Amazon.com – იქ, სადაც ელექტრონული კომერცია იწყება

jeffbezos ჯეფრი ფრესთონ ბეზოსი (Jeffrey Preston Bezos) – ამერიკელი ფინანსისტი, ბიზნეს-ანალიტიკოსი და კომპანია ”ამაზონის” (Amazon.com Inc.) დამფუძნებელია.

ის 1964 წელს თექსასში (ტეხასს რომ ვუძახით ხოლმე)  დაიბადა, თუმცა მოგვიანებით დედამისი და მამინაცვალი (კუბური წარმოშობის მიგელ ბეზოსი) ფლორიდაში გადავიდნენ საცხოვრებლად. ჯეფ ბეზოსმა სკოლა მაიამიში დაამთავრა, თან სკოლაში სწავლასთან ერთად, ფლორიდის უნივერსიტეტში სტუდენტთა სამეცნიერო დახელოვნების პროგრამაში მონაწილეობდა და 1982 წელს ვერცხლის რაინდის (Silver Knight Awards) ჯილდოც დაიმსახურა, როგორც გამორჩეულმა მოწაფემ. შემდგომ, სწავლა ფრინსთონის უნივერსიტეტში განაგრძო, ხოლო მეცნიერებისა და ტექნოლოგის დოქტორის ხარისხი ენდრიუ ქარნეგის მიერ დაარსებულ ფითსბურგის ქარნეგი მელონ უნივერსიტეტში მოიპოვა.

ფრინსთონის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა უოლ-სთრითზე, ბანკერს თრასთში, შემდეგ კი უცაბედად ყველაფერი მიატოვა, მეუღლესთან ერთად ნიუ-იორქიდან ფორთ ვორში გადაფრინდა, იქედან კი ნაქირავები შევროლე-ბლეიზერით ბალვიუში (ვაშინგთონის შტატი) გაემგზავრა, რათა 1994 წელს დაეფუძნებინა კომპანია “ამაზონი”, რომლის პირველი მისამართი – ბეზოს ავტოფარეხი იყო, ხოლო კაპიტალი – მამისგან მიღებული 300’000 დოლარიანი ჩეკი.

ზოგადად ავტოფარეხში მუშაობა ჯეფრი ბეზოსს კარგად ჰქონდა დაცდილი –ადრევე უყვარდა მას ჩხირკედელაობა მშობლების ავტოფარეხში, თქსასში, რომელიც საკუთარ სამეცნიერო ლაბორატორიად გადააქცია…

1999 წელს ჟურნალმა Time წლის ადამიანად დაასახელა, ხოლო 2008 წელს ჟურნალმა U.S. News & World Report ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო ლიდერთა შორის მოიხსენია (America’s Best Leaders: Jeff Bezos, Amazon.com CEO).

ჯეფ ბეზოსის ავტოფარეხში დაფუძნებული ამაზონი დღეს მსოფლიოში წამყვანი ელექტრონული კომერციის კომპანიაა, 20 ათასიანი თანამშრომელთა გუნდითა და 20 მილიარდიანი (აშშ დოლარებში) წლიური ბრუნვით, ინტერნეტ-მაღაზიებით ამერიკაში, კანადაში, იაპონიაში, ჩინეთში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, გამორჩეული საუკეთესო სერვისითა და პროდუქტთა მრავალფეროვნებით (ნემსითა და ძაფით დაწყებული და ავეჯით დამთავრებული).

მაგრამ ეს – დღეს. 1994 წელს კი Amazon.com იყო “დედამიწის ზურგზე უდიდესი წიგნების მაღაზია” – როგორც ეს საკუთრივ ვებ-გვერდზევე იყო აღნიშნული (მსოფლიოს უდიდესი მდინარის ამაზონის (Rio Amazonas) სახელწოდებაც სწორედ ამიტომ შეურჩია ბეზოსმა თავის კომპანიას, თუმცა, თავდაპირველად Cadabra-ს დარქმევას გეგმავდა).

