ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა.
გულში მწუხარებამ ღამე გაათია…
მაინც არ მასვენებს მწარე სინანული –
რომელი საათია? რომელი საათია?
გალაკტიონი
მნიშვნელობა არ აქვს – რა საათს ატარებთ, თქვენი მეორე საათი აუცილებლად იქნება “სვოჩი” (Swatch) – სწორედ ასეთია კომპანიის ფილოსოფია. ფილოსოფია, რომელიც Swatch-ს თითქმის უკვე 20 წელია ბაზრის უპირობო ლიდერის პოზიციებს უნარჩუნებს.
გასული საუკუნის 70-იან წლებში საათის ინდუსტრიას შვეიცარიაში, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს და, მძიმე დღეები უდგა. კონკურენტებმა იაპონიიდან წარმატებით შეავიწროვეს შვეიცარელი მესაათეები, რომელთა წილიც მსოფლიო ბაზრებზე 50%-დან სამარცხვინო 15%-მდე დაეცა. სწორედ ამ დროს დოქტორმა ერნსტ ტომკემ (Dr. Ernst Thomke) ელმარ მოქსა (Elmar Mock) და ჟაქ მიულერთან (Jacques Müller) ერთად შეიმუშავა მარტივი და იაფი საათის კონცეფცია, რომელიც შეძლებდა იაპონური კვარცის პროდუქციის განდევნას დაკავებული სეგმენტიდან. მოგვიანებით მათ დაიქირავეს მარკეტოლოგი ფრანც შპრეხნერი (Franz Sprecher), რომელმაც თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მომავალი საბაზრო სტრატეგიის დამუშავებაში.
მაგრამ სასწაული სახელად “სვოჩი” მაინც არ შედგებოდა, რომ არა ნიქ ჰაიექი. (Nicolas George Hayek), მეტსახელად ბატონი სვოჩი (Mr. Swatch) – წარმოშობით ლიბანელი ქრისტიანი, ბოლონიისა (იტალია) დანიუშატელის (შვეიცარია) უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი, გერმანიის კანცლერ ჰელმუტ კოლის მიერ 1995 წელს შექმნილი კვლევების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საბჭოსა და საფრანგეთის მთავრობის მიერ 1996 წელს შექმნილი ინოვაციების ჯგუფის წევრი, ევროპის სხვა რამდენიმე სახელმწიფოს აღმასრულებელ სტრუქტურათა მრჩეველი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ 2000 წელს შექმნილი სამომავლო რეორგანიზაციის ჯგუფის წევრი, 2001 წელს ევროპის კომისიის მიერ შექმნილი ვორქშოფის “ბრიუსელი –ევროპის დედაქალაქი” წევრი და, რაც მთავარია, კომპანია SMH (Swiss Corporation for Microelectronics and Watchmaking Industries Ltd) დამფუძნებელი.
სწორედ 1983 წელს დაფუძნებულმა SMH-მა დაიწყო პლასტმასის, ზუსტად 51 შემადგენელი ნაწილისა და ნაწილაკისგან აწყობილი “სვოჩი”-ს საათების დამზადება. 5 წლის შემდეგ კომპანიამ სახელი შეიცვალა და აქედან მოყოლებული, მისი ყველაზე წარმატებული ბრენდის კვალად, თავადაც The Swatch Group Ltd.-ად იწოდება.
Swatch იშიფრება როგორც “second watch” (მეორე საათი). დღეისათვის არც მეტი არც ნაკლები 350 მილიონზე მეტი ასეთი “მეორე საათია” გაყიდული. მათ შეხვდებით ყველგან – ალიასკიდან საჰარამდე, კანადიდან ავსტრალიამდე, სკოლის მოწაფეების, სტუდენტების, პროფესორების, ბანკირების, პრეზიდენტების, შეიხებისა და ჰერცოგების ხელზე.
