1960 წელს მადი უოთერსი ნიუფორთის ჯაზ-ფესტივალზე გამოვიდა. ეს კონცერტი გამოიცა უოთერსის პირველ ლაივ-ალბომზე At Newport 1960. ნიუფორთის ჯაზ-ფესტივალის კონცერტი წარმოადგენს ტრადიციულ ამერიკულ დელთა/ფოლქ ბლუზის არაჩვეულებრივ სინთეზსს ელექტრონულ საუნდთან.
1968 წელს მის უპირველეს „კონკურენტ“ ბლუზმენთან – ჰოულინ ვულფთან და ბო დიდლისთან ერთად მადი უოთერსმა „ჩეს რექორდში“ ორი უბრწყინვალესი ალბომი ჩაწერა: Super Blues და The Super, Super Blues Band. საერთოდ, მადი უოთერსს არაერთ დიდ მუსიკოსთან ერთად მიუღია ერთობლივ პროექტებში მონაწილეობა. სხვადასხვა დროს ის თანამშრომლობდა უილი დიქსონთან, ბადი გაისთან, ფინეთოფ ფერქინსთან, ბობ მარგოლინთან, ბიგ მამა თორნთონთან, რობერთ ქრეისთან, ჯონი უინთერთან, ჯგუფ „როლინგ სთოუნზთან“…
ხოლო თავად მადი უოთერსის ჯგუფი, გიტარისტ ჯიმი როჯერსის, დრამერ ელგა ედმონდსის, პიანისტ ოთის სფანის, ბასისტ ბიგ კროუფორდისა და ლითელ უოლთერსის (რომელიც ჰარმონიკაზე უკრავდა) შემადგენლობით – თამამად შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი საუკეთესოა ყველა დროის ბლუზურ შემადგენლობებს შორის.
მადი უოთერსის გავლენა შემდგომი თაობის როკ და ბლუზ მუსიკოსებზე უდიდესია. მის თაყვანისმცემელთა შორის არიან ისეთი (ხშირად, ძალიან განსხვავებული) მუსიკოსები, როგორებიც არიან ბი ბი ქინგი, ერიქ ქლეფთონი, ბობ დილანი, ანგუს იანგი (AC/DC), „ლედ ზეფელინი“ და რა თქმა უნდა „როლინგ სთოუნზი“, რომლებიც სახელწოდებასაც დაესესხნენ მადი უოთერსს.
მიუხედავად დიდი დაფასებისა და პოპულარობისა, მადი უოთერსის მუსიკალურმა გენიამ დროს გაუსწრო. „მრავალი და კიდევ მრავალი წელი უნდა გავიდეს, სანამ უმრავლესი ადამიანი სრულად გააცნობიერებს რაოდენ ბუმბერაზი ფიგურა იყო ის ამერიკული მისიკისთვის,“ – ასე შეაფასა ბი ბი ქინგმა მადი უოთერსი მნიშვნელობა.
მადი უოთერსი და მისი ჯგუფი არაერთი მუსიკალური („გრემის“, „ბლუზის ფონდის“ და ჟურნალ „დაუნ ბითის“) ჯილდოების მფლობელია. 1992 წელს (უკვე გარდაცვალების შემდეგ) ჩანაწერთა აკადემიამ (Recording Academy) საგანგებო „გრემი“ მიანიჭა, როგორც შემსრულებელს, რომელმაც ცხოვრების მანძილზე გამორჩეული მნიშვნელობის მუსიკალურ ჩანაწერები შექმნა.
უოთერსი მისისიფელ მუსიკოსთა დიდების, ბლუზის ფონდის დიდებისა და როკ ენ როლის დიდების დარბაზში (Mississippi Musicians Hall of Fame, Blues Foundation Hall of Fame, Rock and Roll Hall of Fame) შეიყვანეს.
1994 წელს მას აშშ საფოსტო სამსახურის საფოსტო მარკაზე გამოსახვის პატივი ერგო.
მადი უოთერსის დიდი თაყვანისმცემელია მართინ სქორსეზე, რომელსაც მისი მუსიკა არაერთხელ აქვს გამოყენებული ფილმებში.
სხვათა შორის, მუსიკალურის გარდა უოთერსს კულინარული ნიჭიც ჰქონდა. გამოცემულია მისეული რეცეპტების წიგნიც.
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
One thought on “McKinley Morganfield: muddy king of the blues (part2)”