ჰალსტუხის კარგად გამოკვანძვა მამაკაცის მიერ გადადგმული პირველი სერიოზული ნაბიჯია.
ოსქარ უაილდი
მუშკეტერები და გვარდიელები, ბურბონები და გიზები, ჰუგენოტები, ანგლიკანები, კათოლიკეები, ლა როშელის აღება, ჰერცოგი ბეკინჰემი და ლონდონიდან ჩამოტანილი დედოფლის ყელსაბამი (სინამდვილეში ის ყელსაბამი კი არა, უფრო კაბის შესაკრავი იყო, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს) – ესაა დიუმას მიერ გენიალურად მოყოლილი (ხშირად კი, უბრალოდ, გენიალურად მოგონილი) საფრანგეთის ისტორია… ჰოდა სწორედ იმ დროს, როდესაც მთელი ეს ორომტრიალი იყო, საფრანგეთში მოდაში შემოვიდა თანამედროვე ჰალსტუხის წინაპარი – მამაკაცის ყელსახვევი.
ყელსახვევებს ატარებდნენ ხორვატი დაქირავებული მეომრები, რომლებიც საფრანგეთის არმიაში იბრძოდნენ და ლუი მე-13-სა და კარდინალ რიშელიეს მხარე ეჭირათ, მეფის უმცროსი ძმის, გასტონ ორლეანელის მიერ მე-17 საუკუნის 30-იან წლებში მოწყობილი ამბოხის დროს. როდესაც ხორვატების გარნიზონი დედაქალაქის დასაცავად განალაგეს, მათმა ყელსახვევებმა პარიზელთა ყურადღება მიიპყრო – ფრანგული სიტყვა cravate (რაც დღეს ჰალსტუხს ნიშნავს), არის დამახინჯებული Hrvat (ხორვატი).
მიუხედავად იმისა, რომ ყელსახვევებს ჯერ კიდევ რომაელი ლეგიონერები ატარებდნენ, მოდაში ის სწორედ პარიზმა დაამკვიდრა (რაც, ალბათ, კიდევ ერთხელ ადასუტურებს, რომ მოდის დამდგენი სწორედ პარიზია და არა რომი :))
ხორვატულმა ყელსახვევმა დიდი გზა და 300 წელი განვლო, მანამ, სანამ 1926 წელს ნიუ-იორქელმა ჯეს ლანგსდორფმა (Jesse Langsdorf) პუბლიკას თანამედროვე ჰალსტუხი წარუდგინა. ლანგსდორფის ჰალსტუხი სამი ნაწილისგან ცერად შეკერილი იყო, სწორედ ისე, როგორც დღეს იკერება ჰალსტუხები – მანამდე ჰალსტუხებს ერთი მთლიანი ქსოვილისგან კერავდნენ. ერთი შეხედვით, თითქოს, დიდი ვერაფერი ცვლილებაა, მაგრამ, სინამდვილეში, სამი ნაწილისგან შეკერილი ჰალსტუხი შეუდარებლად უფრო მტკიცეა – ამდენად, არ იხლართება და ბაწარივით არაა ყელზე ჩემოკონწიალებული.
თუ ხელს მაღლა ავწევთ, ჰალსტუხს ორად მოვკეცავთ, საჩვენებელ და ცერა თითში მის კუდს (ვიწრო ბოლოს) მოვაქცევთ და ჰალსტუხის თავს (ფართე ბოლოს) კი გავუშვებთ – დაშვებისას თავისებურ “ფშვინვით” ხმას გამოსცემს, ჰალსტუხი კი შვეულად გასწორდება, არც ქანაობას მოჰყვება და არც დაიხლართება – ყოველ შემთხვევაში, ხარისხიანი, რიგიანად შეკერილი ჰალსტუხი სწორედ ასე მოიქცევა – სანამ შეიძენდეთ, შეგიძლიათ ამ მეთოდით შეამოწმოთ კიდეც.