ჯეფრი ბეზოსის მიზანი იყო მუდმივი ზრდა და ბაზრის წილის გაფართოება. მისი ბიზნეს კონცეფცია აგებული იყო საუკეთესო მომსახურების შეთავაზებაზე, ერთგულ კლიენტთა კასტის ჩამოყალიბებაზე და გასაყიდი საქონლის ნუსხის მაქსიმალურად გამრავალფეროვნებაზე. ის დიდი რაოდენობით სესხულობდა თანხებს ბიზნესის განვითარებისთვის და, შესაბამისად, საწყის ეტაპზე კომპანიის ხარჯები მნიშვნელოვნად აღემატებოდა კომპანიის შემოსავლებს. ამავდროულად, ინტერნეტ-ვაჭრობის სხვადასხვა სეგმენტზე შეღწევის მიზნით, ბეზოსმა რამდენიმე სხვა კომპანია შეისყიდა და ყველა ეს გარიგება მომგებიანი ნამდვილად არ იყო (მაგალითად, Kozmo.com და Pets.com-ის ყიდვამ “ამაზონს” ზარალის მეტი არაფერი მოუტანა) მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრით უკმაყოფილო აქციონერებისა, სტრატეგია ხანგრძლივ დროში კარგად გათვლილი აღმოჩნდა და XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე დამდგარი კრიზისის დროს (ე.წ. I.T. bubble)  სხვადასხვა პროფილის ინტერნეტ კომპანიების აქციების ფასის ვარდნისა და გაბანკროტების ფონზე (მათ შორის იყვნენ ამაზონის უშუალო კონკურენტები Boo.com, eToys, EDIG…) Amazon.com-მა 2001 წელი მცირე, მაგრამ მაინც მოგებით დაასრულა. 2002-2003 წლების დანაკარგებმა კი (ეს ინტერნეტ ინდუსტრიის კრიზისის მძიმე გამოძახილი იყო) თუმცა სამი ასეული მილიონი შეადგინა, ეს კომპანიისთვის კონკურენტებთან შედარებით იოლი გადასატანი აღმოჩნდა, სწორედაც რომ ერთგულ კლიენტთა რაოდენობისა და ბაზრის განსხვავებულ სეგმენტებზე ფოკუსირების წყალობით – და აქედან მოყოლებული “ამაზონი” ელექტრონული კომერციის უპირობო ლიდერი გახდა, როგორც ბრუნვის, ასევე მოგების მოცულობით.

http://www.amazon.com-ს წლის განმავლობაში 700 მილიონ ადამიანზე მეტი სტუმრობს  (www.walmart.com-ს, შედარებისთვის – 300 მილიონამდე).

2005 წელს კომპანია დაემატა S&P 500, ხოლო 2008 წლიდან S&P 100 ინდექსებს (საფინანსო-ანალიზის კომპანიის, Standard & Poor’s-ის მიერ შედგენილი მაღალი კაპიტალიზაციის სააქციო კომპანიების სია. ინდექსი მოიცავს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კომპანიებს, რომელთა აქციებიც ღია საბირჟო გაყიდვაშია და, ამასთან, მათი აქციების ლიკვიდურობაც მაღალია).

ერთის მხრივ, “ამაზონი” სხვადასხვა სეზონური ვაჭრობების, აუქციონების დროს მწარმოებლებისა და დისტრიბუტორებისგან იძენს სხვადასხვა სახის პროდუქციას, რომელსაც შემდგომ საკუთარ მომხმარებლებს სთავაზობს საკუთარი საწყობებიდან. ეს საწყობები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია განლაგებული (აშშ, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იაპონია, ჩინეთი…), როგორც წესი – აეროპორტების მახლობლად, რაც საქონლის მიწოდების დროს რეკორდულად ამცირებს.

მეორეს მხრივ, “ამაზონი” არაერთი კომპანიის, სავაჭრო ცენტრისა თუ მაღაზიის უდიდესი ონლაინ-დისტრიბუტორია – ასეთ შემთხვევაში, შესყიდული საქონელი კლიენტს Amazon.com-ის ვებ-გვერდის გავლით, მაგრამ, რეალურად, რომელიმე სავაჭრო ცენტრიდან თუ მაღაზიიდან მიეწოდება, ამასთან, ყოველგვარი ფასნამატის გარეშე (ამაზონს საპარტნიორო ხელშეკრულება აქვს გაფორმებული Macy’s,  Nokia, Drugstore, Borders-თან…).

და ამის გარდა, Target, Sears Canada, Timex, Marks & Spencer, Lacoste, Mothercare, Shop@AOL… ვებ-გვერდებს, სადაც მათი საცალო ვაჭრობის ონლაინ-მაღაზიებია განლაგებული, საპარტნიორო ხელშეკრულებით ასევე „ამაზონი“ მართავს.

სულ ახლახანს ამაზონმა შეისყიდა ფეხსაცმელების ერთ-ერთი უდიდესი ონლაინ-თრეიდერი Zappos (რომლის ბრუნვაც, 1 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს), აგრეთვე, დააფუძნა ფეხსაცმელებისა და აქსესუარების სპეციალიზირებული ონლაინ-მაღაზია Endless.

გარდა საკუთრივ Amazon.com-ისა, კორპორაცია “ამაზონის” პროექტთა შორისაა, დარწმუნებული ვარ, ყველასათვის კარგად ცნობილი კინოფილმების საინტერნეტო ბაზა (Internet Movie Database – IMDb), ონლაინ-შოფერებისთვის შეუცვლელი საძიებო სისტემა A9.com, ფოტომოყვარულთა შორის პოპულარული ციფრული ფოტოაპარატების მიმომხილვისა და შეფასების ონლაინ-ჟურნალი Dpreview.com, აგრეთვე ციფრული წიგნებისა თუ ჟურნალების წასაკითხი ძალიან მოხერხებული პროგრამა და მოწყობილობა Amazon Kindle და ნერვების მომშლელი ინტერნეტ-თულბარი Alexa 🙂

2002 წელს ამაზონმა დაიწყო ახალი წარმატებული პროექტი – ამაზონის ვებ-სერვისის (Amazon Web Services – AWS) სახით. AWS სხვადასხვა ვებ-გვერდების მფლობელებს ემსახურება და მისი კლიენტთა ბაზა 300’000-ს აჭარბებს.

