნაკლებად მოიძებნება, მაგრამ ყველა სხვა შემთხვევაში – ძალიანაც მოსახერხებელია.
7. T-shirt (მაისური ღილებისა და ჯიბეების გარეშე), Casual და სპორტული გარდერობის განუყოფელი ნაწილი. მასაც სამხედრო წარსული აქვს – ამგვარი მაისურების შეკერვა აშშ სამხედრო ფლოტის შეკვეთით დაიწყეს ესპანეთ-აშშ-ს 1898 წლის ომის დროს.
მეოცე საუკუნეში ის თანდათანობით იხვეჭდა პოპულარობას. T-shirt-ების ნამდვილი ბუმი კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო, რაშიც, სხვათა შორის, დიდი წვლილი ჰოლივუდმა და მარლონ ბრანდომაც შეიტანეს – მსახიობი სწორედ ამგვარ სამოსში გამოჩნდა ელია ქაზანის მიერ 1951 წელს გადაღებულ ფილმში “ტრამვაი, სახელად სურვილი” (“A Streetcar Named Desire”).
პირადად მე T-shirt არ მიყვარს. კაცია და გუნება. სამაგიეროდ ძალიან მიყვარს პერანგი-პოლო, თუმცა, ის მოდაში ამერიკელების შემოტანილი არაა. ამ შემთხვევაში ავტორობა ფრანგ რენე ლაკოსტს ეკუთვნის.
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
ეს რა მოდაა?
ამერიკული ტანსაცმელი ყოველდღე ჩასაცმელად ვარგა მარტო.
მოდის კანონმდებელი ევროპაა.
LikeLike
აჰა…
ანუ თუ სადმე წვეულაბაზე მიდიხარ, მარტო მაშინა აქვს მნიშვნელობა რას ჩაიცვამ და “ყოველდღე” რაც პირველი მოგხვდება ხელში იმით დაიარები? 😉
LikeLike
ეგ ტომ კრუზის კურტკა იყიდება სადმე თბილისში? ;} დამევასა მაგრად.
LikeLike
კი საკაიფოა.
მე მაქ ეგეთი 🙂
პირველად ამერიკაში ვიყიდე. მეორედ კი აქ http://www.luxurylane.com/Mens-Air-Force-A2-Flight-Leather/M/B000XP0FDY.htm ან http://www.luxurylane.com/Mens-Navy-G1-Flight-Leather-Bomber/M/B000WWDL4I.htm თან კარგი სეილი აქვთ და იჩქარე 😉
ქუჩაში თუ შემხვდი, მაგ კურტკით გიცნობ :):)
LikeLike