ამის გარდა, ჰალსტუხს უკანა მხარეს უნდა ჰქონდეს მარყუჟი (რომელშიც ადრე მის წვრილ “კუდს” მოაქცევდნენ ხოლმე და, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამას აღარ აკეთებენ, მარყუჟის არსებობა მიღებული წესია), მისი თავი ბოლომდე არ უნდა იყოს გაკერილი, ჰალსტუხს აუცილებლად უნდა ჰქონდეს დატანებული სარჩული (მეტი სიმკვრივისთვის).
საუკეთესო მატერია ჰალსტუხისთვის ესაა აბრეშუმი. მაღალი ხარისხის ჰალსტუხი ხელით იკერება, რაც შესაბამისად აღნიშნული უნდა იყოს მის უკანა მხარეს, ამასთან, უკანა მხარეს ნაკერს უნდა დააკვირდეთ – ხელით და მანქანით შეკერილის გარჩევა შესაძლებელია.
დღეს ჰალსტუხი მამაკაცის გარდერობის ყველაზე მრავალფეროვანი ატრიბუტია. თავის დროზე, ის ერთი ფერის იყო, მოგვიანებით (1920 წელს), “ძმები ბრუქსების” წყალობით, მასზე გაჩნდა ზოლები, შემდეგ, თანდათანობით, ზედაპირზე მომრავლდა ნახატები, გეომეტრიული თუ სხვა სახის ფიგურები, ცხოველების, საგნების, ადამიანების გამოსახულებები… იმატა ასევე ფერებმაც. ეს სიუხვე მამაკაცს საშუალებას აძლევს საკუთარი ხასიათის, გუნებისა და განწყობილების შესატყვისი ჰალსტუხი შეარჩიოს. ტყუილად არ უთქვამს ონორე დე ბალზაკს – “ჰალსტუხი – ეს თავად მამაკაციაო”.
ჰალსტუხის კვანძი სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, მაგრამ ყველა შემთხვევაში კვანძის ქვეშ პატარა ღარი უნდა იყოს დარჩენილი.
ჰალსტუხის სიგრძე იმგვარი უნდა იყოს, რომ მისი ბოლო ეხებოდეს ქამრის ბალთას, ან სულ ოდნავ ჩამოსცდეს.
ჰალსტუხის სიგანე პიჯაკის საყელოს უნდა შეეფარდებოდეს, შესაბამისად, ორბორტიანი ქურთუკი უფრო ფართო ჰალსტუხს მოითხოვს, ვიდრე – ერთბორტიანი.
ჰალსტუხის ყველაზე გავრცელებული სიგანე დღეს 8,89-10,52 სმ-მდეა, ხოლო სიგრძე 142-152 სმ-მდე.
ცხადია, ჰალსტუხის ფერი პერანგისა და ქურთკის ფერს უნდა შეეხამებოდეს, ამასთან – ის პერანგის ფერზე (ერთი ტონით) უფრო მუქი და პიჯაკის ფერზე (ერთი ტონით) უფრო ღია უნდა იყოს.
მსგავსი ზოლები არ უნდა შეახამოთ – მოჩვენებითი ჰარმონია ამ შემთხვევაში მხოლოდ უსიამოვნო ეფექტს თუ შექმნის. ზოლებიანი ჰალსტუხი ან ერთფეროვან პერანგზე უნდა გაიკეთოთ ან, პირიქით, კონტრასტის შექმნა სცადოთ – მაგალითისთვის გამოდგება წვრილი ვერტიკალური ზოლები პერანგზე და მსხვილი და მკვეთრი ჰორიზონტალური ზოლები ჰალსტუხზე.
ნებისმიერ შემთხვევაში, ჰალსტუხი არ უნდა “დაიკარგოს” – გაიხსენეთ ბალზაკის სიტყვები, ზემოთ რომ მოვიტანე.
და არასდროს, არასდროს გაიკეთოთ ჰალსტუხი მოკლესახელოებიან პერანგზე!
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___