იქ, სადაც პრეზიდენტებიც უკრავენ

პრაღა არ არის მხოლოდ უბადლო ლუდის, ვაჟკაცური ჰოკეისა და ლამაზი ქალების ქალაქი – ის კარგი მუსიკის ქალაქიცაა.

ახლა ამის გაგონებაზე ბევრს, ეგებ, კარელ გოტი და ერთ დროს მოძმე სოციალისტური ბანაკის ჰანგები გაახსენდეს, მაგრამ მე სხვა მუსიკას ვგულისხმობ. თავისუფალ, იდეოლოგიურ ჩარჩოებს დაუმორჩილებელ მუსიკას. მუსიკას, რომელსაც ჯაზი ჰქვია.

პრაღის ჯაზ-ფესტივალი წელს უკვე 33-ედ ჩატარდება. ტრადიციულად ის შემოდგომის მიწურულს – ნოემბრის ბოლოს იმართება. დიუქ ელინგთონი, ქაუნთ ბეისი, ოსქარ ფითერსონი, ბენი გუდმენი, სტეფან გრაპელი, ბი ბი ქინგი, დეივ ბრუბექი, ბეთი კართერი სხვადასხვა დროს სტუმრობდნენ პრაღას. პრაღის საერთაშორისო ჯაზ ფესტივალის მასპინძელია ევროპის ერთ-ერთი უძველესი ჯაზ-კლუბი „რედუტა“.

„რედუტა ჯაზ-კლუბი“ ვაცლავის მოედნის – ე.წ. „ახალი პრაღის“ კულტურული, ფინანსური თუ პოლიტიკური გულის (სწორედ აქედან დაიწყო 1984 წლის „ხავერდოვანი რევოლუცია“) – სიახლოვეს იმყოფება. კლუბი 1958 წელს გაიხსნა. კომუნისტური მმართველობის პერიოდში, ის არამარტო თავისუფალი მუსიკის, არამედ თავისუფალი აზრის თავშესაფრადაც იქცა. კლუბი არა მხოლოდ ჯაზმენებს, არამედ, ცენზურის მიერ აკრძალულ მწერლებს, მსახიობებს, ჟურნალისტებს, სხვადასხვა თაობის დისიდენტებსა და ჯაზური მუსიკის ჰანგების ქვეშ ჩეხეთის აწმყოსა და მომავალზე გულახდილ საუბრებს მასპინძლობდა. შემთხვევითი არაა, რომ ბოლშევიზმისგან უკვე გათავისუფლებული ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი, ვაცლავ ჰაველი ხშირად სტუმრობდა „რედუტას“ და მეტიც – მას იქ დაუკრავს კიდეც. ეს პრეზიდენტ ქლინთონის პრაღაში ვიზიტის დროს მოხდა.

1994 წლის 11 იანვარს ჯაზის მოყვარული პრეზიდენტები კლუბს ეწვივნენ. გარკვეული ხნის შემდგომ, კლუბის თავისუფალი ატმოსფეროთი და შესანიშნავი ჩეხური ლუდით მოხიბლულმა პრეზიდენტმა ქლინთონმა სცენაზე ასვლის ნებართვა ითხოვა. კლუბის ბენდთან ერთად მან საქსოფონზე უკვდავი თემები “Summertime” და “My Funny Valentine” შეასრულა, შემდეგ კი სცენზე უკვე ვაცლავ ჰაველს უხმო – ჰაველი დასარტყამ ინსტრუმენტს მიუჯდა და ორმა პრეზიდენტმა ჯემ-სეიშენი გამართა. არ ვიცი, რამდენად დიდი წვლილი შეიტანეს მათ მსოფლიო მუსიკის განვითარებაში, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატებისა და სულ ათიოდე წლის წინ ჯერ კიდევ კომუნისტური ჩეხეთის პრეზიდენტების ერთობლივი ჯემ-სესია, რა თქმა უნდა, სიმბოლური იყო. ტყუილად კი არ ამბობდნენ საბჭოთა კავშირში: „Сегодня ты играешь джаз – а завтра – родину продашь!“ იცოდნენ, რასაც უფრთხოდნენ.

დღესაც, ისევე როგორც ყოველ საღამოს, „რედუტა ჯაზ-კლუბი“ ჯაზის მოყვარულებს სთავაზობს ცოცხალ შესრულებას ჩეხი თუ მიწვეული მუსიკოსების შესრულებით. მუსიკალური საღამო, როგორც წესი, 10-ის ნახევარზე იწყება და გვიანობამდე გრძელდება. კლუბში შესვლა ფასიანია – დაახლოებით 10 ევრო. სამზარეულო, პრაღის ბარებთან შედარებით, ნამდვილად ვერაფრით დაიკვეხნის, ხოლო სასმელი საკმაოდ ძვირია. ასევე კლუბში, ფაქტობრივად, თვითმომსახურებაა – მიმტანები თითქმის არ ჩანან, მიუხედავად იმისა, რომ მათი „ჩაევიე“-ს ანგარიშში შეტანა არასდროს ავიწყდებათ :)… მაგრამ ეს ყველაფერი ამ კლუბის ტრადიციაა, რომელიც წლებია არ იცვლება. აქ საქეიფოდ და ფულის დასაზოგად არვინ შემოდის – აქ მოდიან კარგი მუსიკის მოსასმენად, სასაუბროდ და ახალი, საინტერესო ნაცნობების შესაძენად.
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___
(ბილ ქლინთონი უკრავს Summertime-ს, Reduta Jazz Club, January 11, 1994)

პოსტი დაიწერა სპეციალურად პრაღის ბლოგისთვის.

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: