Lacoste: ყველაზე ცნობილი ნიანგი მსოფლიოში

lacoste-logoუნდა გამოგიტყდეთ, ნიანგების დიდი მოყვარული არასდროს ვყოფილვარ და რეპტილიებისადმი დამოკიდებულება, ჩემს  ბავშვობაში მეტად პოპულარულმა ნიანგმა გენამაც კი ვერ შეცვალა… მაგრამ რაც გენამ ვერ შეძლო, ის რენე ლაკოსტმა მოახერხა.

რენე ლაკოსტი (Jean René Lacoste) გასული საუკუნის დასაწყისის დიდი ფრანგი ჩოგბურთელი იყო. პარიზელი დენდი, დახვეწილი მანერებითა და ელეგანტური სამოსის სიყვარულით, კორტზე და კორტს გარეთ ერთნაირად ბრწყინავდა – ასე რომ, გასაკვირი არაა ლაკოსტის სურვილი, ჩოგბურთის მოთამაშეთა მაისური უფრო მოხერხებული და იმავდროულად მოხდენილი ყოფილიყო.

1927 წლიდან მოყოლებული, ის კორტზე საკუთარი დიზაინით შექმნილ სპორტულ ტანსაცმელში გამოდიოდა, ჩოგბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ კი, 1933 წელს რენე ლაკოსტმა La Société Chemise Lacoste („ლაკოსტის პერანგების კომპანია“) დააფუძნა და, საფეიქრო ფაბრიკის მფლობელ ანდრე ჟილესთან ერთად, სპორტული პერანგების წარმოება დაიწყო. ამავე დროს, რენე ლაკოსტი არა მხოლოდ კარგი დიზაინერი აღმოჩნდა, არამედ მოდის დიდი ნოვატორიც – მანამდე ფირმის ლოგოტიპის ან დასახელების სამოსის ზედაპირზე გამოტანა არ ხდებოდა. პირველად ეს სწორედ ლაკოსტმა გააკეთა.

ლოგოს შერჩევის ისტორიაც საინტერესოა. ლაკოსტის მწვანე ნიანგი პირველად 1927 გამოჩნდა, თუმცა ის არა თავად რენემ, არამედ მისმა მეგობარმა რობერთ ჯორჯმა დახატა და ჩოგბურთელის ბლეიზერის (ქურთუკის) ჯიბეზე renelacoste გამოსახა. საკუთარი სპორტული სამოსის წარმოების დაწყებისას მას საორჭოფო აღარაფერი ჰქონდა – კომპანიის ლოგოდ ნიანგი იქცა.

მეტსახელი „ალიგატორი“ რენე ლაკოსტს ამერიკულმა პუბლიკამ და პრესამ მის ბლეიზერზე რეპტილიის გამოჩენამდე ცოტათი ადრე შეარქვა. დევისის თასის ტურნირის დროს, ლეგენდარულ ამერიკელ ჩოგბურთელთან, ბილ თილდენთან გამარჯვების საფასურად, საფრანგეთის გუნდის კაპიტანი ნიანგის ტყავის იმ ჩემოდანს შეჰპირდა, რომელიც ლაკოსტს ბოსთონის ერთ-ერთ მაღაზიაში შეეთვალიერებინა. ეს ამბავი ჟურნალისტებისთვისაც გახდა ცნობილი და მას შემდეგ ამერიკული გაზეთები რენე ლაკოსტს „ალიგატორად“ მოიხსენიებდნენ.

ლაკოსტის პერანგები იმთავითვე დიდი მოწონებით სარგებლობდა ჩოგბურთისა და გოლფის მოთამაშეთა შორის (სამოყვარულო დონეზე რენეც თამაშობდა გოლფს, მისი მეუღლე და, მოგვიანებით, ქალიშვილი კი გოლფში ჩემპიონები იყვნენ).

1951 წლიდან კომპანიამ პროდუქციის ექსპორტი დაიწყო ჯერ ევროპაში (იტალია), მომდევნო წლიდან კი – ოკეანის გაღმა (აშშ). 1959 წლიდან დაიწყო საბავშვო ტანსაცმლის წარმოება.

რაღა თქმა უნდა, რენე ლაკოსტი ჩოგბურთსაც არ ივიწყებდა – 1963 წელს მან ნამდვილი რევოლუცია მოახდინა ჩოგბურთში, როდესაც ლითონის ჩოგანი შექმნა. ამავე წელს მან საგანგებოდ ჩოგბურთისთვის შექმნა „ლაკოსტის“ სპორტული ფეხსაცმელი.

