ქალი, რომელიც მიშელ ობამამ გაანაწყენა

Everything I do is a matter of heart, body and soul.
Donna Karan
ანუ მე რასაც ვაკეთებ, ყველაფერს ლაზათიანად ვაკეთებო 🙂

donna მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალი დიზაინერი, ამერიკული მოდის დედოფალი, დონა ქარანი (Donna Karan), 1948 წლის 2 ოქტომბერს დაიბადა ქუინსში, ნიუ იორქში. მისი მამა მკერავი იყო, დედა – მოდელი. ხატვის და კერვის ნიჭი გოგონამ პატარობიდანვე გამოავლინა – თავისი თოჯინებისთვის ქმნიდა კაბებს, ხოლო 14 წლისამ უკვე კაბების პირველი საჯარო გამოფენა-გაყიდვა მოაწყო მშობლიურ ქალაქში.

1966 წელს, ჰაი-სქულის დამთავრების შემდეგ, სწავლა “ფარსონსის დიზაინის ახალ სკოლაში” (Parsons The New School for Design) განაგრძო (ამ სკოლის აღზრდილთა შორის არიან ასევე ისააქ მიზრაჰი და მარქ ჯაქობსი). 2 კურსი დაამთავრა, როდესაც ქარანის კარიერისთვის უმნიშვნელოვანესი ამბავი მოხდა – ის ამერიკული მოდის ბებიამ – ენ ქლაინმა (Anne Klein) მიიწვია თავისთან სამუშაოდ. ლეგენდის გვერდით მუშაობა შეუდარებელი სკოლა იყო ახლგაზრდა დიზაინერისთვის. 1971 წელს, დონა ქარანი სახლის მთავარი დიზაინერი გახდა და 1984 წლამდე ეკავა ეს პოზიცია (თავად ენ ქლაინი 1974 წელს გარდაიცვალა მკერდის კიბოთი).

80-იანებში დიზაინერის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო – 1983 წელს ის ცოლად გაჰყვა სკულპტორ სთივენ ვეისს და მისი რჩევითა და დახმარებით 1984 წელს საკუთარი მოდის სახლი Donna Karan International Inc. დაარსა. (ეს მისი მეორე ქორწინება იყო. ქარანი – პირველი ქმრის გვარია. თავად დიზაინერის ნამდვილი გვარია დონა აივი ფასქე).

1989 წელს, როდესაც დონა ქარანი საკუთარი 15 წლის ქალიშვილის გაბრიელას სამოსზე ფიქრობდა, დაიბადა DKNY – მისი ახალგაზრდული, დინამიური, ძირითად კოლექციასთან შედარებით უფრო მეტად ურბანული და უნივერსალური ბრენდი. თავად ქარანი DKNY-ს პიცას უწოდებს. პიცა ისაა, რაც ყველას უყვარს, მათაც, ვინც შამპანურს სვამს და მათაც, ვისაც ლუდი ურჩევნია. მათაც, ვინც ლიმუზინის უკანა სავარძელში ნებივრობს და მათაც, ვინც მოტოციკლეტით დაქრის.

მიუხედავად იმისა, რომ დონა ქარანი, პირველ ყოვლისა, მაინც ქალების დიზაინერია, დიდი პოპულარობით სარგებლობს  მისი კოლექცია მამაკაცებისთვის და, განსაკუთრებით, მამაკაცის პერანგები, რომლებსაც ხელშეკრულების საფუძველზე ჰოლანდიური PVH-Phillips-Van Heusen Corporation კერავს (PVH აწარმოებს ასევე Calvin Klein, Michael Kors და Kenneth Cole New York პერანგებს). პოპულარულია ასევე DKNY პარფიუმერია (რომელსაც Estée Lauder აწარმოებს), ჯინსის კოლექცია (მის დისტრიბუციას Liz Claiborne ახდენს). ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა DKNY საათების გაყიდვებიც.

თავად ქარანი თავისი კოლექციის ფილოსოფიას ასე განსაზღვრავს – “ერთდროულად კომფორტული და მდიდრული, პრაქტიკული და სასურველი”. მისი ტანსაცმელი მულტი-კულტურული და უნივერსალურია – “ადამიანმა არასდროს იცის დილით, თუ სად ამოყოფს თავს დღის განმავლობაში, – ამბობს ქარანი, – სწორედ ამიტომაა ნიუ-იორქი კომპანიის დასახელებაში, როგორც მუდმივი მოძრაობის, სისწრაფის, ცვლილებების სიმბოლო”.

