ფეხსაცმელი მეტისმეტად მნიშვნელოვანია.
თავად განსაჯეთ – პიჯაკს გაიხდით და სკამის საზურგეზე გადაკიდებთ, ჰალსტუხს – მოადუნებთ, პერანგის ღილს – შეიხსნით… ერთადერთი, რასაც ვერაფერს უზამთ – ფეხსაცმელია, სწორედ ამიტომ, ფეხსაცმელი ისე უნდა შეარჩიოთ, რომ მან მთელი დღე არ ჩაგაშხამოთ და მხოლოდ იმაზე არ იფიქროთ – როდის იქნება, სახლამდე მივაღწიო და ეს წყეულები გავიძროო…
ამისთვის ფეხსაცმელი შეკერილი უნდა იყოს ბუნებრივი და მაღალი ხარისხის მასალისგან (რბილი ტყავი ან მატერია), უნდა “სუნთქავდეს”, იყოს მოხერხებული – და ეს ყველა უმთავრესია. მხოლოდ ამის შემდეგ ფასობს სხვა დანარჩენი (მოდელი, ფერი…).
Loafers (ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც უქნარა, უსაქმური) – ჩვეულებრივ, ტყავისაა, მთლიანი ზედაპირით და თასმების გარეშე. რეზინის ან ტყავის ძირზე.
ეს უნივერსალური ფეხსაცმელია – მშვენივრად “მიდის” ჯინსის, ხაკის, ტილოს, შალის და სხვ. შარვალზე. პიკნიკზეც გამოგადგებათ, ბარშიც, რესტორანშიც, ოფისშიც და, პრაქტიკულად, ყველგან.
დღის საათებში და ნაკლებად ცერემონიალური ბიზნეს-შეხვედრების დროს, კოსტიუმსაც მშვენივრად მიუსადაგებთ.
Bucks (ირემი, ირმის ტყავი) – სამხრეთ შტატებში პოპულარული წყალგაუმტარი ტყავის ან ნატის (ზამშის) ფეხსაცმელია. კლასიკურ Bucks-ს თეთრი ზედაპირი და მოწითალო რეზინის ძირი აქვს, თუმცა დღეს ღია და მუქი ყავისფერიც იკერება. გამოდგება ოფისში ჩასაცმელადაც და პიკნიკებზეც.
Desert boots (უდაბნოს წაღა) – ინგლისელმა ფეხსაცმლის მწარმოებელმა ნათან ქლარქმა (Nathan Clark) შექმნა 1950 წელს. ეს არის ტყავის ფართო ფეხსაცმელი, ცერად მოჭრილი ყელით, ორი ნახვრეტით თასმისთვის და კრეპის ძირზე.
1967 წელს ლორდთა პალატის ლიდერი, ბარონი ედვარდ შექლეთონი (Lord Shackleton) სხდომაზე ამგვარ ფეხსაცმელში გამოწყობილი მიბრძანდა და, როგორც ამბობენ, “უდაბნოს წაღებმა” ლორდის კოლეგებისა და ბრიტენეთის მინისტრთა კაბინეტის წევრების დიდი მოწონება დაიმსახურა.
ქლარქის წაღების პოპულარობას განაპირობებს გამძლეობა და მოხერხებულობა, აგრეთვე ის ამბავი, რომ ეს ფეხსაცმელი პრაქტიკულად უნივერსალურია – “მიდის” ნებისმიერ შარვალზე და გამოსადეგია ნებისმიერი შემთხვევისთვის (გარდა მკაცრად ოფიციალურ-ცერემონიალური შემთხვევებისა).
Boat shoes (გემბანის ფეხსაცმელი) – თასმებიანი ტყავის ან ნატის ფეხსაცმელია. ძირი საგანგებოდ დამუშავებული მოცურების საწინააღმდეგო რეზინისა აქვს. კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანია – დეკორატიული თასმა გვერდებზე.
ჩვეულებრივ, ამგვარი ფეხსაცმელი წინდების გარეშე აცვიათ (წინდებიანი მეზღვაური ძნელი წარმოსადგენია). იდეალურია შორტებთან ჩასაცმელად, საუკეთესოდ ეხამება ჯინსის შარვალსაც.
Bluchers (ბლიუხერები – ნაპოლეონთან მებრძოლი პრუსიელი სარდლის სახელის მიხედვით) და Oxfords (ოქსფორდები) – გამოსასვლელი ტყავის ფეხსაცმელია ტყავისავე ძირზე, შავი ან – ყავისფერი. შეეფერება ოფიციალურ შეხვედრებს, მიღებებს, საღამოებს. განსხვავება “ბლიუხერებსა” და “ოქსფორდებს” შორის
მცირეა – “ბლიუხერების” “ფარფლები” (სადაც ნახვრეტებია თასმებისთვის) თავისუფლადაა ერთმანეთს დაშორებული და მხოლოდ თასმები კრავს, “ოქსფორდებისა” კი – მხოლოდ ზემოთაა დაშორებული, ფეხსაცმლის ცხვირისკენ კი – გადაბმულია.
ზოგადი წესი ამბობს, რომ ფეხსაცმელი შარვლის ფერისა ან მასზე მუქი უნდა იყოს, თუმცა, ეს მხოლოდ ოფიციალურ შემთხვევებს ეხება.
ყოველდღიური, არაფორმალური-ბიზნეს სტილი მეტ თავისუფლებას გვანიჭებს. აქ ექსპერიმენტების დროც გვაქვს, მთავარია, არ გადავამლაშოთ – ფეხსაცმელი ზედმეტად კონტრასტული ფერისა არ უნდა იყოს, თუ, რა თქმა უნდა, სცენაზე გასვლისთვის არ ვემზადებით.
დაბოლოს, წინდები შარვლის ფერს უნდა შევუხამოთ, ქამრის ფერი კი – ფეხსაცმლისას.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___