ოფისების გათავისუფლება მუქი ფერის კონსერვატიული კოსტიუმებისგან – ამერიკული მოდის დამსახურებაა. დღეს ამერიკული ოფისების თანამშრომელთა დიდი ნაწილი უპირატესობას ყოველდღიურ და ნაკლებფორმალურ ბიზნეს სტილის (business-casual, semi-forml business style) ანიჭებს. საგანგებო ტრმინიც კი გაჩნდა: Downgraded business-style (ანუ ჩვენებურად – “საქმიანი სტილის ჩამოლაბორანტება”).
როგორ უნდა ჩამოვალაბორანტოთ საქმიანი სტილი, ისე, რომ ამით თავად საქმე არ დავაზარალოთ?
იმ დღეებში, როდესაც მნიშვნელოვანი საქმიანი მოლაპარაკებები, რაიმე ბიზნეს-შეხვედრა იგეგმება, როგორც წესი კოსტიუმი და ჰალსტუხია სასურველი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია, გავამრავალფეროვნოთ სამოსი, რომ ნაკლებად ცერემონიალური იერი გვქონდეს.
პირველი, რისი გაკეთებაც შეიძლება – ტრადიციული მუქი ლურჯი, ნაცრისფერი და შავი კოსტიუმის ჩანაცვლება მომწვანო, ჭაობისფერი ან უფრო ღია ნაცრისფერი, ღია ლურჯი ფერის კოსტიუმით.
შესაძლებელია შევარჩიოთ მოვარდისფრო, კრემისფერი ან ცისფერი პერანგი-ოქსფორდი. ან პერანგი მომცრო და საშუალო ზოლებით. ნახატებიანი ჰალსტუხი (გეომეტრიული და სხვა ფიგურები, ცხოველები…), ჟილეტის ნაცვლად – გულამოჭრილი სვიტერი (V-neck sweater).
კიდევ უფრო მეტი არაფორმალურობისთვის შესაძლებელია კოსტიუმის ჩანაცვლება სპორტული (უკეთესია ფლანელი, ბუკლე, ტვიდი…) ან ველვეტის ქურთუკით.
ამგვარ ქურთუკთან კი ჰალსტუხს სულ იოლად ჩავანაცვლებთ კაშნეთი, პერანგ-ოქსფორდს – პერანგ-პოლოთი ან როლინგით.
ასეთ ქურთუკს შესანიშნავად მიესადაგება ჯინსის შარვალი. თუ ჯინსი მეტისმეტად სპორტულად მოგეჩვენათ – იდეალურია ხაკი.
ფორმალური “ოქსფორდული” ფეხსაცმელი – შევცვალოთ რამე უფრო რბილი და მოსახერხებელი ფეხსაცმლით (მაგალითისთვის, გამოდგება – bucks).
დაბოლოს, შეიძლება კიდევ უფრო შორს წავიდეთ და საერთოდ უარი ვთქვათ ქურთუკზე და ის კარდიგანით (უკეთესია – მუქი ფერის შალის/ქაშმირის) ჩავანაცვლოთ. სურვილის შემთხვევაში, კარდიგანის ქვეშ ჰალტუხის გაკეთებაც შეიძლება, თუმცა, იდეალური იქნება კაშნე.
კარდიგანის შემთხვევაში, პერანგის მორგებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება – სასურველია, შევარჩიოთ მაღალი ხარისხის ბამბის მატერიისგან შეკერილი და ღია ფერისა, რომ კარდიგანის ფერთან საკმარისი კონტრასტი შექმნას. პერანგი-პოლო ამ შემთხვევაში, ცხადია, არ გამოდგება.
რამდენადაც კარდიგანი ქურთუკი არ არის, ის შარვლის არჩევისას დიდ თავისუფლებას გვაძლევს – ეს შეიძლება იყოს, როგორც ფორმალური ყაიდის შარვალი, ასევე, ნაკლებფორმალური, ვთქვათ – ხაკი, მთავარია, ფერები შევახამოთ სწორად. იგივე ითქმის ფეხსაცმელზეც – ტყავის “ბლიუხერებიდან” დაწყებული ზამშის ფეხსაცმლამდე – ყველაფერი გამოდგება.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___