“ამერიკელ მოდის დიზაინერთა საბჭომ” (CFDA – The Council of Fashion Designers of America, Inc.) 1990 და 1996 წელბში წლის საუკეთესო ქალთა და 1992 წელს წლის საუკეთესო მამაკაცთა კოლექციის დიზაინერად დაასახელა. 1985-1987 წლებში სამჯერ ზედიზედ მოიპოვა CFDA სპეციალური ჯილდო, ხოლო 2004 წელს CFDA ჯილდო ცხოვრების მანძილზე უდიდესი მიღწევებისთვის.

1977 და 1982 წლებში დონა ქარანი “ამერიკელ მოდის კრიტიკოსთა კოტის ჯილდოს” (Coty American Fashion Critics’ Award) მფლობელი გახდა. 1984 წელს კი “კოტის დიდების დარბაზში” (Coty Hall Of Fame) შეიყვანეს.

  • Coty, Inc. (“კოტი”) – მსოფლიოში უდიდესი პარფიუმერული პროდუქციის მწარმოებელი კომპანიაა. 1904 წელს ფრანსუა კოტიმ (François Coty) დააფუძნა პარიზში. აწარმოებს Calvin Klein, Cerruti, Chloé, Chopard პარფიუმერიას. 1942 წელს დაარსა ამერიკელ მოდის კრიტიკოსთა ჯილდო, და დიზაინერთა დიდების დარბაზი, რომელიც კომპანიის სახელს ატარებს.

დონა ქარანი ცნობილია თავისი ქველმოქმედებით. ეხმარება ნიუ-იორქის ებრაულ თემს, აფინანსებს სკოლებს და სამედიცინო დაწესებულებებს. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობს კიბოს კვლევის პროგრამებს (როგორც ზემოთაც ვთქვით, მისი მასწავლებელი – ენ ქლაინი და მოგვიანებით მისი მეუღლეც – სთივენ ვეისი კიბოთი გარდაიცვალნენ).

ის, აგრეთვე, ცნობილია თავისი პირდაპირობით. პრეზიდენტ ობამას ევროპული ტურნეს დროს, მიშელ ობამას ჩაცმულობამ დონა ქარანის მძაფრი კრიტიკა დაიმსახურა. მისი აზრით, პირველი ლედი ვალდებულია, საჯარო შეხვედრების დროს, მით უფრო ამერიკის გარეთ, საკუთარი ქვეყნის მოდის საუკეთესო ტრადიციები წარმოაჩინოს. ქარანს კიდევ ერთმა ცნობილმა ამერიკელმა დიზაინერმა, ოსქარ დე ლა რენთამაც აუბა მხარი.

როგორც ეს დამახასიათებელია ბევრი ამერიკული კომპანიისთვის, DKNY ევროპაში განვითარების სტრატეგია ნელი და მოუქნელი იყო, რამაც მისი ევროპული ბიზნესი ძლიერ დააზარალა. ცუდი ორგანიზაციისა და უხეირო ლოჯისტიკის გამო კომპანია ვერ ახერხებდა ევროპელი მომხმარებლებისთვის პროდუქციის სტაბილურ, უწყვეტ მიწოდებას. დღეს ამ მხრივ უკეთესობაა – კომპანიას გააჩნია ევროპული მიწოდების ცენტრი და საწყობი ამსტერდამში. ამასთან, 2001 წლიდან კომპანია ფრანგული LMVH (Louis Vuitton Moet Hennessy) მფლობელობაშია, რომელმაც  DKNY გლობალური განვითარების სტრატეგია უფრო აგრესიული გახადა. დონა ქარანის პროდუქცია იყიდება – ნიუ-იორქში, მონრეალში, ტოკიოში, ლონდონში, პარიზში, ანტვერპენში… სასიამოვნოა, რომ ავტორიზირებული დისტრიბუტორი ყავს უკვე საქართველოშიც – მაღაზია Egoiste, ელბაქიძეზე.

DKNY ხაზის დიზაინერი ჯეინ ჩანგია (Jane Chung), რომელთან ერთადაც ქარანი ჯერ კიდევ ენ ქლაინის მოდის სახლში მუშაობდა. თავად ქარანი მაღალი მოდის (Haute couture) კვირეულებზე წარსადგენ კოლექციებზე მუშაობს.

მის ინტერესთა სფეროში მოხვდა კაბალა, რომლის შესწავლასაც დიზაინერმა დიდი დრო დაუთმო. ასევე გატაცებულია აღმოსავლური ფილოსოფიით და მედიტაციით.
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ასევე:

 ნიუ იორქის დედოფალი

Advertisements

3 thoughts on “ქალი, რომელიც მიშელ ობამამ გაანაწყენა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s