ნიქ ჰაიექის მარკეტინგული გენიაც სწორედ აქ გამოვლინდა. მან იერიში მიიტანა ბაზრის ყველა სეგმენტზე, მათ შორის იქაც, სადაც, ერთი შეხედვით, პლასტმასის საათს არაფერი ესაქმებოდა – მან ფსონი დადო იმ იდეის “გაყიდვაზე”, რომ ფერადოვანი, მხიარული, გამორჩეული საათი ნებისმიერ ადამიანს მიიზიდავს, რამდენადაც ის საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებას იძლევა. ამასთან, – როგორც ჰაიექი ხუმრობს, – თვით ყველაზე მდიდარ ადამიანსაც კი სჭირდება “სვოჩი”, რათა რაღაცაზე გულმოსულმა 30’000 ევროიანი საათი არ მიანარცხოს და კედელს არ მიაფშვნას.
სხვათა შორის, თავად “ბატონი სვოჩი” სწორედ ასე – ორი საათით დაბრძანდება. ერთ მაჯაზე Breguet-ს ატარებს, მეორეზე კი – Swatch-ს. 🙂
რა თქმა უნდა, დღეს კომპანია ახალი გამოწვევების წინაშეა. პარფიუმერიის კვალად დიზაინერებმა ახლა უკვე საათების ბაზარიც აითვისეს და საკმაოდ დემოკრატიულ ფასში კარგი ხარისხისა და პრესტიჟული ლოგოთი დამშვენებულ პროდუქციას სთავაზობენ მომხმარებელს, მაგრამ ჰაიექი აქაც პირველ რიგებშია. ის მუდმივად ცდილობს კოლექციების განახლებასა და განსხვავებულ საფასო სეგმენტზე მუშაობს: გარდა საკუთრივ Swatch-ისა აწარმოებს: Omega, Tissot, Breguet, Longines, Rado, Mido, Tiffany & Co., Hamilton, Balmain, CK და სხვა ბრენდების (ასეთი სულ 18-ია) საათებს და ძვირფასეულობას. ამგვარი სტრატეგია ამართლებს და ჯგუფი საათების ყველაზე დიდი მწარმოებელია პლანეტაზე. მეტიც, Swatch Group-ის წარმატება ამ ბაზარზე მოღვაწე სხვა შვეიცარულ კომპანიებსაც “გადაესხა” და ქვეყანას დაუბრუნა მსოფლიო ლიდერის სტატუსი.
ნიქ ჰაიექი ასევე დამფუძნებელია საინჟინრო-ინოვაციური, მარკეტინგული საკონსულტაციო კომპანიისა Hayek Engineering Inc., რომელიც ციურიხში მდებარეობს. კომპანიის კლიენტთა შორის არიან Volkswagen AG, US Steel, Siemens, AEG-Telefunken AG, Fried. Krupp GmbH, Olivetti SpA, BMW, Dresdner Bank, Alfa-Romeo, Nestlé, ისევე როგორც შვეიცარიის რკინიგზა, ბაზელის უნივერსიტეტი, მსოფლიო ბანკი, შვეიცარიის პარლამენტი, შვეიცარიის მთავრობა, ჩინეთის მეტალურგიის სამინისტრო…
ნიქ ჰაიექს ეკუთვნის მიკრო-ავტომობილ “სმარტის” (Smart) დიზაინი და კონცეფციაც.
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
საქართველოს პრეზიდენტსაც უყვარს სვოჩი :):):)
LikeLike
არადა არ ვიცოდი,.. სირცხვილი მე :(… მშვენიერი ინფორმაციაა
LikeLike
უი… ლილუაშვილმა მთელი ლექცია დაუთმო სვოჩისა და იაპონლების ომს 🙂
მიკვირს თქვენთან რომ არ მოყვა. 🙂
LikeLike
არ მახსოვს 😦 არადა, ლილუაშვილის ლექციაზე არასოდეს მეძინა… (მმ) ….. უფ , ახლა რაღ დროსია, შენგან ხომ გავიგე 🙂
LikeLike
GM vs. Ford, Japan vs. SWATCH, Pepsi vs. Coke, Apple vs. IBM… მაგისი საყვარელი ქეისები იყო. 🙂
Pepsi – Coke სარეკლამო კლიპების კრებული ქონდა. როგორ იცვლებოდა კონცეფცია… ნუ ეს მაშინ სიახლე იყო. ახლა ეგ ყველა კლიპი იუთუბზეა და ყველას ნანახი აქვს. 🙂
LikeLike
ეს მახსოვს.. რეკლამებს უშვებდა პროექტორით.მაგარი საინტერესო იყო ყველაფერი :))
LikeLike