501 – ლეგენდა, რომელიც მსოფლიოს აერთიანებს

ღმერთმა შექმნა ადამიანი.
სემიუელ ქოლთმა ისინი გაათანაბრა.
ლევი სთრაუსმა კი – დააახლოვა.

Levi_Straussებრაელმა ემიგრანტმა ბავარიიდან, ლოებ შტრაუსმა (Löb Strauss) 1847 წელს გადალახა ოკეანე, რათა აშშ-ში მისი უფროსი ძმების მიერ წამოწყებულ ბიზნესში ჩართულიყო.  ნიუ იორქში დაფუძნებული სავაჭრო სახლი “J. Strauss Brother & Co.”, იმხანად უკვე გაფართოებას აპირებდა და სან ფრანსისქოს ფილიალის ხელმძღვანელად ოჯახმა ახალგაზრდა ლოები გაამწესა. მას შემდეგ, რაც ამერიკის მოქალაქეობის მიღებისთვის საჭირო ფორმალობები მოითავა და ბიზნესშიც უკეთ გაერკვია, 1853 წლის მარტში ლოებ შტრაუსი (ანუ ამერიკულ ყაიდაზე – ლევი სთრაუსი/Levi Strauss) ქალიფორნიაში დაფუძნდა.

როგორც ჩანს, მისი ამბიციები ძმების კომპანიის წარმომადგენლობას შორს სცდებოდა – ლევიმაც სან ფრანსისქოში საკუთარი Levi Strauss & Co. შექმნა და დამოუკიდებლად მიჰყო ვაჭრობას ხელი (თუმცა, იმავდროულად, “J. Strauss Brother & Co.”-ის ინტერესებსაც წარმოადგენდა). მოგვიანებით, ნიუ იორქიდან მასთან და და სიძეც გადმოსახლდნენ (სწორედ ლევის დისშვილებს მოუწიათ მომავალში ბიძის საქმის გაგრძელება, თუმცა, ამაზე – შემდგომ).

“Levi Strauss & Co.”  სხვადასხვა საქონლით ვაჭრობდა, მაგრამ განსაკუთრებული მოთხოვნილებით მისი ჯინსის შარვალი სარგებლობდა. შარვალმა, რომელიც ორმაგი გვირისტით იყო შეკერილი,  ბევრი ჯიბე ჰქონდა, იოლად ირეცხებოდა, გამძლე და მოხერხებული იყო,  ადგილობრივ ოქროს მომპოვებლებს შორის დიდი მოწონება დაიმსახურა. მისი ფასი იმხანად 1 დოლარი და 46 ცენტი იყო.

1872 წელს ლევი სთრაუსმა მიიღო წერილი ნევადელი მკერავის, ჯაქობ დეივისისგან. დეივისი წერდა, რომ, ვინაიდან ჯინსის შარვალი ყველაზე ხშირად ჯიბეებთან იხეოდა, მეტი სიმტკიცისთვის მან ჯიბის კიდეების გამაგრება მეტალის მოქლონებით გადაწყვიტა და მიგნებამ გაამართლა. ახლა დეივისი ამ იდეის დასაპატენტებლად პარტნიორს ეძებდა და  ლევის შეამხანაგებას სთავაზობდა. ქალიფორნიელი მეწარმე წინადადებას, რასაკვირველია, დასთანხმდა – ჯაქობს დეივისი ნევადიდან სან ფრანსისქოში საკუთარ კომპანიაში გადმოიყვანა და 1873 წლის 20 მაისს აშშ-ის საპატენტო ოფისმა პარტნიორებზე გასცა ისტორიული პატენტი ნომრით 139121.

  • ზოგიერთი წყარო “გვამცნობს”, რომ ლევიმ იდეა იაფად შეისყიდა დეივისისგან და შემდგომ თავად დაარეგისტრირა, რაც არასწორია. United States patent #139121 შავით თეთრზე მოიხსენიებს ჯაქობ დეივისს, როგორც იდეის ავტორს, ამავე დროს აღნიშნავს, რომ განაცხადი პატენტის მოპოვებაზე სწორედ დეივისმა შეიტანა, საკუთარი და Levi Strauss & Co.-ის სახელით.
  • სხვათა შორის, ლევის მსგავსად, დეივისიც (Jacob W. Davis) ემიგრანტი იყო – ის 1831 წელს ლატვიის ქალაქ რიგაში დაიბადა და ამერიკაში 30 წლის შემდეგ, 1861 წელს გადაბარგდა.

პირველი მოქლომიანი ჯინსი “XX” (1890 წელს მას ოფიციალურად ეწოდა Levi’s “501”) 1873 წლიდან ვიდრე დღემდე კომპანიის ყველაზე ცნობილ და წარმატებულ პროდუქტად რჩება. სულ კი Levi Strauss & Co.-ის მიერ, არსებობის 155 წლის მანძილზე 3,5 მილიარდ ჯინსის შარვალზე მეტია გაყიდული.

  • სხვათა შორის, კომპანია გულმოდგინედ იცავს საკუთარ პირველობას და მხოლოდ 2001 წლიდან თუ დავთვლით – 100-ზე მეტი სარჩელი აღძრა “იმიტატორების” წინააღმდეგ, რომელთა შორის ისეთი კომპანიებიც მოხვდა, როგორიცაა Guess?, Esprit, Zegna…

1886 წელს პირველად გამოჩნდა ცნობილი ლოგო – ორ ცხენს შორის მოქცეული ჯინსის შარვალი.

1928 წელს კომპანიამ დაარეგისტრირა სახელი “Levi’s” (გამოითქმის, როგორც “ლივაის”).

1936 წელს “501”-ის მარჯვენა უკანა ჯიბეზე პირველად გამჩნდა სახელგანთქმული “Red Tab” (წითელი იარლიყი თეთრი ფერის წარწერით “LEVI’S” (1971 წელს წარწერაზე ასომთავრული “E” პატარით შეიცვალა). ამით ის პრაქტიკულად აღწევს სრულყოფილებას. 1980 წლიდან “501”  უკვე ქალებისთვისაც იკერება.

  • 1981 წელს Levi Strauss & Co.-ის მარკეტინგის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯერი ო’შიმ დააფუძნა საქველმოქმედო ფონდი “Red Tab Foundation”, რომელიც ეხმარება კომპანიის თანამშრომლებს (მათ შორის მათაც, ვინც უკვე პანსიაში გავიდა) უბედური შემთხვევების თუ გაჭირვების ჟამს. აგრეთვე აფინანსებს სასწავლო პროგრამებს.

1964 წელს “501” სამუზეუმო ექსპონატად აღიარეს – მან “სმითსონის ინსტიტუტის” (Smithsonian Institution – 1846 წელს დაარსებული აშშ-ის უძველესი სამუზეუმო დაწესებულებაა. დღესდღეობით სულ 19 მუზეუმსა და 9 კვლევით დაწესებულებას აერთიანებს) მუდმივ ექსპოზიციაში დაიდო ბინა, რაც სრულიადაც არ უშლის ხელს, კვლავ რჩებოდეს ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად შარვლად მსოფლიოში.

1966 წელს “ლივაისის” პირველი სატელევიზიო რეკლამა გამოჩნდა. კომპანიის არაერთი სარეკლამო რგოლია ხელოვნების ნიმუშად აღიარებული და დაჯილდოებული პრესტიჟული პრემიებით, კანის ფესტივალის “ოქროს ლომების” ჩათვლით. (უითმენი და ლივაისი).

1986 წელს კომპანიამ პირველად წარუდგინა ბაზარს ხაკის შარვალი – “დოქერსი” (Dockers). მომდევნო წელს გამოჩნდა “დოქერსი” ქალებისთვის.

“დოქერსი” Levi Strauss & Co.-ის კიდევ ერთ სენსაციად იქცა. მან ამერიკულ მოდაში შემოიტანა ხაკის კულტურა და casual სტილის განუყოფელ ნაწილად იქცა. დღეს “დოქერსს” ერთნაირად შეხვდებით ბარებსა და ოფისებში. კომპანია მის პოზიციონირებას ახდენს, როგორც მოხერხებულ და ელეგანტურ სამოსს მოწიფული ასაკის აქტიური და წარმატებული ადამიანებისთვის. “დოქერსის” მომხმარებელთა უპირატესი ასაკია 25-50 წელი. 2002 წელს 10-დან 8 მამაკაცის გარდერობში იყო “დოქერსის” ხაკის შარვალი.

ამავე დროს, როგორც “ლივაისი”, ასევე “დოქერსი”, გარდა შარვლისა ესაა – მაისურები, პერანგები, ქურთუკები, ფეხსაცმელები, ქამრები და სხვა აქსესუარები. ეგ კი არადა, დაახლოებით ორი წელია, რაც “ლივაისის” ლოგო უკვე მობილურ ტელეფონებსაც ამშვენებს.

Levi Strauss & Co. პროდუქციას მსოფლიოს ყველა წერტილში შეხვდებით. ის ნებისმიერი ასაკის, სქესის, რასის,  პოლიტიკური გემოვნებისა თუ რელიგიური აღმსარებლობის ადამიანს აერთიანებს.

კომპანიის არქივი ინახავს ქერი გრანთის, ქლინთ ისთვუდის, პრეზიდენტ რონალდ რეიგანის, პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონის მეუღლის, ქლაუდია ჯონსონის მადლობის წერილებს.

თავად ლევი სთრაუსს შვილები არ ყოლია. 1902 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, კომპანიას სათავეში დისშვილები ჩაუდგნენ.

1994 წელს ლევი სთრაუსი “ამერიკის ბიზნესის დიდების დარბაზში” (U.S. Business Hall of Fame) შეიყვანეს.

2003 წელს სან ფრანსისქოს იმჟამინდელმა მერმა, დემოკრატმა ვილი ლუის ბრაუნ უმცროსმა ოფიციალურად დააწესა ლევი სთრაუსის სახელობის დღე, რომელიც 5 მაისს აღინიშნება.

ბავარიის ქალაქ ბუტენჰაიმში, სადაც ის დაიბადა, ლევი სთრაუსის მუზეუმი მდებარეობს.

Levi Strauss & Co. კვლავ ლევი სთრაუსის შთამომავალთა მფლობელობაშია, თუმცა ბოლო წლებია დადის ხმები კომპანიის ღია ტიპის სააქციო საზოგადოებად შესაძლო გადაკეთების თაობაზე.
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ასევე:
ამბავი ხუთ შარვალზე
ჯინსები და თანამედროვე დრეს-კოდი

Advertisements

2 thoughts on “501 – ლეგენდა, რომელიც მსოფლიოს აერთიანებს

  1. პოსტი არაჩვეულებრივია.
    მაგრამ ერთი ნაკლი აერთიანებს შენი პოსტების დიდ ნაწილს – სახელებს, გვარებზე, სახელწოდებებს ამახინჯებ მუდამ.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s