ბლუზის გვირგვინოსანი

One of my favorite actors is a man from Scotland named Sean Connery. Most of you know him as James Bond, 007. He made a movie called Never Say Never Again.
B.B. King

თანამედროვე ელექტრონული ბლუზის მეფე ბი ბი ქინგი/B.B. King (მისი ნამდვილი სახელია რაილი ბი ქინგი Riley B. King), 1925 წლის 16 სექტემბერს დაიბადა მისისიფის შტატის ქალაქ ითა ბენაში.

მშობლები – გოსფელის მომღერლები იყვნენ. ამდენად, აშშ-ს ერთ-ერთ ყველაზე ბლუზურ-ჯაზურ-როკენროლურ შტატში და მუსიკოსთა ოჯახში დაბადებული ბიჭის მუსიკით გატაცება, გასაკვირი არაა.

ბი-ბის მშობლები ადრევე დაცილდნენ ერთმანეთს, ის დედასთან და ბებიასთან დარჩა მისისიფის ქალაქ ქილმიჩელში, მაგრამ, სულ მალე, 1935 წელს – დედამისი, 1940 წელს კი ბებიაც გარდაიცვალა. ბი ბი  მამამ წაიყვანა თავისთან, ლექსინგთონში.

2 წლის შემდეგ ის ქილმიჩელში დაბრუნდა და გოსფელის მუსიკოსთა ჯგუფს შეუერთდა.  ქინგი ქუჩაში უკრავდა, მაგრამ ამ გზით ნაშოვნი თანხა დიდი არ იყო და, პარალელურად, პლანტაციებში სხვადასხვა სამუშაოს ასრულებდა. ტრაქტორისტადაც კი უმუშავია (ძველი საბჭოთა ფილმია ეგეთი – “ტრაქტოორისტები”, სადაც კრუჩკოვი თამაშობს და მღერის… ბი ბი ქინგიც ალბათ ეგრე სიმღერ-სიმღერით დააქროლებდა თავის ტრაქტორს:)).

ვინმე  იდვეინ ჰენდერსონმა (რომლის ფერმაშიც ცხოვრობდნენ ქინგის დედა და ბებია და ვინც ბი ბი სამუშაოდ დაიქირავა), მას ადგილობრივი მუსიკოსის დენზილ თიდველისგან გიტარის შესაძენი ფულიც ასესხა. worldblues.com-ის ცნობით, ეს მუსიკოსის პირველი საკუთარი ინსტრუმენტი იყო (თუმცა, სხვა წყარო, კერძოდ jazzandbluesmasters.com ქინგის პირველ გიტარად  12 წლის ასაკში 15 დოლარად შეძენილ ინსტრუმენტს ასახელებს).

1946 წელს ბი ბი ქინგი მემფისში ბიძას, ცნობილ ქანთრი-ბლუზის გიტარისტს, ბუქერ უაითს (Booker “Bukka” White) ესტუმრა (უაითი და ქინგის დედა ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ). შეიძლება ითქვას, მემფისში ბი ბიმ 10 თვიანი ბლუზმენისა და გიტარისტის დაოსტატები სკოლა გაიარა. უაითმა მას ადგილობრივი მუსიკოსებიც გააცნო, რაც ქინგის მომავალ კარიერას მნიშვნელოვნად წაადგა.

1947-ში ბი ბი ქინგი ცოტა ხნით შინ დაბრუნდა, ძველი ვალები გაისტუმრა და 1948 წელს ყველა ვალდებულებისგან თავისუფალი, კვლავ მემფისში დაბრუნდა მტკიცე განზრახვით – პროფესიონალური სასცენო მოღვაწეობა დაეწყო.

პირველ ყოვლისა, მან ცნობილი მუსიკოსი ალექ “რაის” მილერი (სონი ბოი უილიამსონ მეორე/Sonny Boy Williamson II) მოძებნა და KWEM Radio-ში (მემფისის რადიოსადგური, სადაც 1948-50 წლებში მილერს მუსიკალური შოუ მიჰყავდა) გამოსვლის ნებართვა სთხოვა. დებიუტი შედგა და ის უაღრესად წარმატებული იყო – რადიოსადგურში უამრავმა აღფრთოვანებულმა მსემენელმა დარეკა.

(სხვათა შორის, ლეგენდარული ჰოულინ ვულფი სონი ბოი უილიამსონ მეორის სიძე – დის ქმარი იყო ).

ამ გამოსვლამ ბი ბი ქინგს გაუხსნა გზა მემფისის Miss Annie’s Saloon-ის სცენისკენ. ამავე დროს, მან R&B რადიოსადგურ WDIA-ში დაიწყო მუშაობა, როგორც დი ჯეიმ და მუსიკოსმა. აქ შეხვდა მას პირველად თექსასური ბლუზის დიდი გიტარისტი თი-ბონ უოქერი (T-Bone Walker). როგორც თავად უოქერი იგონებს, როდესაც მან პირველად მოუსმინა ქინგს, მიხვდა, რაოდენ ძლიერ სურდა თავად მასაც ელექტროგიტარაზე დაკვრა. იმდენად, რომ მზად იყო, ინსტრუმენტი მოეპარა კიდეც.

  • თავად ქინგს ერთხელ საკუთარი გიტარის გადასარჩენად, ლამის, თავის გაწირვა მოუხდა. 1950 წელს არქანზასის შტატ ქალაქ თვისთში ერთ-ერთ საცეკვაო კლუბში სადაც მუსიკოსი იმყოფებოდა, ორი უცხო მამაკაცი ერთმანეთს წაეკიდა. ატყდა ჩხუბი, ვიღაც ნავთის ღუმელს დაეჯახა, ისიც გადაბრუნდა და იქაურობა ცეცხლში გაეხვია.  როდესაც ბი ბი ქინგმა ალმოდებული შენობიდან გამოაღწია, გაახსენდა, რომ დარბაზში გიტარა დარჩენოდა და კარგი მეხანძრესავით უკან ცეცხლში შევარდა. გიტარის გამოტანა კი მოახერხა, მაგრამ ძლივს გადაურჩა სიკვდილს. მოგვიანებით, როდესაც გამოიკითხა და შეიტყო, რომ ჩხუბი ქალის, სახელად ლუსილის გამო დაწყებულა, მუსიკოსმა თავის გიტარას ეს სახელი – Lucille უწოდა.

1949 წელს Bullet Recording and Transcription Company-მ ბი ბი ქინგის პირველი ალბომი გამოსცა – Miss Martha King, თუმცა, სადებიუტო ჩანაწერი ჩარტებში ვერ მოხვდა და ჟურნალ “ბილბორდის” (Billboard) მძაფრი კრიტიკაც დაიმსახურა, მაგრამ მან Modern Records-ის მფლობელების, უნგრული წარმოშობის ოთხი ძმა ბიჰარის ყურადღება მიიპყრო და მათ მუსიკოსს კონტრაქტი შესთავაზეს. მარტო 1949 წლის 6 თვის განმავლობაში Modern Records-ის ფილიალმა RPM-მა ქინგის 6 სინგლი გამოსცა. სულ Modern Records-ი და ბი ბი ქინგი 10 წლის განმავლობაში თანამშრომლობდნენ. ამ თანამშრომლობის შედეგი იყო My Baby’s Gone, B. B. Blues, Three O’Clock Blues (პირველი ადგილი ჩარტებში), Someday, Somewhere, Please Love Me (პირველი ადგილი ჩარტებში), When My Heart Beats Like a Hammer (მერვე ადგილი ჩარტებში), You Upset Me Baby (პირველი ადგილი ჩარტებში), Every Day I Have the Blues (მერვე ადგილი ჩარტებში), Sweet Little Angel (მეექვსე ადგილი ჩარტებში), Bad Luck (მესამე ადგილი ჩარტებში ), On My Word of Honor (მესამე ადგილი ჩარტებში ), Sweet Sixteen, Pt. I (მეორე ადგილი ჩარტებში), Someday Baby, Worried Life Blues (სტანდარტი, რომლის ყველაზე მეტი ქავერი არსებობს ბლუზის ისტორიაში)… და დაკლებული ჰონორარები 🙂 (ძმები ბიჰარი ხშირად მუსიკოსთაგან მალულად საკუთარ კომპანიაზე არეგისტრირებდნენ ამა თუ იმ კომპოზიციის საავტორო უფლებებს, რათა გადასახდელი ჰონორარის თანხა შეემცირებინათ).

50-ანებისთვის ბი ბი ქინგი უკვე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და დაფასებული მუსიკოსი იყო (და დღეს, უკვე 21 საუკუნეში, ასეთადვე რჩება). მისი ნებისმიერი ჩანაწერი – უნიკალურია. ერთსა და იმავე კომპოზიციას ის არასდროს უკრავს ერთნაირად – თავად ქინგისვე აღიარებით, მას “არ შეუძლია აკორდების კარგად დაკვრა და იმპროვიზაციის უნარს უფრო ენდობა”.

სულ მის ანგარიშზე 15’000-ზე მეტი საკონცერტო გამოსვლაა. მონაწილეობდა არაერთ სატელევიზიო და რადიო-შოუში, მიწვეული იყო უამრავ ყველაზე პრესტიჟულ დარბაზსა და ფესტივალზე (რომელთა შორისაა, მონთროს, მონთერეის, ჰააგის  “ჩრდილოეთის ზღვის” ჯაზ-ფესტივალებიც).

1979 წელს ბი ბი ქინგი თბილისს ეწვია. ერთი ხუთი წლით გვიან მაინც რომ ჩამობრძანებულიყო, მის კონცერტს, უეჭველად, მეც დავესწრებოდი 😦 მაგრამ ასე იყო თუ ისე, ქართული პუბლიკის შეხვედრა თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს ბლუზმენთან შედგა. ქინგს დარბაზში მედიატორებიც კი უსვრია და ჩვენს ქალაქში არიან მელომანები, რომლებიც ამ სუვენირებს აგერ უკვე 30 წელია სათუთად ინახავენ.

2006 წელს მუსიკოსმა გამოსამშვიდობებელი მსოფლიო ტურნე მოაწყო… თუმცა, ბრაზილიის ქალაქ სან-ფაულოში პრეს-კონფერენციაზე კითხვას – მართლა უკანასკნელია თუ არა ეს გასტროლები, ბი ბიმ ასე უპასუხა: “შოტლანდიელი შონ ქონერი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მსახიობია. უმრავლესმა თქვენთაგანმა, ალბათ, იცის მისი როლი – აგენტი 007, მის ერთ-ერთ ფილმს ასე ჰქვია: “არასდროს თქვა არასდროს”.

Blues.org ბი ბი ქინგს უწოდებს “სავარაუდოდ ყველაზე პატივცემულ, წარმატებულ, ცნობად ბლუზმენს” მსოფლიოში. ჟურნალი Rolling Stone ყველა დროის უდიდეს გიტარისტთა სიაში ბი ბი ქინგს ჯიმი ჰენდრიქსისა და დუეინ ალმანის შემდეგ მესამე პოზიციაზე მოიხსენიებს (მას მოსდევენ ერიქ ქლეფთონი, რობერთ ჯონსონი, ჩაქ ბერი, სთივი რეი ვოუნი, რეი ქუდერი, ჯიმი ფეიჯი და ქით რიჩარდსი).

ბი ბი ქინგი ბლუზის, როკ-ენ-როლისა და სიმღერის ავტორთა დიდების დარბაზების წევრია. მუსიკის შექმნასა და განვითარებაში და ამერიკულ კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის “გრემი” მთელი შემოქმედებისთვის (Grammy Lifetime Achievement Award), ქენედის ცენტრის ჯილდო (Kennedy Center Honors) “ორვილ გიბსონის ჯილდო” მთელი შემოქმედებისთვის (Orville H. Gibson Lifetime Achievement Award, ორვილ ეიჩ გიბსონი მისივე სახელობის გიტარების მწარმოებელი  სახელგანთქმული კომპანიის დამფუძნებელია),  Polar Music Prize (ჯილდო “აბბას” მენეჯერმა სთინგ ანდერსონმა (Stig Anderson) დაარსა, მას შვედეთის მუსიკის სამეფო აკადემია გადასცემს და სხვადასხვა დროს მისი მფლობელები გახდნენ პოლ მაქარტნი, დიზი გილესფი, რეი ჩარლზი, ბობ დილანი, სონი როლინსი, მირიამ მაქება, “პინქ ფლოიდი”, “ლედ ზეფელინი”… ), 1990 წელს ხელოვნების ეროვნული მედლით (National Medal of Arts), 2006 წელს კი პრეზიდენტის თავისუფლების მედლით (Presidential Medal of Freedom) დააჯილდოვეს. ჰოლივუდის დიდების ხეივანში მისი სახელობის ვარსკვლავია გახსნილი. 2008 წელს ნიუ-იორქის შტატ ქალაქ ათიქის და მეინის შტატ ქალაქ ფორთლენდის გასაღებები გადასცეს. ამის გარდა, ფორთლენდის მერმა “ბი ბი ქინგის დღეც” დააწესა.

მემფისში, ლოს ანჯელესში, ნიუ-იორქში, ქონექთიქუთში მისი სახელობის კლუბები (B.B. King’s Blues Club) არსებობს.

ბი ბი ქინგი იელისა და ბროუნის, მემფისის და კიდევ რამდენიმე უნივერსიტეტის საპატიო დოქტორია.
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements

2 thoughts on “ბლუზის გვირგვინოსანი

  1. ბიბი სულ სხვა დონეა!!! ბლუზის მამაა!!! როგორც ბახი – კლასიკაში, კარუზო – ოპერაში, არმსტრონგი – ჯაზში, ბითლზები – როკში, ჯონი კეში – ქანრიში, ჯექსონი – პოპში, ბარი ვაითი – დისკო,სოულში, ბობ მარლი – რეგში, თუ ფაქი – რეპში, ლედი გაგა,ბრიტნი სპირსი,ჯენიფერ ლოპესი და ა.შ. – პაფსაში, ბიბი კინგი – ბლუზში.

    Like

    • პაპსაში – აბბა 🙂

      ჰო ბიბი მეც ყველაზე ძალიან მიყვარს ბლუზში. ჯაზის, დელტა-ბლუზის და როკის კარგი სინთეზი აქვს… თუმცა მადი უოთერსი, ჰოულინ ვულფი, ვონი და ქლაფთონიც… და უამრავიე კიდევ. სონი თერი… ჯენისი და ზეფელინების მძიმე ბლუზი…

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s