ე.წ. “ამერიკელ კლიენტთა კმაყოფილების ინდექსი” (ACSI – American Consumer Satisfaction Index) რომელიც ამა თუ იმ კომპანიის მიმართ მომხმარებელთა განწყობას ასახავს, ადასტურებს რომ ჯეფ ბეზოსის ორიენტირი მაღალი ხარისხის მომსახურებაზე უცვლელია – 2009 წლის გაზაფხულის მონაცემებით, Amazon.com-ის მიმართ კლიენტთა კეთილგანწყობა 100-ქულიან შკალაზე 84 ქულით ფასდება (ეს მეორე შედეგია და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება პირველ ადგილზე მყოფ ვიდეოფილმების გაქირავების სერვისს Netflix.com-ს).

ამაზონს მხოლოდ ინტერნეტ-აუქციონების განვითარების მცდელობისას მოეცარა ხელი – ბაზრის ამ ნიშაში e-Bay-ს შევიწროვების რამდენიმე მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, სამაგიეროდ Amazon Marketplace, რომელიც კერძო მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ფიქსირებულ ფასში გასაყიდად გამოიტანონ სხვადასხვა სახის მეორედი საქონელი (e-Bay-ს შვილობილი Half.com-ის მსგავსი სერვისი) – მეტად წარმატებული აღმოჩნდა.

Online Stores vs. Retail Stores

Marketresearch.com-ის მონაცემებით, ამერიკელ ინტერნეტ-მომხმარებელთა 86% ინტერნეტს პროდუქციის შერჩევა-შედარებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის იყენებს. ამათგან 80% ონლაინ მყიდველიცაა – ანუ შერჩევის შემდეგ შეკვეთასაც ინტენრეტის მეშვეობით აფორმებს.

“საცალო ვაჭრობის ეროვნული ფედერაციის” (NRF-National Retail Federation) კვლევები ადასტურებს, რომ მომხმარებელთა თითქმის 1/3 ონლაინ-შეკვეთას განხილავს როგორც უპირატესს.

აშშ-ში 2008 წლის განმავლობაში ელექტრონული გზით 133 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი იყო შესყიდული (ამ მონაცემებში ტურისტული ინდუსტრიის გარიგებები არ ითვლება).

მარკეტინგული კვლევების კომპანია Nielsen რეგულარულად სწავლობს ონლაინ-ვაჭრობაში არსებულ ტენდენციებს. მისი მონაცემების მიხედვით, ონლაინ-გარიგებებისას პოპულარობას კვლავ წიგნები ინარჩუნებს – 2008 წელს წიგნი ონლაინ-მყიდველთა 41%-მა შეიძინა (2005 წელს ეს მონაცემი 34% იყო). მეორე ადგილზე პოპულარობით ტანსაცმელი/აქსესუარები/ფეხსაცმელია – 36%. მესამეზე – DVD ფილმები და ვიდეო-თამაშები – 24%. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რამდენადაც 2005 წლის მონაცემები, შესაბამისად 20% და 22% იყო – ამდენად, ტანსაცმელმა/აქსესუარებმა/ფეხსაცმელმა არა უბრალოდ ადგილი გაუცვალა  DVD ფილმებსა და ვიდეო-თამაშებს, არამედ უპრეცენდენტოდ მაღალი 12%-იანი ზრდაც აჩვენა. ეს ადასტურებს, რომ მომავალ წლებში ონლაინ-ვაჭრობაში ამ საქონლის წილი კიდევ უფრო გაიზრდება. მომხმარებლის ქცევის მნიშვნელოვან ცვლილებაზე მიუთიითებს აგრეთვე გასტრონომიული პროდუქციის შესყიდვების ზრდა 2005 წლის 6%-დან 2008 წლის 14%-მდე. მაღალია ასევე გაყიდვების ზრდა კოსმეტიკური პროდუქციის – 10%-დან 2005 წელს, 2008 წლის 19%-მდე, ელექტრო-საქონლის (ტელე-ვიდეო-აუდიო აპარატურის)  – 17%-დან 23%-მდე, სათამაშოების – 4%-დან 9%-მდე.

ონლაინ-მყიდველთა 43% ერთი და იმავე მაღაზიის კლიენტია. 37% – საძიებო სისტემებს და 32% – ნაცნობ-ახლობელთა რეკომენდაციას ენდობა.
Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ასევე:
სამი რჩევა ონლაინ შოფინგისთვის
საშობაო საჩუქარი Amazon.com-ისგან: ახალი სერვისი
ჯეფ ბეზოსის ინტერვიუ ჟურნალისტ ჩარლი როუზთან

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

2 thoughts on “Amazon.com – იქ, სადაც ელექტრონული კომერცია იწყება”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: