Swing Around Rosie

ანა-ბანა, ანა-ბანა – ვის ყავს მამიდა ჩემისთანა?
ჯორჯ ქლუნი

როზმარი ქლუნი/Rosemary Clooney შესანიშნავი ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და ჯორჯ ქლუნის მამიდა 🙂 1928 წლის 23 მაისს მეისვილში დაიბადა. 13 წლისა იყო, როდესაც მშობლები ერთმანეთსდაშორდნენ   – როზმარი და მისი და  ბეთი მამასთან დარჩნენ, დედა და ძმა ნიქი (ჯორჯ ქლუნის მომავალი მამა) –  ქალიფორნიაში გადასახლდნენ.

მამა ქარხანაში მუშაობდა, ბევრს სვამდა და შვილების აღზრდისთვის დიდი დრო არ რჩებოდა… ერთხელაც კი, როგორც იტყვიან, შინიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

გოგონები ბოთლების შეგროვებით და სხვადასხვა შემთხვევითი სამუშაოთი ირჩენდნენ თავს, თან მუსიკალურ რადიოგადაცემებს უსმენდნენ და თავადაც ცდილობდნენ სიმღერას.

1945 წელს ცინცინათის რადიოსადგურმა WLW ღია კონკურსი გამოაცხადა და დებმაც გადაწყვიტეს, ბედი ეცადათ. პუბლიკის წინაშე ისინი The Clooney Sisters-ის სახელით წარსდგნენ და  მათმა პირველივე გამოსვლამ ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ რადიოსადგურმა ყოველკვირეული ეთერი  და კვირაში 20-დოლარიანი ანაზღაურება შესთავაზა. სწორედ WLW-ით მოისმინა პირველად მათი გამოსვლა ტენორ-საქსოფონისტმა თონი პასთორმა. პასთორი ცნობილი მუსიკოსი იყო, თავის დროზე ჯო ვენუთისა და ართი შოუსთან გამოდიოდა, იმხანად კი უკვე საკუთარი ბიგ-ბენდი ჰქონდა და ვოკალისტს ეძებდა. დები თონი პასთორის ბიგ-ბენდს შეუერთდნენ. თავდაპირველად ისინი კვლავ დუეტში მღეროდნენ, მაგრამ 1948 წელს ბეთი რადიოსადგურში დაბრუნდა, როზმარი კი კიდევ ერთი წელი დარჩა ბენდში, 1949 წელს კი ნიუ-იორქს მიაშურა, სადაც Columbia Records-ში პირველი სოლო-ალბომი ჩაწერა (უნდა ითქვას, რომ Columbia Records-ი ქლუნის შემოქმედებას კარგად იცნობდა – სწორედ იქ ჩაწერეს 1946 წელს როზმარი ქლუნის პირველი ალბომი  თონი პასთორის ბიგ-ბენდთან ერთად), იქვე დაიწყო როზმარი ქლუნისა და მუსიკოსისა და პროდიუსერის  მიჩ მილერის თანამშრომლობა. მიჩ მილერის შერჩევით შემოვიდა მომღერლის შემოქმედებაში იმხანად პოპულარული იტალიური აქცენტი და რიტმები (სინამდვილეში ეს ერთგვარი “ტრიუკი” გახლდათ, რამდენადაც როზმარი ქლუნი ირლანდიურ-გერმანული წარმომავლობისა იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სწორედ მას ეკუთვნის “მამბო იტალიანოს” პოპულარული და აწ უკვე კლასიკად ქცეული შესრულება) – 1951 წელს ჩაწერილმა სიმღერამ Come On-a My House როზმარი ქლუნი ვარსკვლავად აქცია.

მომდევნო წელს მან ჩაწერა რამდენიმე დუეტი მარლენ დითრიხთან. 1954 წელს ბინგ ქროსბისთან ერთად მონაწილეობა მიიღო ფილმში White Christmas. 1956 წელს კი ამას სატელევიზიო კარიერის დაწყებაც დაემატა – როზმარი ქლუნის მიყავდა საკუთარი The Rosemary Clooney Show.

ამავე დროს, პოლიტიკისთვისაც პოულობდა დროს – რობერთ ქენედის ახლო მეგობარი, მის საარჩევნო კამპანიაში იყო ჩაბმული და 1968 წლის 5 ივნისს ლოს ანჯელესის სასტუმრო “ამბასადორში” იმყოფებოდა, როდესაც შირხან შირხანი თავს დაესხა და სასიკვდილოდ დაჭრა ბობი ქენედი.

ეს ტრაგედია და ნარკოტიკებით გატაცება მძიმედ აისახა როზმარი ქლუნის ჯანმრთელობაზე. ერთი თვის შემდეგ რენოში მან კონცერტის გაგრძელება ვეღარ შეძლო და ოფიციალურად განაცხადა სცენის დატოვების შესახებ.

იძულებითმა შემოქმედებითმა შესვენებამ მთელი 8 წელი გასტანა, მხოლოდ 1976 წელს დაბრუნდა მომღერალი დიდ სცენაზე – ეს მისი ძველი მეგობრის ბინგ ქროსბის 50 წლიანი სასცენო მოღვაწეობის საიუბილეო  საღამოზე მოხდა. მათ ერთად შეასრულეს პოპულარული სიმღერა On a Slow Boat to China.

მომდევნო წელს კი ქლუნიმ სტუდია Concord Jazz-თან გააფორმა კონტრაქტი და აქედან მოყოლებული წელიწადში თითო ალბომს წერდა, ვიდრე 2002 წლამდე, როდესაც 29 ივნისს ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა.

ბეთი ქლუნის, ბინგ კროსბისა და  მარლენ დითრიხის გარდა როზმარი ქლუნის ჩაწერილი აქვს ალბომები ფრენქ სინათრასთან,  ჯინ ოთრისთან, აგრეთვე ბადი ქოლის, რეი ქონიფის, ბენი გუდმენის, ბილი მეის, დიუქ ელინგთონის და სხვათა ანსამბლებთან.

1992 წელს “ამერიკის ისტორიის ეროვნული მუზეუმმა” (National Museum of American History) ამერიკულ მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა  “ჯეიმს სმითსონის ორასწლოვანი მედლით” (James Smithson Bicentennial Medal) – მედალი 1965 წელსაა დაარსებული და ენიჭება სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, რომელთა ღვაწლმაც განსაკუთრებული კვალი დატოვა.

2002 წელს მას მიენიჭა “გრემი” მთელი შემოქმედებისთვის (Grammy Lifetime Achievement Award), რომელიც ენიჭება შემსრულებელს, რომელმაც ცხოვრების მანძილზე გამორჩეული წვლილი შეიტანა ხელოვნებაში.

აგრეთვე დაჯილდოებულია პრემია “ემით”, რომელიც 1995 წელს სერიალ “სასწრაფოში” გამოჩენისთვის გადაეცა (როგორც მიწვეულმა ვარსკვლავმა ეპიზოდური როლი შეასრულა სერიალში, რომელშიც მთავარ როლში მისი ძმისშვილი, ჯორჯ ქლუნი თამაშობდა).
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s