1963 წელსვე კომპანიას სათავეში ჩაუდგა რენეს უფროსი ვაჟი – ბერნარ ლაკოსტი (Bernard Lacoste). მის სახელს უკავშირდება განვითარების ახალი, დინამიური და აგრესიული განვითარების სტრატეგია, კომპანიის გაყიდვების სწრაფი ზრდა და ამერიკულ ბაზარზე დომინანტური პოზიციის დაკავება ახალგაზრდა, შეძლებულ და მოდურად ჩაცმის მოყვარულ მომხმარებელთა შორის. ქეროლ მაქდი ვოლასის (Carol McD. Wallace) წიგნი “Preppy – ოფიციალური ცნობარი“ („The Official Preppy Handbook“), რომელიც ამერიკელ ახალგაზრდათა შეძლებული ფენის ცხოვრების სტილს აღწერს, „ლაკოსტის“ ტანსაცმელსაც უთმობს ადგილს.

  • „ფრეფი“ (Preppy, მიახლოებით შეიძლება ითარგმნოს, როგორც – ელეგანტური) – ესაა პრესტიჟული კოლეჯებისა და უნივერსიტეტების მოსწავლე-სტუდენტთა აღმნიშვნელი სახელი. მათი საყვარელი ბრენდები ესაა ლაკოსტ, პოლო რალფ ლორენ (Polo Ralph Lauren), ბრუქს ბრაზერს (Brooks Brothers), ჯეი ფრესს (J. Press), ლილი ფულიცერ (Lilly Pulitzer), ჯეი ქრიუ (J. Crew), ვინიარდ ვაინს (Vineyard Vines).

კომპანიამ შეაღწია იაპონიასა და ბრაზილიაში, აზიის და სამხრეთ ამერიკის სხვა ბაზრებზე, ავსტრალიაში. გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა „ლაკოსტის“ ნიანგი ამშვენებს ჩანთებს, ქამრებს, ტყავის აქსესუარებს, პარფიუმერიულ ხაზს, მზის და ოპტიკურ სათვალეებს, საათებს, პირსახოცებს, შალითებსა და გადასაფარებლებს.

1981 წელს გახსნა პირველი საკუთარი საფირმო ბუტიკი პარიზში.

დღეს „ლაკოსტის“ პროდუქციის შეძენა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში 2’800-მდე მაღაზიასა და სავაჭრო ცენტრშია შესაძლებელი (სამწუხაროა, რომ ამ 2’800 მაღაზიიდან მაინცადამაინც თბილისის ბუტიკი დაიკეტა).

ამ ყველაფერთან ერთად, არსებობს ექსკლუზიური იახტა „Lacoste“ და ავტომობილი „Peugeot 205 Lacoste“, რომელსაც სერიული „Peugeot 205“-გან განსხვავებით, ნიანგის ლოგო ამშვენებს.

კომპანია „საფრანგეთის მოდელიორთა და დიზაინერთა მოდისა და მზა ტანსაცმლის ფედერაციის“ წევრია („Fédération française de la couture, du prêt-à-porter des couturiers et des créateurs de mode“) შანელის, ივ სენ ლორანის, ჟივანშის, ვალენტინოს, ბალენსიაგას, ლუი ვიტონის და მოდის სხვა გამორჩეულ სახლთა გვერდით. მონაწილეობს მოდის კვირეულებში. დღეს „ლაკოსტის“ მთავარი დიზაინერი კრისტოფ ლემერია (Christophe Lemaire). მან 2000 წელს შეცვალა ჟილ როსიე (Gilles Rosier). „ლაკოსტის“ ტყავის პროდუქციისა და საათების ხაზის დიზაინერი კი – კრისთოფ პილეა (Christophe Pillet). მასვე ეკუთვნის კომპანიის რამდენიმე ახალი ბუტიკის კონცეპტი, ინტერიერისა და ავეჯის დიზაინიც.

  • ჟილ როსიე ცნობილი ფრანგი დიზაინერია. ის პიერ ბალმეს, კრისტიან დიორის, ჟან პოლ გალტიესა და კენზოს სახლებში მუშაობდა. დღეს ტანსაცმლის საკუთარი ხაზი აქვს. კრისტოფ ლემერი ახალგაზრდა ნიჭიერი დიზაინერია. „ლაკოსტში“ მისვლამდე ის ივ სენ ლორანისა და კრისტიან ლაკრუას სახლებში მუშაობდა. კრისთოფ პილე ინტერიერის, ავეჯისა და აქსესუარების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიზაინერია საფრანგეთში.

კომპანიის ცნობადობა ძალიან მაღალია მსოფლიოში და 73% აღწევს, საფრანგეთში კი – 96%.

კომპანიის აქციების 65% ლაკოსტის ოჯახი ფლობს. 35% შვეიცარიულ საინვესტიციო ჯგუფ „მაუსს“ (Maus Frères SA) ეკუთვნის. კომპანიის ამჟამინდელი პრეზიდენტი რენე ლაკოსტის უმცროსი ვაჟი მიშელ ლაკოსტია.
Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ასევე:
Be Genuine: “ლაკოსტის” პერანგი-პოლო

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

3 thoughts on “Lacoste: ყველაზე ცნობილი ნიანგი მსოფლიოში”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: